ლეგენდა პრესბიტერ იოანეზე
შუა საუკუნეების ევროპას რამდენიმე საუკუნის განმავლობაში აღელვებდა ვინმე იოანე მეფე–ხუცესის (იოჰანე პრესბიტერის) პიროვნების გამოცნობა. XII საუკუნის შუა წლებიდან დასავლეთში ფეხი მოიკიდა ლეგენდამ ძლევამოსილ აღმოსავლელ ქრისტიან მეფე–ხუცესზე, რომელმაც მუსლიმანობას გამანადგურებელი დარტყმა აგემა და მოწოდებული იყო, დაემხო ისლამი და ქრისტეს რჯული გაებატონებინა აღმოსავლეთში. გაჭირვებული, დამარცხებული ჯვაროსნები სასოებით ელოდნენ მხსნელის გამოჩენას. საუკუნეთა განმავლობაში ცოცხლობდა ევროპაში იოანე მეფე–ხუცესზე თქმულება და საუკუნეთა განმავლობაში აღიზიანებდა იგი ევროპელთა ფანტაზიას.
XII საუკუნის 40–იან წლებში სირიიდან ევროპაში ჩასულა ქალაქ გაბალას კათოლიკე ეპისკოპოსი და ჩაუტანია ცნობა, სადღაც შორს, აღმოსავლეთში, სპარსეთისა და არმენიის გადაღმა, მეფობს ხუცესი იოანე (პრესბიტერი იოანე), რომელიც თავის ხალხთან ერთად ქრისტიანობას აღიარებსო. მას დაუმარცხებია სპარსეთისა და მიდიის მეფე–ძმები და აუღია მათი სატახტო ქალაქი, ეკბატანა. ამ გამარჯვების შემდეგ იოანე ხუცესი დასავლეთისაკენ დაძრულა, რადგან იერუსალიმის სამეფოსთვის დახმარების აღმოჩენა ნდომებია, ტიგროსამდე მიუღწევია, მაგრამ გემები არა ჰყოლია, მდინარეზე ვეღარ გადასულა და ჩრდილოეთისაკენ წასულა. აქ ზამთარში მდინარის გაყინვის იმედი ქონია, მაგრამ თბილი ამინდების გამო მდინარე არ გაყინულა; ამას გარდა, იოანეს ჯარში ბევრი დახოცილა და მეფე იძულებული გამხდარა შინ გაბრუნებულიყო.
ძლევამოსილი ქრისტიანი მეფის ამბავმა, რომელიც აღმოსავლეთიდან დაესხა თავს მუსლიმანებს, დიდად გაახარა თურმე ჯვაროსნები, ხოლო საერთოდ ევროპელებში ცხოველი ინტერესი გამოიწვია.
პირველად იოანე ხუცესი წერილობით მოხსენიებულია გერმანელი მემატიანის, ოტო ფრაიზინგელის ნარკვევებში. XII საუკუნის გერმანელი ჟამთააღმწერელი დაახლოებით იმასვე მოგვითხრობს, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ.
საინტერესოა, რომ ლეგენდებში იხსენიება, აგრეთვე, პრესბიტერ იოჰანესის შვილი თუ შთამომავალი „მეფე დავითი.“
ევროპელებს და ჯვაროსნებს ძალიან დიდხანს არ დაუკარგავთ აღმოსავლეთის ამ ძლევამოსილ ქრისტიან მეფესთან კავშირის დამყარების იმედი. XV საუკუნეშიც კი პორტუგალიელი ზღვაოსნები ოცნებობდნენ, მოხვერდრილიყვნენ ლეგენდარული მეფე–ხუცესის სამეფოში.
იოჰანეს პრესბიტერის მოსაძებნად ევროპელთა სპეციალური საზღვაო ექსპედიციები ეწყობოდა. ამ ლეგენდარულ იოანე ხუცესს წერილებსაც კი წერდნენ ევროპელი მეფეები და პაპები.
იოანე ხუცესს რამდენჯერმე ახსენებს მარკო პოლო, პრესბიტერზე ლაპარაკობს ფრანცისკანელი ბერიც, ჯიოვანი დე მონტე კორვინო (XIII-XIV სს.). აბულფარაჯად წოდებული გრეგორიუს ბარ პებრეუსიც მოიხსენიებს მას თავის სირიულ ქრონიკაში, ჯიოვანი დალ პლანო კარპინი მოგვითხრობს, თუ როგორ დაამარცხა იოანე ხუცესმა თათრები, მის ამბავს გადმოგვცემს ეპისკოპოსი იორდანიუსიც.
ძლევამოსილი აღმოსავლელი ქრისტიანი მეფის შესახებ ლეგენდა , ლეგენდად დარჩა. თუმცა ამ საიდუმლოებით მოცულმა წერილმა ევროპელებს აღმოსავლეთის უკეთესად გამოკვლევის და ექსპედიციების მოწყობის სტიმული მისცა.