გასართობისაკითხავისასარგებლო

მეტყველების დაწყება

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, თანამედროვე ბავშვები უფრო გვიან იწყებენ ლაპარაკს, ვიდრე 10-20 წლის წინანდელი ბავშვები. თუ ადრე ნორმად 1,5 წელი ითვლებოდა, დღეს უკვე ენის ამოდგმის ნორმა 2,5 წელზე გადავიდა, ბიჭებთან კი 3 წელზეც.

სპეციალისტების აზრით, არ ღირს ორიენტაციის აღება სტატისტიკურ ნორმაზე. პირველი სიტყვები შეიძლება 9 თვის ასაკშიც თქვას პატარამ და შეიძლება წლინახევრისამ (ბიჭებმა უფრო გვიანაც). 2 წლის ასაკში უკვე უნდა შეეძლოს რამოდენიმე მარტივი სიტყვის წარმოთქმა, თუნდაც დამახინჯებულად (მაგ, დედა, მამა, ბაბა, მომე…), 3 წლისა კი მარტივ ფრაზებს უნდა ამბობდეს.

თუ ასე არ ხდება, გაითვალისწინეთ რამოდენიმე მომენტი:

 

  1. შეამოწმეთ სმენა. სმენის ტესტებს ექიმი ატარებს. მეტყველების დაგვიანების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება დაქვეითებული სმენა იყოს.
  2. აჩვენეთ ბავშვი ნევროპათოლოგს. ის მიხვდება, აქვს თუ არა პატარას ნერვული სისტემის დაზიანება, რაც აფერხებს მეტყველებას. ასეთ შემთხვევაში დანიშნავს ,,ტვინის საკვებ” მედიკამენტებს. თუმცა დიდი სიფრთხილეა აქ საჭირო, რადგან ტვინის სისხლით მომარაგების მასტიმულირებელ წამლებს აქვთ სხვა ეფექტებიც: ალერგიული რეაქცია და აგზნების მომატება, რის შედეგადაც ირღვევა ძილი, მატულობს შფოთვა და კოშმარების რიცხვი.
  3. არ გამოგეპაროთ ინტელექტუალური განვითარების საკითხიც. მეტყველება და აზროვნება მჭირდრო კავშირშია ერთმანეთთან. სწორედ იმიტომ ღელავენ ჩუმი ბავშვის მშობლები, რომ ნორმის ტემპს არ ჩამორჩეს მათი IQ. ამაში ადვილია დარწმუნება, თუკი დააკვირდებით სხვა ბავშვებს და უნარ-შესაძლებლობებს. თუ რაღაც არ მოგეწონათ, მიმართეთ ფსიქოლოგს.
  4. გახსოვდეთ, რომ თქვენს შვილს ძალიან უნდა თქვენსავით გამართულად ილაპარაკოს, ის ცდილობს მოგბაძოთ, მაგრამ არ შეუძლია ეს. ამიტომ ნუ მოსთხოვთ ძალიან ბევრს. დამახინჯებული სიტყვები ბუნებრივია. ამაზე არ გაამახვილოთ ყურადრება, თქვენ გააგრძელეთ ნორმალურად ლაპარაკი (და არა ,,ჩიჩია და პიპია”-ს მაგვარი აბსურდები) და ბოლოს და ბოლოს ბავშვიც დაგემსგავსებათ ამაში.
  5. წაახალისეთ საუბრები. რაც უფრო მეტად იქნება თქვენი პატარა  ჩართული თანატოლებთან ,,ჭორაობაში”, მით უფრო მალე დაიწყებს ლაპარაკს. საბავშვო ბაღი ძალიან სასარგებლო დაწესებულებაა ამ მხრივაც.

 

6. მიეცით ბავშვს გასაქანი. ხანდახან გვგონია, რომ ველაპარაკებით, მაგრამ დიალოგის ნაცვლად მონოლოგს ვმართავთ ხოლმე. ხშირ-ხშირად დაუსვით კითხვები, განსაკუთრებით ისეთი, რომელზე პასუხიც იმ სიტყვებს მოიცავს, რომელთა წარმოთქმაც უკვე შეუძლია. კარნახსაც და მიშველებასაც ნუ იჩქარებთ – თვითონ სცადოს. რაც უფრო ემოციონალური საუბარი გამოგივათ, მით უფრო დიდი სურვილი ექნება იტლიკინოს.

 

თუ თქვენი შვილი ჯანმრთელია, გონებრივი განვითარებითაც არ ჩამორჩება თანატოლებს და უბრალოდ ჯიუტად არ ცდილობს გაახაროს დედის და მამის გულები, სანერვიულო არაფერი გაქვთ – მისნაირი საკმაოდ ბევრია. აინშტაინი 6 წლამდე არ ლაპარაკობდა, მაგრამ კი გაუსწრო მთელი დედამიწის მოსახლეობას. გარდა ამისა, ცოტა ხანში თვითონვე დარწმუნდება, რომ ლაპარაკი სჭირდება იმისთვის, რომ გააგებინოს უცხო უფროსებს, თუ რა სურს, რომ დაიცვას თავისი საკუთრება (სათამაშოები) მტრების შემოსევებისგან (სხვა ბავშვებს ვგულისხმობ), რომ მიიქციოს მშობლების ყურადღება და სხვ.

პატივისცემით, თიკა ევდეევი

წყარო: http://www.facebook.com/psychea.georgia

თეგები

psychea.georgia

Master of psychology

მსგავსი ამბები

Close
Close