არქივი

დაე იყოს “ომი”. არტ-ჯგუფი Война (ზურა ჯიშკარიანი)

Plucer Sarno1

არტ-ჯგუფ “ვოინას” ლიდერი ალექსეი პლუცერ-სარნო

„სამოქალაქო ომი დღემდე გრძელდება ხელოვნებაში“.
კაზიმირ მალევიჩი

2010 წელს, რუსეთის ქალაქებში კედლებზე უცნაური წარწერები გამოჩნდა – „დიდება პარტიზანებს!“, „პრიმორსკელო პარტიზანებო, არ დანებდეთ“, „პარტიზანები – ეს მხოლოდ დასაწყისია“. წარწერების ავტორები ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ. ისინი ღამით, ქუჩაში საღებავით ხელში გამოიყვანა ამბავმა, რომელიც თანამედროვეობის ურბანულ ლეგენდად იქცა – ტრაგიკულმა ისტორიამ 6 ახალგაზრდის შესახებ, რომლებმაც ომი გამოუცხადეს რუსულ სახელმწიფოს და მის დამცველ ძალას – მილიციას. რუსეთში მოქმედ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს, დამოუკიდებელ ბლოგერებსა და საიტებს თუ დავუჯერებთ, მილიციელების მიერ ჩადენილი მკვლელობები და გაუპატიურებები, მათი თანამშრომლობა კრიმინალურ სამყაროსთან და კორუფცია, ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. სწორედ ამ რეალობაზე იმპულსურ, აგრესიულ და რასაკვირველია, ჩანასახშივე წარუმატებლობისთვის განწირულ რეაქციას წარმოადგენდა „პრიმორსკელი პარტიზანების საქმე“. ყველაფერი მილიციის განყოფილებაში რამდენიმე ახალგაზრდის სასტიკად ცემით დაიწყო. მათ სხვის მიერ ჩადენილი დანაშაული, საკუთარ თავზე არ აიღეს. პასუხმა არ დააყოვნა. ცოტა ხანში მოხდა თავდასხმა მილიციის ერთ-ერთ რაიონულ განყოფილებაზე, მოკლეს მილიციელი. თავად ახალგაზრდები კი გატაცებული იარაღით ტყეში გაიხიზნენ. ამას მოჰყვა კიდევ ერთი განყოფილების გადაწვა, თავდასხმები მილიციის პოსტებზე, საპატრულო მანქანების დაცხრილვა და გატაცება.

 

