ლაშქრობებისაკითხავისასარგებლო

როგორ შევარჩიოთ სასურველი კარავი?

სწორი არჩევანი
დღეს ბაზარზე უამრავი კომპანიის უამრავი პროდუქტია წარმოდგენილი და მათში გარკვევა ადვილი საქმე არაა, მით უმტეს, გამოუცდელისათვის. თანაც, ერთი შეხედვით ერთნაირ საქონელზე ფასები იმდენად განსხვავებულია, რომ კაცი ადვილად შეიძლება დაიბნეს.
იმის გამო, რომ არაერთი წელია ამ თემასთან საკმაოდ მჭიდრო შეხება მაქვს, თავს უფლებას ვაძლევ, ჩამოვაყალიბო გარკვეული რეკომენდაციები კარვის შერჩევასთან დაკავშირებით.
დავიწყოთ იმით, თუ რა იქნება ოპტიმალური არჩევნი?
ჩემი აზრით, კარავი მაშინ შეიძლება ჩაითვალოს სწორად არჩეულად, თუ კი ის სრულად აკმაყოფილებს თქვენს ყველა მოთხოვნას.
კარავი მარტივი ნაგებობაა, რომელიც რამდენიმე პარამეტრით ხასიათდება და ყველა ამ პარამეტრის მიხედვით უნდა იყოს წაყენებული გარკვეული მოთხოვნა. ამ დროს, ზოგი მოთხოვნა ერთმანეთის საწინააღმდეგო ან გამომრიცხავი შეიძლება აღმოჩნდეს, რაც საკმაოდ ართულებს მრავალუცნობიანი ამოცანის ამოხსნას.

კარვის სახეები

კარვები, რომლებიც მასიური მოხმარებისათვის იწარმოება, შეიძლება დაიყოს 4 მსხვილ, პირობით კატეგორიად:
• ტურისტული კარვები, რომლებიც გამოიყენება რეკრეაციისათვის (პიკნიკი, მსუბუქი ტრეკინგი, თევზაობა, დაბლობში ნადირობა და სხვა) გაზაფხულიდან ზამთრამდე;
• კემპინგის კარვები;
• სამთო ტურიზმის კარვები;
• კარვები, რომლებიც გათვლილია ექსტრემალური პირობებისათვის (ძირითადად ალპინისტური)
მეთევზეებში უფრო ხშირად გამოიყენება პირველი კატეგორიის კარვები, ამიტომ არჩევანის წრე საკმაოდ დავიწროვდა. ამ კატეგორიის კარვები, ზედა კატეგორიებთან შედარებით ან ნაკლებს იწონის, ან კომპაქტურია, ან უფრო მარტივი კონსტრუქციისა ან უფრო იაფია.
თან გასათვალისწინებელია, რომ მეთევზეები, ძირითადად, ხვდებიან დაბლობ ან დაბალმთიან ზონაში, სადაც ტემპერატურა ძალიან ქვემოთ არ ჩამოდის და ნალექებიც ზომიერია. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე, ყველაზე მაღალმთიან ზონაში სათევზაოდ და ღამისთევით, სნოზე ზემოთ არსად ვყოფილვარ. და ესეც ხდება ან გაზაფხულზე, ან ზაფხულში, ან ადრეულ შემოდგომაზე.

ძირითადი პარამეტრები

შევეცდები ჩამოვთვალო ის პარამეტრები, რომლებიც მეთევზემ უნდა გაითვალისწინოს კარვის შერჩევისას.
პირველ რიგში, ეს არის დაცვა წყლისგან, ქარისაგან, სიცივისა და მწერებისაგან. ასევე, კარვის წონა, კომფორტის დონე, გაშლისა და დაკეცვის სიმარტივე, გამძლეობა და, რა თქმა უნდა, ფასი. ეს პარამეტრები ერთმანეთთან ძლიერ კორელაციაშია, და ეს დამოკიდებულება, სამწუხაროდ, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა პარამეტრში მიიღწეს მაქსიამლური ეფექტი. როგორც წესი, ერთის გაუმჯობესება იწვევს სხვა პარამეტრის გაუარესებას. მაგალითად, კარავი, რომელიც ადვილად იშლება – ძნელად იკეცება ან წონის შემცირება იწვევს ფასის მომატებას და ა. შ.
ამიტომ კარვის არჩევისას ძალიან მნიშვნელოვანია იმ პირობების ცოდნა, რომლებშიც მოგიწევთ მისი ექსპლუატაცია. ასეთ შემთხვევაში, გაცილებით ადვილია იმ პარამეტრების განსაზღვრა, რომლებზე უარის თქმა ქვეყანას არ დააქცევს და რომელთა დათმობაც არ შეიძლება.
უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები. მაგალითად, თუ თქვენ ფეხით უნდა იაროთ, მაშინ პირველ პლანზე გამოდის წონა, ხოლო თუ მანქანით მგზავრობთ, მაშინ კარვის კომფრტის დონე უფრო მნიშვნელოვანია.
ყველა ზამოჩამოთვლილი პარამეტრი დამოკიდებულია კარვის კონსტრუქციულ ელემენტებზე და გამოყენებულ მასალებზე. ქვემოთ განვიხილავთ ამ საკითხებს.

