გამოგონებასაკითხავისასარგებლო

ეს შეიძლება ინანოთ, ანუ რა იწვევს ავტო-საგზაო შემთხვევებს?!

ზუსტი სტატისტიკა არ გაგვაჩნია, მაგრამ ფაქტია, რომ ცივილიზაციის გარიჟრაჟიდან დღემდე დაავადებებთან ერთად – და მათზე  არანაკლებ – უბედური შემთხვევებიც გვისწრაფავს სიცოცხლეს, სატრანსპორტო საშუალებებს კი ამაში განსაკუთრებული “წვლილი” შეაქვთ.                                                                                                                                                                        .   რომელ ჩვენგანს სურს, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლოს, მაგრამ თურმე მძღოლის ფსიქოტიპი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ყოფილა შემთხვევის ალბათობის გაზრდისა თუ შემცირებისთვის. აგრესიული  მართვა სახიფათო ქცევაა, რომელიც საფრთხეს უქმნის თქვენსავე თუ სხვის ჯანმრთელობასა და საკუთრებას. ამ საკითხზე თურმე ტომებია დაწერილი, ამერიკის ავტომომოტორისტთა ასოციაციის გზების უსაფრთხოების ფონდმა კი აგრესიული მძღოლების გამოსავლენად სპეციალური ტესტი შეიმუშავა. ამ ტესტსაც და საკუთარ თავთან სამუშაო სავარჯიშოებსაც აქვე გთავაზობთ.

    თითოეულ კითხვას პასუხის ოთხი ვარიანტი აქვს: ყოველთვის, ხშირად, ხანდახან და არასოდეს. პირველ შემთხვევაში 3 ქულა დაიწერეთ, მეორეში – 2, მესამეში – 1, ხოლო მეოთხეში – 0. თითოეული კატეგორიისთვის ქულების ჯამი ცალკე გამოიყვანეთ.

ბრაზი
1. ნერვებს გიშლიან სხვა მძღოლები.
2. ნერვები გეშლებათ, როცა სხვა მანქანები ჩქარა დადიან.
3. ნერვები გეშლებათ, როცა სხვა მანქანები ნელა დადიან.
4. ბრაზობთ, როცა გისწრებენ.
5. ბრაზობთ, როცა შუქნიშანი გაფუჭებულია.
6. ბრაზობთ, როცა საცობში ხვდებით.
7. მეუღლე ან მეგობარი გთხოვთ, დაწყნარდეთ.
8. ნერვები გეშლებათ, როცა ვინმე კუდში მოგყვებათ.
9. გაბრაზებენ თქვენივე მგზავრები.
10. ბრაზობთ, როცა მრავალზოლიანი შარაგზა ვიწროვდება.

მოუთმენლობა
1. მგზავრები თქვენს მანქანაში ჩასხდომას მეტისმეტად დიდხანს უნდებიან.
2. ძრავის გათბობასაც მეტისმეტად დიდი ხანი სჭირდება.
3. შუქნიშანი წითელს თქვენ უფრო მეტხანს გინთებთ.
4. ნებისმიერი რიგი უსაშველოდ იწელება.
5. ვერ ითმენთ, სანამ მანქანის დასაყენებელ ადგილს იპოვიდეთ.
6. თუ საჭეს თქვენ არ უზიხართ, ერთი სული გაქვთ, მძღოლს საჭე ხელიდან გამოგლიჯოთ ან მანქანის მართვის შესახებ ლექცია მაინც წაუკითხოთ.
7. ვერ მოგითმენიათ, როცა წინ მიმავალი მანქანა სიჩქარის შემცირებას იწყებს.
8. ნერვები გეშლებათ, როცა მგზავრობისთვის დაგეგმილზე მეტი ხანი გეხარჯებათ.
9. ნერვებს გიშლით განაპირა, ნელ ზოლში მოძრაობა.
10. ფეხით მოსიარულენი გზის გადაკვეთას უსაშველოდ დიდ ხანს ანდომებენ.

