ქართველი მოქანდაკის რკინის ნამუშევრები
ბევრჯერ წამიკითხავს პოსტები უცნაური სტილით შესრულებულ რკინის ნამუშევრების შესახებ. მე წარმოგიდგენთ ქართველი ხელოვანის ნამუშევრებს, რომლებიც შესრულებულია რკინაში, ელექტრო შედუღების აპარატით.
ეს არის დავით მონავარდისაშვილი. 3 წლიდან ხატავს. დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემია – გრაფიკის ფაკულტეტი. მუშაობს ბევრი მიმართულებით და უფრო მეტი – მასალით. მის ნამუშევრებში გამოყენებულია მასალის დიდი მრავალფეროვნება – რკინა, ხე, სხვადასხვა ქსოვილი, სარკე, ყოვლად გამოუსადეგარი ძველი ნივთები, მანქანის ნაწილები და სხვა. ისინი ხშირად შეიცავენ დიზაინის ელემენტებს, მრავალი მათგანი ნათდება და ძალიან უხდება თანამედროვე დიზაინს.
რკინაში მუშაობა 10–15 წლის წინ დაიწყო, თავიდან მარტივი ფორმებით, სახლის რემონტიდან მორჩენილი ელექტრო–შედუღების აპარატით, სწორედ ეს ხდის მის შემოქმედებას უნიკალურს და რთულად გამეორებადს. რკინის ნამუშევრებს ის დღესაც ამ გზით აკეთებს თავისი სახლის უკან მდებარე ღია ავტოფარეხში. რკინის სამუშაოს შემდეგ, ნამუშევრები ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე სახელოსნოში გადადის და იქ უმატებს სხვა მასალის დეტალებს.
გთავაზობთ სურათებს მისი სახელოსნოდან:
ის ხშირად იყენებს ძველ და ყოვლად გამოუსადეგარ ნივთებს და მათგან ქმნის შედევრებს.
როგორც უკვე ვთქვი, მისი ნამუშევრები ხშირად შეიცავენ საბჭოთა ელემენტებს. როგორც თვითონ ამბობს – იმ რეალობას ასახავს, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა.
ეს ნამუშევარი არის ნაწილი სერიიდან: “მოგზაურობა ბიბლიაში” და ასახავს მაცხოვრის შესვლას იერუსალიმში:
სერიის “მოგზაურობა ბიბლიაში” გაგრძელება – პონტიუს პილატე
მოსე – ასევე სერიიდან “მოგზაურობა ბიბლიაში”
ბატონი დათოს ნამუშევრები მრავალ უცხოურ და ქართულ ადგილას ინახება, მათ შორის ამერიკელი პოსტსაბჭოთა ხელოვნების შემგროვებელი ცოლ-ქმრის – ნორტონ და ნენსის კოლექციაში, მერილენდის უნივერსიტეტის მუზეუმში, საფრანგეთში, რუსეთსა თუ სხვა ქვეყანაში.
მისი ნამუშევრები (ოღონდ არა რკინის) ამშვენებს თბილისის ცირკის კედლებსაც. აი რამოდენიმე მათგანი:
და ბოლოს მინდა დავასრულო მისი ერთ-ერთი საუკეთესო პროექტით – ორი ნამუშევრით – “ლოკოკინით” და “მეარღნით”, რომელიც დღეს-დღეობით განახლებულ თელავში დგას და რომელთა უკეთესი სურათები სამწუხაროდ ვერ ვიშოვნე. ეს ნამუშევრები მისთვის ძალიან ძვირფასია, რადგან ბავშვობის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ თელავში აქვს გატარებული.
ეს ხელოვნების ნიმუში სამი სხვადასხვა ზომის ლოკოკინისგან შედგება, სამივე ძირითადად ძველი ქანჩებისგან არის აწყობილი. მათგან ყველაზე დიდს აქვს გარშემო შუშის ბაქანი, რომელშიც ძველი თელავის სურათებია ჩასმული და შიგნიდან ნათდება, რაც ღამით ძალიან ეფექტურს ხდის. (სამწუხაროდ განათებულის სურათი ასევე ვერ ვიშოვნე)
ეს კი გახლავთ თელავის მეორე ნამუშევარი – მეარღნე. სამწუხაროდ, სურათი არ არის საუკეთესო, მაგრამ მაინც კარგად ჩანს ნამუშევრის სირთულე და მოქანდაკის დიდი ოსტატობა. ისიც ხომ, სხვა ნამუშევრების მსგავსად, მცირე ლითონის დეტალებისგან ელექტრო–შედუღების აპარატით არის შექმნილი.
სულ ეს იყო, სურათების ნაწილი აღებულია დათო მონავარდისაშვილის FB გვერდიდან – www.fb.com/DavidMonavardisashvili – მე რა სურათებიც ვერ განახეთ პოსტის სიდიდის გამო, მის გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ. სურათების დიდი ნაწილი და მცირეოდენი ინფორმაცია არის აღებული თათა ათანელის ვებ–საიტიდან – www.Tataneli.com
იმედია მოგეწონათ ჩემი პირველი პოსტი:)