არქივი

ადამიანები, რომლებმაც კოშმარული განსაცდელები გადაიტანეს

michelina lewandowska
● მიშელინა ლევანდოვსკა – დამარხეს ცოცხლად.
მიშელინა ლევანდოვსკამ, დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა პოლონელმა ემიგრანტმა, 2012 წლის იანვარში სასამართლო სხდომაზე აღწერა, თუ როგორ დამარხეს ცოცხლად ხელფეხშეკრული, მუყაოს ყუთში, და როგორ ნელ-ნელა ეხუთებოდა სული: „ვიწრო კუბოში ვიწექი და მაშინებდა იმაზე ფიქრი, რომ ჩემი ცხოვრება დასასრულს უახლოვდებოდა, რომ მალე მოვკვდებოდი.. ღმერთს ვევედრებოდი, დამხმარებოდა და გადავერჩინე, რათა ჩემი ვაჟი ისევ მენახა.” მიშელინას 3 წლის შვილი ჰყავდა მისი საქმროსგან, მარსინ კასპრზაკისგან, რომელმაც ის ცოცხლად დამარხა. მას შემდეგ, რაც მიშელინასთან ყოფნა „მობეზრდა”, თავის მეგობართან, პატრიკ ბორისთან ერთად შეიმუშავა მისი მოცილების გეგმა. მარსინმა გოგონა ელექტროშოკით გათიშა, შემდეგ ხელები და ფეხები შეუკრეს და მომდევნო რამდენიმე საათი სავარაუდოდ სამოქმედო გეგმას აზუსტებდნენ. საბოლოოდ ის მუყაოს ყუთში მოათავსეს და უკაცრიელი ადგილისკენ გაეშურნენ, რათა ცოცხლად დაემარხათ, თუმცა ღრმა ორმო არ ამოუთხრიათ. მიშელინამ საქორწინო ბეჭდის დახმარებით ნასკვის გადაჭრა მოახერხა და კიდურები გაითავისუფლა, მალე კი ამოსვლაც მოახერხა. რამდენიმე კვირის განმავლობაში სუნთქვა და სიარული უჭირდა, კოშმარები კი დიდხანს გაჰყვა. რაც შეეხება თავდამსხმელებს, თითოეულს 20 წელი მიუსაჯეს.
holly dunn
● ჰოლი დანი – „რკინიგზის მკვლელის” ერთადერთი გადარჩენილი მსხვერპლი.
1997 წლის 29 აგვისტოს ღამეს ჰოლი დანსა და მის ბოიფრენდს, კრის მაიერს, უცნაური შესახედაობის მამაკაცი მიუახლოვდა და ფული თხოვა, რამაც ისინი, ცოტა არ იყოს, დააფრთხო. უცნობის სახელი იყო ანხელ რესენდიზი, ამ დროისთვის მას უკვე მოეკლა 6 ადამიანი და ახალ მსხვერპლებს ეძებდა. წყვილი წვეულებიდან ბრუნდებოდა და რამდენიმე კვარტლის მოშორებით, ლიანდაგთან ახლოს საუბრობდნენ. ანხელმა მსხვილი სადგისი ამოიღო და წყვილი დააშინა, შემდეგ ორივეს ხელები შეუკრა, დარწმუნდა, რომ ახლომახლო არავინ იყო და 20 კგ-იანი ქვით კრისი მოკლა. შემდგომ ჰოლის მიადგა და გააუპატიურა, თან პერიოდულად სცემდა. მოგვიანებით გონზე მოსულმა ჰოლიმ აღმოაჩინა, რომ მოძალადე წასულიყო, როგორღაც ძალა მოიკრიბა და სასწაულებრივად გადარჩენილმა უახლოეს სახლს მიაშურა, საიდანაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვალის ბუდეები დაზიანებული ჰქონდა, ყბის მიდამოში მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა, ასევე ჰქონდა სხვა სახის დაზიანებებიც. მკურნალობის შედეგად ჰოლი გამოჯანმრთელდა და რესენდიზის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. „რკინიგზის მკვლელის” ანგარიშზე 13 წლის განმავლობაში მინიმუმ 15 მსხვერპლი იყო, რომელთაგან მხოლოდ ჰოლი დანი გადარჩა.

