არქივი

იურისტის 10 ფილმი

6c637fdd8e2e

გთავაზობთ ტოპ 10 ფილმს, რომლის ყურებაც ჩემი აზრით ყველა იურისტისთვის(და არამარტო) სასურველია.

10. The Devil’s Advocate – ეშმაკის ადვოკატი (1997)
77161b1c8eaf

ჯილდოები: ალ პაჩინო – სატურნის დაჯილდოვება ნომინაცია საუკეთესო მსახიობი; ემტივის კინოდაჯილდოვება ნომინაცია საუკეთესო მსახიობი

IMDb რეიტინგი: 7,4

ფენტეზის ჟანრის ფილმი თავისი ორიგინალური სცენარით და მოვლენების განვითარებით უდავოდ მიიპყრობს მაყურებელთა ყურადღებას. სასამართლოზე დაუმარცხებელი ადვოკატი აღმოაჩენს, რომ ეშმაკს ემსახურება. “ადვოკატი ეშმაკის მსახურია” სწორედ ეს ფრაზა მიჰყვება მთელ ფილმს, სადაც ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ და გაიგონებთ, განსაკუთრებით აღსანიშნავია, კიანუ რივზის და ალ პაჩინოს დიალოგები. ამ უკანსაკნელის თამაშმა ყველა კრიტიკას გაუძლო და ხუმრობით იმასაც ამბობენ, რომ ამ როლს მასზე უკეთ თვით ეშმაკიც ვერ ითამაშებდა.

9. I am Sam – მე ვარ სემი (2001)
fb11193761d4

ჯილდოები: შონ პენი – ნომანაცია ოსკარი საუკეთესო მამაკაცი მსახიობი… დაკოტა ფენინგი – BFCA საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელი, ლასვეგასის ფილმების კრიტკოსთა საზოგადოება საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი, ფინიქსის ფილმების კრიტიკოსთა საზოგადოება საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი სატელიტის ჯილდო საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი…

IMDb რეიტინგი: 7,4

შეზღუდული გონობრივი განვითარების მქონე მამა ზრდის გოგონას, რომელიც დედამ მიატოვა. ყველაფერი კარგადაა, სანამ გოგონა არ გაიზრდება და განვითარების დონით მამას არ აჯობებს. ამ დროს საქმეში სოციალური სამსახური ერთვება, რომელიც გადაწყვეტს მამა-შვილი, რომელთაც ერთმანეთი უზომოდ უყვართ ერთმანეთს დააშოროს. მამა არ ნებდება და გადაწყვეტს შვილი იმ კანონის ძალით დაიბრუნოს, რომელმაც ისინი დააშორა. ფილმი თავის სიუჟეტთან ერთად მსახიობების შესანიშნავი თამაშით იქცევს ყურადღებას.

8.To Kill a Mockingbird – მოკვდეს ჯაფარა (1962)
a8bac7e9be24

ჯილდოები: ნომინაცია ოსკარი საუკეთესო სურათისთვის, ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის, ოსკარი საუკეთესო
მხატვრული გაფორმებისთვის, გრეგორი პეკი – ოსკარი საუკეთესო მამაკაცი მსახიობი, ოქროს გლობუსი საუკეთესო მამაკაცი მსახიობი…AFI საუკუნის 100 საუკეთესო ფილმი მე-2 ადგილი…

IMDb რეიტინგი: 8,4

შესანიშნავი რომანის ერთი ნაწილის საკმაოდ გახმაურებული და პოპულარული ეკრანიზაცია. ორი ბავშვის მარტოხელა იურისტი მამა გადაწყვეტს რასიზმს შეებრძოლოს, რომელიც ყველგან დიდ კვალს ტოვებს განსაკუთრებით კი სამართალში და ამ მიზნით იცავს შავკანიან მამაკაცს, რომელსაც თეთრკანიანი ქალი გაუპატიურებაში სდებს ბრალს. მიმდინარე მოვლენებს ყველაზე ობიექტურად ბავშვები აფასებენ, რომლებიც მუდამ კითხვებს სვამენ, ავტორის აზრით ყველა იურისტი ასეთი იყო. ფილმში შესანიშნავადაა დახატული იმდროინდელი სასამართლო პროცესი, რომელიც ტყუილით და სიძულვილით არის გაჟღენთილი, შესანიშნავი ადვოკატი კი თავისი ბრწყინვალე ლაპარაკის მანერით შეეცდება ამ ყოველივეს შეებრძოლოს.