კონსტრუქცია

კონსტრუქციული თავისებურებებიდან გამომდინარე, რამდენიმე სახე შეიძლება გამოვყოთ, მაგრამ პრაქტიკულობის თვალსაზრისით ყველაზე საინტერესოა ტენტების მიხედვით – ერთტენტიანი და ორტენტიანი, ან სხვანაირად ერთ– ან ორშრიანსაც უწოდებენ.
ერთტენტიანი არის წყალგაუმტარი მასალისაგან დამზადებული კარავი, რომელსაც ზემოდან სხვა ტენტი გადაფარებული არ აქვს. ასეთი ტენტები, როგორც წესი, მსუბუქია, ადვილია მათი გაშლა და შედარებით იაფი ღირს. ნაკლოვანებებიდან უნდა აღინიშნოს სუსტი ვენტილაცია და აქედან გამომდიანრე, კარვის შიდა ზედაპირზე კონდენსატის წარმოქმნა.
ამ ტიპის კარვებიდან ჩვენს მაღზაიებში გვქონდა იტალიური კომპანია „ANDE“–ს კარავი, რომელიც იყო ძალიან კომპაქტური, მსუბუქი და ღირდა 54 ლარი. წყლისგან დაცვა ჰქონდა საკმაოდ დაბალი (500 მმ) და შესაბამისად, მისი გამოყენების არეალი იყო ძალიან შეზღუდული. ასეთ კარავს, პირადად მე, ალბათ არ ვიყიდი, ხოლო თუ ვინმე მაჩუქებდა, მაქსიმუმ გამომეყენებინა რამდენიმესაათიანი გასვლებისათვის (თუ ამ დროს წამოწვიმდა) და არა ღამისთევისათვის.
თანამედროვე ტექნლოგიების განვითარების პირობებში არსებობს მაღალი დაცვისა და „მსუნთქავი“ ერთტენტიანი კარვები, მაგრამ ისინი ძალიან ძვირია.
მეორე ტიპია ორტენტიანი კარვები. ეს არის ჩვეულებრივი კარავი, რომლებასც ზემოდან კიდევ ეფარება მეორე ტენტი (კონსტრუქციული გადაწყვეტა სხვადასხვანაირი შიძლება არსებობდეს), რომელიც იმეორებს ქვედას ფორმას და ამ ორ ტენტს შორის იქმნება ჰაერის საიზოლაციო შრე.
ამ კონსტრუქციაში, თითქოს, ერთი კარავი დგას მეორეს შიგნით. შიდა სათავსოს აქვს ძირი და კარგი ვენტილაცია, ხოლო გარეთა ტენტი წარმოადგენს „ფუტლიარს“, რომელიც შიდა კარავს იცავს წვიმისა და ქარისაგან.
ორტენტიანი კარვები სხვადასხვანაირად იშლება, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, იდგმება შიდა კარავი, რომელსაც ზემოდან ეფარება გარე ტენტი.
გარე და შიდა ტენტს შორის არსებული ჰაერი ქმნის თბოსაიზოლაციო შრეს. ამას გარდა, გარე ტენტი იძლევა საშუალებას გაკეთდეს ტამბურები, სადაც შეიძლება შეინახოთ ისეთი ნივთები, რომლებიც საძინებელ ზონაში არაფერში გჭირდებათ, მაგ.ზურგჩანთა ან რეზინის ბოტები.

