გასართობისაკითხავისურათები

ჩინური ახალი წელი


ახალი წელი მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩინურ კულტურაში. ჩინეთში ამ დღესასწაულს უწოდებენ ,,გაზაფხულის ფესტივალს” , რადგან ამით აღინიშნება ზამთრის სეზონის დამთავრება. ახალი წელი იწყება ჩინური კალენდრის პირველი თვის პირველ რიცხვში და მთავრდება 15 დღის შემდეგ ,,ლამპიონების ფესტივალით”.

ამ დღესასწაულის წარმოშობა ზუსტად არ არის ცნობილი, მის შესახებ მხოლოდ ლეგენდებია შემონახული. ერთი ლეგენდის მიხედვით მონსტრი ნიანი აწიოკებდა სოფელს. ერთმა ბრძენმა ურჩია სოფლის მაცხოვრებლებს ნიანის დასამარცხებლად გამოეყენებინათ ხმაური, ცეცხლი, მაშხალები და ასევე წითელი ქაღალდის ლამპიონები დაეკიდათ სახლის შესასვლელებში. ბრძენის რჩევამ შედეგი გამოიღო და ნიანი დამარცხდა. სწორედ მონსტრი ნიანის დამარცხების დღეს აღინიშნება ჩინური ახალი წელი.


ახალი წლის თარიღი დაკავშირებულია მთვარის კალენდართან და იცვლება ყოველწლიურად. ფესტივალი ტარდება ხოლმე დაახლოებით 21 იანვრიდან 19 თებერვლამდე პერიოდში. ეს დღესასწაული სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია ჩინურ კულტურაში. როგორც მოგეხსენებათ, ჩინურ კალენდარში ყოველ წელს 12-იდან ერთ-ერთი ცხოველი შეესაბამება. მაგალითად 2012 იყო დრაკონის წელი, ხოლო 2013 გველის წელია. თითეულ ცხოველს განსხვავებული თვისებები, უნარები და შესაძლებლობები აქვს. სწორედ ამის მიხედვით დგება ჩინური ჰოროსკოპი. მაგალითად გველი არის ჭკვიანი, მომაჯადოვებელი, საკუთარ თავში ჩაკეტილი, დიდსულოვანი.


დღესასწაული 15 დღეს გრძელდება და ყოველი დღე თავისი მნიშვნელობით ერთმანეთისგან განსხვავდება. პირველ დღეს ესალმებიან თავიანთ ღვთაებებს რათა დაიფარონ მათი ოჯახები. აღნიშვნა იწყება შუა ღამიდან. იყენებენ სხვადასხვანაირ მაშხალებს, ცეცხლის ფაიერებს , ცეცხლმოკიდებულ ბამბუკის ჯოხებს. შემდეგ დღეებს სხვა ღონისძიებები ტარდება,მაგალითად : გათხოვილი ქალები სტუმრობენ თავიანთ მშობლებს (მეორე დღე), უფროსები მიდიან ლანჩზე თავის თანამშრომლებთან ერთად ( მერვე დღე) , ოჯახები იკრიბებიან ერთად სადილზე და ა.შ მეთხუთმეტე დღეს კი ამ ყველაფრის კულმინაციაა ლამპიონების ფესტივალი. ადამიანები ამზადებენ დეკორატიულ ლამპიონებს და აწყობენ საჯარო სეირნობას ქუჩაში, ასევე კიდებენ ლამპიონებს სახლებზე. ამ დღესასწაულის ნაწილია დრაკონის ცეკვა, რომელიც ულამაზესი სანახაობაა.


წითელი ფერი ახალი წლის უმთავრესი ატრიბუტია. ადამიანები იცვავენ ტრადიციულად წითელ ტანისამოსს, ერთამნეთს უგზავნიან საჩუქრებს, რომელიც წითელ შეფუთვაშია მოთავსებული, ქუჩები წითლად არის მორთული. ჩინელებს მიაჩნიათ რომ წითელი ფერი ეშმაკს აშინებს. ასევე ტრადიციის შემადგენელი ნაწილია ახალი ტანსაცმლის შეძენა, რაც სიმბოლურად უკავშირდება ახალ წელს.

ჩინური ახალი წელი აღინიშნება არა მართო ჩინეთში, არამედ მსოფლიოს ყველა იმ კუთხეში სადაც ჩინური მოსახლეობაა. ყოველწლიურად შეერთებული შტატების ბევრ დიდ ქალაქში აღნიშნავენ ჩინურ ახალ წელს, მაგრამ თავისი გრანდიოზულობით და სილამაზით სან-ფრანცისკოს ჩინური კვარტალი ყველაგან გამოირჩევა.

 

მსგავსი ამბები

Close
Close