შეჯიბრება
1. შარაგზას შეჯიბრების ადგილად აქცევთ.
2. ეჯიბრებით საკუთარ თავს (რამდენად ჩქარა დაფარავთ ერთსა და იმავე მარშრუტს).
3. ეჯიბრებით სხვა მძღოლებს.
4. სხვა მძღოლებს შეჯიბრებაში იწვევთ.
5. გასწრება სიხარულს განიჭებთ.
6. ქორწილში ცდილობთ, მეფე-პატარძლის მანქანის შემდეგ პირველი თქვენ იყოთ.
7. ეჯიბრებით სხვებს საცობიდან თავის დაღწევაში.
8. ეჯიბრებით მანქანებს შუქნიშნიდან შუქნიშნამდე მისვლაში.
9. იღებთ გამოწვევას, როცა სხვა მძღოლი გეჯიბრებათ.
10. ხანდახან გასწრობანას მხოლოდ მოწყენილობის გასაფანტად თამაშობთ.

დასჯა
1. “სჯით” ცუდ მძღოლებს.
2. თქვენს მგზავრებთან ჩივით სხვა მძღოლების შეცდომებზე.
3. სხვა მძღოლების ახლო ნათესავებს იხსენიებთ.
4. მათდამი თქვენს დამოკიდებულებას საკმაოდ გასაგები ჟესტებით გამოხატავთ.
5. გზას უღობავთ, როცა ცდილობენ გაგისწრონ.
6. გზას უღობავთ, როცა ზოლიდან ზოლში გადასვლას ცდილობენ.
7. სხვა მანქანას კუდში მისდევთ.
8. მდევრის დასასჯელად ერთბაშად და გაუფრთხილებლად ამუხრუჭებთ.
9. ცუდი მძღოლის დასასჯელად საყვირს იყენებთ.
10. ცდილობთ, მანქანა გააჩეროთ და მყუდროების დამრღვევს საქმე პირისპირ გაურჩიოთ.
ნებისმიერ კატეგორიაში 0-4 ქულა დაბალ რისკს შეესაბამება, 5-9 – საშუალოს, 10-30 – მაღალს. თუმცა დამოკიდებულების შეცვლა შესაძლებელია, რისთვისაც ამერიკელი ექსპერტები მზა რჩევებს გვთავაზობენ.

დავამარცხოთ ბრაზი
ზოგჯერ შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ თუ თავგასულ მძღოლს თავისას გავატანინებთ, საკუთარი თავის პატივისცემას დავკარგავთ. თუ მერრე საჭესთან მყოფმაც იგივე იგრძნო, ადვილი შესაძლებელია, იგივე დაგემართოთ, რაც ვიწრო ხიდზე შეხვედრილ ორ ჯიუტ თხას. ყოველი თავხედი და უზრდელი, ბუნებრივია, ბრაზს უფრო და უფრო მეტად გაგვიღვივებს.
მოჯადოებული წრიდან თავის დაღწევას მხოლოდ მაშინ მოვახერხებთ, თუ უხეშობის ნაცვლად ყურადღებას სასიამოვნო ფაქტებზე გავამახვილებთ. დამშვიდდით, მოეშვით, სასიამოვნო (და აუცილებლად მშვიდ) მუსიკას მოუსმინეთ და მგზავრებს საინტერესო თემებზე ესაუბრეთ. მნიშვნელობა არ აქვს, საჭესთან რამდენიმე წუთს ატარებთ თუ მრავალ საათს, ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორისკენ მიემართებით თუ სამსახურისკენ მიმავალ ერთსა და იმავე გზას მეათასედ გადიხართ, – ნუ იფიქრებთ, რომ გზაში გატარებული დრო დაკარგულია; ეცადეთ, ეს დრო სასიამოვნოდ და აზრიანად გაატაროთ.
რომ არ დაგაგვიანდეთ, შინიდან მგზავრობისთვის საჭირო დროზე ათიოდე წუთით ადრე გადით. ამ შემთხვევაში საცობები ნერვებს ისე აღარ მოგიშლით. ისიც გახსოვდეთ, რომ ვინც ეძებს, პოულობს, ამიტომ თუ გზაზე ბრაზის გადმოსანთხევად დამნაშავეების ძებნა დაიწყეთ, აუცილებლად იპოვით.
საზეპირო
 . თუ ცდილობენ, რომ რბოლაში გამოგიწვიონ, ეცადეთ, თქვენი რეაქცია ასეთი იყოს: “მიბრძანდი, ბატონო!”
. ნაცვლად იმისა, რომ საუკეთესო დრო აჩვენოთ, ეცადეთ, ეს დრო საუკეთესოდ გაატაროთ.
. თუ სხვა მძღოლისთვის საკადრისის მიზღვის სურვილი გაგიჩნდათ, იფიქრეთ: “ჩავჯდებოდი კი იმ თვითმფრინავში, რომლის პილოტიც ჩემსავით იქცევა?”
. სხვა მძღოლების განსჯის ნაცვლად სცადეთ წარმოიდგინოთ, რატომ იქცევიან ასე.