ფორმა

ფორმის მიხედვით არჩევენ სამ ტიპს: ნახევრადსფეროს („გუმბათი“), ნახევრადკასრს („ცილინდრი“, „ანგარი“) და ორმხრივად დახრილ ფორმას.
მესამე, ნაუ ორმხრივადდახრილი კარვები საკმაოდ იშვიათია, საქართველოში გაყიდვაში არც მინახავს.
თუ კი შევადარებთ მრგვალ და კასრის („ანგარის“) ფორმის კარვებს, ვნახავთ, რომ ეს უკანასკნელი უფრო მძიმეა, დაკეცილ მდგომარეობაში იკავებს მეტ ადგილს, უფრო ძნელად გასაშლელია და ქარისადმი მდგრადობაში აგებს მრგვალ კარავთან.

 ანგარის ტიპის კარავი

თუმცა უფრო დიდი შიდა სივრცე და დიდი ტამბური აქვს, რაც განაპირობებს მის მეტ კომფორტულობას. ამიტომ ამ ფორმის კარვები, ძირითადად, გამოიყენება კემპინგებისათვის, ასევე მანქანაზე მისადგმელი კონსტრუქციების შემთხვევაში.

ყველაზე ხშირი კი ნახევრადსფერული, მრგვალი ფორმაა.

ისინი მსუბუქია, კომპაქტური და ადვილად გასაშლელი. კომპაქტურობაში იგულისხმება არა მარტო დაკეცილ მდგომარეობაში პატარა ზომები, არამედ ისიც, რომ გასაშლელი ფართი მას ნაკლები სჭირდება. ეს ფაქტი საკმაოდ მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხება მცენარეებით დაფარულ ან ქვიან ნაპირებს, რომლებსაც ხშიარდ შეხვდებით მდინარის ან ტბის პირა.
ამ ტიპის კარვებში ტენტი მაგრდება ორ ან სამ დრეკად, რეზინაგაყრილ რკალზე, რომლებიც ერთმანეთზეა გადაჯვარედინებული.
ასეთი კონსტრუქციის გამო მათი დადგმა შესაძლებელია ნებისმიერი სიმყარის გრუნტზე და ამასთან, შესაძლებელია ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა ისე, რომ არ დაშალოს. მათი ხმარება ადვილი და მოსახერხებელია და, სხვა უპირატესობებთან ერთად, ამის გამო ყველაზე გაყიდვადი კარვებია დღეისათვის.
ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში მრგვალ კარვებსაც ორი – წინა და უკანა შესასვლელი აქვს, რაც სიცხეში ორპირი ქარით განიავების შესაძლებლობას იძლევა და თან ორი ტამბურის არსებობაც საკამაოდ მოსახერხებელია.

