გართობა

გენეტიკა

d3a847ab9878

საკუთარი ენის მოხრა შეგიძლიათ? თუ შეგიძლიათ, მაშინ დიდი შანსი არსებობს იმისა, რომ თქვენს ოჯახში ეს კიდევ თუნდაც ერთ ადამიანს შეეძლოს. ყოველი მეოთხე ადამიანი ენის მოგრეხას ახერხებს. ეს ერთ-ერთი თვისებაა იმ ათასობით თვისებებიდან, რომლებიც შვილებს მშობლებისგან გენების მეშვეობით გადაეცემა.

ყველა ბავშვი ამა თუ იმ სახით თავის მშობელს ჰგავს, მაგრამ თითოეულ ჩვენთაგანს გენების საკუთარი, უნიკალური კომბინაცია აქვს. ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპების გარდა, ერთნაირი გენების მქონე ორი ადამიანი არ არსებობს.

სად არის გენები –
ჩვენი გენეტიკური ინფორმაცია ჩვენი სხეულის ყველა უჯრედშია შენახული. თითეულ უჯრედს დაახლოებით 30000 გენისგან შემდგარი ერთი და იგივე ნაკრები აქვს. ეს გენები ერთმანეთს ემატება და ადამიანის დაბადებისა და ზრდის ინსტრუქციების სრულ კომპლექტს, ანუ ჩვენს გენომს ქმნის.
გენები უჯრედის ბირთვში ანუ მართვის ცენტრშია. ისინი გრძელ, წვრილ ძაფისებრ სტრუქტურებს ქმნიან, რომლებსაც ქრომოსომები ეწოდება. ქრომოსომები წყვილებად არსებობს და თითოეული წყვილი ერთი და იმავე თვისებების შესაბამის გენებს ატარებს.

განსხვავებული ქრომოსომები –
სხვადასხვა ცხოველებსა და მცენარეებს სხვადასხვა რაოდენობის ქრომოსომები აქვთ. მაგალითად, თითქმის ყველა გველს 36 ქრომოსომა აქვს, ცხენს – 63, ზოგ გვიმრას კი – 500 ან მეტი.
ადამიანის თითოეულ უჯრედში 46 ანუ 23 წყვილი ქრომოსომაა. გამონაკლისია მხოლოდ სასქესო უჯრედები: სპერმატოზოიდები და კვერცხუჯრედები, სადაც 23 გაუწყვილებელი ქრომოსომაა. როცა სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედს ანაყოფიერებს, თითოეული მშობელი 23 ქრომოსომას გადასცემს, რის შედეგადაც ბავშვს 46 ქრომოსომისგან შემდგარი უნიკალური ნაკრები აქვს.

როგორ მოქმედებს გენები –
გენები შედგება ქიმიური ნივთიერებებისგან, რომელსაც დეზოქსირიბონუკლეინმჟავა ანუ დნმ ეწოდება. დნმ უჯრედს ეუბნება, როგორ უნდა დაამზადოს ციელბი, რომლებიც აუცილებელია უჯრედის ზრდისთვის. ჩვენი სხეულის თითოეული უჯრედი მინიმუმ 10 000 სხვადასხვა სახის ცილას შეიცავს. დნმ–ის უზარმაზარი მოლეკულის მცირე ნაწილებს ცალკეული ცილების დამზადებისთვის საჭირო ინსრუქციები გადააქვს. ამ ცილების დამზადებისთვის საჭირო მექანიზმი განლაგებულია სტრუქტურებზე, რომლებსაც რიბოსომები ეწოდება და რომლებიც ბირთვის გარეთ მდებარეობს. თვითნ დნმ ბირთვიდან გარეთ არასოდეს გამოდის. ამის ნაცვლად, მისი ნაწილების ასლები სხვა ქიმიურ ნივთიერებაში მიიღება, რომელსაც ინფორმაციული რიბონუკლეინმჟავა ანუ რნმ ეწოდება. ეს ნივთიერება რიბოსომებს კონკრეტული ცილის დამზადების ინსტრუქციებს გადასცემს.

გენების ასლები –
ყოველთვის, როცა ახალი უჯრედი წარმოიქმნება, მიიღება დნმ–ის ახალი ასლი, რათა ყველა უჯრედს გენების საკუთარი ასლი ჰქონდეს. დნმ–ის აგებულება გენების ასლების დამზადებას აადვილებს. დნმ–ის ჯაჭვი შუაზე იხლიჩება და თავისუფალი ქიმიური სამშენებლო ბლოკები მიღებული ნახევრების შესაბამის ნაწილებს ერგება. ასე რომ, დნმ–ის ერთი ჯაჭვისგან ორი იდენტური ახალი ჯაჭვი მიიღება.

