უცნაური

წმინდა გრაალი

giampietrino last supper

მრავალი ადამიანის აზრით, წმინდა გრაალი ის სასმისია, რომელიც იესომ საიდუმლო სერობისას გამოიყენა. მასთან დაკავშირებული ისტორიები დიდი ხნის განმავლობაში აფორიაქებდა კაცობრიობას და ღიად ტოვებდა ისეთ კითხვებს, როგორიცაა: რას წარმოადგენდა წმინდა გრაალი ან საერთოდ არსებობდა თუ არა ის? მას ისტორიული კავშირი აქვს ვატიკანის არქივში დაცულ უძველეს ხელნაწერებთან, ტამპლიერ რაინდებთან და სამხრეთ საფრანგეთში დამარხულ საიდუმლო განძთან.

ბიბლიის მიხედვით, 2000 წლის წინ იესო ქრისტემ, იცოდა რა, რომ გასცემდნენ და ჯვარცმით დასჯიდნენ, შეკრიბა თავისი მოციქულები და გამართა საიდუმლო სერობა. გავრცელებული ვერსიით, წმინდა გრაალი იყო თასი ან ბარძიმი, რომელმაც შემდგომ ზებუნებრივი თვისებები შეიძინა და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რელიგიურ რელიკვიად იქცა დასავლურ სამყაროში. მაგრამ რა ბედი ეწია მას?

წმინდა გრაალი პილიგრიმებმა იხილეს V საუკუნეში, შემდეგ კი პალესტინიდან გაუჩინარდა. მე-13 საუკუნეში მუსირებდა აზრი, რომ რელიკვია კონსტანტინოპოლში ინახებოდა, თანამედროვე სტამბულის ტერიტორიაზე. თანამედროვე სტამბულში შერწყმულია ძველი და ახალი, აღმოსავლური და დასავლური სტილი, ის ყოველთვის წარმოადგენდა მსხვილ სავაჭრო ცენტრს. ხოლო 800 წლის წინ, ჯვაროსნული ომების დროს, ის უფრო მეტად შთამბეჭდავი იყო. პარიზზე რვაჯერ დიდი კონსტანტინოპოლი დასავლური სამყაროს ყველაზე მსხვილ და მიმზიდველ ქალაქს წარმოადგენდა, სადაც რელიგიური რელიკვიებით ვაჭრობის ბუმი იყო.
The Last Supper Da Vinci 1495 98

აია-სოფიას ტაძარი VI საუკუნეში აიგო ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს მიერ, რათა რომზე შთაბეჭდილება მოეხდინა. ამიტომ მშენებლობისას გამოიყენეს საუკეთესო მასალა – ყვითელი და თეთრი მარმარილო, მარმარილოს ფილებითვე მორთეს კედლები და იატაკი, გააფორმეს ოქრო-ვერცხლის მოზაიკური ნამუშევრებით. თუმცა ყველაზე მეტად ზომებით გამოირჩეოდა – 1000 წლის განმავლობაში აია-სოფია წარმოადგენდა ყველაზე მასიურ დახურულ სივრცეს მთელ პლანეტაზე. 800 წლის წინ, ჯვაროსნული ომების დროს, ეს ტაძარი ინახავდა ყველაზე ძვირფას და მნიშვნელოვან რელიგიურ რელიკვიებს. შესაძლებელია თუ არა, წმინდა გრაალი მათ შორის ყოფილიყო?