მოთმინება, მოთმინება, თავადო!
თუ მოუთმენლობისგან გული ყელში გებჯინებათ, ეჭვის უფლება სხვა მძღოლებსაც დაუტოვეთ და ზუსტად ისე მოიქეცით, როგორც თქვენ გინდათ მოგექცნენ. ეს თქვენს მანქანაში უკეთეს ატმოსფეროს შექმნის.
თუ გზას თანამშრომლობისა და შეთანხმების განწყობით შევუდგებით, შედეგი გაცილებით უკეთესი იქნება და ეს ბევრად უფრო საიმედო მძღოლად გაქცევთ.
თუ გეჩვენებათ, რომ წინ მიმავალი მანქანა მეტისმეტად ნელა მოძრაობს, გასწრება კი შეუძლებელია, თავი მოთოკეთ და თქვენს მანქანებს შორის დისტანცია კი არ შეამოკლოთ, გაზარდეთ. თუ წინა მანქანა რაიმე მოულოდნელს ჩაიდენს, რეაგირებისთვის დრო გექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ უბედური შემთხვევის ალბათობას გაზრდით.
საზეპირო:
 . ნუ ბრაზობთ, როცა ვინმე სიჩქარის ლიმიტს იცავს – ეს უბრალოდ კანონია და ზოგიერთი მას პატივს სცემს.
. თქვენსა და წინა მანქანას შორის მინიმუმ ორწამიანი დისტანცია დაიცავით.
. გზაში თავი მასპინძლად იგრძენით, ამიტომაც თუ სხვა გზას გიჭრით, როგორც სტუმარი გაატარეთ.

რა დროს ჯიბრია?!
ცხოვრება შეჯიბრებისა და თამაშის უამრავ შანსს გვაძლევს, მაგრამ გზატკეცილი ერთ-ერთი მათგანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს. ვინ იცის, იქნებ ჩვენი ქვეცნობიერი ასფალტს მართლაც ჯუნგლებად აღიქვამს და ჩვენში პირველყოფილ ველურს აღვიძებს. ასეა თუ ისე, მთავარი იმპულსი, რომელიც გზატკეცილზე აგრესიასა და შეჯიბრების სურვილს იწვევს, ჩვენსავე თავშია.
 სცადეთ, გზისადმი დამოკიდებულება შეცვალოთ და მგზავრობა უფრო სასიამოვნო გახადოთ. თუ მაინცდამაინც თამაში გინდათ, იქნებ ყველაზე თავაზიანი მძღოლის ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოლოთ.
როცა სიჩქარეს უმატებთ და სხვა მძღოლებს უკან იტოვებთ, – თამაშის გამო, რომელსაც მარტო თამაშობთ! – საკუთარ თავს ჰკითხეთ: “სისულელე არ იქნება ამის გამო სიკვდილი?!” სამანქანო გზა თამაშისთვის ყველაზე შეუფერებელი ადგილია.
საზეპირო:
– რაც მეტი სიჩქარით მგზავრობთ, ნაკლები დრო დაგრჩებათ გარემო დაათვალიეროთ;
– თანამგზავრებთან საუბრით და ურთიერთობით ისიამოვნეთ; თუ გასწრებასა და შეჯიბრებაზე იფიქრეთ, ამას ვეღარ მოახერხებთ;
– იმის ნაცვლად რომ მოგებაზე იფიქროთ, გაითავისეთ რომ ყველაზე მთავარი შინ (ან იქ სადაც მიდიხართ) მშვიდობით მისვლაა;
– მგზავრობისთვის მეტი დრო გამოყავით. გაგიკვირდებათ სულ ორიოდე ზედმეტი წუთი, რამდენად მშვიდად გაგრძნობინებთ თავს.

