მისტიკასაკითხავიუცნაური

“ეშმაკის სახლი” ინგოროყვას ქუჩაზე – მისტიკა თუ რეალობა

ვაგრძელებთ ძველი, უცნაური სახლების ისტორიათა ციკლს – სახლების, რომელთაც საინტერესო და უცნაური ლეგენდები უკავშირდება. “ერთი ღამის სასახლიდან” – საკმაოდ შემზარავი სახელწოდების მქონე სახლზე გადავინაცვლებთ, რომელსაც ჩვენამდე მოღწეული ლეგენდების გამო – “ეშმაკის სახლი” შეარქვეს.
სახლი, რომელიც ინგოროყვას (ყოფილი დერჟინსკის ქ.) # 6-ში მდებარეობს, ვიზუალურადაც საკმაოდ შემზარავია. განსაკუთრებით – მზის ჩასვლის შემდეგ. გარე ფასადზე იდაყვებზე დაყრდნობილი რქიანი და წაწვეტებულყურებიანი ფიგურაა გამოქანდაკებული, რომელიც საკმაოდ მრისხანე გამომეტყველებით გადმოჰყურებს გზას.

სავსებით შესაძლებელია, ეს ეშმაკის გამოსახულებაც იყოს. სახლზე კიდევ რამდენიმე პატარა უცნაური არსების თავია გამოსახული. ზემოთ კი სხვენია, სადაც მრავალი წლის წინ სომეხ გოგონას თავი ჩამოუხრჩვია. სახლის შესახებ ასეთი ლეგენდა არსებობს:

XIX საუკუნეში სომეხმა ვაჭარმა ააშენა ეს სახლი. ის სატანიზმის მიმდევარი იყო. გოგო, რომელმაც სხვენზე თავი ჩამოიხრჩო, ერთი ვერსიით, მისი ცოლი იყო, მეორეთი კი – ქალიშვილი. სახლს აქვს სარდაფი და საიდუმლო გვირაბი, რომელსაც სარიტუალო დარბაზში მივყავართ.

ზოგი იმასაც ამბობს, რომ სახლის შიგნით დიდი ეშმაკის ფიგურაა, რომლის ფეხები სარდაფში მთავრდება, თავი კი – სხვენზე. სახლში არის ბუხარის მსგავსი რაღაც, რომელზეც ბავშვის ფიგურაა გამოსახული. გავრცელებული ვერსიით, სწორედ ეს უნდა იყოს საიდუმლო გვირაბში ჩასასვლელი კარი.

იმასაც კი ამბობენ, რომ თბილისში 10 სახლია, რომელშიც მსგავსი ბუხარი და გვირაბია. სახლები კი პენტაგრამას ქმნის, რომლის შეერთების ადგილიც დიდი სარიტუალო დარბაზია – რა თქმა უნდა – მიწის ქვეშ. შემზარავია, არა? ამავდროულად, ძალიან საინტერესოც.

მახსოვს, პირველ კურსზე ვსწავლობდი, როდესაც პირველად გავიგე ამ სახლის არსებობის შესახებ. ჩემი ჯგუფელი სახლთან ახლოს ცხოვრობდა და ყოველდღე უწევდა ამ ქუჩით სიარული. სწორედ მისგან შევიტყვე, რომ ასეთი სახლი არსებობდა. თურმე, მთელი მისი ბავშვობის პერიოდში სახლის შავი ფარდები შიშის ზარს სცემდა და როდესაც სკოლაში მიდიოდა და უკან ბრუნდებოდა, ერთ-ერთი ფანჯრიდან მოხუცი ქალი იყურებოდა.

სტუდენტობის დროსაც კი ახსენა, ის ქალი ისევ იყურება ხოლმე და ისევ ისე გამოიყურება, როგორც მაშინო. ერთხელ წავედით კიდევაც სანახავად. საღამო იყო და სახლი ზუსტად ისეთი შემზარავი იყო, როგორიც მისტიკურ ფილმებშია ხოლმე ნაჩვენები.

იმასაც მოვკარი ყური, რომ ამ სახლში ვერავინ გაიხარაო. იმასაც ამბობდნენ, ავთო ვარსიმაშვილის სერიალი “სახლი ძველ უბანში” – სწორედ აქ მომხდარი ამბების ეკრანიზაციააო. მაგრამ ლეგენდები და ჭორები იქით იყოს, მთავარი სინამდვილეა. მეც გადავწყვიტე, რომ ძალ-ღონე არ დამეშურა რეალური ისტორიის გამოსარკვევად.

პირველად ბატონ ავთანდილს დავუკავშირდი. მან ეჭვი გამიქარწყლა და მითხრა, რომ როდესაც სცენარს წერდა, ამ სახლის შესახებ არაფერი იცოდა. შემდეგ საჯარო ბიბლიოთეკას ვესტუმრე.