7. Philadelphia – ფილადელფია (1993)
dbbca809458c

ჯილდოები: ნომინაცია ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარი, ტომ ჰენქსი – ოსკარი საუკეთესო მამაკაცი მსახიობი. ნომინაცია ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სიმღერა, AFI საუკუნის 100 საუკეთესო ფილმი მე-20 ადგილი.

IMDb რეიტინგი: 7,6

ენდრიუს გულმოდგინედ უწევს თავისი ორიენტაციის დამალვა, რადგან უმსხვილეს კორპორაციაში სამართლის დარგში მაღალი ადგილი უჭირავს. მისი საიდუმლო მხოლოდ მისმა ბოიფრენდმა იცის თუმცა როდესაც ის შიდსით ავადდება ამას კორპორაციის მენეჯერი შეიტყობს და ენდრიუს სამსახურიდან დაითხოვს იმ საბაბით, რომ დაავადება სხვას არ გადადოს. ენდრიუ კი, რომლის როლსაც ტომ ჰენქსი თამაშობს უკავშირდება ყველაზე ცნობილ ადვოკატს და მის კონკურენტს, რომლის როლსაც დენზელ ვაშინგტონი თამაშობს. განსხვავებული ხედვა, ორიენტაცია და კანის ფერი ვერ შეუშლის ხელს მათ სამართლიანობისთვის იბრძოლონ. ფილმი “მილკთან” ერთად ითვლება ჰომოფობიის ტაბუდადებულ თემაზე გადაღებულ ყველაზე გახმაურებულ ფილმად.

6. Kramer Vs Kramer – კრამერი კრამერის წინააღმდეგ (1979)
afd9e5db8ce3

ჯილდოები: ოსკარი საუკეთესო სურათისთვის, ბაფთა საუკეთესო ფილმისთვის, სეზარის ჯილდო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის, დავიდ დი დონატელოს ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის, ოქროს ქლობუსი საუკეთესო სიუჟეტისთვის და დრამის სურათისთვის, ბლუ რიბონის პრიზი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის, ჰოჩის პრიზი წლის ფილმი, იაპონიის კინოაკადემიის პრიზი საუკეთესო უცხოენოვანი სურათისთვის. რობერტ ბენტონი – ოსკარი საუკეთესო რეჟისორი, დავიდ დინატელოს პრიზი საუკეთესო რეჟისორი, ოქროს გლობუსი საუკეთესო რეჟისორი, კანზასის ფილმების კრიტიკოსთა საზოგადოება საუკეთესო რჟისორი, ლოს ანჯელესის ფილმების კრიტიკოსთა საზოგადოება საუკეთესო რეისორი, ნიუ-იორკის ფილმების კრიტიკოსთა საზოგადოება საუკეთესო რეჟისორი, ამერიკის მწერალთა გილდია საუკეთესო სცენარისთვის. მერილ სტრიპი – ოსკარი ქალი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში, ოქროს გლობუსი საუკეთესო ქალი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში, ნიუ-იორკის ფილმთაკრიტიკოსთა საზოგადოება საუკეთესო ქალი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში, კანზასის ფილმების კრიტიკოსთა საზოგადოება საუკეთესო ქალი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში. დასტინ ჰოფმანი – ოსკარი საუკეთესო მამაკაცი მსახიობი, ოქროს გლობუსი საუკეთესო მამაკაცი მსახიობი, ნიუ იორკის ფილმების კრიტიკოსთა საზოგადოება საუკეთესო მამაკაცი მსახიობი, ლოს ანჯელესის ფილმების კრიტიკოსთა საზოგადოება საუკეთესო მამაკაცი მსახიობი, ჯანზასის ფილმების კრიტიკოსთა საზოგადოება საუკეთესო მამაკაცი მსახიობი, დავიდ დი დონატელოს პრიზი საუკეთესო მამაკაცი მსახიობი. ჯასტინ ჰენრი – ნომინაცია ოსკარი საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსხიობი. ჯეინ ალექსანდერი – ნომინაცია ოსკარი საუკეთესო ქალი მსახიობისთვის მეორეხარისხოვან როლში. ფილმი დაცულია ფილმების ეროვნულ რეესტრში.