მასალა

კარვის პასპორტში მწარმოებლები ყოველთვის უთითებენ გამოყენებული ქსოვილებისა და მასალების დასახელებებს. ამ სახელწოდებებში გარკვეული თანმიმდევრობით ჩამოწერილია რაღაც უცხოური სიტყვები, შემოკლებები და ციფრები, რომლებიც ხშირად ძნელად გასაგებია მყიდველისათვის.
შევეცადოთ გავშიფროთ ეს „აბრა–კადაბრა“.
თანამედროვე კარვების წარმოებაში ყველაზე ხშირად გამოიყენება ქსოვილები, რომლებიც დამზადებულია პოლიამიდისა და პოლიეთერის ბოჭკოებისაგან.
პირველს განეკუთვნება კაპრონი, ნეილონი (nylon), ხოლო მეორეს – ლავსანი, პოლიესტერი (polyester). ორივეს დადებით მხარედ მიიჩნევა დაბალი წონა, მაღალი სიმტკიცე და დაბალი ჰიგროსკოპიულობა (წყლით გაჟღენთვა). მაგრამ პოლიამიდური ქსოვილები დასველებისას იწელება, რაც, მაგალითად, წვიმის დროს იწვევს ტენტის ჩაზნექვას. სამაგიეროდ, პოლიეთერული ქსოვილები გაცილებით ძვირია.
არსებობს ამ ქსოვილების ქსოვის რამდენიმე მეთოდი, რომლებიც სავაჭრო მარკირებაში აღინიშნება შემდეგნაირად: Taffeta, Oxford, Rip Stop. Taffeta – ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ამ დროს ქსოვილი პატარა რომებების ფორმისაა და გამოდის თხელი, მაგრამ მტკიცე. მას ძირითადად იყენებენ კარვების გარე ტენტებში. Oxford უფრო სქელი და მტკიცე ქსოვილის წარმოებისათვის გამოიყენება, რომელსაც ხმარობენ ძირისათვის ან კარვის რკალების ქსოვილზე დასამაგრებელი ჯიბეებისათის. Rip Stop გულისხმობს ქსოვისას ჩვეულებრივ ბოჭკოებში უფრო სქელი და მტკიცე ძაფის ჩამატებას და გამოიყენება იმ დროს, როცა უნდათ გაზარდონ ქსოვილის მედეგობა გახეხვისადმი ან გახევისა და გამოძენძვისადმი. ასეთ გამაძლერებელი ქსოვა ადვილად შესამჩნევია, რადგან ამ დროს ქსოვილის ზედაპირი იძენს პატარა კუბოკრულ ამობურცულბებს, რომელიც ე.წ. „ვაფლის პირსახოცის“ ზედაპირს ჰგავს. ასეთი ზედაპირის შემჩნევისას შამოწმეთ, რომ იგი ძალიან ხორკლიანი არ იყოს. თუ ძაფები ძალიან ამობურცულია, არის საშიშროება, რომ წყალამრეკლი დაფარვა, რომელიც ამ ტიპის ქსოვილზე დააქვთ, კარგად არ არის შესრულებული და შეიძლება წყალი გააპაროს.
მასალის წყალგაუმტარობა ან წყალმედეგობა ფასდება წყლის სვეტის სიმაღლით, რომელსაც უძლებს ქსოვილი ისე, რომ არ სველდება. ეს პარამეტრი ითვლება მილიმეტრებში და აღწევს 10 000 მმ–ს. (ტანსაცმელზე მინახავს 25000 მმ–იც, მაგრამ კარავზე 10000–ზე მეტი არ შემხვედრია).
კარვის ძირს, შიდა და გარე ტენტებს სხვადასხვა მოთხოვნები წაეყენება, ამიტომ განვიხილოთ თითოეული მათგანი.

