კულტურა

გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი

96a0e48deb9f

1983 წელს საქართველოს ცეკას პირველმა მდივანმა, ედუარდ შევარდნაძემ, გადაწყვიტა დიდი სახალხო დღესასწაულით აღენიშნა გაუქმებული ტრაქტატის 200 წელი, რომლის არც ერთი პუნქტი, არც ერთი პარაგრაფი და არტიკული რეალიზებული არ ყოფილა, სანამ გაუქმდებოდა, მანამდეც კი. ჩვენი ამბავი 1983 წლის შემოდგომაზე, ოქტომბრის უკანასკნელ რიცხვებში მოხდა, მოხდენილს მოსახდენი, შესაბამისად, დიდი სამზადისი უძღოდა წინ. საქმეს, რომელიც ამინდის რყევაზე და ანდროპოვის ჯანმრთელობის ამპლიტუდაზე იყო დამოკიდებული, ხან კარგი, ხან კიდევ საკმაოდ ცუდი პირი უჩანდა. ღონისძიების თარიღიც ხშირად იცვლებოდა.

იმ დროისთვის ცნობილ გაზეთ “კომუნისტის” ნომრები ეთმობოდა ზუსტად ამ იუბილეს. “კომუნისტის” 1983 წლის 11 სექტემბრის ნომრის წინა გვერდზე წერია შემდეგი სათაურის სტატია – “საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში ძმობის დღესასწაულის წინ”. სტატია ეხება გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმის მომწყობი საიუბილეო კომისიის სხდომის განვითარებას. სხდომას, რომელსაც სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ე.ა. შევარდნაძე თავმჯდომარეობდა. სხდომის დღის წესრიგში იყო ძირითადად საიუბილეო ღონისძიებათა მოწყობასთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა საკითხი.

კომისიამ მოისმინა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გ.ნ. ენუქიძის ინფორმაცია საქართველოში რუსეთის ლიტერატურისა და ხელოვნების დღეების სამზადისის შესახებ, რომელიც 29 სექტემბრიდან – 7 ოქტომბრამდე გაიმართებოდა. სხდომაზე ასევე აღინიშნა ისიც, რომ თბილისის, რუსთავის, გორის, თელავის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის, ცხინვალის სტუმრები იქნებიან რუსეთის ფედერაციის ლიტერატურისა და ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწენი. მათ დაეთმობათ საუკეთესო საკონცერტო დარბაზები. თბილისს ეწვევა ასევე იურლოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური საგუნდო კაპელა და ქორეოგრაფიული ანსამბლი “ბერიოზკა”.

ამ სტატიით ჩანს, თუ რაოდენ დიდ ზარ-ზეიმში იყო იმდროინდელი საქართველო… ქართველებს სურდათ, რომ ღირსეულად შეხვედროდნენ გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავს. სწორედ ამ პერიოდში, 1983 წლის სექტემბერში, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ, კომპოზიტორმა ფელიქს ღლონტმა, შექმნა სიმფონიური ნაწარმოები, რომელიც ტრაქტატის 200 წლისთავს მიუძღვნა. ეს ნაწარმოები შემდგომში შესრულდა ტრაქტატის საიუბილეო დღეებზე მოსკოვში. ნაწარმოები ასახავს ქართველი ერის ისტორიას უძველესი დროიდან დღევანდელობამდე (ანუ 1983 წლამდე).
1983 წლის 28 სექტემბერს მოსკოვიდან ჩამოდის დიდი დელეგაცია. დელეგაციას ხელმძღვანელობს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ე.მ. ჩეხარიანი. თბილისელები ტრადიციული სტუმართმოყვარულობით ხვდებიან სტუმრებს. 29 სექტემბერს კი დელეგაციის წევრები და ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ბერიოზკას” წევრები სტუმრობენ დუშეთის რაიონს, კერძოდ კი ანანურს.

1983 წლის 1 ოქტომბერს კინოს სახლში თავი მოიყარეს რუსეთისა და საქართველოს მწერლებმა. ისმის ლოზუნგები – “ქართულ მიწაზე ხალხთა მეგობრობა ზეიმობს”… _ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში, _ თქვა შეხვედრის გახსნისას საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, ლენინური პრემიის ლაურეატმა ნ.დუმბაძემ, _ არ არის ორი ხალხის უანგარო მეგობრობის უფრო მნიშვნელოვანი მაგალითი, ასე რომ იყოს, გაცისკროვნებული და განმტკიცებული პოეზიით. საქართველოს მართლაც დიდი ადგილი უკავია რუსი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებაში.

