არქივი

მზის ენერგია ასტეროიდების წინააღმდეგ

35996 512769839d180

ამ დღეებში ასტეროიდების თემა კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. ასტეროიდმა სახელად 2012 DA14, კაცობრიობა გვარიანად შეაშინა.

მან ჩვენს პლანეტას ძალიან ახლოს, 27 700 კილომეტრზე ჩაუქროლა და მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგებმა თავიდანვე დაგვამშვიდეს – მისგან ხიფათს არ ველითო, მაინც შიში მანამ არ გაქრა, სანამ ზორბა ციური სხეული დაგვშორდებოდა. მოლოდინი ჩელიაბინსკში ჩამოვარდნილმა მეტეორიტმა გაამძაფრა, რომელმაც შენობები დააზიანა და ასეულობით ადამიანი დააშავა.

მოკლედ, ხიფათმა ჩაიარა, თუმცა 2029 წელს უფრო დიდი და პოტენციურად ძალიან საშიში ასტეროიდი მოგვიახლოვდება, რომლისგანაც მეცნიერები პრობლემებს არ გამორიცხავენ. ამიტომ, აქედანვეა საჭირო თადარიგის დაჭერა იმისათვის, რომ საშიშ ასტეროიდთან გამკლავება შევძლოთ და კაცობრიობას გადაშენება ავარიდოთ. ბუნებრივია, ამაზე მეცნიერები ფიქრობენ და ასტეროიდთან ბრძოლის ეფექტური მეთოდების შემუშავებას ცდილობენ. ახლახანს, კალიფორნიელმა მკვლევარებმა საინტერესო იდეა წამოაყენეს. ისინი ასტეროიდის გასანადგურებლად ან დასაშლელად, მზის სხივების ენერგიის გამოყენებას გვთავაზობენ.

სანტა ბარბარას (კალიფორნია) საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერმა ფილიპ ლუბინმა და სახელმფიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერმა გარი ჰიუზმა შეიმუშავეს პროექტი, სახელწოდებით DE-STAR (აბრევიატურა სიტყვებისა “დაირექტდ ენერჯი სოლარ ტარჯეტინგ ოფ ასტეროიდს ენდ იქსპლორეიშნ” – მზის ენერგიის ასტეროიდზე მიმართული დამიზნება და გამოკვლევა), რომელიც სატელიტების სისტემის შექმნას ითვალისწინებს. ამ სატელიტების დანიშნულებას, მზის სხივების მიღება-გადამუშავება და ლაზერულ სხივებად გარდაქმნა წარმოადგენს. ამ ლაზერების ძალა იმდენად დიდი იქნება, რომ მათი საშუალებით, ასტეროიდის განადგურება, ან მისთვის მოძრაობის მიმართულების შეცვლის იძულება იქნება შესაძლებელი.

35996 512769884a7f9

კალიფორნიელთა მიერ შემოთავაზებული პროექტი ჯერ მხოლოდ კონცეპტუალურია, მაგრამ ჰიუზი ამბობს, რომ ასეთი დანადგარების სისტემის შესაქმნელად და კოორდინირებულად გამოყენებისთვის საჭირო ტექნოლოგიები უკვე არსებობს, რაც პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა. ამასთან, შესაძლებელია ისეთი ექსპერიმენტების ჩატარება, რომლის დროსაც, მეთოდს მცირე სხეულების გასანადგურებლად გამოცდიან.

ჰიუზი და ლუბინი ირწმუნებიან, რომ დანადგარ DE-STAR-ს, რომლის გარშემოწერილობა 100 მეტრი იქნება, თავისუფლად შეუძლია კომეტების და ასტეროიდების ტრაექტორიის შეცვლა, რითაც შესაძლებელი იქნება ჩვენს პლანეტასთან მათი შეჯახების თავიდან აცილება. ისეთი სისტემა კი, რომლის გარშემოწერილობა 10 კილომეტრს მიაღწევს, დღეში 1.4 მეგატონა ენერგიის გამომუშავების საშუალებას მოგვცემს. ეს საკმარისია იმისათვის, რომ 500 მეტრი გარშემოწერილობის მქონე ასტეროიდი განადგურდეს. ოღონდ, ეს უცბად მაინც ვერ მოხერხდება და განადგურების პროცესი დაახლოებით ერთ წელს გასტანს.

მეცნიერები ასევე ირწმუნებიან, რომ მათი სისტემა არამხოლოდ ასტეროიდების გასანადგურებლად გამოდგება. DE-STAR-ით ასევე შესაძლებელი იქნება ასტეროიდების შესწავლა და კოსმოსური ხომალდისთვის გამწევი ძალის მინიჭება.

 

წყარო: 24saati.ge

Back to top button