რამდენიმე თვეში მთელი რეგიონი მოექცა პარტიზანების ტერორის ქვეშ, რომლებიც ჯიუტი „იდეალიზმით“ აწარმოებდნენ საკუთარ ომს. სამიზნეს მხოლოდ მილიციელები წამოადგენდნენ. ახალგაზრდები არ ეხებოდნენ მოქალაქეებს, არ ძარცვავდნენ სახლებს, არ აუპატიურებდნენ ქალებს, რის გამოც შინაგან საქმეთა ორგანოების მცდელობები მოენათლათ ისინი უპრინციპო, ფულით დაინტერესებულ კრიმინალებად, არაეფექტიანი აღმოჩნდა. ამის დასტურია ერთ-ერთი გამოკითხვაც, რომლის შედეგად გაირკვა, რომ რეგიონის მოსახლეობის 80% მხარს უჭერდა არა მილიციას და სახელმწიფოს, არამედ პარტიზანებს, რომელთა ვინაობა ჯერ კიდევ დაუდგენელი იყო.ის, რომ პრიმორსკელ პარტიზანებს კრიმინალურ სამყაროსთან საერთო არაფერი ჰქონდათ, საბოლოოდ ინტერნეტში მათი პირველი და უკანასკნელი ვიდეოჩანაწერის განთავსებამ ცხადყო. ამ ვიდეოს, ახალგაზრდების ჩანაფიქრით, დღის სინათლე მათი სიკვდილის შემდეგ უნდა ენახა. გარკვეულწილად ასეც მოხდა – პარტიზანები, რომლებსაც იმ დროისთვის უკვე მთელი ქვეყნის მილიცია ეძებდა, ტყიდან ერთ-ერთ პატარა ქალაქში ჩამოვიდნენ და რამდენიმე დღით ბინა იქირავეს. მილიციამ მათ კვალს რამდენიმე საათში მიაგნო. ჯგუფის წევრების დაკავების ოპერაციაში 1000-ზე მეტი სამართალდამცავი მონაწილეობდა. ქალაქში ტანკებიც კი გამოჩნდა. სროლა რამდენიმე საათი გრძელდებოდა. ოფიციალური ვერსიით, ორმა პარტიზანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, დანარჩენები დანებდნენ. ვიდეომიმართვაში, რომელიც სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ გავრცელდა ინტერნეტში, პარტიზანები ამბობენ, რომ რუსეთი უფსკრულისკენ მიდის და ისინი ხელს უწყობენ მას ამ სწრაფვაში. რომ მთელი ქვეყანა კორუფციასა და განუკითხაობაშია ჩაფლული, მილიცია მფარველობს ნარკობიზნესს, პროსტიტუციას, ხე-ტყით უკანონო ვაჭრობას და მათ სხვა გზა არ დარჩენიათ იარაღის ხელში აღების გარდა. ისინი ხაზს უსვამენ, რომ არ არიან ყაჩაღები, არ აინტერესებთ ფული, არ ითხოვენ ხელფასების გაზრდას და მოჩვენებით რეფორმებს. ისინი აცხადებენ ომს საკუთარი ქვეყნის ბანდიტებისგან გასაწმენდად. როგორც ერთ-ერთი პარტიზანი აცხადებს, „ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ – იქამდე, სანამ თქვენ დაგვხოცავთ ან სანამ ჩვენ გავიმარჯვებთ. მაგრამ ალბათ უფრო რეალურია, რომ თქვენ დაგვხოცავთ. ჩვენ არ გვეშინია. თუ ვინმე ამ ვიდეოს უყურებს, ესე იგი ჩვენ უკვე მოკლულები ვართ“.
ეს ისტორია ტრაგედიაა. ტრაგედიაა პარტიზანებისთვის, რომლებმაც სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის სხვა ალტერნატივა ვერ იპოვეს, ტრაგედიაა მოკლული მილიციელებისთვის და მათი ოჯახებისთვისაც. თუმცა პროტესტის ასეთი სუბვერსიული ფორმის გაჩენა არარაციონალური ტოტალიტარიზმის პირობებში საკმაოდ სიმპტომატურია. თუ კიბერნეტიკას მოვიშველიებთ, სისტემის წესები და მასში შემავალი სიგნალები შესაბამის გამომავალ რეაქციებსაც განაპირობებს. რუსი რადიკალი, მიშა ვერბიცკი ერთ-ერთ ესეში წერდა: „საზოგადოების სტრუქტურა ვერ უძლებს ინფორმაციის სიჭარბეს, ნეგ-ენტროპიას და ათასობით სუბკულტურად იშლება. თითოეულ ტილიან პატარა ერში ჩნდებიან საკუთარი ფაშისტები. ეს ნიშნავს ომს. თითოეულ ტილიან პატარა ქალაქში ადგილობრივი სკინჰედების და მეტალისტების ბანდებია. ეს ნიშნავს ომს. თითოეულ ტილიან პატარა სახელმწიფოს საკუთარი წითელი ბრიგადები ჰყავს. ეს ნიშნავს ომს. მოხუცებულთა თავშესაფარში კი ბებიების ამბოხია. ეს ომია. დაე იყოს ომი“. ვისაუბროთ ომზე. ოღონდ არა ისეთზე, პრიმორსკელმა პარტიზანებმა რომ აწარმოეს, არამედ ომზე სიმბოლური დომინაციის სფეროში. ომზე თანამედროვე ხელოვნების სახელით, რომელიც ზემოაღწერილი მოვლენების პარალელურად, არტისტების ერთმა ჯგუფმა საკუთარ სახელმწიფოს გამოუცხადა.
Plucer Sarno

 

