ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

ამერიკელმა ექიმებმა შიდსით დაავადებული ბავშვი განკურნეს


მისისიპის შტატის ექიმები მედიცინის ისტორიაში შევიდნენ მას შემდეგ, რაც შიდსით დაავადებული 2 წლის ბავშვი განკურნეს. პაციენტს ეს დაავადება დაბადებიდანვე სჭირდა. ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა, როცა მცირეწლოვანი პაციენტი შიდსისგან განიკურნა.

როგორც ექიმები აცხადებენ, პაციენტს ამჟამად მედიკამენტები აღარ სჭირდება, მისი ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება და ძალიან დაბალი შანსია იმისა, რომ მისგან ვინმე შიდსით დაავადდეს.

 

ექიმებმა და მეცნიერებმა დაზუსტებით ჯერაც არ იციან, რატომ გამოდგა მკურნალობა წარმატებული, მოულოდნელმა გამარჯვებამ გაზარდა იმედი, რომ მსგავსი თერაპიით ექიმები მომავალშიც შეძლებენ ახალშობილების განკურნებას.

პაციენტის ვინაობა რომ არ გამჟღავნებულიყო, ექიმებმა არც სქესი დააკონკრეტეს და არც სახელი, მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ჩვილი მისისიპის შტატში დაიბადა და იქვე ცხოვრობდა. მისისიპის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის თანამშრომელმა, დოქტორმა ჰანა გეიმ, რომელიც ბავშვს მეთვალყურეობდა, ბრიტანულ გაზეთ The Guardian-ს განუცხადა, რომ ეს არის შიდსით დაავადებული ბავშვის განკურნების პირველი შემთხვევა. პაციენტი ჯანმრთელია და ტესტები ვირუსზე უარყოფით შედეგს აჩვენებს, თუმცა არის ალბათობა, რომ მცირეოდენი დოზა ჯერ კიდევ დარჩენილია ორგანიზმში.

„1 წლის განმავლობაში მას არანაირი წამალი არ მიუღია და სისხლი თავისუფალია ვირუსებისგან, როგორც აჩვენებს ამას ყველაზე მგრძნობიარე ტესტები”, განაცხადა ჰანა გეიმ. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ ბავშვს ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრება ექნება, ხოლო ეს გამოცდილება მომავალში ანალოგიურ შემთხვევებში დაგვეხმარება”.

ახალი წამლებისა და მკურნალობის მეთოდების გამოგონებასთან ერთად შიდსით დაავადებული ბავშვების როდენობა განვითარებულ ქვეყნებში მნიშვნელოვნად მცირდება. შიდსით ინფიცირებულ ორსულ ქალებს ანტირეტროვირულ წამლებს აწვდიან, რათა სისხლში ვირუსის რაოდენობა შემცირდეს. ახალშობილებსაც მკურნალობის კურსებს უნიშნავენ, რათა დაავადების მიღების ალბათობა მინიმუმამდე დავიდეს. ამ სტრატეგიით დედიდან შვილზე შიდსის გადაცემის შემთხვევები 98%-ით მცირდება.

დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში დაახლოებით 1200 ბავშვია შიდსის ვირუსით ინფიცირებული. მათ ეს დაავადება მუცელში ყოფნისას, დაბადებისას ან რძით კვებისას გადაეცათ. რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს, ვითარება გაცილებით რთულია. 2010 წლის მონაცემებით, სუბსაჰარულ აფრიკაში 14 წლამდე ასაკის 387,500 ბავშვი გადიოდა ანტირეტროვირულ მკურნალობას. მათი უმეტესობა ინფექციით დაიბადა. იმავე რეგიონში იგივე ასაკის 2 მილიონ ბავშვს სჭირდება წამლები.

