არქივი

პეტრიწონის ქართველთა სავანე ბულგარეთში

b40748f08b5c
უძველესი თრაკიის მიწა-წყალზე, თანამედროვე ბულგარეთის სამხრეთში, როდოპის მთის კალთაზე აღმართულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ქართული სავანე. პეტრიწონის, ანუ იგივე ბაჩკოვოს ეს სავანე სიდიდით მეორეა ბულგარეთში. მონასტერს გარს არტყია როდოპის ჭაღარა მწვერვალები, დაბურული წიწვიანი ტყეები და ჩამოუდის ჩეპელარსკას მჩქეფარე მდინარე. რბილი და თბილი ჰავა საუკეთესო პირობებს ქმნის მრავალგვარი ხილისა და ბოსტნეულის მოსაყვანად. მდელოები ულამაზესი ყვავილებითაა მოჩითული, რომლებიც ანკარა მთის წყაროებით საზრდოობენ. მრავალი ტკბილი წყალი კი სავსეა თევზთა სხვადასხვა სახეობებით, გორაკები დაფარულია ვენახით, ხილითა და ბალახით.

პიროვნება, ვისაც ასე საგულდაგულოდ შეურჩევია ადგილ-მამული, აუშენებია და დაუმკვიდრებია ამ თვალწარმტაც მიდამოში სავანე, გახლდათ ბიზანტიაში მოღვაწე ქართველი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე გრიგოლ ბაკურიანის-ძე, რომელმაც ეს მონასტერი XI საუკუნეში დააარსა და იქ ქართველი ბერები მშობლიურ ენაზე აღუვლენდნენ უფალს ლოცვა-ვედრებას.
f43aae480c02
გრიგოლ ბაკურიანისძემ ჯერ კიდევ აღმოსავლეთში მსახურობისას განიზრახა მონასტრის დაარსება, მაგრამ სახელმწიფო საქმეებით დატვირთულმა გულისწადილის ასრულება მხოლოდ გვიან, ხანდაზმულობის ჟამს მოახერხა. ამოარჩია თავის მამულში საუკეთესო ადგილი სოფელ პეტრიწონში და დააარსა ქართველთა სავანე, რომელიც თავისი ძმის – აბაზის შემოწირულებით ააგო. გრიგოლი და აბაზი ერთად იბრძოდნენ ქრისტიანობის მტრების წინააღმდეგ ბიზანტიაში, ერთად იღწვოდნენ თანამემამულეთა საკეთილდღეოდ საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ და ერთად ადგენდნენ ქართული სავანის მშენებლობის გეგმებს. მაგრამ აბაზს არ დასცალდა, იგი ადრე გარდაიცვალა და მთელი თავისი ქონება ძმას დაუტოვა, რათა მას მისი სულისათვის ეზრუნა.

მონასტრისათვის გრიგოლს არაფერი დაუნანებია: შესწირა სოფლები გლეხებითურთ და ციხეები, დიდძალი სახნავ-სათესი ადგილები, საძოვრები, ტყეები, სათევზაო ტბა, აუშენებია ერთი სასნეულო (საავადმყოფო) და სამი სასტუმრო. ასევე შეუწირავს პატიოსანი ხატები და ჯვრები, რომლებშიც ჩატანებული ყოფილა „ძელი ცხოვრებისას“* ნაწილები. გრიგოლის ძალისხმევითა და ალექსი მეფის შემწეობით პეტრიწონის სავანემ განსაკუთრებული ხარისხი მიიღო, რაც მას უპირატესობებს ანიჭებდა და განამტრკიცებდა ქართველი ბერების უფლებებს, ასევე ათავისუფლებდა მას ყოველგვარი გადასახადისაგან.

პეტრიწონის სავანის პირველი წინამძღვარი იყო გრიგოლ ვანელი. ღრმად მორწმუნე და გულმხურვალე მლოცველი, გრიგოლი დიდად შეეწეოდა აღმშენებლებს და კეთილად აღასრულებდა მასზე დაკისრებულ საღმრთო მშენებლობის საქმეს.

მონასტერი საგანგებოდ ქართველებისათვის იყო აგებული და მათი რიცხვი უნდა ყოფილიყო არანაკლებ ორმოცდაათისა. ის უცხოეთში ქართველთა თავშესაფრად და სასულიერო მოღვაწეობის თვალსაჩინო კერად იქცა. გრიგოლ ბაკუარინის-ძის მონდომებით გაიხსნა სასულიერო სემინარია ქართველი ყმაწვილებისათვის, სადაც ქართულ ენაზე ასწავლიდნენ ღვთისმეტყველებას და ამზადებდნენ საღვთო მსახურებისათვის.