გარე ტენტი

კარვის ეს ნაწილი იღებს თავის თავზე მთელ დატვირთვას: წვიმას, სეტყვას, ქარს, ტემპარატურის ცვალებადობას, ულტრაიისფერ და ინფრაწითელ გამოსხივებას. შესაბამისად ტენტი აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად მტკიცე, გამძლე და არ უნდა სველდებოდეს. მაგრამ ამ თვისებების გაზრდა იწვევევს წონის მატებას, დაკეცვისა და გაშლის გაძნელებას, ან ფასის კატასტროფულ ზრდას და ა. შ. ამიტომ ყველა ეს მონაცემი უნდა შეირჩეს გონივრული საკმარისობის პრინციპით.
ლიტერატურაში თავს იზღვევენ და წერენ, რომ 3000 მმ წყლისმედეგობის ქსოვილი უძლებს პრაქტიკულად ყველანაირ წვიმას. 8 თვის განმავლობაში ჩვენი მაღაზია „მაგელანის“ ეზოში გაშლილი გვქონდა სხვადასხვა წყალმედეგობის ქსოვილისაგან გაკეთებული, სხვადასხვა კომპანიის (იტალიური ANDE, ჰოლანდიური EUROTRAIL, კანადური COLEMAN) მიერ წარმოებული კარვები. ყოველი წვიმის შემდეგ ვამოწმებდით თუ რომელი მათგანი ატარებდა წყალს. ძლიერი წვიმის დროს წყალი ჩადიოდა ერთტენტიან, 500 მმ მედეგობის კარავში. კოკისპირული და გადაუღებელი თქეშის შემთხვევაში ოდნავ ატარებდა წყალს 800 მმ–იანი ორტენტიანი კარავი. 1200 მმ და უფრო მაღალი წყალგაუმტარობის არც ერთ კარავს წყალი არ გაუშვია.
აქედან გამომდინარე, თავს უფლებას ვაძლევ ვამტკიცო, რომ 1500 მმ წყალმედეგობის, ოღონდ კარგი ხარისხის ქსოვილისაგან დამზადებული კარავი საქართველოს დაბლობისა და დაბალი და საშუალო მთიანეთის ზონაში (2000 მეტრამდე ზღვის დონიდან) სავსებით საკმარის დაცვას წარმოადგენს. ოღონდ აუცილებელია, რომ კარვის გარე ტენტი იყოს ძალიან კარგად დაჭიმული, რათა არ იყოს ჩაზნექილობები, საიდანაც შეიძლება წყალი გააპაროს.
აქვე აღვნიშნე, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ქსოვილის ხარისხს. პირველ რიგში, ეს ეხება ქსოვის ტიპს და ძაფის სისქეს. კარგი მაჩვენებელია 185-190 ძაფი, მაღალია 210 ძაფი ერთ კვადრატულ დიუმზე, რაც აღინიშნება ასე: 185T ან 210T. ასო T წარმოდგება ინგლისური Texture Element, შემოკლებით T. სლენგეზე ე.წ. „ტექსებსაც“ უწოდებენ. როგორც აღვნიშნეთ, ეს არის გრძივი და განივი ძაფების საერთო რაოდენობა ერთ კვადრატულ დიუმზე. რაც უფრო მაღალია „T“–ს რიცხვი, მით უფრო მჭიდრო და მტკიცეა ქსოვილი.
ასევე მაღალ მაჩვენებლად ითვლება ძაფის სისქე 70-75D. Den წარმოდგება ფრანგული Denier–სგან. დენიე აღნიშნავს ძაფის სისქეს ქსოვილში და უდრის მასას გრამებში, რომელსაც იწონის 9 კმ. სიგრძის ძაფი. აბრეშუმის ჭიის ძაფის წონაა – 1 დენიე, ხოლო ადამიანის თმისა – 50 დენიე.
ქსოვის ტიპზე ზემოთ უკვე დავწერე, მაგრამ გავიმეორებ, რომ Rip Stop ითვლება ყეველაზე მაღალი ხარისხის ქსოვად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეთი ქსოვა ძალიან ზრდის ქსოვილის სიმტკიცეს, თან ისე, რომ არ იწვევს წონის შესამჩნევ მატებას.
ზოგიერთი კომპანია ტენტის დამცავი თვისებების გაუმჯობესების მიზნით მიმართავს ქსოვილის გაჯირჯვას წყალამრეკლი ნივთიერებით, ან ქსოვილის დაფარვას სპეციალური მასალით (პოლიურეთანული დაფარვა აღინიშნება ასოებით PU, ხოლო სილიკონური – Si ). შესაძლებელია იყოს გაჯირჯვაც და დაფარვაც. ორივე ეს ხერხი აუმჯობესებს ტენტის მდგრადობას გარე ფაქტორებისადმი და ზრდის მისი მუშაობის ხანგრძლივობას.
სერიოზული მწარმოებელი ნაწარმის პასპორტში ყოველთვის უთითებს მასალას, რომლისგანაცაა გაკეთებული კარავი. რა თქმა უნდა სხვადასხვა კომპანიის აღნიშვნები და ნაწარმის აღწერები ერთმანეთისაგან განსხვავდება, მაგრამ ძირითადი დასკვნების გაკეთების საშუალებას ყოველთვის იძლევა.
მაგალითისათვის მოგიყვანთ იმ ფირმების ნაწარმის პასპორტებზ ეწარწერას, რომლებასც შეხვდებით მაღაზიებში „ბეკასი“ და „მაგელანი“
ჰოლანდიური კომპანია ჰოლანდიური EUROTRAIL, კარავი CAMP 3.

