ახალი ამბებიგამოგონებასაკითხავი

მითი ტვინის შესახებ

უამრავი სტატია და პოსტი მხვდება ბოლო დროს, რომელთა უმეტესობა მითებს ეხება ჩვენი ორგანიზმის შესახებ. იმდენად ბევრი ადამიანი მიმტკიცებს ჩვენ ტვინის 10%-ს გამოვიყენებთ და აინშტაინი 14-ს იყენებდაო, რომ გადავწყვიტე მიმემართა ყველაზე სანდო წყაროსთვის, რათა ასეთი ადამიანებისთვის თვალი ამეხილა. ვინაიდან და რადგანაც ინგლისურ ენას ქართულზე უკეთესად ვფლობ (რითაც სულაც არ ვამაყობ), გადავწყვიტე გამომეყენებინა ჩემი შესაძლებლობა და მეთარგმნა სტატია BBC-ს ოფიციალური საიტიდან. იმ შემთხვევაში თუ სტატიაში აღმოაჩენთ სტილისტურ ან გრამატიკულ დარღვევებს, გთხოვთ კომენტარებში მიმითითოთ ან პირადად დამიკავშირდეთ, რათა შევძლო შეცდომების ჩასწორება.

საოცარია იმ სამედიცინო თუ სამეცნიერო მითების რიცხვი, რომელთაგანაც რამდენიმეზე აბსურდულ დონეზე ვართ ჩაჭიდებულები. ყველაზე ხშირად ყურადღებას ტვინი იპყრობს. ტვინის შესახებ ყველაზე საინტერესო და პოპულარული მითი ეხება იმას, რომ ადამიანი თავისი ტვინის მხოლოდ 10%-ს იყენებს. დამეთანხმებით ალბათ, საკმაოდ მიმზიდველი იდეაა, რომ შეგვიძლია ბევრად უფრო მეტი ინტელექტუალური განვითარების მიღწევა, თუ დარჩენილ 90%-საც ავამოქმედებთ. შესაძლოა ეს მოტივაციას გვაძლევდეს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ მითის უკან სიმართლე იმალება.
პირველ რიგში, ლოგიკური იქნებოდა დაგვესვა კითხვა: რის 10%-ზე გვაქვს საუბარი? თუ ამ 10%-ში მოიაზრება ტვინის ის ნაწილი, რომელიც თითქოს მუშაობს, მაშინ ამ იდეის უარყოფა ყველაზე მარტივად შეიძლება. თანამედროვე ტექნიკური მიღწევის, ფუნქციური მაგნიტური რეზონანსის გამოყენებით, ნეიროქირურგებს შეუძლიათ დაინახონ ტვინის აქტიური ზონები იმ დროსაც კი, როცა ადამიანი არ მოძრაობს და მხოლოდ ფიქრობს რაიმეს შესახებ. უბრალო მოქმედებისას, როგორიცაა მუჭის შეკრა და გახსნა, ან რამდენიმე სიტყვის თქმა, აქტიურობს ტვინის მეათედზე გაცილებით მეტი. მაშინაც კი, როცა გგონიათ რომ არაფერს აკეთებთ, სინამდვილეში ტვინი აკონტროლებს სუნთქვას, გულისცემას ან უბრალოდ ფიქრს.
შესაძლოა 10%-ში იგულისხმება ტვინის უჯრედების რაოდენობა. ამ შემთხვევაშიც იძულებულები ვიქნებით უარვყოთ ეს აზრი. როდესაც რომელიმე უჯრედი წყვეტს ფუნქციონირებას, ის უბრალოდ კვდება. ლოგიკურად, თუ 10%-ში ვიგულისხმებთ ცოცხალი უჯრედების რაოდენობას, მაშინ დარჩენილი ნაწილის არარსებობას ვაღიარებთ. ის ნაწილი კი საკმაოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავუშვათ მისი სიკვდილი. ამ უჯრედების შენარჩუნებაში ჩვენს მიერ შესუნთქული ჰაერის 20% მიდის, როგორც ამას ამტკიცებს ნეირომეცნიერი სერხიო დე ლა სალა.