ამ შეხვედრის ყველა მონაწილე კითხულობდა საუკუნის სანუკვარ ლექსს და ყალიბდებოდა რუსულ-ქართული პოეზიის ბრწყინვალე ანთოლოგია. 5 ოქტომბერს კი საზეიმო კონცერტით დამთავრდა რუსეთის სფსრ ლიტერატურისა და ხელოვნების დღეები საქართველოში. იმ დროს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, შემდგომში კი საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის
თქმით, 1983 წელს ქართველები და რუსები ზეიმობდნენ გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის იუბილეს, რომელიც, მისი თქმით, დიდ, ეროვნულ და ინტერნაციონალურ დღესასწაულად უნდა მივიჩნიოთ. ამბობდა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის ფართო მასშტაბით აღნიშვნა, უპირველეს ყოვლისა, დიდმნიშვნელოვანი, პოლიტიკური და იდეოლოგიური აქცია იყო. გეორგიევსკის ტრაქტატმა სამუდამო საფუძველი ჩაუყარა ქართველი და რუსი ხალხების საუკუნეობრივ ძმობას და მეგობრობას. მოსკოვმა ასევე დიდი როლი შეასრულა რუსეთისა და საქართველოს ძმობისა და მეგობრობის განმტკიცებაში. “მოსკოვ ქალაქ მზეს ველოდითო”, წერს XVIII საუკუნის ქართველი პოეტი. მოსკოვშია ქართველი ხალხისთვის ისეთი მახლობელი ისტორიული ძეგლები და ადგილები, როგორიც არის სვესვიატსკოე, დონის მონასტერი, პრესნია, ბოლშაია გრუზინსკაია… ყველაფერს ვერც კი ჩამოთვლის კაცი… სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით აღინიშნა ეს იუბილე, თუმცა, მე ვიზიარებ იმ ხალხის აზრს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს უბრალოდ ამხანაგ ედუარდ შევარდნაძის ახირება იყო.

სამეურნეო და კულტურულ მშენებლობაში საქართველოს მშრომელთა მიერ მოპოვებული დიდი წარმატებებისათვის და რუსეთისა და საქართველოს მეგობრული გეორგიევსკის ხელშეკრულების 200 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ ლენინის ორდენით დააჯილდოვა არაერთი ადამიანი, მათ შორის სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ი.ანდროპოვი, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ.მენთეშაშვილი.

გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის ზეიმის დღეებში ქართველმა მკითხველმა მიიღო საინტერესო გამოკვლევები – “რევეოლუციამდელი ქართველი მწერლები რუსეთის შესახებ”, “ეს საოცარი საქართველოს სამხერდო გზა”, “დიდი მეგობრობის ფურცლები”, აგრეთვე, კრებული “საუკუნეთა მანძილზე”, რომელიც ორი მოძმე ხალხის ათასწლოვანი მეგობრობის თავისებური მატიანეა. გამომცემლობა “საბჭოთა საქართველომ” საიუბილეო თარიღს მიუძღვნა მთელი რიგი მხატვრული, პოლიტიკური, სამეცნიერო-პოპულარული, ისტორიული და სხვა ლიტერატურული გამოცემანი. აგრეთვე, სადღესასწაულო დღეებში გაიმართა სამეცნიერო კონფერენციები, როგორც თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში, ასევე ყაზბეგის სახალხო უნივერსიტეტში. დაიწერა ბევრი ლექსი, მათ შორის: “ეს მომაგონებს, მიყვარდეს მარად ქართული ზეცა სულის სახმილი, ეს ძმობის კვანძი – გასკვნილი რვალად არ გაიჭრება არა მახვილით!”. იმართებოდა სპორტული შეჯიბრებებიც თბილისსა და სხვა ქალაქებში.

1983 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს სამხედრო გზაზე აღიმართა რამდენიმე მემორიალური ნაგებობა და გამოჩენილ მოღვაწეთა ძეგლები: სკულპტურული კომპოზიცია “თერგდალეულნი” (მოქ. კ. ტაბატაძე, თ. თუშურაშვილი, არქიტ. გ. აბულაძე, დ. ახვლედიანი), სულხან-საბა ორბელიანის მემორიალი (მოქ. გ. ზაქარაია, გ. ჟღენტი, არქ. ჯ. ურუშაძე, თ. გაბუნია), მაქსიმ გორკის (მოქ. ზ. კრაწაშვილი, არქ. მ. ზაალიშვილი) და ასევე ილია ჭავჭავაძის (მოქ. ლ. მხეიძე, არქ. თ.ბოჭორიშვილი) და სხვა.

