არქივი

ახალი ზელანდიის ფაუნა

94375c849027

ახალი ზელანდიის ცხოველთა სამყარო გამოირჩევა თავისი საინტერესო ისტორიით. ამ კუნძულებზე დიდი ხნის განმავლობაში ბატონობდნენ მხოლოდ ფრინველები, რადგან პირველი ძუძუმწოვრები აქ 900 წლის წინ გაჩნდნენ (გარდა ზღვის ძუძუმწოვრებისა და ღამურებისა) მას შემდეგ რაც ახალ ზელანდიაში ადამიანები გამოჩნდენენ. ბუნებრივი მტრის არარსებობის გამო ევოლუციის პროცესში ბევრმა ფრინველმა ფრენა შეწყვიტა და დღეს მათი ფრთები მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას ატარებს. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა კივი, უეკა და კაკაპო.

94375c849027

კივი ახალი ზელანდიის ენდემური ფრინველია. ის დღეისათვის დედამიწაზე არსებული სირაქლემასნაირთა რიგის წარმომადგენელებს შორის სხეულის ზომით ყველაზე მცირეა. მისი კვერცხის ზომა თითქმის მისი სხეულის ზომის ნახევარია, რაც მას გარკვეულ უხერხულობას უქმნის მის დადებამდე, რადგან ის მისი მუცლის ღრუს თითქმის მთლიანად იკავებს და საჭმლისათვის ძალიან მცირე ადგილი რჩება. მდედრი კივის მოვალეობები კვერცხის დადებისთანავე სრულდება და კვერცხზე ზრუნვას მის გამოჩეკვამდე მამრი კივი იღებს თავის თავზე.
კივი ძირითადად ღამის ბინადარია. დღის განმავლობაში ის ბუდეში იმყოფება, ხოლო მოსაღამოვებისას კი საკვების მოსაპოვებლად გამოდის. მას ევოლუციის პროცესში სხვა ფრინველებისაგან განმასხვავებელი კიდევ ერთი უცნაურობა განუვითარდა, რაც გამოიხატება ნესტოების ცხვირის წვერზე არსებობით. ნესტოების აღნიშნული განლაგება მას მწერების მოძიებაში ეხმარება და ერთგვარ ლოკატორის ფუნქციას ასრულებს. მეცნიერების ვარაუდით კივი ახალ ზელანდიაში ავსტრალიიდან მოხვდა სადაც მისი წინაპრის ნაშთებია აღმოჩენილი.

64914966635d
366a5adc4b0c

უეკა უდიდესი არამფრენი ფრინველია ლაინასებრთა ოჯახიდან. მისი სხეულის სიგრძე 50 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო წონა 0,5-1 კილოგრამს. სახეობა წარმოდგენილია 4 ქვესახეობით რომლებიც ბინადრობენ ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულებზე, კუნძულ სტიუარტსა და ჩატემზე. უეკა მრავლდება მთელი წლის განმავლობაში. ბარტყების გამოჩეკვის შემდეგ დღის განმავლობაში მათ მამრი უეკა უვლის. ამავე დროს კი მდედრი კვერცხების ახალ პარტიას დებს.

913bd18257a9
2252c97ad8b4

კაკაპო დიდი ზომის ღამის თუთიყუშია, რომელსაც დღეისათვის ფრენა უკვე აღარ შეუძლია. მან ევოლუციის პროცესში ფრენაზე უარის თქმის ხარჯზე დაიწყო სხეულის ზომის გაზრდა რაც სიცივეში სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებას უწყობს ხელს. სხეულის სიგრძე 60 სანტიმეტრამდეა, ხოლო წონა 2-4 კილოგრამი. ბუნებამ კაკაპოს ერთი უცნაური ხუმრობაც შესთავაზა, მისი საკვების უმეტესი ნაწილი ხეებზე იმყოფება და იმის გამო, რომ ფრენა არ შეუძლია მას ყოველდღიურად ხეებზე უწევს ცოცვა. ამჟამად კაკაპო გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიაშია. 2012 წლისათვის მათი რაოდენობა 126 ერთეულით შემოიფარგლებოდა.

9a5ba1fa18b2
1caef0768f0f

ახალ ზელანდიაში აგრეთვე ბინადრობს 60-მდე სახეობის ხვლიკი და 4 სახეობის ბაყაყი.

ადამიანები აქ პირველად გამოჩნდნენ 1300 წლისათვის, რომელთაც თან პოლინეზიური ვირთხები და შინაური ძაღლები მოიყვანეს. მოგვიანებით ევროპელებმა შეიყვანეს ღორები, ქრცვინები, ყარყუმები, თაგვები, ვირთხები, ძაღლები, კატები, ცხვრები, მსხვილფერა რქოსანი საქონელი და სხვა ძუძუმწოვრები. აქედან რამდენიმე მათგანმა სერიოზული გავლენა იქონია ახალი ზელანდიის ფაუნაზე და ზოგიერთი ენდემური სახეობა გაქრობის პირას მიიყვანა.

ლოლუა ირაკლი

მხიარული ადამიანი

მსგავსი ამბები

Back to top button