არტ-ჯგუფ “ვოინას” ლიდერი ალექსეი პლუცერ-სარნო

არტ-ჯგუფი „ვოინა“ („ომი“) 2007 წელს შეიქმნა. მის შემადგენლობაში 60-მდე ადამიანი შედის – ფილოლოგები, ფილოსოფოსები, პოეტები, მხატვრები და ჟურნალისტები. ჯგუფის წევრების ნამდვილი სახელები მკითხველს ბევრს არაფერს ეუბნება, ფსევდონიმები კი საგანგებოდ პროვოკაციულია და იმისთვისაა გამიზნული, რომ გაზეთების ფურცლებსა თუ ტელეეთერში მათი ხსნებისას უხერხულობა გამოიწვიოს. მაგალითად, „ვოინას“ ლიდერი, ლეონიდ ნიკოლაევი ოფიციალურად მოიხსენიება, როგორც ლიონია იობნუტი („გამოსირებული“ ანაც გნებავთ, „შიგნაკრავი“), ერთ-ერთი გამორჩეული აქტივისტის და მრავალი აქციის ავტორის, ნატალია სოკოლის სახელი კი კაზლიონოკია („ბეკეკა“). ერთი შეხედვით, საქმე ჩვეულებრივ უსაქმურებთან, ქუჩის ხულიგნებთან გვაქვს. მათი პირველი ღონისძიებებიც თითქოს ამგვარ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ ჯგუფმა ბევრი იმუშავა საკუთარ თავზე და რაც მთავარია, გარემომცველ რეალობაზე. შესაბამისად, მათი აქციების ეფექტი უფრო შორსმიმავალი აღმოჩნდა.პირველი სკანდალური აქცია ჯგუფმა, 1 მაისს, მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, მოსკოვურ მაკდონალდსში ჩაატარა. მათ ლოზუნგების – „დავბომბოთ კაპიტალიზმი უსახლკარო კატებით!“ და „სიკვდილი ჰამბურგერს!“ – ძახილით უსახლკარო კატების (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) სროლით აიკლეს საკვები ობიექტის მომსახურე პერსონალი. ცოტა ხანში მაკდონალდსში შესაბამისი ორგანოების თანამშრომლები გამოჩნდნენ, ჯგუფის წევრები დააკავეს და ახლომდებარე მილიციის განყოფილებაში მიაბრძანეს. მათთან ერთად, ნივთიერი მტკიცებულების სახით, სამი კატაც წაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ჰამბურგერებით დანაყრებული უპატრონო ცხოველები ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დანებდნენ სამართალდამცავებს.ახლად შექმნილმა არტ-ჯგუფმა აქციის შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა: „ეს აქცია ლამაზი საჩუქარია მაკდონალდსის დაბალანაზღაურებადი მომუშავე პერსონალისთვის, რომელიც დღესასწაულის დღეს მოკლებულია დასვენებასა და თანამედროვე რადიკალური ხელოვნებით ტკბობის სიამოვნებას. ჩვენი აზრით, მოძველებული ექსტრემიზმის ერთ-ერთი ფორმა ანტიგლობალისტების მოძრაობაა, რომლებიც ხულიგნებივით იქცევიან, ამტვრევენ ვიტრინებს. დასავლეთში ეს ფასდება როგორც იდეური ბრძოლა და მათ ხულიგანს არავინ ეძახის. ჩვენს ახალგაზრდობაში კი ცოტაა ჯანმრთელი სიგიჟე. საფრანგეთში, როდესაც რამე არ მოსწონთ, ერთ ღამეში სამას მანქანას წვავენ. გამოხატვის რა კარგი ფორმაა. ჩვენ კი არ გვყავს ასეთი თამამი ახალგაზრდობა. ამიტომაც გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ხმაურიანი, გიჟური აქცია, ამ სპონტანურ სიგიჟეზე და არა რომელიმე იდეოლოგიის ილუსტრირებაზე აქცენტით. იდეოლოგია არ არის პრობლემა – პრობლემა სიგიჟის, დაუმორჩილებლობის ტოტალური არარსებობაა, საკუთარი პრინციპების სერიოზულად დაცვის სურვილის არარსებობა“.
Voina Mc Donalds