 

alcides moreno
● ალსიდეს მორენო – გადმოვარდა 47-ე სართულიდან.
ალსიდეს მორენო და მისი ძმა ედგარი ფანჯრების მწმენდავები იყვნენ და წლების განმავლობაში მანჰეტენის ცათამბჯენებში ერთად მუშაობდნენ. მსგავსი ტიპის სამუშაო, ცხადია, რისკს შეიცავს და 2007 წლის დეკემბერს ეს რისკი რეალობად იქცა – სამაგრი გაიხსნა და ძმები 150 მეტრი სიმაღლიდან ძირს აღმოჩნდნენ. შემთხვევის ადგილზე მისულ მეხანძრეებს ედგარი გარდაცვლილი დახვდათ, ხოლო ალსიდესი – ცოცხალი და გონზე მყოფი. უჩვეულო და გაუგებარია, როგორ უნდა მომხდარიყო მსგავსი რამ. ყველაზე სავარაუდო ახსნა ისაა, რომ ალსიდესი იმ პლატფორმაზე დარჩა, რომელზე დგომის დროსაც ფანჯრებს წმენდდა და ძლიერმა ქარმა წინაღობა შეამცირა, რის შედეგადაც პლატფორმისა და ქარის წინაღობის გარეშე ვარდნასთან შედარებით სიჩქარე სამჯერ შემცირდა. თუკი პერიოდულად პლატფორმა შენობას ეჯახებოდა, ეს კიდევ უფრო მეტად შეანელებდა ვარდნის სიჩქარეს. გარდა ამისა, მას არ დაურტყამს თავი ან მენჯები, რამაც სიკვდილის ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანა. თუმცა მას აღენიშნებოდა დაზიანებები ტვინის, ზურგის, მკერდისა და მუცლის მიდამოებში, მოიტეხა ნეკნები, მკლავი და ფეხები. ექიმების მოლოდინს კიდევ ერთხელ გადააჭარბა, როცა ფეხზე დასადგომად 1 წლის ნაცვლად 6 თვე დასჭირდა. როგორც მთავარმა ექიმმა აღნიშნა, მესამე სართულიდან გადმოვარდნის დროსაც კი ხშირია სიკდილიანობა, ხოლო მეათე სართულიდან გადმოცვენილთა უმეტესობა მორგში ხვდება. შესაბამისად, ალსიდესის შემთხვევა შოკისმომგვრელი იყო.

 

ken henderson ed coen
● კენ ჰენდერსონი – ნავის ჩაძირვის შემდეგ შუა ზღვაში აღმოჩნდა.
2012 წლის მარტში დიდი ხნის მეგობრები კენ ჰენდერსონი და ედ კოენი მექსიკის ყურეში თევზაობდნენ, როდესაც 9 მ სიგრძის ნავმა წყლით ავსება დაიწყო. ჰენდერსონი ამოტუმბვას შეეცადა, მაგრამ ამაოდ – სულ უფრო მეტი წყალი შემოდიოდა და ტუმბოებსაც ბოლო მოუღო. რადიოზე არავინ პასუხობდათ, ჰენდერსონის მობილური ტელეფონი სიგნალს ვერ იჭერდა, მეგობრებმა მხოლოდ ისღა მოახერხეს, სამაშველო ჟილეტები ჩაეცვათ და მცირეოდენი საკვებით წყალში გადაენაცვლათ, მალე კი ნავიც ჩაიძირა. გაყინულ წყალში მათ 30 საათი გაატარეს და ლაპარაკით ცდილობდნენ ერთმანეთის გამხნევებას, ერთმანეთთან ახლოს იყვნენ, რომ სხეულისგან წამოსული სითბო არ დაკარგულიყო და ფსიქოლოგიურად ებრძოდნენ დაღლილობას, შიმშილს, წყურვილსა და საშინელ სიცივეს. ჰენდერსონმა გადაწყვიტა, ბედი ეცადათ და გაეცურათ 80 კმ-ის მოშორებით მდებარე ნავთობის პლატფორმისკენ, მაგრამ ედ კოენს ენერგია აღარ ჰქონდა და მარტომ გასწია. მალე კენს დისორიენტაცია დაეწყო და ლამის კურსს აცდა, ეჩვენებოდა, რომ წყალქვეშ ყინულის ხეები იზრდებოდა. მეორე დღის 2 საათზე მან პლატფორმამდე მიაღწია და ცოლს დაურეკა, რომელმაც სანაპიროს დაცვას გამოუძახა. დაცვამ შემთხვევის ადგილას ედ კოენის გვამი აღმოაჩინა, მაგრამ რომ არა ჰენდერსონის ბრძოლისუნარიანობა, მასაც გარდაცვლილს იპოვიდნენ.