IMDb რეიტინგი: 7,7

დასტინ ჰოფმანი წარმატებულია თავის სამსახურში, მაგრამ მისი ცოლი მერილ სტრიპი მას მუდამ საყვედურობს, რომ ოჯახთან ნაკლებ დროს ატარებს. ერთხელაც ის ადგება და სახლიდან წავა ბავშვს კი მამას დაუტოვებს. ამის შემდეგ მამა უფრო კარგად გაიცნობს თავის შვილს და მის ზრუნვას უფრო მეტ დროს დაუთმობს, ამ პერიოდში მამა-შვილს საოცრად უყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ შემდეგ გამოჩნდება დედა, რომელმაც თავისი კარიერა აიწყო და ახლა თავისი შვილის წაყვანა სურს, მამა რასაკვირველია უარზეა, რის გამოც დაიწყება სასამართლო პროცესი კრამერი კრამერის წინააღმდეგ, სადაც მამას გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს. ფილმი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმია, მსახიობების უზადო თამაშის გარდა უნდა აღინიშნოს რეჟისორის მუშაობაც, რომელსაც ადამიანური გრძნობები საოცრად აქვს გადმოცემული. ფილმს აქვს უამრავი გარედატვირთვაც, რის გამოც ის მიჩნეულია კინოშედევრად.

5. A Few God Men – რამდენიმე კარგი ბიჭი (1992)
7d1264d80754

ჯილდოები: ნომინაცია ოსკარი საუკეთესო სურათისთვის, ოქროს გლობუსის ნომინაცია საუკეთესო სურათისთვის, ნომინაცია ოსკარი საუკეთესო მონტაჟისთვის, ჯეკ ნიკოლსონი – ნომინაცია ოსკარი საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში, ნომინაცია ოქროს გლობუსი საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში, ტომ კრუზი – ნომინაცია ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი მამაკაცი.რობ რეინერი – ნომინაცია ოქროს გლობუსი საუკეთესო რეჟისორითვის…

IMDb რეიტინგი: 7,6

გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცი სისასტიკით იქნა მოკლული რაშიც ბრალი ბაზაზე მყოფ ორ ჯარისკაცს ედება. მათი დაცვა კი წარჩინებული სამხედრო ოფიცერის და ადვოკატის ქალბატონი დემი მურის ნაცვლად, საკმაოდ თვითდაჯერებულ და ერთი შეხედვით ქარაფშუტა ადვოკატს ტომ კრუზს დაევალება. საბოლოოდ საერთო მეგობართან ერთად ისინი ერთად მიაშურებენ სასამართლო პროცესს, ტომ კრუზი, რომელსაც დავის საპროცესო შეთანხმების გადაწყვეტის შესანიშნავი ნიჭი აქვს ახლაც მოახერხებს სადამსჯელო ვადა თითქმის გააუქმოს, თუმცა ჯარისკაცები ფანატიკოსები არიან და არა სასჯელისგან განთავისუფლება არამედ უდანაშაულოდ ცნობა უნდათ. ადვოკატებს მოუწევთ შეებრძოლონ სახელმწიფოში გავლენიან ადამიანებს რაც მათ მისიას ერთი შეხედვით უფრო შეუსრულებელს ხდის. ფილმში კარგად არის დახატული იურისტთა მუშაობის პროცესი და სასამართლო დარბაზში და დარბაზს მიღმა.