FLY: 185T polyester PU coated 1500 mm.
INNERTENT: Breathable polyester, fire retardent
გავშიფროთ ეს ჩანაწერი:
გარე ტენტი არის პოლიესტერის, რომელის ქსოვის სიმჭიდროვე შეადგენს 185 ძაფს კვადრატულ დიუმზე, ტენტი დაფარულია პოლიურეთანის ფენით და მისი წყალმედეგობა 1500 მმ–ის ტოლია.
შიდა ტენტი: მსუნთქავი პოლიესტერი, რომელსაც ცეცხლი არ ეკიდება
ცოტა განსხვავებული წარწერა აქვს კანადურს COLEMAN–ს. მაგ. კარავი MONTANA 4:
Flysheet fabric: Polyester taffeta 75D, 450 mm PU coated
Inner tent fabric: Polyester 68D mesh and Polyester taffeta 75 D 450 mm PU coated.
გავშიფროთ ეს ჩანაწერი:
გარე ტენტი არის პოლიესტერის, რომელიც taffeta–ს მეთოდითაა ნაქსოვი და ამისთვის გამოყენებულია 75 დენიეს სისქის ძაფი, ტენტი დაფარულია პოლიურეთანის ფენით და მისი წყალმედეგობა 450 მმ–ის ტოლია.
შიდა ტენტი: ანტიმოსკიტური ბადეები ნაქსოვია 68 დენიეს, ხოლო ტენტი 75 დენიეს სისქის ძაფებით, დაფარულია პოლიურეთანის ფენით და მისი წყალმედეგობა 450 მმ–ის ტოლია.
ასევე განსხვავებულია THE NORTH FACE-ს წარწერა. მაგ. კარავი VE 25
Fabric: fly: 75D 185T nylon ripstop, 1500 mm PU coated, water-resistance finish.
ქსოვილი: გარე ტენტი ნაქსოვია ნეილონის 75 დენიეს სისიქის ძაფით, რიპსტოპის ტიპით, 185 ძაფის სიმჭიდროვით და წყალგაუმტარობა 1500 მმ–ია.

უნდა აღვნიშნო, რომ გარდა ამ მონაცემების გაცნობისა, გირჩევთ დეტალებზე გაესაუბროთ მაღაზიის კონსულტანტებს ან მეტი ინფორმაცია მოიძიოთ კომპანიების საიტებზე. ამის აუცილებლობაში დაგარწმუნებთ შმდეგი ფაქტი – მიუხედავად მონაცემების მსგავსებისა, EUROTRAIL=ის კარავი CAMP 3 ღირს 200 ლარი, ხოლო THE NORTH FACE-ს კარავის VE 25 ფასი 2000 ლარია. საქმე ისაა, რომ VE 25 ალბათ, ყველაზე ცნობილი კარავია ალპინისტებში და იწარმოება უკვე 20 წელია. მისი ქსოვილის რეალური წყალმედეგობა 10000 მმ. უბრალოდ, ამერიკელი მწარმოებელი თავის კარავზე იძლევა გარანტიას მთელი სისცოცხლის განმავლობაში და ის, რაც წერია პასპორტში (1500 მმ), არის ყველზე პრობლემური ნაკერის წყალგაუმტარობა, რომელიც შენარჩუნებული ექნება კარავს 30–40 წლის შემდეგაც კი. რა თქმა უნდა, ამის გარდა ფასს განსაზღვრავს წონა, კარკასის ხარისხი, ძირის მახასიათებლები და სხვა.

შიდა კარავი (შიდა ტენტი)

მისი ძირითადი დანიძნუელბაა იყოს კომფორტული და მშრალი საცხოვრებელი. ამისათვის იგი უნდა „სუნთქავდეს“, ჰქონდეს კარგი ვენტილაცია, დაცული იყოს კონდენსატის გაჩენისაგან და ამასთან იყოს მტკიცე და მსუბუქი.
როგორც წესი, შიდა ტენტის წყალგაუმტარობა უფრო დაბალია, ვიდრე გარე ტენტის. მისთვის უფრო ხშირად ხმარობენ ნეილონის ქსოვლს, რომლების კარგად იცავენ შიდა სივრცეს ქარისგან და გარეტ ადვილად გამოაქვთ ჰაერი და ორთქლი.

