არქივი

იქს-ადამიანები

7170163f1f4b
ახლა კი მთლიანად იქს-ადამიანები
იქს-ადამიანები (ინგლ. X-Men [ˈɛksˈmen]) – სუპერგმირებისაგან შექმნილი გუნდი მარველის კომიქსების მსოფლიოში. შექმნილია მწერალი სტენ ლისა და ილუსტრატორი ჯეკ კირბის მიერ. დებიუტი შემზარავი იქს-ადამიანების პირველ ნომერში (1963 წლის სექტემბერი) შედგა.
გუნდის წევრებს გააჩნიათ გარკვეული ზეთვისებები, ზებუნებრივი ძალები, ანუ სუპერძალები, რაც მათი უეცარი ევოლუციური წინსვლის შედეგია. ჩვეულებრივი ადამიანებისაგან განსხვავებით ისინი ფლობენ ე.წ. იქს-გენს, განეკუთვნებიან სახეობას Homo superior და ევოლუციის შემდგომ საფეხურზე მყოფ ინდივიდებად მიიჩნევიან.
კომიქსის ადრეულ სერიებში, მარველის მუტანტების საზოგადოება ორ ძირითად შემტევ ძალადაა გაყოფილი: ბოროტი მუტანტების საძმოს წევრებს, რომლებიც სუპერძალებს კანონის წინააღმდეგ იყენებენ, ძლევამოსილი მაგნეტო ხელმძღვანელობს, იქს-ადამიანებს, რომლებიც ებრძვიან ბოროტებას — პროფესორი ჩარლზ იქსევიერი (პროფესორი X). ეს ის პიროვნებაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს ზებუნებრივი ნიჭით დაჭილდოებულ ახალგაზრდებს და საკუთარ კოლეჯში ასწავლის მათ სუპერძალების სიკეთის სამსახურში გამოყენებას.
იქს-ადამიანების კომიქსების სერიამ თავისი გავლენა იქონია კომიქსების კულტურაზე. 1970-იან წლებში მის პერსონაჟებში შედიოდნენ კანადის, გერმანიის, ირლანდიის, იაპონიის, კენიისა და საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები. შემდგომში სერიას დაემატა სხვა ეთნოსებისა და კულტურის მუტანტების რიგი.
მოგვიანებით ეს კომიქსი გახდა ანიმაციური სერიალების, კომპიუტერული თამაშებისა და სრულმეტრაჟიანი ფილმების პირდაპირი წინამორბედი.
ტერმინი ”იქს-ადამიანები” მიმანიშნებელია იმისა, რომ ისინი მსოფლიოსათვის უცნობი გენეტიკის მატარებელი ინდივიდები არიან. სტენ ლი საკუთარ წიგნში (Son of Origins of Marvel Comics) აღნიშნავს, რომ მან გამოიგონა გუნდის სახელი მას შემდეგ, რაც მარველის კომიქსების გამომცემელმა მარტინ გუდმენმა დაიწუნა შემდეგი სახელწოდებები: „ექსტრა ძალები“, „მუტანტები“. აღსანიშნავია ისიც, რომ კომიქსის პირველ ნომერში (Uncanny X-Men #1) გუნდს სახელწოდება თავად პროფესორ იქსევიერმა შეურჩია მათი ექს-ტრა ძალების გამო.
მუტანტების ნაწილი ტელეპათმა იქსევიერმა მოიძია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მან ახალგაზრდები საკუთარ კოლეჯში მიიწვია, რომელიც ნიუ იორკში მდებარეობდა. თავდაპირველად გუნდი შედგებოდა 5 პერსონაჟი-თინეიჯერისგან: ანგელოზი, მხეცი/ჰენკ მაკკოი, ციკლოპი/სკოტ სამერსი, ყინულის კაცი/ბობი დრეიკი და მარველის გოგნა, ჯინ გრეი.თითოეულ მათგანს პროფესორმა ზებუნებრივი ძალების სურვილისამებრ გაკონტროლება ასწავლა.
შემზარავი იქს-ადამიანების პირველივე ნომრიდან გაიცნო მკითხველმა გუნდის ცბიერი მტერი, მაგნეტო, და მისი ბოროტი მუტანტების საძმო, სადაც ერთიანდებოდნენ: მასტერმაინდი, ქვიქსილვერი, ალისფერი ჯადოქარი და გომბეშო. ირონიულად, ამ კომიქსის წიგნის სერიების თავდაპირველი შემადგენლობა, რომელიც შემდგომ ცრურწმენასა და რასიზმზე სხვადასხვაგვარი ისტორიების გავრცელების საშუალება გახდა, რასობრივად და ეთნიკურად ერთგვაროვანი იყო და შეიცავდა მხოლოდ ე.წ. WASP-ტიპის პერსონაჟებს, რაც იმ პერიოდის კომიქსების გმირების უმეტესობისათვის დე ფაქტო მოდელს წარმოადგენდა. გარდა ამისა, მათი მთავარი მოწინააღმდეგე, მაგნეტო, როგორც მოგვიანებით ირკვევა, ყოფილი ებრაელი პატიმარია, რომელიც გადაურჩა კონცენტრაციულ ბანაკს. მისი თანამებრძოლები, ქვიქსილვერი და ალისფერი ჯადოქარი კი ბოშები არიან. მხოლოდ ერთი ახალი წევრი, მიმიკა/კალვინ რანკინი, შეემატა იქს-ადამიანებს, თუმცა მალევე მოუხდა გუნდის დატოვება, ვინაიდან დროებით დაკარგა ძალები.
