საკითხავისასარგებლოსაქართველო

ვაზის მოვლის ძველი ტრადიციები საქართველოში

საქართველოში ვაზის მოვლისა და მოშენების მდიდარი ტრადიციაა. საუკუნეების მანძილზე ამ ტრადიციას იცავდნენ, თაობიდან თაობას გადასცემდნენ ჩვენი წინაპრები. იმისათვის, რომ ყურძნის მოსავლის მუდმივობისა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისათვის მიეღწია ქართველი მეურნე ძველთაგანვე მიმართავდა ერთ მეტად გონივრულ ხერხს. იგი აშენებდა ერთ ძირითად და რამდენიმე დამატებით ჯიშს. სხვადასხვა ღვინის შეზავებით იღებდნენ არომატულ მაღალხარისხიან ღვინოს. ამასთან თუ რომელიმე უიღბლო წელს ვაზის ერთ ჯიშს „არ გაუმართლებდა“, ამ დანაკლისს მეორით ინაზღაურებდა და ასე – წლიდან წლამდე.

საქართველოში ვაზის კულტურის კარგ ცოდნაზე მიუთითებს ჯიშების გავრცელების საუკეთესო შეხამება ადგილობრივ ბუნებრივ პირობებთან. მოსახლეობის სხვადასხვა ფენა თავისი მდგომარეობის შესაბამისად აშენებდა ვაზს. შეძლებული ნაწილი უფრო მაღალხარისხოვან ჯიშებს ეტანებოდა. მათ ხომ თავის შექცევა, დროსტარება და თანაც სტუმართან თავმოწონება ძალზე ხიბლავდათ. ხელმოკლე ოჯახებს კი უფრო მაღალმოსავლიანი ჯიშები აინტერესებდათ, თავი რომ გაეტანათ, ფუფუნებისათვის მათ არ ეცალათ.

 

ტრადიციულად საქართველოს მთა-გორიან რეგიონებში ვაზს ხშირად ტერასებზე აშენებდნენ. როგორც წესი, სხვა ხილს არ მიურგავდნენ გვერდით. თუმცა მიწის დაცურების თავიდან აცილების მიზნით ტერასის თავ-ბოლოში რგავდნენ კაკალს, მუხას, წაბლსა და სხვა დიდ ხეებს. დიდი ჭაპან-წყვეტით აჰქონდათ ტერასებზე ნოყიერი მიწა და ნაკელი. ძველი ხელოვნური ტერასები ზოგან დრესაც არის რელიეფში შემორჩენილი, ზოგან კი მათი კვალი სრულიად გამქრალა – ნიაღვარებმა ჩამორეცხვა ან ტყით შეიმოსა.

მესხეთში ტერასებზე დაბლარ ვაზს აშენებდნენ. ვაზს ტერასის კედლის ძირას განალაგებდნენ იმგვარად, რომ ნაზარდი კედელს ეფინებოდა და ყურძენიც მასზე მწიფდებოდა. ამგვარად ვაზს არავითარი საყრდენი არ ჭირდებოდა.

თეგები

ლოლუა ირაკლი

მხიარული ადამიანი

მსგავსი ამბები

Close
Close