არქივი

ნიკოლა ტესლას საკამათო გამოგონებები

bu3st

ნიკოლა ტესლა – ადამიანი, რომელმაც გაანათა მსოფლიო. მეცნიერი, რომელმაც შექმნა ცვლადი დენის სისტემა და ჩაანაცვლა ედისონის არაეფექტური მუდმივი დენი. ფიზიკოსი, რომელმაც, მისი თანამედროვეების თქმით, “მეოცე საუკუნე გამოიგონა”. მის შესახებ ხშირად აგორებულა ჭორები და მითქმა-მოთქმა. უამრავ გამოგონებასთან ერთად, რომელთაგან ბევრს დღესაც უცვლელი სახით ვიყენებთ, არის ისეთებიც, რომელთა ისტორია ბუნდოვანია, გაურკვეველია, ტესლამ შექმნა ისინი რეალურად თუ არა. პოსტში სწორედ ორ ასეთ გამოგონებას გაეცნობით – მიწისძვრის მანქანასა და სასიკვდილო სხივს.

მიწისძვრის მანქანა

z29zr

ამბები ამ ხელსაწყოზე რეალურ ფაქტს ეფუძნება. 1898 წელს, 42 წლის ასაკში ტესლამ შექმნა მოწყობილობა, რომელსაც ეძახდა “ელექტრომექანიკურ ვიბრატორს”. ის ვარაუდობდა, რომ სამყაროში ყველანაირ მატერიას აქვს უნიკალური, მისთვის დამახასიათებელი “რეზონანსული სიხშირე”, რომლის მანიპულირებასაც ეს მოწყობილობა ახდენდა. ამ ამბავმა ბევრი შეთქმულების თეორია წარმოშვა.

მოწყობილობა საკმაოდ პატარა იყო – 18 სმ-მდე. წონით 700-800 გრამი. ტესლამ ის მანჰეტენში მდებარე მის ლაბორატორიაში შექმნა. ერთხელ, როცა ამ ხელსაწყოს ცდიდა, დაამთხვია იმ შენობის რეზონანსულ სიხშირეს, რომელშიც იმყოფებოდა, რის გამოც ლაბორატორია ლამის ნაწილებად დაიშალა. შორიახლოს მდებარე შენობები ერთი და იმავე მასალით იყო ნაშენები, ძირითადად აგურითა და ხით. ამის გამო უფრო ნაკლებად მტკიცე იყო, ვიდრე დღევანდელი რკინა-ბეტონის ნაგებობები. როცა ტესლამ მოწყობილობა აამოქმედა, მის გამორთვას ვეღარ ახერხებდა. ჰიუსტონის 46 ნომერთან მდებარე ყველა შენობამ ზანზარი დაიწყო, ვიბრაციის სიხშირე კი თანდათან უფრო და უფრო ძლიერდებოდა, თუმცა ხელსაწყოს გაჩერება საბედნიეროდ, მოხერხდა. ქუჩის მაცხოვრებლებმა პოლიცია გამოიძახეს და მიწისძვრის შესახებ შეატყობინეს. რამდენიმე მათგანმა მიწისძვრის დროს ლაბორატორიიდან გამომავალი ზუზუნი გაიგო, ამიტომ შიგნით შესვლა გადაწყვიტეს. რაც იხილეს, ეს იყო გააფთრებული მეცნიერი, რომელმაც მოიმარჯვა ურო და მოწყობილობას რამდენჯერმე დაარტყა, რითაც პატარა ნაწილებად აქცია და საბოლოოდ გამოიყვანა მწყობრიდან. ზუზუნი მიჩუმათდა, ბიძგები შეწყდა და შენობებმაც შეწყვიტეს რხევა.

მოგვიანებით ტესლამ მიწერა წერილი რამდენიმე მნიშვნელოვან პირს, სადაც აცხადებდა, რომ კიდევ 1-2 წუთით რომ დაეტოვებინა, კედლები დაშლას დაიწყებდა და ყველა შენობა მიწასთან გასწორდებოდა.

