საკითხავისასარგებლოუცნაური

მეტეორიტები


ტუნგუსკის მეტეორიტი (რუს. Тунгусский метеорит) — უნიკალური ბუნებრივი მოვლენა, რომელიც მოხდა 1908 წლის 30 ივნისს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე, მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის აუზში (კრასნოიარსკის მხარე, რუსეთი). იგი მოგვაგონებდა მოვლენებს, რომლებიც თან სდევს მეტეორიტების ჩამოვარდნას, ოღონდ გამოირჩეოდა უზარმაზარი მასშტაბებით. ამ დღეს აღმოსავლეთ ციმბირის უზარმაზარ ტერიტორიაზე 800 კმ-მდე რადიუსის მანძილზე მრავალმა ადამიანმა შენიშნა თვალისმომჭრელი სიკაშკაშის ბოლიდი.

1908 წლის 30 ივნისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 7 საათზე მდინარე ენისეის აუზში სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთ-დასავლეთური მიმართულებით გაიფრინა ცეცხლოვანმა ბირთვმა. გაფრენა დამთავრდა უძლიერესი აფეთქებით დაუსახლებელი ტაიგის რაიონში ზედაპირიდან 7-10 კმ-ზე. აფეთქების ტალღა დააფიქსირა იმ დროს არსებულმა მრავალმა ობსერვატორიამ. ირკუტსკის ობსერვატორიის სეისმოგრაფებმა დაადგინეს უცნაური ხასიათის ზედაპირული მიწისძვრები. ობსერვატორიის დირექტორის ა. ვოზნესენსკის გამოთვლებით, მიწისძვრა მოხდა 1908 წლის 30 ივნისს, ადგილ ირკუტსკიდან ჩრდილოეთით 900 კმ მოშორებით, მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის აუზში, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე. მიწისძვრის ხასიათი იმდენად უცნაური იყო, რომ ა. ვოზნესენსკიმ არც კი გამოაქვეყნა ობსერვატორიაში მიღებული მასალები.
2000 კმ² ფართობის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად წაქცეულ იქნა დიდი რაოდენობით ხეები, რომლებმაც საბოლოოდ რადიალური განლაგება მიიღეს. ეპიცენტრიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში ჩაიმსხვრა მინები, უზარმაზარ ტერიტორიაზე ორი დღის განმავლობაში შეინიშნებოდა ცის ნათება, ღრუბლების გაელვება.
კატასტროფის ადგილზე გაგზავნილ იქნა რამდენიმე ექსპედიცია, რომელთაგან პირველი (გამოკვლევითი ექსპედიცია) განხორციელდა 1927 წელს ლეონიდ კულიკის ხელმძღვანელობით.
ექსპედიციის შედეგად რაიმე მნიშვნელოვანს ვერ მიაკვლიეს, თუმცა მცირე რაოდენობით აღმოჩნდა მიკროსკოპული სილიკატური და მაგნეტიტური ბურთები.
ტუნგუსკის მეტეორიტის გზაზე დარჩა ძლიერი მტვრისებრი კვალი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ჩანდა. მოვლენის ადგილიდან 1000 კმ-მდე მანძილზე ისმოდა აფეთქების ხმა. აღნიშნული იყო მიწისძვრის მსგავსი მოვლენები, წარმოქმნილმა ჰაერის ტალღამ ბევრ ადგილას წააქცია ადამიანები და შინაური ცხოველები, განვითარდა ხანძარი, ზანზარებდნენ სახლის კარები, ჭურჭელი, სახლის კედლებზე არსებული სურათები და ხატები ძირს ცვიოდა. ყოველივე ეს თვალისმომჭრელი სიკაშკაშის და დამაყრუებელი ხმაურით დაგვირგვინდა.
როგორც შემდგომ გაირკვა, ცეცხლოვანი სხეული ჩამოვარდა მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის მარჯვენა შენაკადის ჩამბის აუზში.