აქცია მოსკოვის მაკდონალდსში. 2007

გაზეთმა „რე:აქცია“ ეს ღონისძიება „ყველაზე ხულიგნურ პერფორმანსად“ შერაცხა. „ხულიგნობა“ სწორი ტერმინია. წვრილმანი ხულიგნობა, როგორც არტ-ტაქტიკა საზოგადოებრივ სივრცეში, აპრობირებული მეთოდია. განსაკუთრებით რუსეთში, სადაც პროვოკაციული აქციების საკმაოდ დიდი ისტორია და ჩამოყალიბებული ტრადიციაც კი არსებობს. საკმარისია  გავიხსენოთ 90-იანების მოსკოვური აქციონიზმის წარმომადგენლები – ალექსანდრ ბრენერი, რომელსაც პროვოკაციული არტ-აქციების გამო არაერთხელ ჰქონია პრობლემები მილიციასთან და მოგვიანებით, ევროპაში ციხეშიც კი მოხვდა იმის გამო, რომ მალევიჩის ცნობილი „თეთრი ჯვრის“ ორიგინალს მუზეუმში პროტესტის ნიშნად პულვერიზატორით დოლარის ნიშანი მიახატა; ოლეგ კულიკი, რომელმაც იმავე ბრენერთან ერთად შორეულ 1994-ში გააკეთა სკანდალური პერფორმანსი „უკანასკნელი ტაბუ, რომელსაც იცავს მარტოსული ცერბერი“, სადაც ბრენერის ჯაჭვზე მიბმულ შიშველ ძაღლად გადაიქცა, კბენდა ხალხს, ყეფდა, შარდავდა ქუჩაში და ახტებოდა გამვლელ მანქანებს; ავდეი ტერ-ოგანიანი, რომლის პერფორმანსმა „ახალგაზრდა ურწმუნო“ ფანატიკოსი მორწმუნეები, მილიცია და რუსეთის პატრიარქიც კი აამხედრა მის წინააღმდეგ, რის გამოც ქვეყნიდან გაქცევაც კი მოუწია; ოლეგ მავრომატი, რომელმაც შარშან აღმოაჩინა, რომ ძებნაშია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 10 წლის წინ ჩატარებული იმ აქციის გამო, რომლის დროსაც ის ქუჩაში ჯვარზე გააკრეს. ასე რომ, საკუთარ შემოქმედებით გზაზე „ვოინას“ ქმედებების, რეაქციებისა და უკურეაქციების საკმაოდ დიდი ტრადიცია დახვდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ კლასიკური მოსკოვური აქციონიზმისგან განსხვავებით, რომელიც მაინც უფრო არტ-საზოგადოებებზე იყო გათვლილი და საკუთარ თავში ზოგჯერ ვულგარულ-ხულიგნურს, ზოგჯერ კი თითქოს მეტაფიზიკურ პროტესტს ატარებდა, „ვოინა“ სოციალური არტ-პროტესტისა და საბოტაჟის გზით წავიდა. ჯგუფი არა მეტაფიზიკურ, არამედ კონკრეტულ ძალაუფლების სისტემას და მის სიმბოლოებს დაუპირისპირდა.
მოსკოვური აქციონიზმის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად პოეტი დიმიტრი პრიგოვი ითვლება, რომელთან ერთადაც „ვოინას“ მორიგი პერფორმანსი უნდა გაეკეთებინა, მაგრამ აქცია არ შედგა. ის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანმა აკრძალა. პრიგოვის საიტზე აქციის კონცეფციის მოკლე პოეტური ჩანაწერი გაჩნდა, თუმცა სამწუხაროდ, ეს მის მიერ გამოქვეყნებული ბოლო პოსტი იყო. პრიგოვი მოულოდნელად გარდაიცვალა. არტისტებმა პრიგოვის მოსახსენიებელი პერფორმანსის გაკეთება გადაწყვიტეს. მათი აზრით, პოეტის სახელი რაც შეიძლება მეტი მოქალაქისთვის უნდა გამხდარიყო ცნობილი. ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო და ყველაზე ხალხმრავალი ადგილი კი, რა თქმა უნდა, მეტროპოლიტენი იყო. 2007 წლის აგვისტოში, დიდი ჩანთებით დატვირთული ჯგუფი მეტროში ჩადის, ირჩევს ყველაზე გრძელ ხაზს და სხდება ვაგონში, სადაც სულ რამდენიმე წამში იხსნება ჩანთები, იწყობა მაგიდები და ნამდვილი სუფრა იშლება. შემდეგ გაჩერებაზე, არტ-ჯგუფი მეტროს ვაგონს უკვე მთლიანად იპყრობს. ისინი სადღეგრძელოებით მოიხსენიებენ საყვარელ პოეტს და მის ლექსებს კითხულობენ. რამდენიმე გაჩერების შემდეგ, ჯგუფი ნარჩენებით სავსე მაგიდებს ტოვებს და უპრობლემოდ გამოდის ვაგონიდან. აქცია ერთგვარი ტესტი გამოდგა მილიციისთვისაც – იმის მიუხედავად, რომ მეტროპოლიტენის ტერიტორიაზე კამერებია დაყენებული და სამართალდამცავებს სიტუაციის კონტროლი არ უნდა უჭირდეთ, არტისტები მეტროს ტერიტორიიდან უვნებლად წამოვიდნენ. მილიციამ უცნაური მგზავრებით სავსე ვაგონი, გაშლილი მაგიდებით და სუფრით, უბრალოდ, ვერ შენიშნა.
Voina Pir