4.The Life of David Gale – დევიდ გეილის ცხოვრება (2003)
c1a88f7903e6

ჯილდოები: ნომინაცია ბერლინის ოქროს დათვი, ნომინაცია პოლიტიკური ფილმების საზოგადოება ხალხის რჩეული ფილმი.

IMDb რეიტინგი: 7,3

სიკვდილის დასჯის თემაზე გადაღებული ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, რომელიც უკანასკნელია რეჟისორ ალან პარკერის შემოქმედებაში. ფილმში მოთხრობილია პროფესორ დევიდ გეილის ცხოვრება, ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორისა, რომელიც თავის კოლეგასთან ერთად მთელი ცხოვრება სიკვდილით დასჯის გასაუქმებლად იბრძოდა, მან უნივერსიტეტში ყოფნისას მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, რის გამოც ყველაფერი ღირებული დაკარგა, რაც გააჩნდა, ბოლოს კი თავისი ყოფილი კოლეგის და სიკვდილის დასჯის გასაუქმებლად მებრძოლი ქალის სასტიკ მკვლელობაში დასდეს ბრალი და სიკვდილი მიუსაჯეს. სიკვდილმისჯილი პროფესორი ნახევარი მილიონის სანაცვლოდ დათანხმდება ინტერვიუ ჩაწეროს ჟურნალისტთან, რომელიც მის დახმარებას ცდილობს. ფილმში ბევრი მოვლენა დაკავშირებულია ერთმანეთთან რის გამოც თრილერის ჟანრისაა. აღსანიშნავია კევინ სფეისის შესანიშნავი თამაში. ფილმს არცერთი ჯილდო არ მიუღია და არც კომერციულად ყოფილა წარმატებული, მაგრამ არსებობს ხალხი, რომელსაც ეს ფილმი უბრალოდ უყვარს.

3. 12 Angry Men – განრისხებული მამაკაცი (1957)
f596625664f4

ჯილდოები: ნომინაცია ოსკარი საუკეთესო სურათისთვის, ნომინაცია ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის, ნომინაცია ოქროს გლობუსი საუკეთესო სურათისთვის დრამა, იტალიელი ჟურნალისტების საზოგადოება საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, იუსის დაჯილდოვება საუკეთესო ფილმი, ედგარის პრიზი საუკეთესო ფილმი. სიდნეი ლამეტი – ნომინაცია ოსკარი საუკეთესო რეჟისორი, ნომინაცია ოქროს გლობუსი საუკეთესო რეჟისორი, ბერლინის ოქროს დათვი საუკეთესო რეჟისორისთვის, ბოდის დაჯილდოვება საუკეთესო რეჟისორი…ჰენრი ფონდა – იუსის დაჯილდოვება საუკეთესო მამაკაცი მსახიობი, ბაფთას პრიზი საუკეთესო მამაკაცი მსახიობი…ფილმი დაცულია ფილმების ეროვნულ რეესტრში.