ძირი

წყალგაუმტარობის და სიმტკიცის მხრივ, კარვის ძირს ყველზე მეტი მოთხოვნა წაეყენება. ის შიგნიდან უნდა უძლებდეს ადამიანის მუხლებისა და იდაყვების ზეწოლას, ხოლო გარედან იცავდეს წყლის ნაკადისაგან, რომლის გზაზეც შეიძლება კარავი აღმოჩნდეს უამინდობის დროს. თუმცა, მეორეს მხრივ, ამის გამო არ შეიძლება უსაშველოდ გაიზარდოს კარვის წონა და მოცულობა.
სასურველია, რომ ძირის წყალგაუმტარობა იყოს მინიმუმ 3000 –50000 მმ, რადგან ძლიერი ზეწოლისას მან წყალი არ გააპაროს. ზოგადად ითვლება, რომ 3000 მმ კარგად უძლებს ტანის ზეწოლას, 5000 მმ მუხლებისას, ხოლო 10000 მმ იდაყვებისას. ეს, რა თქმა უნდა, მთლად ზუსტი არაა და იგი ბევრადაა დამოკიდებული ქსოვის ტიპზე, ძაფის სისქეზე და ნაწარმის ხარისხზე, მაგრამ დაახლოებით წარმოდგენას შეგიქმნით რატომ უნდა იყოს ძირი მომატებული წყალმედეგობის.
უფრო ხშირად ძირის მასალად გამოიყენება ან ნეილონი ან არმირებული პოლიეთილენი.
სასურველი მონაცემები ასე გამოიყურება: Nylon Oxford 210Т PU 5000 Rip Stop WR. აღნიშვნა WR ნიშნავს water resistant–ს. მაგალითად, THE NORTH FACE-ის VE 25 –ის ძირის მონაცემები ასეთია: 70 D 210T nylon taffeta, 10 000 mm PU coating, water resistant finish.

კარვის კარკასი

საკამოდ მნიშვნელოვანია, თუ რისგანაა გაკეთებული კარკასი. იგი უნდა იყოს მტკიცე, მსუბუქი და ადვილად იშლებოდეს და იწყობოდეს.
დღეს კარკასი კეთდება ან მინაქსოვილისაგან (ფიბერგლასი) ან ალუმინისაგან.
ფიბერგლასის კარკასს ალუმინთან შედარებით აქვს მხოლოდ ერთი უპირატესობა – დაბალი ფასი. თუმცა უნდა ითქვას, რომ ტურისტულ კარვებში, რომლებასაც ძირითადად მეთევზეები იყენებენ, მინაქსოვილის ჯოხები სავსებით საკმარისია.
სხვა საქმეა სამთო ტურიზმისა და ალპინისტური კარვები. მათში აუცილებელია ალუმინის კარკასის გამოყენება არამარტო იმიტომ, რომ ისინი უფრო მტკიცეა, მსუბუქი და არ აქვთ ნარჩენი დეფორმაცია. ძირითადი აქ არის მკვეთრი ტემპერატურული გადახრებისადმი მდგრადობა. მაღალ მთაში ღამით ძალიან ცივა და ხშირად მინუსი ფიქსირდება, ხოლო დღისით, მზის გულზე ტემპერატურა 25–30 გრადუსსაც აღწევს. სწორედ ამ დროს ფიბერგლასის ჯოხები იბზარება, სკდება და იმტცრევა, ხოლო ალუმინისაზე ეს ფაქტორი არ მოქმედებს. თანაც მინაქსოვილის ჯოხები ვერ უძლებს დარტყმას და დაცემას, ალუმინისა კი ამის მიმართაც გამძლეა.
ყველაზე გავრცელებული მარკები, რომლებიც გამოიყენება კარვის კარკასებისათვის არის 7001, 7071, 7075, რომელთაც თითქმის თანაბარი სიმტკიცე აქთ. ზოგჯერ მარკირებისას შეიძლება მითითებული იყოს ჩამოსხმის სიმტკიცე, მაგ. 7075-Т6, რაც მეტია Т–ს მნიშვნელობა, მით მტკიცეა ნაერთი.
ფიბერგლასის იქნება თუ ალუმინის კარკასის ჯოხი, მნიშვნელოვანია მისი სისქე, რომელიც ან დიამეტრით ან ნომრით აღინიშნება. კერძოდ, 12 ნომერი ჯოხის დიამეტრი 11 მმ–ია, ხოლო 5 ნომრისა – 9 მმ. მაგალითად, THE NORTH FACE-ის საბაზო კარავს 2 –METER DOME-ს აქვს 12 ნომერი ალუმინის კარკასი, რომელიც 7075–Т9 მასალისაგანაა დამზადებული.