მართალია ბუნება ბევრ უჩვეულო სიურპრიზს გვთავაზობს, მაგრამ იმის დაშვება, რომ იმაზე 10-ჯერ დიდი ტვინი გვაქვს რაც გვჭირდება, უბრალოდ აბსურდი იქნებოდა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც ეჭიდება იმ აზრს, რომ ტვინის მხოლოდ 10%-ს ვიყენებთ. ეს იდეა იმდენად ღრმად ზის ადამიანთა ცნობიერებაში, რომ როდესაც ნეირომეცნიერი სოფი სკოტი ლონდონის უნივერსიტეტში გადიოდა პირველადი დახმარების კურსებს, მასწავლებელმა დაარწმუნა კლასი იმაში, რომ იმ 10%-ის გამო თავის დაზიანებები არც ისე მნიშვნელოვანი იყო. ის არა მარტო 10%-თან მიმართებაში ცდებოდა, არამედ თავის დაზიანებების შემთხვევაშიც. ტვინის ოდნავი დაზიანებაც კი დიდ ეფექტს ახდენს ადამიანთა შესაძლებლობებზე.
და მაინც, საიდან წამოვიდა და გავრცელდა ეს იდეა, რომელსაც საკმაოდ მცირე ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური საფუძველი აქვს? რთულია ამ მითის საწყისის ძებნა, თუმცა რამდენიმე ფაქტი მაინც არის ისტორიაში დაფიქსირებული. ამერიკელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი უილიამ ჯეიმსი „ადამიანის ენერგიები“-ში 1908 წელს წერს ასეთ წინადადებას – „ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენი მენტალური და ფიზიკური შესაძლებლობების მცირე ნაწილსაც კი.“ ის ფიქრობდა, რომ ადამიანებს გაცილებით მეტი შესაძლებლობები ჰონდათ, მაგრამ მას არაფერი უთქვამს ტვინის ან უჯრედების შესახებ, არც პროცენტობას ახსენებს. 10% ნახსენებია დეილ ქერნეგის ბესტ სელერ How To Win Friends And Influence People-ის შესავალში. ხანდახან ხალხი ამბობს, რომ ალბერტ აინშტაინი იყო ამ ინფორმაციის წყარო. პროფესორ დე ლა სალამ სცადა ფრაზის პოვნა ალბერტ აინშტაინის ნაშრომებში, მაგრამ ვერაფერს მიაგნო. ალბათ ესეც მითია.
არის კიდევ 2 ფენომენი, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ გაუგებრობის წყაროდ. ტვინის თითო უჯერდის ცხრა მეათედი არის ე.წ. გლიალური უჯრედები, რომლებიც დარცენილ 10%-ს, ანუ ნეირონებს ამარაგებს. ასევე არის მეორე ფენომენიც, რომელიც ალბათ ასევე გახდა მითის საფუძველი. ამბობენ ტვინი 10% შედარებით რთულ სამუშაოებს ასრულებსო, ანუ ადამიანთა აზრით დარჩენილი 90% შესაძლოა უფუნქციო იყოს. თუ მითს დავუჯერებთ, ადამიანთა მიზანია ამ 10%-ის გაზრდა, თუმცა არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ გლიალური უჯრედები ნეირონებად გარდაიქმნან.
არიან პაციენტები, რომელთა ტვინშიც განსაკუთრებული აქტიურობა აღინიშნება. 1980 წელს ბრიტანელმა პედიატრმა, ჯონ ლობერმა მეცნიერების ჟურნალში აღნიშნა, რომ ჰყავდა პაციენტები ჰიდროცებალოსით, რომელთაც თითქმის არ გააჩნდათ ტვინის ქსოვილები და მათი ტვინი მაინც ფუნქციონირებდა.
რაც ყველაზე გასაკვირია ამ მითის შესახებ, როდესაც ადამიანებს ვეუბნებით რომ ეს სიმართლე არაა, საკმაოდ იმედგაცრუებულები რჩებიან. შესაძლოა 10% იზიდავს ადამიანებს იმით, რომ სთავაზობს მათ მასიურ პოტენციალს გაუმჯობესებისთვის. ჩვენ გვინდა უკეთესები ვიყოთ და გვჯეროდეს რომ ამას შევძლებთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ტვინის უფუნქციო ნაწილების პოვნით არ მოხდება.

 

მსგავსი ამბები

Close
Close