IMDb რეიტინგი: 8,9

ახალგაზრდა ყმაწვილის ბედი, რომელსაც მამის მკვლელობა ედება ბრალად და სიკვდილით დასჯის კანდიდატია, მიებარა 12 განრისხებულ მამაკაცს, რომელთაგან ზოგს სცხელა, ზოგს ბეისბოლის მატჩზე ჩქარება, ზოგს ეშინია არ გაწვიმდეს და სახლში სველი არ მივიდეს, მათი მიზანია რაც შეიძლება სწრაფად გამოიტანონ განაჩენი, მაგრამ ამ 12 განრისხებულ მამაკაცში არის ერთი პიროვნება, რომლისთვისაც მთავარ პრიორიტეტს სამართლიანი განაჩენის გამოტანა წარმოადგენს. ის ცდილობს შეუსრულებელი მისია შეასრულოს და დარჩენილი 11 ნაფიცმსაჯული სათითაოდ გადმოიბიროს, როგორ და რამდენად წარმატებით მოახერხებს ის ამას ფილმის ბოლოს ვნახავთ. ეს ფილმი გახლავთ საკმაოდ ცნობილი სპექტაკლის იდეალური ეკრანიზაცია, სადაც ყველა თავის როლს იდეალურად ასრულებს. ეს ის ფილმია, რომელიც ყველა იურისტმა(და არამარტო) უნდა ნახოს. არსებობს ფილმის მოგვიანებით გადაღებული ფერადი ვერსია- რიმეიქი, მაგრამ უბრალოდ შეუძლებელია ამ შავ-თეთრ ფილმს რაიმე ნაკლი უპოვო.

2. Mar Adentro – შინაგანი ზღვა (2004)
4b4b3650f0be

ჯილდოები: ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის, სამაუწყებლო ფილთა ასოციაცია საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, ავსტრალიის ფილმის კრიტიკოსთა საზოგადოება საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, ISA_ს დაჯილდოვება საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, ვენეციის კინოფესტივალი ჟიურის მთავარი პრიზი და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, მსოფლიო საუდთრექების დაჯილდოვება საუკეთესო საუნდთრექი. ხავიერ ბარდემი – ბანკოკის საერთაშორისო ფესტივალი საუკეთესო მამაკაცი მსახიობი, ევროპული ფილმების დაჯილდოება საუკეთესო მამაკაცი მსახიობი, გოიას დაჯილდოვება საუკეთესო მამაკაცი მსახიობი, სანტ ხორდის დაჯილდოვება საუკეთესო ესპანელი მსახიობი, ესპანელი მსახიობების გაერთიანება საუკეთესო მსახიობი, ვოლპის თასი, კინომწერალთა პრიზი საუკეთესო მსახიობი, ნომინაცია ოქროს გლობუსი საუკეთესო შესრულებისთვის..ალეხანდრო ამენაბარი – ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის პრიზი საუკეთესო რეჟისორი, ევროპული ფილმების დაჯილდოვება საუკეთესო რეჟისორი, ესპანური ფილმების დაჯილდოვება საუკეთესო რჟისორი, გოიას დაჯილდოვება საუკეთესო რეჟისორი……

IMDb რეიტინგი: 8,0

ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია ევთანაზიის ლეგალიზება და კანონიც მხარს გვიჭერს, მაგრამ წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომლისთვისაც ერთი ნაბიჯის გადადგმა დაუსრულებელ მოგზაურობას ნიშნავს, ან საყვარელ ადამიანებზე შეხება არ შეუძლია…სწორედ მისი თვალთახედვის დანახვას ცდილობს რეჟისორი თავის ლეგენდარულ ფილმში. ეს ფილმი რეალობაა და გადმოგვცემს რამონ სამპედროს ისტორიას, რომელიც 28 წელი ითხოვდა მისთვის ევთანაზიის უფლება მიეცათ. ამ 28 წლის განმავლობაში მისი სხეული მთლიანად პარალიზებული იყო, მიუხედავად მისი ოჯახის უზომო ზრუნვისა და სიყვარულისა მას ერთი წამითაც არ უფიქრია სიცოცხლის შენარჩუნებაზე. მას მხოლოდ უყვარს ის, ვინც სიკვდილში დაეხმარება. მის გადარწმუნებას ყველა უშედეგოდ ცდილობს. ეს გახლავთ არაჩვეულებრივი ესპანური ფილმი არაჩვეულებრივი ესპანელი მსახიობის, ხავიერ ბარდემის მონაწილეობით, რომელმაც ყველა კრიტიკას გაუძლო. ფილმში გაიგონებთ ბევრ ბრძნულ ფრაზას, დაინტერესდებით, გაიცინებთ, იტირებთ, ბევრჯერ იტირებთ, დაფიქრდებით..მოკლედ ბედნიერი უნდა იყოთ, რომ შეგიძლიათ ამ ფილმის ყურება.