აფეთქების შედეგად წარმოქმნილი სეისმური ტალღა რეგისტრირებულ იქნა ირკუტსკის, ტაშკენტის, თბილისისა და იენის ობსერვატორიებში. აფეთქების შემდეგ დაიწყო გეომაგნიტური შტორმი, რომელიც დაახლოებით 5 საათი გრძელდებოდა. წარმოუდგენელი ატმოსფერული ეფექტები, რომლებიც აფეთქებას უსწრებდნენ წინ, მაქსიმუმს 1 ივლისს მიაღწიეს, რის შემდეგაც კლება დაიწყეს (თუმცა მათი ცალკეული კვალი შენარჩუნებულ იქნა ივლისის ბოლომდე).

 

 

სიხოტე-ალინის მეტეორიტი

სიხოტე-ალინის მეტეორიტი (რუს. Сихотэ-Алинский метеорит) — ვარდნისას შემჩნეული უდიდესი რკინის მეტეორიტი. სრული მასა ≈ 70 ტ. ჩამოვარდა 1947 წლის 12 თებერვალს, რუსეთის პრიმორიეს მხარეში, სიხოტე-ალინის დასავლეთ ნაწილში. ადგილობრივი დეკრეტული დროით 10 სთ 38 წთ.
ჰაერშივე დაიმსხვრა და 3 კვ.კმ ფართობზე მეტეორიტული წვიმა გამოიწვია, ახლდა ბოლიდიც, რომელიც 400 კმ რადიუსიან არეში ჩანდა და დატოვა მტვრის ნაკვალევი (ჩანდა რამდენიმე საათის განმავლობაში). ბოლიდის გაქრობისას გაისმა დარტყმის ხმა, გრუნტი და ნაგებობები შეირყა.
მოვლენა შეისწავლა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მეტეორიტეტის კომიტეტის რამდენიმე ექსპედიციამ ვ. ფესენკოვის, ე. კრინოვისა და ს. ფონტინის ხელმძღვანელობით. აღმოჩნდა 24 კრატერი (დიამეტრი 9-26 კმ) და 78 პატარა ღრმული, რომლებიც ცალკეულმა მეტეორიტებმა წარმოქმნეს. უფრო მსხვილი მეტეორიტები დაიმსხვრა კლდის ქანებზე დაჯახებისას, წარმოიქმნა მტვერი და წვრილი მეტეორიტები, რომლებიც ტაიგაში გაიფანტა (იპოვეს ≈ 3500).
ყველაზე დიდი მთლიანი მეტეორიტების მასაა 1745, 1000; 700; 500, 450, 350 კგ. სულ შეგროვდა 27 ტ. ქიმიური შედგენილობა: Fe (93,29%, მასის მიხედვით), Ni (5,94%), Co (0,38%), P (0,56%), S (0,28%), Cu (0,03%).

 

 

ჩელიაბინსკის ოლქში ცეცხლის წვიმა მოვიდა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს მეტეორიტის ნამსხვრევები იყო. მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ზეცაში აფეთქება მოხდა. კაშკაშა ნათებამ გარემო გაანათა, აფეთქების ტალღამ სახლებში მინები ჩაამსხვრია. სიცხე და დამწვრის სუნი დატრიალდა. მეტეორიტი თბილისის დროით დილის რვის ნახევარზე აფეთქდა.

მეცნიერთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს მეტეორიტი ასტეროიდ 2012DA14–ს მოასწავებს, რომელიც დღეს დედამიწას რეკორდულად ახლო მანძილზე ჩაუფრენს. სხვები ფიქრობენ, რომ ეს ორი მოვლენა არანაირ კავშირში არ არის ერთმანეთთან. ვარაუდობენ, რომ ასტეროიდს  მრავალი მცირე სხეული ახლავს, რომელიც დედამიწის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება ჩამოვარდეს. ასტეროიდი დედამიწას 27 ათას კილომეტრზე მოუახლოვდება. იგი წამში 8 კილომეტრის სიჩქარით მოფრინავს. კოსმოსური მასშტაბებისთვის ასტეროიდი მცირე ზომისაა – „სულ რაღაც“ 45 მეტრის რადიუსით, წონა კი 130 ათას ტონას შეადგენს. მისიდანახვა ბინოკლით იქნება შესაძლებელი. ასტეროიდი დედამიწას მაქსიმალურად თბილისის დროით 23 საათსა და 24 წუთზე მოუახლოვდება.

წყარო : http://www.geworld.ge და http://ka.wikipedia.org

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close