 

richard moyer
● რიჩარდ მოიერი – თავს დაესხა ბარიბალი.
2011 წლის 3 ოქტომბერი რიჩარდ მოიერისთვის ჩვეულებრივად დაიწყო – ადგა და თავისი ძაღლი, ბრინდი, გასასეირნებლად გაუშვა სახლის გარშემო მდებარე პენსილვანიის ტყეში. თუმცა მოულოდნელად ბრინდი უკან დაბრუნდა და როგორც აღმოჩნდა, მას მასიური ბარიბალი (შავი დათვი) მოსდევდა. დათვმა კარები შეამტვრია და თავს დაესხა რიჩარდს, ხმაურზე კი მის ცოლს ანჯელას გაეღვიძა. მან დახმარება სცადა, თუმცა დათვმა იერიში მასზე მიიტანა. ამ დროს ძაღლიც და რიჩარდიც დათვს ეცნენ, დათვმა ანჯელას თავი გაანება, მის ქმარს ეცა თავის მიდამოში და შეჭმა დაუპირა. თუმცა ცოტა ხანში უცნობი მიზეზის გამო უკან დაიხია, შემდეგ კი ტყეს მიაშურა. ცოლ-ქმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მრავალი ნაკერი დაადეს, საღამოს კი უკვე სახლში იყვნენ და თავგადასავალს უყვებოდნენ თავიანთ 10 წლის ვაჟს, რომელსაც მთელი ამ ბრძოლის განმავლობაში ეძინა.

 

mexican drug war
● ფელიქსი – ნაწამები იქნა მექსიკელი ნარკობარონების მიერ.
მექსიკის ნარკოტიკების ბაზარზე მოქმედ კარტელებს ერთი გამორჩეული თვისება აქვთ – ადამიანის სიცოცხლის არაფრად ჩაგდება. უამრავი ადამიანი შეეწირა ზეტასა და გალფის კარტელებს შორის ბრძოლას და მათგან არც ისე ცოტაა უდანაშაულო ადამიანები – ჟურნალისტები, ბლოგერები, პოლიციელები და ემიგრანტები. ბევრი პოლიციელი კარტელების მხარესაა, რათა მათ მხვერპლად არ იქცეს და მექსიკის ბევრ რეგიონში კანონს არა სახელმწიფო, არამედ კარტელი ადგენს. ერთ-ერთ ასეთ რეგიონში 20 წლის ბიჭი, რომელიც პრესაში „ფელიქსად” მოიხსენიება, ღამით სეირნობისას პოლიციელმა აიყვანა და ამით დაიწყო მისი ხანგრძლივი და სასტიკი კოშმარი. პოლიციელმა ფელიქსი ზეტას კარტელის მფლობელობაში მყოფ მიტოვებულ სახლში მიიყვანა და შემდეგი კვირის განმავლობაში სისტემატურად სცემდნენ, პერიოდულად ელექტროშოკსაც იყენებდნენ. მის თვალწინ გალფის კარტელის წევრები წამებით დახოცეს და გააფრთხილეს, რომ თუ მისი ოჯახი საკმარის თანხას არ გადაიხდიდა, იგივე ბედი ელოდა. ოჯახმა $5000 გადაიხადა, მაგრამ ზეტას არ ეყო და დამატებით ერთი ამდენი მოითხოვეს. თვეების განმავლობაში ფელიქსს რამდენჯერმე შეუცვალეს ადგილი, ზოგჯერ ათეულობით სხვა ტყვესთან ერთად კეტავდნენ ერთ ოთახში. ფიზიკურ დამცირებასა და წამებას სისტემატური ხასიათი ჰქონდა, ტყვეები ხშირად იხოცებოდნენ, რადგან მათი ოჯახი თანხას ვერ იხდიდა. ერთხელაც ფელიქსი თითქმის სიკვდილამდე სცემეს და ქუჩაში დააგდეს. გამოჯანმრთელებას თვეები დასჭირდა, თუმცა საბედნიეროდ გადარჩა და მოგვიანებით თავისი ამბავი მთელ მსოფლიოს მოუყვა, განსხვავებით სხვა მრავალი უიღბლო ადამიანისგან, რომლებიც ქუჩაში გაუჩინარდნენ და შემდეგ არასდროს გამოჩენილან.