1969 წელს მწერალმა როი ტომასმა და ილუსტრატორმა ნილ ადამსმა გადაახალისეს კომიქსის წიგნი და წამყვან როლებზე დანიშნეს ორი, მკითხველისათვის ახლადგაცნობილი პერსონაჟი: ჰავოკი/ალექს სამერსი და ლორნა დეინი, შემდგომში ცნობილი გახდა, როგორც პოლარისი. სამწუხაროდ, იქს-ადამიანების ამ ადრეულმა ნომრებმა ვერ მიიზიდეს მყიდველი და მარველმა დაასრულა ახალ ისტორიებზე მუშაობა კომიქსის 66-ე ნომრით. მოგვიანებით, ძველი კომიქსის რამოდენიმე ნომერი ხელახლა დაიბეჭდა, როგორც #67-93.
სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, კომიქსში გიგანტური ზომის იქს-ადამიანები #1 (1975), მწერალმა ლენ უეინმა და მხატვარმა დეივ კოკრუმმა მკითხველს გუნდის ახალი წევრები გააცნეს. იქს-ადამიანების ახალი თავგადასავლები განახლებული კომიქსის 94-ე ნომრიდან დაიწყო. ახალი გუნდი საგრძნობლად განსხვავდებოდა წინამორბედისგან. პერსონაჟები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ, შესაბამისად მათი კულტურული და ფილოსოფიური მრწამსი განსხვავებული იყო, ისინი მეტად ადვილად ახერხებდნენ ძალების „სწორად გამოყენებას“ სხვადასხვა სიტუაციაში და ასაკითაც გაცილებით აღემატებოდნენ იქს-ადამიანების პირველი თაობის წარმომადგენლებს. გუნდს, ციკლოპის ხელმძღვანელობით, შეემატნენ ახალი პერსონაჟები: კოლოსუსი/პიოტრ ნიკოლაევიჩ რასპუტინი; ნაითქროლერი/კურტ ვაგნერი; შტორმი/ორორო მუნრო; სანდარბერდი/ჯონ პრაუდსტარი; ბანში/სენ კასიდი; სანფაირი/შირო იოშიდა და ვულვერინი/ჯეიმს ჰოულეტი (იგივე ლოგანი). გუნდს ასევე შეუერთდნენ ჯინ გრეი („ფენიქსი“); ანგელოზი; ჰავოკი და პოლარისი/ლორნა დეინი.
ამ წლებში კომიქსთა პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა.
80-იანი წლების ახალი პერსონაჟებიდან აღსანიშნავია: დაზლერი/ელისონ ბლეირი; ფორჟი; ლონგშაუთი; პსილოკი/ელიზაბეტ (ბეტსი) ბრედოქი; როუგი/ანა მარია და რეიჩელ სამერსი (რეიჩელ გრეი, „მარველის გოგონა“).
აგრეთვე: მედლინ პრიორი და ბოროტი მუტანტები: აპოკალიფსი; მისტერ სინისტერი და ხმალკბილა.
კომიქსში იქს-ადამიანები პროფესორი იქსევიერი, რომელიც 1986 წელს საყვარელ ლილანდასთან („შიარ იმპერიის“ მაგი) შესახვედრად გაემგზავრა კოსმოსში, უბრუნდება გუნდს, რომელიც ორ შემტევ ძალადაა გაყოფილი — ე. წ. „ლურჯი გუნდი“ ციკლოპის ხელმძღვანელობით და ე. წ. „ოქროს გუნდი“ შტორმის ხელმძღვანელობით. მწერალი კრის კლერმონისა და მხატვარი ჯიმ ლის დამსახურებაა ის, რომ კომიქსების ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი (გაიყიდა მიახ. 8 მილიონი ეგზემპლიარი) წიგნი შექმნეს.
