ახალი ამბები

Samsung Galaxy S 4 – ინოვაციური მწვერვალი

სმარტფონების ბრძოლა ლიდერობისთვის ალბათ დაუსრულებელი პროცესია. სხვადასხვა ბრენდები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ინოვაცია დანერგონ და გამოიყენონ თავიანთ ტელეფონებში. ამ ეტაპზე ლიდერი პოზიცია Samsung-ის ახალ ტელეფონს Samsung Galaxy s 4-ს უკავია. მისი მსოფლიო პრეზენტაცია ამ წლის 15 მარტს შედგა. საქართველოში კი ოფიციალურად 8 მაისს შემოვიდა გაყიდვაში. ამასთან დაკავშირებით ფილარმონიასთან მისი პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც სარეკლამო სააგენტო McCann Tbilisi–ის მიერ იყო ორგანიზებული. 

რაც შეეხება თავად Galaxy S4-ს, მის გამოსვლას უამრავი ადამიანი ელოდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. სმარტფონების მწარმოებელმა სამხრეთ კორეულმა გიგანტმა „სამსუნგმა” ამჯერადაც გაამართლა გულშემატკივრების მოლოდინი და მორიგი ნოვაცია შემოგვთავაზა. 8 ბირთვიანი მოდელი აღჭურვილია 13 მეგაპიქსელიანი კამერითა და 5 დუიმიანი 1080p Full HD დისპლეით.

რატომ Galaxy S4? თუკი ეძებთ საუკეთესო მონაცემების მქონე თანამედროვე სმარტფონს, ის თქვენთვისაა. გარდა იმისა, რომ სრულად აქვს წინამორბედი Galaxy S3-ის თვისებები, შეხვდებით საინტერესო სიახლეებსაც:

● Dual shot ფუნქციის მეშვეობით ფოტოს გადაღებისას შეგიძლიათ გადამღებიც გამოაჩინოთ, ანუ კადრს მიღმა არ დარჩებით. ანალოგიური თვისება აქვს ვიდეოს გადაღების დროსაც.

● ნავიგაციისას საჭირო არ არის ეკრანზე შეხება, საკმარისია ხელის გაქნევა და შედეგი იგივე იქნება.
● თუკი ერთ ადგილას თავს მოიყრის Galaxy S4-ის რამდენიმე მფლობელი (მაქსიმუმ 11), შეუძლიათ ერთდროულად გამოიყენონ ონლაინ კონტაქტი, მოუსმინონ ერთსა და იმავე მუსიკას და ა.შ. Group Play-ის აპლიკაცია უკავშირდება სხვა Galaxy S4-ებს Wi-Fi სისტემით და მუსიკის ჩართვისას თითოეული სმარტფონი მოქმედებს, როგორც ცალკე დინამიკი.
● თუკი ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევთ, კალორიების მთვლელი დიდ დახმარებას გაგიწევთ. მისი მეშვეობით მუდამ გააკონტროლებთ მიღებული კალორიების რაოდენობას, სირბილისას ან უბრალოდ მოძრაობისას კი გავლილ მანძილსაც დაითვლით.

● გამორჩეულია ვიდეოს ჩვენების ფუნქცია – მას არ სჭირდება დაპაუზება. მოდელი აფიქსირებს, როდის უყურებთ ეკრანს და თუკი სხვა მხარეს გაიხედავთ, ვიდეო ავტომატურად ჩერდება.
● ფოტოს გადაღებისას იწერება ხმაც, შესაბამისად დათვალიერებისას ყოველთვის გაიგებთ, ვინ რა თქვა გადაღების მომენტში.
● Drama shot-ით შეგიძლიათ ერთ ბექგრაუნდზე გააერთიანოთ მოძრაობის ამსახველი რამდენიმე ფოტო.

● WatchOn-ის მეშვეობით შესაძლებელია სმარტფონის ტელევიზორთან დაკავშირება და მისი პულტად გამოყენება.

Galaxy S4-ის ეკრანზე შეგიძლიათ ერთდროულად ორი აპლიკაცია გამოიტანოთ და სურვილისამებრ მართოთ. სმარტფონს აქვს ფუნქცია, ტექსტისთვის ფოტოს გადაღების შემთხვევაში აქციოს ის საბეჭდ ვერსიად. გადაღებულ ფოტოზე ოპტიკური რიდერის მეშვეობით მოდელი კითხულობს სიტყვებს და მარტივად ახერხებს მათ თარგმნას. მთარგმნელ S Translate-ს შეუძლია წინადადებების თარგმნა საუბრიდანაც, ის უთარგმნის თქვენს წარმოთქმულ ფრაზებს თქვენს გვერდით მყოფ უცხოელს ან პირიქით. ხოლო თუკი გადაიღებთ მაგალითად სავიზიტო ბარათს, სადაც დაფიქსირებულია პიროვნების ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, ავტომატურად შეიქმნება ახალი კონტაქტი და ყველა მონაცემი შეინახება.

მოდელი აღჭურვილია 8 ბირთვიანი პროცესორით. მისი ზომებია 136 X 70 X 8 მმ, წონა კი – 130 გრამი. ოპერაციული სისტემაა Android 4.2.2 „Jelly Bean”. ოპერატიული მეხსიერება 2 GB-ს შეადგენს, მეხსიერების მოცულობა კი 16/32/64 GB-ს.

კამერა აფიქსირებს სახეს, ღიმილს, აქვს ხმით აქტივაციისა და ავტომატური ფოკუსის ფუნქციები, ასევე პანორამა, 360 გრადუსიანი ფოტო, ფიზიკური დეფექტების კორექტირება და სხვა ფუნქციები. წინა მხარეს განთავსებულია მეორე, 2 მეგაპიქსელიანი 1080p HD კამერა.

მოდელს ასევე აქვს აქსელერომეტრი (აჩქარების მზომი), ბარომეტრი (ატმოფერული წნევის საზომი), ჟესტების ამომცნობი, გიროსკოპი (ორიენტაციის განმსაზღვრელი), დენის სიმძლავრის ცვლილების მაფიქსირებელი, ჰიგრომეტრი (ჰაერის ტენიანობის საზომი), მაგნეტომეტრი (მაგნიტური ველების სიმძლავრისა და მიმართულების ამომცნობი) და თერმომეტრი.

R

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Close
Close