პრიგოვის საპატივცემულო აქცია მოსკოვის მეტროში. 2007

შემდეგ წელს „ვოინამ“ ანალოგიური აქცია უკვე უკრაინაში ჩაატარა, ოღონდ ამჯერად უფრო ფართო მასშტაბებით. საბაბი კიევის მერიის მიერ გამოფენა „ღია სივრცის“ უზნეობის პროპაგანდაში დადანაშაულება და აკრძალვა გახდა. ისევე როგორც მოსკოვში, აქაც არტისტებმა ვაგონებში შესვლისთანავე დაიწყეს სუფრების გაშლა. თუმცა რუსეთის დედაქალაქისგან განსხვავებით, ამჯერად მათ ვაგონები სავსე დახვდათ ხალხით, რომელიც თავისდაუნებურად ხდებოდა ამ სერობის მონაწილე. მათ თვალწინ უეცრად ჩნდებოდა მაგიდები გემრიელი საკვებით და ალკოჰოლური სასმელებით, უცნაური ადამიანები, რომლებიც საუბრობდნენ ვინმე პრიგოვზე, კითხულობდნენ ლექსებს და სუფრასთან ყველა მსურველს ეპატიჟებოდნენ. ხალხიც ჩაერთო. ინტელიგენტური გარეგნობის ხანდაზმულმა მამაკაცმა თავი გააქნია – „ეხ, პრიგოვი, რა კარგი ბიოლოგი იყო, აცხონოს უფალმა!“ და სასმელი გადაჰკრა. კიევის მილიციას სერიოზული მობილიზება მოუხდა, სახუმარო საქმე ხომ არ იყო, მეტროპოლიტენის ერთდროულად სამ ხაზზე გაჩნდა უმართავი ადამიანებით სავსე ვაგონ-რესტორნები. შუა ზეიმის დროს, ერთ-ერთ ვაგონში მემანქანის მუქარანარევი ხმა გაისმა: „ჩვენთან მოსკოვური ვარიანტი არ გაგივათ!“. თავიდან „ვოინას“ წევრები დაიბნენ, მაგრამ რამდენიმე წამში დაბნეულობა აღტაცებამ შეცვალა – უბრალო კიეველმა მემანქანემ მათი ადრინდელი აქციის შესახებ იცოდა! საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. თანამედროვე ურბანული ხელოვნების შესახებ ინფორმირებული მემანქანის მუქარის და მილიციის მობილიზაციის მიუხედავად, „ვაინას“ წევრები ამჯერადაც „დანაშაულის ადგილიდან“ პარტიზანულად გაქრნენ.
ამასობაში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდა. „ვოინამ“ გადაწყვიტა, რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე პუტინის მედვედევით ჩანაცვლების საზეიმო ცერემონიას, მორიგი აქციით გამოხმაურებოდა. ამჯერად მათ მიზანში ბიოლოგიური მუზეუმი ამოიღეს,მარცხნიდან-მარჯვნივ: „ვოინას“ აქტივისტები, ალექსეი პლუცერ-სარნო, პრიგოვის საპატივცემულო აქცია მოსკოვის მეტროშიარტიარტისადაც 29 თებერვალს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩვეულებრივი დამთვალიერებლებივით შევიდნენ. ამას მოჰყვა სკანდალი, რომელმაც ჯგუფის იდენტობაზე დიდი მსჯელობა გამოიწვია. ჯგუფის ორმა წევრმა დიდი ტრანსპარანტი გაშალა წარწერით „იჟიმავე მემკვიდრე დათუნიასთან“, დანარჩენებმა კი იქვე, ცხოველების ფიტულების და პლაკატების წინ გაიხადეს და, არც მეტი, არც ნაკლები, ნამდვილი ორგია მოაწყვეს. აქციის მესიჯი ყველასთვის ცხადი გახლდათ. არავის გასჭირვებია მომავალი პრეზიდენტის – მედვედევის გვარის და „მემკვიდრე დათუნიას“ ერთმანეთთან დაკავშირება.
Voina Muz

