სამხედროსასარგებლოსაქართველო

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები


საქართველოს სახელმწიფო ჯილდო გადაეცემა პირს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებების გამო პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოში არსებული სახელმწიფო ჯილდოები.

ეროვნული გმირის ორდენი

საქართველოს ეროვნული გმირის წოდება არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო წოდება,
რომელიც ენიჭება პირს საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული
ქმედებებისათვის. საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭებასთან ერთად
პირს გადაეცემა ეროვნული გმირის ორდენი.

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი ენიჭება პირს საქართველოსთვის
მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

დავით აღმაშენებლის ორდენი

დავით აღმაშენებლის ორდენით ჯილდოვდებიან სამოქალაქო, სამხედრო და სასულიერო პირნი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწენი ქართველი ერის წინაშე უდიდესი ღვაწლის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და აღორძინების, საზოგადოების კონსოლიდაციის, დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის.

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ენიჭება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევებისათვის და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის.

ოქროს საწმისის ორდენი

ოქროს საწმისის ორდენით ჯილდოვდებიან უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში.

ვახტანგ გორგასლის ორდენი – I ხარისხის

ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები.I ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის

ვახტანგ გორგასლის ორდენი – II ხარისხის

II ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამხედრო ხელმძღვანელობის საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისათვის.

ვახტანგ გორგასლის ორდენიი – III ხარისხის

III ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისათვის.

ღირსების ორდენი

ღირსების ორდენით ჯილდოვდებიან მოქალაქეები დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში – მმართველობის, თავდაცვის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების, სახალხო მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნების დარგებში – შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, სპორტული მიღწევებისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის.

მედალი მხედრული მამაცობისათვის

მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები და პოლიციის მუშაკები მამულის დაცვისას გამოჩენილი პირადი მამაცობისათვის და მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედული მოქმედებისათვის.

მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის

მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები სამშობლოს დაცვისა და ერთიანობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული პირადი დამსახურებისათვის.

ღირსების მედალი

ღირსების მედლით ჯილდოვდებიან საქართველოს მოქალაქეები საქართველოს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის.

წყარო : http://president.gov.ge

თეგები

manutdfan

safasfa
Close
Close