რაც შეეხება მისისიპის შემთხვევას, დედამ არ იცოდა, რომ დაავადებული იყო, ამიტომ ბავშვის ინფიცირების ალბათობაც მკვეთრად მაღალი გახლდათ. ექიმებმა ბავშვის მკურნალობა დაბადებიდან 30 საათის შემდეგ დაიწყეს. ტრადიციულად ეს გულისხმობს თხევადი წამლის შპრიცით შეყვანას ორგანიზმში. მაგრამ ექიმებმა გადაწყვიტეს, მიემართათ უფრო აგრესიული მეთოდისთვის და გამოეყენებინათ 3 სხვადასხვა სახის წამალი, რადგან დედას ორსულობის დროს მკურნალობა არ ჰქონდა გავლილი. რამდენიმე დღის შემდეგ ტესტმა აჩვენა, რომ ბავშვი დაინფიცირებული იყო. ექიმებმა წამლების მიწოდება განაგრძეს და იმედი ჰქონდათ, რომ ეს შედეგს გამოიღებდა.

თერაპიის დაწყებიდან 1 თვეში შიდსის დონე იმდენად დავარდა, რომ ტრადიციული ტესტები ვირუსის აღმოჩენას ვერ ახერხებდნენ. დედა-შვილი რეგულარულად სტუმრობდა კლინიკას მომდევნო წელი, თუმცა შემდეგ თანდათან შეამცირეს ვიზიტები და ბოლოს საერთოდ შეწყვიტეს. 18 თვის ასაკიდან პაციენტს წამლები აღარ მიუღია და ექიმებს მხოლოდ 2 წლის ასაკში ეწვია.

„პაციენტი 5 თვე არ გვენახა”, ამბობს გეი. „23 თვის ბავშვი რომ მოიყვანეს, ვიფიქრე, რომ შიდსის დონე სერიოზულად იქნებოდა აწეული”. თუმცა რამდენიმე სხვადასხვა ტესტმა აჩვენა, რომ შედეგი უარყოფითი იყო, რამაც ექიმები განაცვიფრა. ყოველი შემთხვევისთვის ჩაატარეს უფრო მგრძნობიარე ტესტებიც, მაგრამ პასუხი აქაც იგივე აღმოჩნდა.

ექიმების ჯგუფი მიიჩნევს, რომ განკურნების მიზეზი იყო ე.წ. აგრესიული მეთოდი – რამდენიმე ძლიერმოქმედი წამლის (ტიპიური ნევირაპინი, ასევე ზიდოვუდინი და ლამივუდინი) ერთდროული მიწოდება და თერაპიის დაბადებიდან მალევე დაწყება. წამლებმა შეაჩერა ვირუსების გამრავლება აქტიურ იმუნურ უჯრედებში, ასევე სისხლის თეთრ უჯრედებში, სადაც შიდსის ვირუსი წლობით ინახება ხოლმე.

მიუხედავად ამ წარმატებისა, ჰანა გეი ყველას აფრთხილებს, რომ შიდსით დაავადებულებმა წამლების მიღება სიცოცხლის ბოლომდე უნდა განაგრძონ და მხოლოდ ამ შემთხვევის გამო არ შეწყვიტონ მიღება, რათა შემდეგ ნახონ, არის თუ რა ისევ ვირუსი მათ ორგანიზმში. მეცნიერები აღნიშნული შემთხვევის კვლევას აგრძელებენ, რათა წარმატების ზუსტი მიზეზები დაადგინონ.

შიდსისგან განკურნების კიდევ ერთი შემთხვევა წარსულშიც დაფიქსირდა – სან-ფრანცისკოელმა ტიმოთი რეი ბრაუნმა ძვლის ტვინი გადაინერგა დონორისგან, რომელსაც შიდსის წინააღმდეგ ძლიერი იმუნიტეტი ჰქონდა. მას შემდეგ 5 წელი გავიდა და ბრაუნს წამლის მიღება არ დასჭირვებია.

 

წყარო : http://charliuss.com

მსგავსი ამბები

Close
Close