შუა საუკუნეების ისტორიის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ დიდი შანსია, წმინდა გრაალს აქ დაედო ბინა, რადგან აია-სოფიაში ინახებოდა ისეთი ნივთები, როგორიცაა ეკლის გვირგვინი, წმინდა შუბი, სუდარა და ა.შ. ამიტომ თუკი წმინდა გრაალი მართლაც არსებობდა, მას ამ ტაძარში გადმოიტანდნენ. თუმცა არა სამუდამოდ, რადგან ჯვაროსნებს შემდეგ ისევ მიჰქონდათ რელიკვიები და მთელ ევროპაში ანაწილებდნენ. სავარაუდოდ წმინდა გრაალიც მათ შორის იყო. ზოგიერთის აზრით, ის ესპანეთში მოხვდა, სხვები საფრანგეთს ფიქრობენ, არის დიდი ბრიტანეთის ვერსიაც.
ტემპლის ეკლესია ლონდონში მდებარეობს. ის ააგეს ტამპლიერმა რაინდებმა, რომლებიც, ლეგენდის მიხედვით, წმინდა გრაალს იცავდნენ. მათი ჩამოყალიბება მოხდა 1118 წელს იერუსალიმში, იესოს ჯვარცმის ადგილთან ახლოს. მათი მიზანი იყო, დაეცვათ ქრისტიანი პილიგრიმები ევროპა-იერუსალიმის გზაზე. პილიგრიმების საბოლოო დანიშნულების ადგილი იყო აღდგომის ტაძარი, რომელსაც მრგვალი მოყვანილობა ჰქონდა. რაინდებმა სწორედ მას მიამსგავსეს ტემპლის ეკლესია და მის მსგავსად წრიული ფორმა მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ მას კავშირი აქვს წმინდა მიწასთან და ტამპლიერებთან, არ არის შემონახული ცნობები, რომ წმინდა გრაალი ოდესმე აქ ინახებოდა. თუმცა ეს არაა ერთადერთი ნაგებობა დიდ ბრიტანეთში, რომელსაც შეუძლია, ამ რელიკვიასთან კავშირზე ჰქონდეს პრეტენზია.

ბევრი ადამიანი თვლის, რომ ტამპლიერებმა წმინდა გრაალი გადაიტანეს შოტლანდიაში მდებარე როსლინის ეკლესიაში. როსლინის ეკლესია მე-15 საუკუნეში აიგო უილიამ სინკლერის მიერ. მას ყოველწლიურად 70 000 ადამიანი სტუმრობს. გადმოცემა გვიამბობს, რომ ეკლესია აშენდა, როგორც წმინდა გრაალის საიდუმლო საცავი, ადგილმდებარეობაზე მინიშნება კი ორნამენტებშია დამალული. ლეგენდის მიხედვით, ეკლესიის იატაკის ქვეშ ეკლესიის ზომის საცავია, სადაც განძი ინახება. სხვა ვერსიით, წმინდა გრაალი მის ერთ-ერთ სვეტშია შენახული. თუმცა ეკლესიის დათვალიერებისას მინიშნების პოვნა ფაქტობრივად შეუძლებელია, ერთადერთი რამ, რაც შეიძლება, წმინდა გრაალს უკავშირდებოდეს, არის ერთ-ერთ მინაზე გამოსახული სასმისი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ როსლინის ეკლესიის აგებისას ტამპლიერთა ორდენი დაშლილი იყო და შესაბამისად, არც მის აგებაში მიუძღვით რაიმე წვლილი, წმინდა გრაალთან მისი კავშირი მხოლოდ ლეგენდა უნდა იყოს და არა ისტორიული ფაქტი.
holy grail title

სხვა გადმოცემის მიხედვით, წმინდა გრაალის ადგილსამყოფელი გლასტონბერის გორაკია. ეს რელიკვია აქ მოიტანა იმ ადამიანმა, რომელმაც იესო ქრისტეს სხეული გამოითხოვა რომაელებისგან და შემდეგ დამარხა – იოსებ არიმათიელი. იოსებმა საიდუმლო სერობისას გამოყენებული სასმისი აიღო და მასში ჯვარცმისას დაღვრილი სისხლი შეაგროვა. გლასტონბერში ჩამოსვლისას მან გორაკზე კვერთხი აღმართა და მიწაში ჩაარჭო, სადაც მაშინვე ამოვიდა ხე. იოსების სიკვდილის შემდეგ კი წმინდა გრაალი გადაიტანეს გლასტონბერის მონასტერში. თუმცა ადრეული ხანის მწერლები ბრიტანეთში ქრისტიანობის შემოსვლას არ უკავშირებდნენ იოსებ არიმათიელს და მისი ამ ადგილთან კავშირის შესახებ ცნობა მხოლოდ მე-9 საუკუნიდან ჩნდება. გლასტონბერთან დაკავშირებით არის სხვა, უფრო ცნობილი ლეგენდაც – მეფე არტურსა და მის რაინდებზე, რომლებიც წმინდა გრაალს ეძებდნენ. თუმცა აქაც იგივე პრობლემა ჩნდება: ამ ლეგენდას არ აქვს ფაქტობრივი მხარდაჭერა და ისტორიული მონაცემები სხვა სურათს ხატავენ. როგორც ჩანს, წმინდა გრაალი გლასტონბერში არასდროს ყოფილა, რაც გასაგებიცაა, რადგან ამ მოსაზრებას საფუძველი ძირითადად შუა საუკუნეების ლიტერატურიდან ეყრება.
ლონდონში მდებარე ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის მასალებიდან ირკვევა, რომ წმინდა გრაალთან დაკავშირებული ბრიტანული ამბები ეფუძნება მე-15 საუკუნის წიგნს „არტურის სიკვდილი”, რომლის ავტორიც სერ ტომას მელორია. მელორის მანუსკრიპტის მხოლოდ ერთი ასლი არსებობს და ის 1934 წელს აღმოაჩინეს ვინჩესტერის კოლეჯის ბიბლიოთეკაში, ნაშრომების კატალოგებში განაწილებისას. ხოლო ფრანგული ნაწარმოები, რომლისგანაც მელორიმ, მისივე თქმით, გრალის ამბავი ისესხა, სხვა ამბავს ყვება.