 

bahia bakari
● ბაჰია ბაკარი – გადაურჩა ავიაკატასტროფას.
ძნელია, წარმოიდგინო იმაზე უარესი სცენარი, ვიდრე თვითმფრინავის მარცხი და შუა ოკეანეში ჩავარდნაა. ალბათ თითზე ჩამოსათვლელია იმ ადამიანთა სახელები, ვინც ეს გადაიტანა და შემდეგ თავისი თავგადასავალი სხვებს მოუყვა, მათგან ერთ-ერთი კი 14 წლის ფრანგი გოგონა აღმოჩნდა, რომელსაც დანარჩენ 152 მგზავრზე უკეთესი იღბალი ჰქონდა. 2009 წლის 30 ივნისს ღამის 2 საათზე იემენიდან გამოფრენილი Airbus A310 ინდოეთის ოკეანეში აღმოჩნდა. ბაჰია ბაკარმა თვითმფრინავიდან გამოაღწია და მიუხედავად იმისა, რომ არც სამაშველო ჟილეტი ჰქონდა და არც ცურვა იცოდა კარგად, წყლის ზედაპირზე ტივტივს ახერხებდა, რაშიც თვითმფრინავის კორპუსის ნატეხები ეხმარებოდა. როგორც მოგვიანებით გაიხსენა, მის გარდა სხვებიც გადარჩნენ, რადგან იმ ქაოსში ყვირილი ესმოდა, თუმცა ხმები ნელ-ნელა მიჩუმდა და ბოლოს შეწყდა. მზის ამოსვლისას ბაჰია მიხვდა, რომ ცოცხალი მხოლოდ თვითონ იყო და დილის 11 საათისკენ – კატასტროფიდან 9 საათის შემდეგ – აღმოაჩინეს ის გადარჩენილი მგზავრების დასახმარებლად წამოსულმა მაშველებმა. მისი დედა დაღუპულებს შორის იყო, მამას კი არ უმგზავრია. ბაჰიას მენჯი და ლავიწი ჰქონდა მოტეხილი, თუმცა 3 კვირიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს.

 

paul lessard
● პოლ ლესარდი – 20 საათი იყო ყინვაში.
64 წლის ლესარდი ალბათ ფიქრობდა, რომ ბუნება მის წინააღმდეგ ამხედრდა და ყველა პირობა შეუქმნა იმისთვის, რომ ცოცხალი ვერ გადარჩენილიყო. ის მეინის უკაცრიელ ადგილებში თოვლმავლით სეირნობდა, როცა მოულოდნელად თოვლმავალი გადაბრუნდა და თვითონ მის ქვეშ აღმოჩნდა, ისე რომ გამოსვლას ვერ ახერხებდა. მიუხედავად შუადღისა, ტემპერატურა საკმაოდ დაბალი იყო და სიტუაციას ისიც აუარესებდა, რომ მისი ტანსაცმელი წყლით იჟღინთებოდა (თოვლმავალი დამდნარი ყინულისგან გაჩენილ ღრმულებს წამოედო). მალე მზეც ჩავიდა და ტემპერატურა -13°C-ზე დაეცა, რასაც ძლიერი ქარი დაემატა. ცუდი ამინდის გამო მაშველები მის პოვნას ვერ ახერხებდნენ და ამ სასიკვდილო მდგომარეობაში პოლმა 20 საათი გაატარა, მას აღენიშნებოდა ჰიპოთერმია და მოყინულობა, თუმცა მკურნალობის შედეგად სრულად გამოკეთდა.