პრობლემური გენები –
გენები შეიძლება შეიცვალოს, თუ ასლების დამზადების პროცესში შეცდომა მოხდა ან თუ მათზე ქიმიური ნივთიერებები ან გამოსხივება მოქმედებს. გენები მაშინაც იცვლება, როცა სქესობრივი გამრავლების დროს ერთმანეთს ერევა. დნმ–ის ნაწილის მუდმივ ცვლილებას მუტაცია ეწოდება. მუტაციების უმრავლესობა საზიანოა, მაგრამ რამდენიმე მათგანს სასარგებლო თვისებებიც აქვს. ასეთი მუტაციები სახეობის ცვლილებასა და ევოლუციას უწყობს ხელს.
გენების ზოგიერთ კომბინაციას დარღვევის ან დაავადების გამოწვევა შეუძლია. მაგალითად, მამაკაცთა დაახლოებით 8 პროცენტში დალტონიზმია გავრცელებული – ისინი წითელ და მწვანე ფერებს ვერ აღიქვამენ. ქალთა შორის ასეთები ძალიან ცოტაა, მაგრამ ბევრი ქალი დალტონიზმის მატარებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეიძება გენები თავის შვილებს გადასცენ.

ac12b650319e

გენები და გარემო –
ინდივიდის საბოლოო გარეგნობასა და ქცევას განსაზღვრავს როგორც გენები, ისე გარემოს ზეგავლენა. ამ ზეგავლენაში იგულისხმება ის, თუ რამდენს ჭამს ეს ინდივიდი, როგორ კლიმატში ცხოვრობს და გადაიტანა თუ არა რაიმე დაავადება ან ტრავმა ჩამოყალიბების პროცესში. მაგრამ მემკვიდრეობით მხოლოდ გენების მიერ მართვადი თვისებები გადაეცემა.

ინფორმაცია ჩვენი გენების შესახებ –
პროექტი “ადამიანის გენომი” ერთ–ერთი საერთაშორისო პროგრამაა, რომელმაც უკანასკნელ ხანებში ჩვენს ქრომოსომებში შემავალი ყველა გენის სრული თანამიმდევრობა დაადგინა. ამის მიუხედავად, მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, რას აკეთებენ სხვადასხვა გენები, თუმცა არასრულფასოვანი გენების მოძებნა სულ უფრო ადვილი ხდება, რასაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს გენეტიკურ დაავადებათა მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავება.
ბევრი მედიკამენტი, მაგალითად, ინსულინი, დღეს დიდი რაოდენობით იწარმოება, რაც სწორედ გენეტიკის შესახები ჩვენი ცოდნის ზრდის შედეგია. ინჟინერ–გენეტიკოსები ადამიანის გენებს, მაგალითად, ინსულინის შესაბამის გენს ივნებელ მიკრობებში ათავსებენ. ეს მიკრობები ზრდისას დიდი რაოდენობით გამოიმუშავებენ მაღალი ხარისხის ინსულინს. ამას გარდა, შესაძლებელია, აგრეთვე, ადამიანის გენის ჩასმა უფრო დიდ ცხოველშიც. მაგალითად, შესაძლებელი გახდა ცხვრის გენეტიკური მოდიფიცირება, რის შედეგადაც ცხვარი წამლების შემცველ რძეს იძლევა.

დნმ–ის აღმოჩენა –
მე–20 საუკუნის ბიოლოგიურ აღმოჩენებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი 1953 წელს განხორციელდა, როცა ბრიტანელმა გრენსის კრიკმა და ამერიკელმა ჯეიმზ უოტსონმა ერთობლივად შეიმუშავეს დნმ–ის ორმაგი სპირალის მსგავსი სტრუქტურა. დნმ–ის ფორმის დასადგენად მათ დნმ–ის კრისტალების რენტგენის სურათები გამოიყენეს, რომლებიც მორის უილკინსმა და როზალინდ ფრანკლინმა გადაიღეს. დნმ ფორმით დაგრეხილ კიბეს ჰგავს. ამ ფორმას ორმაგი სპირალი ეწოდება. კიბის საფეხურები ოთხი სახის ქიმიურ “სამშენებლო ბლოკებს” შეიცავს: ადენინს, გუანინს, თიმინსა და ციტოზინს. ანბანის ასოების მსგავსად, ეს ბლოკები შეიძება სხვადასხვაგვარად განლაგდეს და გენების სხვადასხვა “სიტყვები” წარმოქმნას. ასე რომ, გენეტიკურ ინსტრუქციებს ქიმიური კოდის სახე აქვს.

დამატებით –
ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, ვინაიდან ორივეს გენების ერთი და იგივე კომბინაცია აქვს. ისინი ერთ განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან ჩამოყალიბდნენ. ეს კვერცხუჯრედი დედის საშვილოსნოში ორ უჯრედად გაიხლიჩა და ორივე ახალი უჯრედი ბავშვად ჩამოყალიბდა.

წყარო : http://literatura.mcvane.ge

GiGii

Nope

მსგავსი ამბები

Back to top button