გრიგოლმა სავანეს უხვად შესწირა წიგნები, მათ შორის, ახალი თარგმანები, რაც დიდ იშვიათობას წარმოადგენდა იმ დროში. ბერძნულიდან წიგნების თარგმნა სწორედ იმ ხანად დაიწყეს ათონის მთაზე ივერონში მოღვაწე ქართველმა მამებმა.
პეტრიწონის სავანეს დიდად მფარველობდნენ და ეხმარებოდნენ ქართველი მეფეებიც დავით აღმაშენებელი და თამარი.
პეტრიწონის სავანე უდიდეს როლს ასრულებდა თავად ბულგარელი ხალხის სულიერ ცხოვრებაშიც. თანამედროვე ბულგარელები მადლიერებით აღნიშნავენ, რომ „მონასტერი იყო თბილი და ნათელი კერა, რომელიც სიტყვითა და წერილობით, ზარების გუგუნითა და ზღუდე-გალავნებით ინახავდა ბულგარელთა სამშობლოს სულიერებას“.
ეს სავანე წარმოადგენდა ქართული სასულიერო მწერლობის ერთ-ერთ უმთავრეს ცენტრს, განსაკუთრებით XI-XII საუკუნეში. აქ ჩამოყალიბდა სასულიერო მწერლობის სკოლა, რომელსაც მოგვიანებით პეტრიწონული სკოლა ეწოდა. სწორედ ამ მონასტერში მოღვაწეობდა მთელი ოცი წელიწადი ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი იოანე პეტრიწი.

მონასტერში მრავალი წიგნი დაიწერა, ითარგმნა და გადაიწერა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს წიგნები დღეს დაკარგულია, მხოლოდ ერთი ხელნაწერია შემორჩენილი. მრავალი ხელნაწერი XV საუკუნეში მონასტერში გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა.

ვიდრე საქართველო მკვიდრად იდგა, უცხოეთში მდებარე ქართულ სავანეებსაც დიდი შეწევნა ჰქონდა, მაგრამ რაჟამს განქარდა მისი ძლევამოსილება, მათაც მოაკლდათ ყურადღება.

1189 წელს პეტრიწონის მონასტერი დაარბიეს და გაძარცვეს კათოლიკე ჯვაროსნებმა. XIV საუკუნის მეორე ნახევარში კი ის უსჯულოთა ხელში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც თურქებმა ბულგარეთის მიწები დაიპყრეს. თუმცა პეტრიწონის სავანეს შენარჩუნებული ჰქონდა ავტონომია და ამან გადაარჩინა განადგურებასა და დანგრევას. საბოლოოდ, პეტრიწონის სავანეში გაუქმდა ქართული ტიპიკონი და მონასტერი ბულგარეთის დაქვემდებარებაში გადავიდა.

პეტრიწონის მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს ერთი დიდი ტაძარი – ღვთისმშობლის სახელზე და ორი პატარა – წმინდა იოანე ნათლისმცემლისა და წმინდა გიორგის სახელზე. ასევე, მოგვიანებით აშენებული წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. ტაძრები მოხატულია ქართველი მხატვრის იოანე ივეროპულოსის (ივერიელის) მიერ, რომელიც მეთერთმეტე საუკუნეში მოღვაწეობდა.

მონასტერში დღემდეა დასვენებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საკვირველმოქვედი ქართული ხატი. გადმოცემით, ეს ხატი ლუკა მახარებლის დაწერილია და საქართველოდანაა ჩამობრძანებული. ღვთისმშობლის ხატი სასწაულებრივად გადარჩა დამანგრეველი ხანძრის დროს. იგი გადაურჩა თურქთა შემოსევასაც. დღეს ხატი მთავარ ტაძარშია დაბრძანებული. იგი ვერცხლის ქართულ პერანგში ზის, რომელსაც ლამაზი ქართული ასომთავრული წარწერა ამშვენებს. 1999 წლამდე მონასტერში დაცული იყო წიგნი, სადაც მოთხრობილი იყო ამ ხატის სასწაულების შესახებ. სამწუხაროდ, ეს წიგნი მონასტერში გაჩენილმა ხანძარმა შთანთქა. თუმცა ხალხს ახსოვს ეს სასწაულები და დღემდე მრავალი მლოცველი მიდის მის თაყვანსაცემად.

წყარო:http://children.wanex.net/istoria

მსგავსი ამბები

Back to top button