რა სეირს ვაჩვენებთ
თავხედი მძღოლებისთვის ჭკუის სწავლებას იშვიათად მოაქვს სასურველი შედეგი სწავლების ობიექტისთვის, პირადად თქვენთვის და, მით უმეტეს, თქვენი მგზავრებისთვის. ეს პატრულის საქმეა და არა თქვენი. მოსამართლის მანტიის მორგებითა და წესრიგის დამყარების მცდელობით სიტუაციას მხოლოდ და მხოლოდ გაამწვავებთ და საკუთარ თავსაც და თქვენს მგზავრებსაც საფრთხეს შეუქმნით.
სხვა თვალით შეხედეთ სხვების შეცდომებს. გახსოვდეთ, რომ მათ სულაც არ სურთ, განზრახ გავნონ და საფრთხე შეგიქმნან. უბრალოდ, დაიღალნენ, გონება გაეფანტათ ან დაავიწყდათ.
როცა წესრიგს ის ამყარებს, ვისაც ამის უფლება არ აქვს, ძნელი წარმოსადგენია, მეორე მხარემ ეს დამსახურებულ სასჯელად მიიღოს; სავარაუდოდ, იფიქრებს, რომ ცხვირს სხვის საქმეში ყოფთ.
შორეულ ამერიკაში აგრესიული მძღოლების სამხილებლად პატრულს მობილურის სპეციალურ ნომრები აქვს გამოცხადებული. როცა ჩვენში უმეტესობა წესების დაცვას დაიწყებს და გზებზე წესრიგი დამყარდება, იქნებ ეს პრაქტიკა ჩვენმა პატრულმაც გადმოიღოს…
საზეპირო
 . დასჯის მცდელობა სხვა მძღოლებს უფრო მეტად გააბრაზებს.
. თუ სხვა მძღოლი ჩხუბს იწყებს, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ დახმარება. არც მანქანიდან გადახვიდეთ და არც სახლში წახვიდეთ.
. გახსოვდეთ, რომ უშეცდომო არც თქვენ ხართ, ამიტომ სხვის შეცდომებზე ფიქრს სჯობს, ეს დრო საკუთარ თავსა და საკუთარ გზას მოახმაროთ.