1. Ds Leben Der Anderen – სხვების ცხოვრება (2006)
21d66ce3e195

ჯილდოები: ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის, ბრიტანული კინოაკადამიის მთავარი პრიზი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის, სეზარის დაჯილდოვება საუკეთესო უცხოური ფილმი, ევროპული ფილმების დაჯილდოვება საუკეთესო ფილმი, გერმანული ფილმების დაჯილდოვება საუკეთესო ფილმი, კრიტიკოსთა საზოგადოებების წლის ფილმი, ბრაზილიის კინოაკადემია საუკეთესო უცხოური ფილმი, სინემატიკის ინტერნაციონალური ფესტივალი წლის ფილმი, ირანული,პოლონური, ხორვატული, შვედური… ფილმების აკადემია წლის ფილმი, ლოსანჯელესის, ნიუიორკის, ლონდონის, ვანკუვერის ფილმების კრიტიკოსთა საზოგადოება საუკეთესო ფილმი…მუე ულრიხი – ევროპული ფილმების დაჯილდოვება საუკეთესო მამაკაცი მსახიობი, შვედეთის ოქროს გედი საუკეთესო შესრულებისთვის, გერმანიის კინოდაჯილდოვება საუკეთესო მამაკაცი მსახიობი, კოპენჰაგენის კინოაკადემია საუკეთესო მამაკაცი მსახიობი, ნომინაცია ბაფთა საუკეთესო მამაკაცი მსახიობი. ფლორიან დონესმარკი – სეზარის დაჯილდოვება საუკეთესო რეჟისორი, კოპენჰაგენის კინოდაჯილდოვება საუკეთესო რეჟისორი, ევროპული ფილმების დაჯილდოვება საუკეთესო რეჟისორი. გერმანული ფილმების დაჯილდოვება საუკეთეს რეჟისორი. ფილმს აგრეთვე მოპოვებული აქვს სხვა უამრავი ჯილდო.

IMDb რეიტინგი: 8,5

წარმატებული გამომძიებელი, ლექტორი, ჯაშუში და აგენტი, რომელსაც იმ პერიოდში უწევს ცხოვრება, როდესაც თვალთვალი, დაბეზღება, ჩაგვრა ის თვისებებია, რომელიც იმ პერიოდში მომუშავე კანონისდამცველს უნდა გააჩნდეს. აღნიშნულ პიროვნებას დაევალება მწერალი და მსახიობი ცოლ-ქმარის საუბრები აკონტროლოს და იპოვოს საბაბი, რომელიც მინისტრს მათ დაკავებაში დაეხმარება, რადგან მისი აზრით ისინი აქტიურად არიან ჩაბმული ანტისახლმწიფოებრივ საქმიანობაში. დააყენებს თუ არა წარმატებული გამომძიებელი და აგენტი ადამიანურ ღირებულებებს თავის სამუშაოზე წინ ამას ფილმში გაიგებთ. ფილმში კარგადაა დახატული აღმოსავლეთ გერმანიის ცხოვრება, სადაც ყველა ოჯახს სახელმწიფო აკონტროლებდა. წინასწარ გეტყვით, რომ ეს ის ფილმია, რომელსაც ნამდვილი კინოგურმანები სჭირდება. ფილმი უნიკალურია თავისი სიუჟეტით და არაჩვეულებრივი ფინალით. მუე ულრიხი კი, რომელიც ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა, თავის როლს იდეალურად ასრულებს. არსებობენ კინოები და კინოშედევრები, ეს ფილმი ამ უკანასკნელ კატეგორიას განეკუთვნება. ეს ის ფილმია, რომლის დასრულების შემდეგაც, უეჭველად იტყვით “ეს რა საოცრებას ვუყურე”.

Back to top button