საკითხავისამხედროსაქართველო

ქართული საომარი ისტორიის საკითხები (ნაწილი III)

ვაგრძელებთ ქართული საომარი ისტორიის ცალკეული საკითხების განხილვას. ამჯერად სტატიაში შევეცდები ნათლად წარმოვაჩინო კოლეთის სამეფოს თავდაცვითი სისტემები-საფორტიფიკაციო სიმაგრეები, ქალაქთა დაცვის სისტემები, მათი თავისებურებანი. ამ საკითხთან დაკავშირებით მდიდარ ცნობებს შიცავს “ანაბასისი”.


კოლხური გამაგრებული დასახლებები

ქსენოფონტი დაწვრილებით აღწერს იმ სიმაგრეებს, რომლებიც მას სამხრეთ კოლხეთში გავლისას შეხვდა. “ანაბასის” მიხედვით კოლხური სიმაგრე შემდეგნაირად გამოიყურებოდა: მას მთელს პერიმეტრზე წყლით სავსე ფართე მიწათხრილი ჰქონდა შემოვლებული. მიწათხრილის შემდეგ მაღალი მიწაყრილი, რომელზედაც ხის ძელებისაგან შეკრული გალავანი იყო აგებული და თან გალავანშივე ხის კოშკები ჰქონდა დატანებული. ერთ-ერთი ასეთი სიმაგრე იმდენად კარგად დაიცვეს კოლხებმა, რომ ბერძნებმა არცთუ მისი აღება ვერ შესძლეს, არამედ ბევრი დახოცილი და დაჭრილი დატოვეს ბრძოლის ველზე. ხოლო ზოგიერთებს ადვილად იღებდნენ ხოლმე.
როგორც წესი სეთ სიმაგრეებში მოსახლეობაც ცხოვრობდა, მაგრამ არა მარავალრიცხოვანი. მასალად ხის გამოყენება არ უნდა იყოს გასაკვირი იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ კოლხეთი ხე-ტყის რესურსებით იყო მდიდარი.
ასეთი სიმაგრის აღება საკმაოდ ძნელი ასაღები უნდა ყოფილიყო ნებისმიერი მტრისათვის. მას ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევდა მტრის ისრების გარემოცვაში. თანაც ქსენოფონტი აღნიშნავს რომ “არც უკან დახევა იყო ადვილი, რადგან ქალაქის დამცველები სიმაგრეებიდან უცებ გამოიჭრებოდნენ ხოლმე და ხელჩართულ ბრძოლებს გვიმართავდნენ”. ასეთი სიმაგრეები მთელს სამხრეთ კოლხეთში საზღვრისპირას იყო განლაგებული და ერთგვარ საფორტიფიკაციო სისტემას ქმნიდა, რომელიც კოლხეთის სამეფოს საზღვრების დაცვას ემსახურებოდა. თანაც აქ მდგარი გარნიზონებიც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდნენ. მათი რიცხვი არ უნდა ყოფილიყო მრავალრიცხოვანი(სულ რამდენიმე ასეული პროფესიონალი მებრძოლი თუ იქნებოდა) მაგრამ საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ.


სტრატეგიულ სიმაღლეზე განლაგებული კოლხური სიმაგრე

ვიტრუვიუსი, ცნობილი რომაელი არქიტექტორი თავის წიგნში “10 წიგნი არქიტექტურის შესახებ” უფრო კარგად აღწერს კოლხური ძელური ნაგებობის სქემას: “კოლხეთში ხე-ტყის სიუხვის გამო ხის ძელებ მიწაზე აწყობენ, შემდეგ გარდიგარდმო სხვა ძელებს ადებენ. ამროგად იზღუდება ნაგებობის სივრცე. ოთხივე მხრივ შეკრული ძელების წყობით თანდათან ამოჰყავთ ძელების კედლები, აგებენ კოშკებს, ძელებს შორის ადგილებს კი, რომებიც ძელის სიმრუდის გამო რჩება, ავსებენ თიხით. ამგვარადვე ამოჰყავთ პირამიდული გადახურვა, რომლის ძელებიც თანდათანობით მოკლდება. ასეთი გადახურვა აქ დამახასიათებელია” ( II, I, 4, 50).
ყველა კოხური სამოსახლო მათ შორის საკუთრივ ცენტრალურ კოლხეთშიც კი წარმოადგენდა გამაგრებულ ადგილს ხის გალანითა და კოშკებით. მაგრამ ცალკეული ციხეები, რომლებშიც მოსახლეობა არც ხოვრობდა უფრო დახვეწილი იყო. კედლის ნახევარი ძირიდან ქვით იყო ნაგები, ხოლო შემდეგ ხის მოკლე ძელები ჰქონდა ჩატანებული. კოშკები კი მთლიანად ხით იყო ნაგები და გადახურვა ჰქონდა ან სელის ან თივის (მაგ. საქორქიოს სიმაგრე).