სიჩქარე

სიჩქარე საგზაო ტრავმატიზმის გადამწყვეტი რისკფაქტორია – გავლენას ახდენს როგორც მის ალბათობაზე, ისე გამოწვეული ტრავმების სიმძიმეზეც. რაც უფრო მეტი სიჩქარით მოძრაობს ტრანსპორტი, მეტია ალბათობა, რომ ავარია მოხდება და მძღოლი ან მგზავრი მძიმედ დაშავდებიან. მიზეზი, არც მეტი, არ ნაკლები, ფიზიოლოგიისა და ფიზიკის კანონებია: დრო ჩვენც გვჭირდება, რომ საპასუხო რეაქცია მოვიფიქროთ და განვახორციელოთ და მანქანასაც, ინერცია რომ დაძლიოს და, ვთქვათ, დამუხრუჭებისას გაჩერდეს.
რეაქციისთვის მოკვდავთა უმრავლესობას 1.5-დან 4 წამამდე დრო სჭირდება. გაიხსენეთ სკოლაში ნასწავლი სიჩქარისა და მანძილის ურთიერთმიმართება და თუ გსურთ, თავად გამოიანგარიშეთ, რამდენ მეტრს უდრის ეს წამები გზაზე. ამას კი მუხრუჭზე ფეხის დადგმიდან მანქანის გაჩერებამდე გასული დროც უნდა დავუმატოთ. თუმცა ანგარიშისთვის დრო რომ არ დავკარგოთ, უკვე სხვების გამოთვლილ-დაზუსტებულს მოგაწვდით, თქვენ კი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ მანქანიდან 13-იოდე მეტრზე გზაზე ბავშვმა გადაირბინა. 30კმ/სთ-ით მოძრავი მანქანა, როგორც ხედავთ, გაჩერებას ასწრებს, 50 კმ/სთ-ით მოძრავი კი რეაქციის დროს უკვე 14 მეტრს გადის. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ სიჩქარე მძღოლის შეცდომის შედეგებსაც რამდენჯერმე ამძიმებს.
ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ ადამიანის ქცევის პროგნოზირება გზების ურთულეს სინამდვილეში უბრალოდ არარეალურია და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება ვერ მოხერხდება, ამიტომ გზების დაგეგმარებისას სხეულის ამტანობაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ამ შემთხვევაში მრავალ ადამიანს ვიხსნით სიკვდილისა და ინვალიდობისგან.
მეცნიერთა დასკვნით, ტრავმა ენერგიის ურთიერთმიმოცვლის შედეგია. შეჯახებისას ადამიანის სხეული ენერგიას იძენს და ეს ენერგია აზიანებს მის უჯრედებს, ქსოვილებს, სისხლძარღვებსა და ორგანოებს. როცა ავარიისას წინა სავარძლის მგზავრის თავი საქარე მინას ან საჭეს ურტყამს, ეს კინეტიკური ენერგიის გავლენით ხდება. განურჩევლად იმისა, კინეტიკური ენერგიის წარმოქმნას ავტომობილის შეჯახება იწვევს, გასროლილი ტყვია თუ დაცემა, ძალა, რომელიც მსხვერპლის ორგანიზმზე მოქმედებს, სიჩქარისა და მასის ნამრავლის პროპორციულია. შთასანთქმელი კინეტიკური ენერგია უდრის მასის  ნახევრისა და სიჩქარის კვადრატის ნამრავლს. მიყენებული ზიანი დამოკიდებული იქნება შეჯახებული საგნისა თუ ზედაპირის ფორმასა და დრეკადობის უნარზე, მაგრამ, როგორც ფორმულიდან ჩანს, ყველაზე კრიტიკულ როლს სიჩქარე ასრულებს.
როცა მანქანა ფეხით მოსიარულეს, ველოსიპედისტს ან მოტოტრანსპორტის მძღოლს ეჯახება, ბუნებრივია, ამ უკანასკნელს მძიმე ან საბედისწერო ტრავმის მიღების მეტი საფრთხე ემუქრება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა სპეციალური გრაფიკიც შეადგინეს, რომელიც ავტოტრანსპორტის სიჩქარის მიხედვით შეჯახებისას ფეხით მოსიარულის ფატალური ტრავმის ალბათობას ასახავს.
მძიმე და საბედისწერო ტრავმებს მანქანის რომელიმე ნაწილის ისეთი ზეწოლა ან აჩქარება იწვევს, რომლის ატანა ადამიანის სხეულს არ ძალუძს. როგორც ხედავთ, ამის ალბათობა დრამატულად იზრდება, როცა მანქანის სიჩქარე 30კმ/სთ-ს აჭარბებს. 50კმ/სთ-ზე ხუთიდან ერთ ადამიანსაც არ რჩება გადარჩენის შანსი. მანქანაში მსხდომებს გაცილებით უკეთესად აქვთ საქმე, თუ ეს უკანასკნელი კარგად არის დაპროექტებული და უსაფრთხოების ღვედიც ყველას უკეთია. ამ შემთხვევაში, თუ სიჩქარე 70 კმ/სთ ან ნაკლებია, წინიდან შეჯახებას, სავარაუდოდ, ყველა გაუძლებს, გვერდიდან შეჯახებისთვის კი სიჩქარე 50კმ/სთ ან ნაკლები უნდა იყოს.

წყარო : http://www.aversi.ge

მსგავსი ამბები

Close
Close