90-იანი წლების ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: „The X-Tinction Agenda“ (1990 წ), „The Muir Island Saga“ (მუირის კუნძულის საგა) (1991 წ), „X-Cutioner’s Song (ჯალათის სიმღერა)“ (1992 წ), „Fatal Attractions (საბედისწერო მიზიდულობა)“ (1993 წ), „Phalanx Covenant (ფალანქსის შესანხმება)“ (1994 წ), „Legion Quest“/„Age of Apocalypse“ (აპოკალიფსის ჟამი) (1995 წ), „Onslaught“ (ონსლათი) (1996 წ) და „Operation: Zero Tolerance“ (ოპერაცია: არავითარი შემწყნარებლობა) (1997 წ). ასევე მარველმა დაიწყო კომიქსების მინისერიების გამოშვებაც: Bishop (ბიშოფი), Cable (კაბელი), Deadpool (დედფული), Gambit (გამბიტი) და X-Man (ადამიანი-იქსი).
ამ პერიოდში კომიქსის სახელწოდება („იქს-ადამიანები“) შეიცვალა და დაერქვა „ახალი იქს-ადამიანები“ („New X-Men“). სიუჟეტი საკმაოდ დრამატულია. ბოროტი კასანდრა ნოვა ანადგურებს 16,000 000 მუტანტს, ყოფილი დამნაშავე — ემა ფროსთი კი პროფესორ იქსევიერის გუნდის ძირითად შემადგენლობაში გადადის. ასევე კომიქსებში ჩნდება ახალი პერსონაჟი — ქსორნი, რომელიც ასევე იქს-ადამიანებს უერთდება.
მუტანტების ახალი თაობის წარმომადგენელთაგან აღსანიშნავია: კალიბანი; ჩამბერი/ჯონოტონ (ჯონო) ევან სტარსმორი (იგივე „დესიბელი“); ემა ფროსთი; ჰუსკი/პეიჯ გუსრი; ნორსსთარი („ჩრდილოეთის ვარსკვლავი“ იგივე ჯინ-პაულ ბიუბიერი) და ვარპასი/ჯეიმს პრაუდსთარი (იგივე „მეორე სანდარბერდი“).
ბოროტი მუტანტების ნაწილი უერთდება პროფესორ იქსევიერის გუნდს: ჯიგერნაუტი; ლედი მასტერმაინდი/რეგან უინგრეიდი; მისტიკა და ხმალკბილა.
კომიქსში ბრუნდებიან დაღუპული კოლოსუსი და პსილოკი, ჯინ გრეი კი კვდება. გაებმება სასიყვარულო ურთიერთობა ციკლოპსა და ემა ფროსთს შორის.
საბოლოო ჯამში, იქსევიერის კოლეჯი ნიუ იორკში ნადგურდება, მის ნაცვლად კი, სკოტის (იგივე ციკლოპის) ხელმძღვანელობით იხსნება ახალი ინსტიტუტი სან-ფრანცისკოში.
ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: Revolution (რევოლუცია) (2000), „Eve of Destruction“ (განადგურების წინადღე), „E Is for Extinction“ (გ როგორც გადაშენება) (2001), „Planet X“ (პლანეტა იქსი), „Gifted“ (დაჯილდოებულნი) (2004), Here Comes Tomorrow (იწყება ხვალინდელი დღე), „X-Men: Phoenix — Endsong”, „House of M“ (მაგნეტოს სახლი), „Decimation“ (განადგურება) (2005), „Deadly Genesis“ (სასიკვდილო გენეზისი) (2005—2006), „Endangered Species“ (საფრთხეში მყოფი სახეობები) (2007), „Messiah Complex“ (მესია კომპლექსი) (2007—2008) და Divided We Stand (ვიბრძვით ცალ-ცალკე) .
ფილმი „იქს-ადამიანები“ შედგება 4 სერიისგან. რეჟისორები: ბრაიან სინგერსი (ნაწილი 1,2), ბრეტ რატნერი (ნაწ. 3) და გევინ ჰუდი („იქს-ადამიანების წარმოშობა: ვულვერინი“)
ფილმის სიუჟეტი შემდეგში მდგომარეობს: მუტანტები იყოფიან 2 ნაწილად. ნაწილს ხელმძღვანელობს პროფესორი ჩარლზ იქსევიერი — ისინი მსოფლიოში მუტანტებისა და ადამიანების ჰარმონიული თანაცხოვრებისათვის იბრძვიან, მათი მოწინააღმდეგე მხარე, ბოროტი მაგნეტოს მეთაურობით, კი მიიჩნევს, რომ ომი ახლოვდება და შეუძლებელია მუტანტებმა ადამიანებთან ერთად ბედნიერად იცხოვრონ. ფილმის მესამე ნაწილი ნაწილობრივ ეფუძნება კომიქსს, სახელწოდებით „X იარაღი“ („Weapon X“) და „შავი ფენიქსი“ („Dark Phoenix“). მეოთხე ნაწილში კი „იქს-ადამიანების“ ერთ-ერთი წევრის, ვულვერინის წარსულია გაშუქებული. მომავალში გამოვა: იქს-ადამიანების წარმოშობა: მაგნეტო, იქს-ადამიანები: პირველი კლასი, დედფული. მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობებისა, ფილმის თითოეული სერია უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button