რაც შეეხება უშუალოდ ღონისძიების უკანასკნელ კვირის სამზადისს: გალამაზდა და მოირთო თბილისის ქუჩები ნაირფერი ტრანსპარანტებით… სამზადისი იყო ასევე თბილისის იმდროინდელ სასტუმროებში, რომ ემასპინძლათ დიდი დელეგაციებისთვის. საზეიმოდ მოირთო ასევე თბილისის აეროპორტი. სსრ კავშირის სახელმწიფო დროშას, ყველა მოკავშირის დროშებს გვერდს უმშვენებდა დღესასწაულის ემბლემა. სტუმრები ჩამოვიდნენ: სომხეთის სს რესპუბლიკიდან, სტავროპოლიდან, მოსკოვიდან, აზერბაიჯანის სს რესპუბლიკიდან, სპეციალურად ამ ზეიმში მონაწილეობის მისაღებად. 29 ოქტომბერს საქართველოში, მოსკოვის საქალაქო პარტიული კომიტეტის პირველი მდივანი, პოლიტბიუროს წევრი ამხანაგი გრიშინი ჩამოვიდა დელეგაციასთან ერთად, მას ჩამოჰყვა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თენგიზ მენთეშაშვილი, რომელიც წასული თუ იყო არც კი ახსოვდათ. ასევე, დელეგაციაში იყო ფეხსაცმლის ფაბრიკის “პარიზის კომუნის” ბრიგადირი ლ. ოდინოკოვა, სტავროპოლის სატრიკოტაჟო გაერთიანების “მაშუკის” მოწინავე მკერავი ნ. მ. ჯერეშტოვა. თბილისში რესპუბლიკის მოედანზე 1983 წლის 30 ოქტომბერს, როგორც იქნა გაიმართა სანუკვარი გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ფართომაშტაბიანი ღონისძიება.

სამთავრობო ტრიბუნის საპირისპიროდ ლითონკონსტრუქციებით აჩონჩხილი დასაჯდომები სავსე იყო შავ-თეთრ, წითლად აფერადებული მაყურებლით. მოდიოდნენ დემონსტრაციის, პარადის მონაწილენი მუსიკით, ყვავილებით, ტრანსპარანტებით, პეპლის საჭერ მოწყობილობაზე დამაგრებული პოლიტბიუროს წევრთა სიფრიფანა სურათებით.

“დილის 10 საათზე დემონსტრაციის მონაწილენი მქუხარე ტაშით ეგებებიან ტრიბუნაზე მყოფ დელეგაციის წევრებს. იწყება თეატრალიზებული წარმოდგენა.
მრავალათასიანი სადემონსტრაციო ტრიბუნის ნახევარსფეროზე მოჩანს ციფრი “200”, ჩნდება ასევე სიტყვები “სამარადჟამოდ ერთად”. ჟღერს რუსული და ქართული სიმღერების პოპური. ფერხულში ჩაბმული წარმოდგენის მონაწილენი ასრულებენ ეროვნულ ცეკვებს. რესპუბლიკის მოედანზე გამოფენილი იყო ყველა პოლიტბიუროს, დელეგაციათა წევრის და მთავრობის წევრების შვიდმეტრიანი პორტრეტები. ტრაქტატს ზეიმობდნენ, თუმცა ტრაქტატის მონაწილე მხარეები (წევრები) არ ჩანდნენ, ისინი არც კი ახსოვდათ. არ ჩანდა “იმპერატრიცა ეკატერინა”, არ ჩანდა არც მეფე ერეკლე… როგორც ზემოთ ავღნიშნე, ყველას პორტრეტი იყო, რა იქნებოდა, უბრალოდ გამოეტანათ იმპერატრიცა ეკატერინას, პატარა კახის, ივანე მუხრანბატონის, დავით ორბელიანის და სხვების პორტრეტები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს ტრაქტატის შედგენაში და დადებაში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ჩნდება აზრი იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ვიღაცის ახირება იყო, რას ზეიმობდნენ, თვითონაც არ იცოდნენ, სამწუხაროდ, მაგრამ რას ვიზამთ, ეს რეალობაა – მთავარი გმირები
მივიწყებულნი იყვნენ… 1983 წლის თბილისობის ზეიმმა დაგვირგვინა – გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის აღსანიშნავი დღესასწაული.

და ბოლოს, რესპუბლიკის მოედანზე გათამაშდა დიდი წარმოდგენა-ფარსი, დაიწყო და დამთავრდა იქვე სიზმარივით. მეორე დღესვე ჩამოგორგლეს სიგელი სასტუმრო “ივერიიდან”, გამოახედეს მდგმურებს, გამოაჩინეს სალათისფერი შენობა, დაშალეს ლითონკონსტრუქციები, გახვეტეს ნაფხრეწები. ჩვენ კი არც არაფერი დაგვრჩა სასიკეთო და მოსაგონარი.

ლუკა კარკაძე

 

წყარო : http://studinfo.ge

მსგავსი ამბები

Back to top button