 

jake finkbonner
● ჯეიკ ფინკბონერი – დაემართა ხორცისმჭამელი ბაქტერიის ინფექცია.
2006 წლის თებერვალში 5 წლის ჯეიკ ფინკბონერი კალათბურთის ლიგის სეზონის ბოლო თამაშში მონაწილეობდა, როცა უკნიდან ხელი კრეს და სახით მიეჯახა კალათბურთის ფარს. ჯეიკს ტუჩი გაუსკდა, თუმცა წინ მომაკვდინებელი სიურპრიზი ელოდა – ფარის ზედაპირი შეიცავდა A ჯგუფის სტრეპტოკოკის ბაქტერიას. რამდენიმე დღის შემდეგ ჯეიკის მშობლები განცვიფრებული უსმენდნენ ექიმს, რომელიც მათი ვაჟის შესაძლო სიკვდილის შესახებ ესაუბრებოდა. A ჯგუფის სტრეპტოკოკის ბაქტერიას „ხორცისმჭამელ ბაქტერიას” უწოდებენ, რადგან მათგან გამოყოფილი ტოქსინები ანადგურებს კანისა და კუნთოვან ქსოვილებს. ჯეიკის შემთხვევაში ეს მიდამო სახე აღმოჩნდა. დაუჯერებელია, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ინფექცია შენელდა და საბოლოოდ შეწყდა კიდეც. უამრავი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა ჯეიკს, რომ სახის ქსოვილები აღედგინა, თუმცა ის ფაქტი, რომ გადარჩა, გაოცებას იწვევს – როგორც წესი, ეს ინფექცია პაციენტის სიკვდილით სრულდება. ჯეიკის ოჯახის წევრები (რომლებიც ნახევრად ინდიელები არიან) თვლიან, რომ დაავადების დამარცხების მიზეზი იყო მათი აქტიური ლოცვა კატერი ტეკაკვიტას, გაკათოლიკებული ინდიელის მიმართ. მათ დაეთანხმა ვატიკანიც და ეს მოვლენა სასწაულად შერაცხა, კატერი ტეკაკვიტა კი – წმინდანად.

 

timothy brown
● ტიმოთი ბრაუნი – განიკურნა შიდსისგან.
გვიან 1980-იანებსა და 90-იანებში შიდსი სასიკვდილო განაჩენს უდრიდა. ზოგიერთი წამალი ცოტათი ამცირებდა მის მოქმედებას, მაგრამ დაავადებისგან სიკვდილი მაინც გარდაუვალი იყო. ამჟამად სიტუაცია სხვანაირია და დიაგნოზის საწყის ეტაპზე დასმის საშუალებისა და ახალი წამლების შექმნის შედეგად შესაძლებელი გახდა შიდსთან ბრძოლა. მაგრამ ტიმოთი ბრაუნს 1995 წელს დაუსვეს შიდსის დიაგნოზი და ამ პერიოდში წამლებს მხოლოდ შეზღუდული დროით შეეძლოთ სიცოცხლის გახანგრძლივება. ტიმოთი მკურნალობის კურსს იტარებდა, თუმცა 2005 წელს დაავადდა და ლეიკემია დაუდგინდა. ქიმიოთერაპიამ მისი ისედაც დასუსტებული იმუნური სისტემა უარეს დღეში ჩააგდო და ინფექციისადმი უფრო დაუცველი გახადა, რასაც პნევმონია დაემატა. ამ ყველაფერს სეფსისიც რომ დაერთო, ექიმები მიხვდნენ, რომ ქიმიოთერაპიას შეიძლებოდა ტიმოთი მოეკლა. ექიმმა გერო ჰატერმა გადაწყვიტა, ეცადა ის, რაც მანამდე არავის გაეკეთებინა – გადაენერგა ღეროვანი უჯრედები, ოღონდ დონორი ყოფილიყო CCR5 გენის მუტაციის მატარებელი. ეს მუტაცია ერთგვარი გენეტიკური დარღვევაა, რომელიც უჯრედებს შიდსის მიმართ ბრძოლისუნარიანს ხდის. ოპერაციამ მოლოდინი გაამართლა და ტიმოთი განიკურნა ლეიკემიისგან, რასაც შემდგომ შიდსიც უკან მიჰყვა. ერთ დროს მას ორი სასიკვდილო დაავადება სჭირდა, მაგრამ ამჯამად ჯანმრთელია. პროცედურის შემდეგ წამლები აღარ მიუღია და მიუხედავად რისკიანი და ძვირადღირებული მკურნალობის კურსის გავლისა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ტიმოთი ბრაუნი აღიარებულია შიდსის დამმარცხებელ პირველ ადამიანად ისტორიაში.

 

წყარო : http://charliuss.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button