ზოგერთი სიმაგრე უფრო გაშლილ და დიდ გამაგრებულ დასახლებას წარმოადგენდა. არქეოლოგიური აღმოჩენებით დასტურდება გამაგრებული სამოსახლოები, რომლებიც საკმაოდ მასიურ დასახლებას წარმოადგენდნენ (ხანძრის გავრცელების მიხედვით).

ხის სიმაგრეები ძალზედ კარგ თავდაცვით საშუაკებას წარმოადგენდა. ხე იოლად იწვის. არ არის გასაკვირი თუ მოწინაამღდეგე თავიდანვე მის დაზიანებას ეცდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს ამის საწინაამღდეგოდ კოლხებსაც ჰქონდათ შესაბამისი ოპერაციები და საშუალებები ამგვარი ქმედებების ლიკვიდაციისათვის. გამაგრებულ პუნქტებში იდგებოდნენ გამოცდილი მებრძოლები. ამგვარ სიმაგრეებში მათი რიცხვი მცირე იყო. ამიტომ შესაძმოა მტრის შემოსევის შემთხვევაში დამხმარე ძალებს სიმაგრეში მცხოვრები მოსახლეობიდან ივსებდნენ და ასე მოწინაამღდეგეს უფრო მრავალრიცხოვანნი და უფრო მეტი ადამიანური რესურსით ებრძოდნენ.

კოლხური სიმაგრის კოშკი მორებისაგან შეკრულ ძლიერ სიმაგრეს წარმოადგენდა, რომელიც სამ სართულიან ნაგებობას წარმოადგენდა (იხ. სურათი). მასზე ძირითადად შუბოსნები და მშვილდოსნები იყვნენ განლაგებულები, რომლებიც მტერს შორიდანვე უქმნიდნენ საფრთხეს ისრებისა და შუბების გამოყენებით. კოშკების საძირკველი ქვით იყო ნაგები, ხოლო სახურავი თივით იყო გადახურული. კოშკს მეორე სართულზე დატანებული ქონდა პატარა საკმეველი. როგორც ჩანს იგი მშვილდოსნებისათვის იყო განკუთვნილი.


კოლხი მშვილდოსანი

ნიშანდობლივია რომ დიდი ქალაქები ძალიან კარგადაა განლაგებული ძველ კოლხეთში. მაგალითისათვის ავიღოთ ქალაქი ვანი. მას ძვ. წყაროებში სურიუმი ეწოდება. იგი იყო კოლხეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი და წარმოადგენდა დიდი მნიშვნელობის სავაჭრო-ეკონომიკურ ფაქტორიას. რათქმაუნდა ასეთი მნიშვნელობის ქალაქი კოლხებს ძლიერად გაიმაგრებიათ.