მეფე არტურთან დაკავშირებული შუა საუკუნეების ევროპული ლეგენდების სათავე ძირითადად მე-12 საუკუნის მიწურულში მოღვაწე ფრანგი პოეტის კრეტიენ დე ტრუას შემოქმედებაა. გარდა ამისა, სწორედ აქედან იწყება იმ აზრის გავრცელება, რომ წმინდა გრაალი სასმისია. მის წიგნში მეფე არტურის სამეფო კარის რაინდი, სახელად პერსევალი, ღამით რჩება ციხესიმაგრეში, რომელიც ეკუთვნის დაჭრილ მეფეს, იგივე მეფე-მეთევზეს. ღამით ის უცნაური პროცესიის მოწმე ხდება, სადაც ახალგაზრდა გოგონას უჭირავს ჯადოსნური სასმისი – გრაალი. პერსევალს ბევრი ლაპარაკი აკრძალული აქვს, ამიტომ კითხვის დასმას ვერ ბედავს და მეორე დღეს მარტოს ეღვიძება.

პერსევალის ამბავი იმ დროის ბესტსელერი იყო, მრავალ ქვეყანაში გავრცელდა და სწრაფად გახდა პოპულარული. მან დღემდე მოაღწია და საფრანგეთის სკოლებში ჯერ კიდევ ისწავლება. მიუხედავად იმისა, რომ კრეტიენ დე ტრუა ასობით და შესაძლოა, ათასობით ლეგენდისა თუ მითის ფუძემდებელი გახდა, თავად მასზე მცირე რამაა ცნობილი. თუმცა ერთი რამ აშკარაა: მისი შემოქმედება უბრალოდ ლიტერატურული ნიმუშია და არა ისტორიული ჩანაწერი. შესაბამისად, წმინდა გრაალი შეიძლება სულაც არ იყოს საიდუმლო სერობისას გამოყენებული სასმისი.

***

არსებობს კიდევ ერთი ბესტსელერი, რომელმაც დე ტრუას მსგავსად მსოფლიოს დიდი ნაწილი აალაპარაკა – დენ ბრაუნის „და ვინჩის კოდი”. თუმცა ნაწარმოებმა მრავალი კითხვა დაბადა: რა არის მასში რეალური და რა – გამოგონილი? პარიზში ყოველ წელს უამრავი ადამიანი ჩადის და მათი მიზანი არა ტრადიციული ღირსშესანიშნაობების ნახვა, არამედ წმინდა გრაალის პოვნაა იმ მარშრუტის მიხედვით, რომელიც „და ვინჩის კოდშია” აღწერილი.