არიან ადამიანები, რომლებსაც ამ ამბის რეალობაში ეჭვი ეპარებათ. ზოგი ფიქრობს, რომ ტესლა სიმართლეს არ ამბობდა, ზოგს მიაჩნია, რომ ეს წერილები გაყალბებულია. აზრთა სხვადასხვაობის გამო იმდენი ადამიანი დაინტერესდა, რომ დისქავერის გადაცემა “Mythbusters”-ში გადაწყვიტეს იგივეს გამეორება (გადაცემის სანახავად იუტუბის საძიებო ველში ჩაწერეთ Mythbusters – Tesla’s Earthquake Machine). მათ ააგეს ელექტრომექანიკური ვიბრატორი იმ მონაცემებით, რაც შემორჩა, მოიყვანეს მოქმედებაში და მისი ძალა ხიდზე გამოსცადეს, მაგრამ მოწყობილობა არ აღმოჩნდა იმ სიმძლავრის, რომ კონსტრუქცია დაენგრია ან მძლავრად შეერყია. თუმცა ამ ექსპერიმენტს ერთი ნაკლი აქვს – მოწყობილობა არ გათვალეს ტესლას დროინდელ შენობაზე. ვინც არ ეთანხმება გადაცემა Mythbusters-ის ავტორებს, ასევე სვამენ შემდეგ კითხვას: რამდენად შეესაბამებოდა მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა ტესლას გამოგონებას? დადასტურებული ფაქტია, რომ ელექტრომექანიკური ვიბრატორი საკმაოდ მძლავრი რამ იყო, მიუხედავად იმისა, შეეძლო თუ არა გამოეწვია მიწისძვრა. და ის, რომ მისი სავარაუდო სქემა ასე საჯაროა, ეჭვს ბადებს, რამდენად რეალურია ის. ამას დამატებული ის ფაქტი, რომ ტესლას საცხოვრებელში ერთხელ FBI შეიჭრა, მისი ნამუშევრების ნაწილი წაიღო და TOP Secret-ის დაღი დაასვა. თავად FBI აცხადებს, რომ მათ არანაირი საიდუმლო არ აქვთ მეცნიერის შრომებთან დაკავშირებით და FBI-ზე გავრცელებულ მითებში ეს მოსაზრება მეათე ადგილზე გაიყვანეს, თუმცა ვინ იცის. ამასთან, FBI-ს მითვისებულ შრომებში იყო სხვა მნიშვნელოვანი რამეებიც, მათ შორის მოწყობილობა, რომელსაც შემდეგ პუნქტში გაეცნობით.

სასიკვდილო სხივი

f9180

დღესდღეობით საკამათოა, ტესლას ყველაზე ვერაგული გამოგონება რამდენად რეალური იყო, ანუ საერთოდ გამოიგონა თუ არა. 1957 წელს გამოგონებების ეროვნულმა საბჭომ შეადგინა სია, რისი გამოგონება იყო საჭირო. სიაში მოხვდა სასიკვდილო სხივიც, რომელიც უნდა ყოფილიყო საომარი იარაღი. ტესლა ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა არის ვარაუდები, რომ სიცოცხლეში ის მუშაობდა მსგავს იარაღზე. იარაღის შესაძლებლობები დამანგრეველი იქნებოდა.

1934 წლის 29 ნოემბერს ტესლამ წერილი მისწერა ამერიკელი ფინანსისტისა და ბანკირის, ჯონ მორგანის შვილს. მეცნიერი ფინანსურ დახმარებას სთხოვდა მას რევოლუციური გამოგონებისთვის.