ქალაქ ვანის საფორტიფიკაციო სისტემა

არქეოლოგიური მასალით დასტურდება ქალაქ ვანის ძლიერი თავდაცვითი სისტემა. აღმოჩნელილია ქვის მასიური გალავნები, რომლებიც მაღალ დონეზეა დაპროექტებული. ქალაქს გარს ერტყა მასიური ქვის გალავანი, რომელშიც კოშკები იყო ჩატანებული. ასევე კარიბჭესთან აღმოჩენილია სპეციალური სათავსო, რომლიდანაც მტერს ადუღებულ ზეთს ასხამდნენ თავზე. ვანში ნაპოვნია როგორც ადგილობრივი კოლხური იარაღ-საჭურველი ასევე ბერძნული ჰოპლიტების იარაღ-საჭურველი და მათი სმარხებიც კი. როგორც ჩანს ქალაქი როგორც ადგილობრივი ასევე ბერძნულ ყაიდაზე აგებული გარნიზონით კერძოდ ბერძენი ჰოპლიტებითაც ყოფილა დაკომპლექტებული რაც გარნიზონის ბრძოლისუნარიანობას ძალზედ აამაღლებდა.


ბერძენი ჰოპლიტები


გალავნის ნაშთები (ქ. ვანი)


შიდა სასიმაგრო სისტემა

ქალაქი ძალზედ კარგად იყო დაცული სასიმაგრო სისტემებით. როგორც ჩანს ქალაქი მართლაც ეკონომიკური და ცხოვრების დონით მაღალ დონეზე იდგა და საკუთარი ქალაქის დაცვაზეც ფიქრობდა. ქალაქი ვანი კოლხეთის მეფეს ემორჩილებოდა და ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკუტი ქალაქი იყო. სამწუხაროდ ჩვენ არ მოგვეპოვება არანაირი ცნობა კოლხეთის იდუმალებით მოცულ დედაქალაქ კუტაიას შესახებ, რომელიც ქვეყნის სიღრმეში მდებარეობდა. იგი დღემდე არ არის აღმოჩენილი.
ვანში ასევე აღმოჩნდა ბალისტების ყუმბრები, რომელიც აქ მის გამოყენებას ადასტურებს როგორხ ჩანს ბალისტები კოშკებზე იყო განლაგებული და მისი თავდაცვის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.


ქალაქ ვანში აღმოჩენილი ბალისტის ყუმბარები


ბალისტა

კოლხეთის ჩრდილოეთში მდებარეობდა ძლიერი ციხე ქალაქი პიტიუსი. იგი ფაქტიურად კოლხეთის ჩრდილოეთი გზის მაკონტროლებელი და დამცველი ციხე სიმაგრე იყო. იგი იყო საზღვარი და ბარიერი კოლხურ და სვითურ სამყაროს შორის. ბერძნულ-რომაული წყაროების საფუძველზე პიტიუსი მაღალი ქვის გალავნით იყო გამაგრებული და საზღვაო პორტიც გააჩნდა.


პიტიუსის ციხის კარიბჭე

პიტიუსი უკვე ახ.წ. დამდეგს რომაელთა ძლიერ ციხედ იქცა, რომელიც რომაული კოჰორტითა (დაახლოებით 400-450 კაცი) და რომაული ყუმბარმტყორცნებით იყო გამაგრებული. ახ.წ. III წყაროებიდანვე ჩანს რომ იგი ბარბაროსებს აუღიათ და მისი გარნიზონიც ამოუწყვეტიათ. აღსაღნიშნავია არიანეს ცნობაც, რომ ფაზისის გარნიზონსაც ჰქონდა საბრძოლო მანქანები. ფაზისის გარნიზონმა კი არტემიდეს ტაძართან შეტაკებაში დაამარცხა და მოიგერია ბარბაროსები.

აქედან გამომდინარე კოლხეთი ძლიერად გამაგრებულ სამეფოს წარმოადგენდა. მას სამხრეთ საზღვარზე უამრავი სიმაგრე გააჩნდა, რომელიც სასაზღვრო-თავდაცვის მთელს საფორტიფიკაციო სისტემას ქმნიდა, ხოლო უფრო ჩრდილოეთით მისი მთავარი სავაჭრო-ეკონომიური ქალაქები უმაღლეს დონეზე იყვნენ დაცულები.

ივერი კოპალიანი

წყარო: http://iveri-kopaliani.blogspot.com/2013/06/iii.html

Iveri Kopaliaini

http://iveri-kopaliani.blogspot.com/

მსგავსი ამბები

Close
Close