მნიშვნელოვანი წვრილმანები

ნაკერები – უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელსაც წვრილმანსაც ვერ ვუწოდებ. ტენტების ქსოვილის მაღალი წყალგაუმტარობა შეიძლება ნიველირებულ იქნას უხარისხო ნაკერით, რომელიც აუცილებლად დაწებებული ან დადუღებული უნდა იყოს. რაც უფრო ხარისხიანია ნაკერები, მით ძვირია კარავი.
გარე ტენტს უნდა ჰქონდეს საშტორმე ყულფები (2-6 ცალი). რაც უფრო მეტია ასეთი დასაჭიმები, მით უფრო კარგად უძლებს კარავი ქარს.

შესასვლელები მჭიდროდ უნდა იკეტებოდეს ელვაშესაკრავით. თან „კარი“ უნდა იხსნებოდეს ისე, რომ მისი ახვევა მოხდეს ზემოთ ან გვერდზე. თუ „კარი“ იხსნება ზემოდან – არ ვარგა, რადგან ამ დროს ადამიანის კარავში შესვლა გაძნელებულია, ხოლო კოღოების გაიოლებული.
ანტიმოსკიტური ბადე და სავენტილაციო ღიობები უნდა იყოს წვრილფორიანი ბადისაგან გაკეთებული, რათა თავი დაიცვათ არა მარტო კოღოებისაგან, არამედ ქინქლებისგანაც.
სოლები, რომლებითაც გარე ტენტი იჭიმება, უნდა იყოს მსუბუწი და მტკიცე, რათა ქვიან და მყარ ნიადაგში ჩასობისას არ დაიღუნოს.
კომფორტს ზრდის დამატებითი ჯიბეები და ყულფები, რომლებიც შიდა კარვის შიდა ზედაპირზეა განლაგებული. მაგალითად ფანრის ჩამოსაკიდი ყულფი.
გარდა ამისა, არის სხვა წვრილმანებიც, რომლებიც უმნიშვნელო სულაც არაა. მაგალითისათვის მოგიყვანთ THE NORTH FACE-ის კარვების დამატებით დეტალებს:
• ორმაგი კარი, წინა ტამბურით
• კარგად გაჭიმული ნეილონის ძირი
• არაწელვადი, კევლარის (Kevlar) თოკები (კევლარი მასალაა, რომელიც საოცრად მედეგია ცვეთისა და გახევისადმი)
• გვერდითი ფანჯარა, ყინვაგამძლე ელვის შესაკრავით, რომელიც ტესტირებულია – 60°ფარენგეიტის შკალით.
• მაღალი და დაბალი ვენტილაცია
• ფლუოროსცენციული (სიბნელეში მანათობელი) ელვა შესაკრავები
როგორც ხედავთ, კარავზე უამრავი „ნავაროტკა“ შეიძლება არსებობდეს.

ზომები

ნორმალური მწარმოებლის ნაკეთობებზე მითითებულია როგორც ზომები, ასევე საწოლი ადგილების რაოდენობა. მაგ. ორადგილიანი ან სამადგილიანი.
ზოგადი წარმოდგენისთვის ადგილებს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მთავარი მაინც აბსოლუტური ზომებია, რადგან სხვადასხვა მწარმოებელი სხვადასხვა სტანდარტს იყენებს.
ითვლება, რომ საშუალოდ ერთი ადამიანისათვის საჭიროა 50 სმ, ხოლო კომფორტული ძილისათვის სჯობს 60 სმ.
მაგ. თუ კი THE NORTH FACE-ის VE 25–იც და EUROTRAIL, კარავი CAMP 3–ც სამკაციანი კარვებია. ამ დროს საძილე ფართი სიგანეში VE 25–ს აქვს 150 სმ, ხოლო CAMP 3–ს 200 სმ. ეს არც კარგია და არც ცუდი, უბრალოდ VE 25 ალპინისტური კარავია, სადაც წონის გარდა უდიდესი მნიშვნელობა აქვს შიდა სივრცის მოცულობას. ამ კარავში სამ ადამიანს ძინავს ერთმანეთზე მიხუტებულს, რაც მაღალ მთაში სითბოს შენარჩუნების კიდევ ერთი ხერხია.
ტურისტული კარვის სიმაღლე უმჯობესია არ იყოს 110 სმ–ზე დაბალი, რასაც ვერ ვიტყვით ალპინისტურებზე, რადგან რაც დაბალია კარავი, მით უფრო მეტად უძლებს ქარს.

 

წყარო : http://fisher.ge

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close