წიგნები გამოვიწერე და სანამ გადავშლიდი, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. მთელი არსებით შევიგრძენი ის, რასაც ალბათ შერლოკ ჰოლმსის გმირი გრძნობდა, როცა მორიგ საიდუმლოს ხდიდა ფარდას. მორიგ ლეგენდას ან დავამსხვრევდი, ან პირიქით – გავამყარებდი!

წიგნიდან შევიტყვე, რომ შენობა იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილმა არქიტექტორმა – ალექსანდრე შიმკევიჩმა 1888 წელს ააშენა. მას ეკუთვნის თბილისის ყველაზე ლამაზი შენობები: – ისლამური სახლი (1885 წ.), კავკასიის აბრეშუმის სახლი (1892 წ.), საქართველოს უზენაესი სასამართლო (1894 წ.), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (არქიტექტორ კ. ტატიშჩევთან ერთად; 1901 წ.), კონსერვატორია (1904 წ.), ანდრიოლეტის სახლი (1901 წ.), ფუნიკულიორის შენობა (არქიტექტორ ბლუშემთან ერთად; 1905 წ.), ბათუმის გიმნაზია (1897 წ.).

შიმკევიჩი მასშტაბურ პროექტებზე მუშაობდა და არა საკუთარ სახლებზე. საინტერესო ის არის, ვისი შეკვეთით ააშენა ეს კერძო პატარა სახლი. შეიძლება, მართლა იყო ზემოთ ხსენებული სომეხი ვაჭრის დაკვეთა. შიმკევიჩის სხვა შენობების სურათებიც მოვიძიე, მაგრამ მსგავსი რქიანი ფიგურა ვერსად ვნახე.

ბიბლიოთეკიდან გეზი პირდაპირ ინგოროყვას 6-ისკენ ავიღე. სახლი რესტავრაციას საჭიროებს. მას 2 სადარბაზო აქვს – ერთი ეზოს მხრიდან, მეორე – ქუჩის. ეზოს მხრიდან პატარა სადარბაზოა, სადაც 3 ოჯახი ცხოვრობს. ქუჩის მხრიდან კი – გაცილებით დიდი.

ბუხარი თუ საჰაერო მილი, რომელიც საიდუმლო გვირაბში ჩასასვლელი უნდა ყოფილიყო, არც მეტი და არც ნაკლები, ჩვეულებრივი კედლის “ფეჩი” აღმოჩნდა, საიდანაც ძველად მთელ სახლს ათბობდნენ.

სხვენში ასასვლელი კი მართლა უცნაურად გამოიყურება. ის საკმაოდ მაღლაა და კიბე მოხსნილი აქვს, სავარაუდოდ იმისთვის, რომ ყოველ გამვლელ-გამომვლელს არ შეეძლოს ასვლა. კიბის გარეშე შეუძლებელია იქ მოხვედრა, ან საკუთარი კიბით უნდა მოხვიდე, ან უნდა აფრინდე. იმ სახლის მცხოვრებლები კი ისე არიან შეწუხებულნი დაუპატიჟებელი სტუმრებით, რომ გამორიცხულია, კიბე გათხოვონ.

როდესაც სურათებს ვიღებდი, იმ სახლში მცხოვრები ახალგაზრდა, ხალათიანი ქალი გამოვიდა და მკითხა – რა გაინტერესებთო. მე ავუხსენი, რომ ჟურნალისტი ვარ და სახლის ისტორიით დავინტერესდი. სანამ რაიმეს ვკითხავდი, თვითონ მოასწრო და მითხრა, რომ საკმაოდ დიდი ხანია, რაც ამ სახლში ცხოვრობს და არანაირი ეშმაკი არ მოლანდებია.

არც უცნაური ხმები გაუგია, არც საგნები გადაადგილდება და არც ნივთები დაფრინავს. არავითარი ეშმაკის ფეხები და კუდი არ არის სარდაფში. სხვენიც ჩვეულებრივია და თვითონ სახლიც – ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლია! ადრე სომეხმა გოგომ ჩამოიხრჩო თავი სხვენში და მას მერე აგორდა ჭორები.

საქართველოს ეროვნულ არქივში არ შემიშვეს. ამიტომ ის ინფორმაცია, რისი გაგებაც მინდოდა, ვერ მოვიძიე.

სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული მეც ვერაფერი შევამჩნიე, გარდა იმისა, რომ თვითონ შენობა საკმაოდ დამაინტრიგებლად გამოიყურება. თუმცა გამოგიტყდებით, უცნაური შეგრძნება მართლა მქონდა სახლის უცნაური აურის გამო, მაგრამ, არა მგონია, ამაში ეშმაკის ხელი ერიოს.

თუმცა სავსებით შესაძლებელია, შიმკევიჩისთვის მართლაც შეეკვეთა ვიღაცა სატანიზმის მიმდევარს ეს შენობა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ლეგენდა – ლეგენდად რჩება. რქებიანი ფიგურა კი მშვიდად განაგრძობს გამვლელ-გამომვლელის თვალიერებას…

წყარო: ჟურნალი “და ქალი”

WeirdKid

sdjfdjfhsj

მსგავსი ამბები

Close
Close