დენ ბრაუნი აყენებს მოსაზრებას, რომ წმინდა გრაალი სულაც არაა სასმისი და მისი სწორი წარმოთქმაა Sang réal (ნაცვლად San gréal-ისა), რაც ძველ ფრანგულ ენაზე „სამეფო სისხლს” ნიშნავს. ამ მოსაზრებით, მარიამ მაგდალინელი იესო ქრისტეს ცოლი იყო და სავარაუდოდ შვილიც ჰყავდათ, შთამომავლობა კი წმინდა გრაალია. ამ თეორიას საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ და ინახავდნენ მიწისქვეშა ორგანიზაციის, სიონის პრიორატის წევრები. პრიორატის ჩანაწერების მიხედვით, ისტორიის მანძილზე მისი წევრები იყვნენ ცნობილი და დამსახურებული მოღვაწეები – ლეონარდო და ვინჩი, ისააკ ნიუტონი, ვიქტორ ჰიუგო და ა.შ.

ის აზრი, რომ წმინდა გრაალი იესოს შთამომავლობაა, დენ ბრაუნზე გაცილებით ძველია და სამხრეთ საფრანგეთს უკავშირდება. ამ რეგიონს ზოგჯერ „გრაალის ქვეყანასაც” კი უწოდებენ. აქ მდებარეობს იუნესკოს მიერ დაცული შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი კარკასონი, რომელსაც ყოველწლიურად 3 მილიონი ტურისტი სტუმრობს. ეს ქალაქი 2500 წლის განმავლობაში იყო დასახლებული. 1209 წელს აქ ცხოვრობდნენ ერეტიკოსად შერაცხული კატარები, რომლებიც ქრისტიანობის განსხვავებულ ფორმას მისდევნდნენ. მათ ორი ღმერთის სწამდათ, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა რომაულ კათოლიციზმთან. კატარების მოსაზრებით, ეს სამყარო ბოროტმა ღმერთმა შექმნა, იმ ღმერთმა, რომელსაც ძველი აღთქმა აღწერდა და მისი განდიდებით ტრადიციული ქრისტიანული ეკლესია შეცდომას უშვებდა. ხოლო იესო ქრისტე არა ღმერთი, არამედ მაცნე იყო, რომელმაც კეთილ ღმერთზე ამცნო ადამიანებს. კარკასონში ჯვაროსნები გაგზავნეს, რათა ქალაქი აეღოთ და კატარები გაენადგურებინათ. ლეგენდის მიხედვით, კატარები ინახავდნენ საიდუმლოს, რომ წმინდა გრაალი იყო წმინდა შთამომავლობა, Sang réal.
betrayal at last supper

1209 წლის ზაფხულში სიმონ დე მონფორის ხელმძღვანელობით ჯვაროსნების არმია გარს შემოერტყა ქალაქს და კატარები ალყაში მოაქციეს. ამ უკანასკნელებს მალე გამოელიათ საკვები და რესურსები და 15 აგვისტოს დანებება არჩიეს. პაპისადმი გაგზავნილი მოხსენების თანახმად, ჯვაროსნებმა 20000 ადამიანი დახოცეს და ქალაქს ცეცხლი წაუკიდეს. ამით დასრულდა კატარების ეპოქა კარკასონში და დაიწყო სისხლიანი ჯვაროსნული ერა, რომელმაც ათწლეულები გასტანა. შემდეგი 35 წლის განმავლობაში კატარებზე დევნა ხორციელდებოდა მთელი საფრანგეთის მასშტაბით და თითქმის მთლიანად ამოწყვიტეს, მხოლოდ ათეულებიღა გადარჩნენ.

გადარჩენილმა კატარებმა თავი შეაფარეს მონსეგიურის ციხესიმაგრეს. მთლიანობაში აქ იყო 211 პაციფისტი მღვდელი და 98 მეომარი. 10 000 ჯვაროსნის შემოსევას ცხადია, ვერ გაუმკლავდნენ და 10 თვიანი ალყის შემდეგ მონსეგიური დაეცა. 220-მა კატარმა უარი თქვა რწმენის შეცვლაზე, ამიტომ ისინი ცოცხლად დაწვეს. რამდენიმემ კათოლიციზმი მიიღო და გათავისუფლდა, ციხესიმაგრე კი ცეცხლს მისცეს.