“ახლახანს ისეთი აღმოჩენა გავაკეთე, შეფასებას რომ არ ექვემდებარება. მფრინავმა მანქანებმა უკვე მოახდინა ადამიანების მორალური გახრწნა. მათ იმხელა გავლენა აქვთ, რომ პარიზისა და ლონდონის მაცხოვრებლებს სიკვდილივით ეშინიათ საჰაერო დაბომბვის. ახალი ვარიანტების შემუშავებით მე ვიპოვე გზა, თუ როგორ დავიცვათ თავი მსგავსი და ნებისმიერი სხვა სახის იარაღით შეტევისგან. ამ გამოგონების პატარა მოდელის გამოცდამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ლონდონის დაცვაა და ამიტომ მე მივწერ ლონდონში მყოფ ჩემს გავლენიან მეგობრებს, ვიმედოვნებ, რომ ისინი ჩემს იდეას ჭოჭმანის გარეშე დაეთანხმებიან. რუსები იაპონელებზე არიან გამწარებულნი და სამაგიეროს გადახდა სურთ. მე მათაც შევთავაზებ ამ პროექტის დაფინანსებას და ისინი სერიოზულად შეხედავენ საკითხს.”

ნიკოლა ტესლა იმავე წერილში წერდა: “ჩემს გამოგონებას სამუშაოდ ესაჭიროება მცენარეულის დიდი ოდენობა. მაგრამ ამოქმედებისთანავე მას ექნება უნარი, გაანადგუროს ნებისმიერი რამ – ადამიანები, მანქანები, მოძრავი ობიექტები 200 მილის (322 კმ) რადიუსში. ის, ასე ვთქვათ, წარმოქმნის ენერგიის კედელს, რომელიც იქნება გადაულახავი დაბრკოლება ნებისმიერი ეფექტური თავდასხმის წინააღმდეგ.”

სამწუხაროდ (ან საბედნიეროდ), მისი გამოგონებით არცერთი მხარე არ დაინტერესდა. ეს მათთვის ფანტასტიკის ჟანრის ილუზიები უფრო იყო, ვიდრე რეალობა. თუმცა მოგვიანებით, იდეის სახით ნამდვილად იქცა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის უამრავი წიგნისა და ფილმის სცენარის შემადგენელ ნაწილად.

ტესლა გამოგონებაზე მუშაობას სიკვდილამდე აგრძელებდა, სანამ FBI არ შეუვარდა და დოკუმენტები არ ააცალეს. დოკუმენტები შეიცავდა სქემებს, სადაც ახსნილი იყო სხვადასხვა გამოგონებებისა და პატენტების მუშაობის სისტემა. FBI-ს იმჟამინდელმა თავმჯდომარემ და ხელმძღვანელმა, ედგარ ჰუვერმა ერთხელ განაცხადა: “ეს სერბი ყველაზე საშიში გენიოსია მათ შორის, ვისზეც ოდესმე მსმენია.” FBI სასიკვდილო სხივის შესახებ ნებისმიერი დოკუმენტის გამოქვეყნებაზე უარს აცხადებს და ოფიციალურად ამბობს, რომ მათ მსგავსი საბუთები არ გააჩნიათ. შეთქმულების თეორიის მომხრეებს კი მიაჩნიათ, რომ დოკუმენტების ჩამორთმევიდან მოყოლებული მათი დამუშავება მიდიოდა და გამორიცხული არაა, მსგავსი იარაღი შექმნილი ჰქონდეთ.

მითქმა-მოთქმა უკავშირდება ასევე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პატრონაჟით მიმდინარე დედამიწის იონოსფეროს შესწავლისა და ანტისარაკეტო სისტემების შემუშავების პროგრამა HAARP-ს. ამ პროგრამაში მიდის დამუშავება რამდენიმე მძლავრი აპარატისა, რომლებსაც მიიჩნევენ, რომ საფუძვლად ტესლას “სასიკვდილო სხივი” უდევს. გასულ წელს ფრინველებისა და თევზების მასიური ხოცვის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ HAARP-ის ექსპერიმენტებს მიიჩნევენ.

დასასრული.

მსგავსი ამბები

Back to top button