არსებობს ლეგენდა, რომ კატარები საუკუნეების განმავლობაში თან ატარებდნენ მისტიკურ განძს, რომელიც გავრცელებული ვერსიით, იყო იესოს ჩონჩხი, რაც ამტკიცებდა, რომ ის არ გაკრულა ჯვარზე და არც აღდგომა მომხდარა. იმავე ლეგენდით, ისინი ასევე იცავდნენ მარიამ მაგდალინელის სხეულს, რომელიც სამხრეთ საფრანგეთში ინახებოდა. არსებობს ისტორიული ცნობები, რომ ციხესიმაგრეში შეფარებულ კატარებს ნამდვილად ჰქონდათ რაღაც განძი, რომელიც შემდეგ მთებში დაიმარხა.

***

1933 წელს გამოვიდა გერმანელი ისტორიკოსის ოტო რანის წიგნი „ჯვაროსნული ლაშქრობა გრაალის წინააღმდეგ”, რომელმაც გააცოცხლა მოსაზრება კატარებისა და წმინდა გრაალის კავშირის შესახებ. მართალია, წიგნში არაა ნათქვამი, რა იყო რეალურად გრაალი, თუმცა მკითხველებმა ჩათვალეს, რომ ის ინახებოდა „გრაალის ქვეყანაში”, რომელიმე გამოქვაბულში. არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ ადოლფ ჰიტლერმა მისი ერთგული ხალხიც გაგზავნა, რათა გრაალისთვის მიეგნოთ. მართალია, არის ცნობები, რომ ის დაინტერესებული იყო ამ საკითხით, თუმცა ვინმეს გაგზავნა არ დასტურდება.

***

წმინდა გრაალთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ამბავი ეხება მე-19 საუკუნის მღვდელ ბერანჟე სონიერსა და რენ-ლე-შატოს მთებს. ბერანჟე სონიერი ჩვეულებრივი სასულიერო პირი იყო, თუმცა ერთხელაც ეკლესიის დალაგებისას რაღაც იდუმალი აღმოაჩინა და ერთ ღამეში ძალიან გამდიდრდა. რაც უნდა ეპოვნა, სავარაუდოდ უკავშირდებოდა წმინდა გრაალს. შესაძლოა, ეს იყო მინიშნება მის აღმოსაჩენად. რენ-ლე-შატოში მდებარეობს პატარა ეკლესია, რომელიც მარიამ მაგდალინელის სახელზე აიგო. მოსაზრება, რომ მას იესოსთან შვილები გაუჩნდა და შემდეგ საფრანგეთის ამ რეგიონში გადმოვიდა საცხოვრებლად, მორიგი ბესტსელერი წიგნის, „წმინდა სისხლისა და წმინდა გრაალის”, მთავარი იდეა გახდა. მასში ასევე ნათქვამია, რომ წმინდა გრაალი არის წმინდა შთამომავლობა, იგივე Sang réal.

მღვდელ ბერანჟე სონიერის მიერ გაკეთებული აღმოჩენის ამბავი ბურუსითაა მოცული. ერთი ვერსიით, მან იპოვა რაღაც, შესაძლოა განძი ან დოკუმენტი, რომელიც შემდგომ გაყიდა. მეორე ვარიანტის მიხედვით, ვიღაცამ ან ვიღაცებმა იცოდნენ, რომ ეკლესიაში მნიშვნელოვანი რამ ინახებოდა და მის საპოვნელად თანხა გადაუხადეს. მესამე ვერსიით, მისი გამდიდრების მიზეზი იყო სიმონია, საეკლესიო თანამდებობათა ყიდვა-გაყიდვა, რაც კათოლიკური მოძღრების მიხედვით, დიდი დანაშაული იყო. რა აღმოაჩინა სონიერმა, უცნობია. ზოგიერთის მოსაზრებით, ეს იყო ორი უძველესი პერგამენტი, რომლებიც წმინდა ოჯახის შთამომავლობაზე ინახავდნენ ღირებულ ინფორმაციას. ალბათ გასაკვირი არაა, რომ რენ-ლე-შატოს ყოველწლიურად 100 000 ტურისტი სტუმრობს.

მომზადებულია BBC-ისდოკუმენტური ფილმის მიხედვით.

წყარო : http://charliuss.com

strangegirl

nuuu exla chveulebrivi gogo var cota uznauri azrebit :D <3
Back to top button