აქცია ბიოლოგიურ მუზეუმში. 2008

რუსულ არტ-სამყაროში სერიოზული დავა დაიწყო იმის შესახებ, არის თუ არა ეს ხელოვნება? ვინ არიან ეს ახალგაზრდები? საიდან მოვიდნენ? რა უნდათ? როგორც მოსალოდნელი იყო, მაშინვე ჩაირთო ძალაუფლების ველების თავდაცვითი რეაქცია და არტ-ჯგუფის მარგინალიზაციის გზით სიტუაციის თავის სასარგებლოდ დაბალანსებას შეეცადა. „ვოინას“ გარშემო ატეხილ სკანდალს ისიც დაემატა, რომ ჯგუფის წევრები საჯარო მსვლელობებსა და მიტინგებზე გამოჩნდნენ. სამშობლოს დამცველის დღეს, 23 თებერვალს, ისინი პროსახელისუფლებო ნაციონალისტური მოძრაობის „ახალგაზრდა გვარდიის“ მიტინგს შეუერთდნენ და ცოტა ხანში სხვა ტრანსპარანტებს შორის საკუთარიც გაშალეს – „მე ვჟიმავ დათუნიას!“. ამ ლოზუნგითვე „ვოინას“ აქტივისტები იდგნენ აქციებზე რუსეთში მოქმედი თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის და ორგანიზაციის მხარდამხარ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ოპოზიციის ნაწილმა „ვოინას“ წევრები ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი ძალების დისკრედიტაციის მცდელობასა და ორგანოებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
თუმცა „ვოინა“ ამაზე არ გაჩერდა და სულ მალე საზოგადოების წინაშე ახალი პერფორმანსით წარდგა, სახელწოდებით „მენტოპოპი“. ამ პროვოკაციული აქციის მთავარი პერსონაჟი ოლეგ ვოროტნიკოვი იყო, რომელიცერთდროულად მღვდლის ანაფორასა და მილიციელის ფორმაში გამოეწყო, ერთ-ერთ ცენტრალურ სუპერმარკეტში შევიდა, დიდი ოქროს ჯვრით მკერდდამშვენებულმა აუღელვებლად გაავსო კალათა სპირტიანი სასმელებით, თევზეულით, ხილით, თაფლით, ბოლოს ჟურნალი „მაქსიმიც“ მიაყოლა და ასე დატვირთულმა, ერთი რუბლის გადაუხდელად, დემონსტრაციულად დატოვა მაღაზია. სუპერმარკეტის დაცვის გაოცებული თანამშრომლები ამ ახალი ფორმაციის მღვდლისგან დალოცვით და ფრაზებით „უფალი ყველას მოგვხედავს“ და „დიდება უფალს“ დაკმაყოფილდნენ.
მისაკუთრებული პროდუქტებით არტ-ჯგუფმა წვეულება მოაწყო, სადაც უკვე მხოლოდ მილიციელის ფორმაში გამოწყობილი და გვარიანად მთვრალი ვოროტნიკოვი საეჭვო რეპუტაციის გოგონების გარემოცვაში ფოტოგრაფების წინაშე პოზირებდა. ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი და ოფიციალური კომენტატორი ალექსეი პლუცერ-სარნო თავის ბლოგში წერდა: „შეიძლება თუ არა ქურდობა, პროვოკაცია ან ორგია იყოს ხელოვნების ნაწარმოები? და რა შეიძლება ჩაითვალოს მის რეპრეზენტაციად? ბანალური ქურდობა მაღაზიაში? თუ ამ ქურდობის ვიდეოჩანაწერი? აქტის ფოტოდოკუმენტაცია? თუ ჩემი ნაკლებად საინტერესო მონათხრობი, რომელიც ადასტურებს ამ ამბავს?“.
Mentopop

იური ვოროტნიკოვი – აქცია „მენტოპოპი”. 2008

პლუცერ-სარნო ხშირად გამომწვევად თვითირონიული და პათეტიკურია საკუთარ ბლოგზე, სადაც „ვოინას“ ყოველი აქცია მისი ხელით რაციონალური თხრობის ფარგლებში ექცევა. თუმცა ზემონახსენები კითხვების გარდა, „მენტოპოპმა“ სხვა, არანაკლებ საინტერესო თემებიც წარმოშვა – რამდენად დიდია ავტორიტარიზმის დონე საზოგადოებაში? რამდენად მანიპულირებადია კანონი ავტორიტარული პიროვნებისთვის? თვითონ საზოგადოება ხომ არ აძლევს ამდენ ძალაუფლებას ავტორიტარულ სისტემებს? როგორ უნდა მოექცეთ სასულიერო პირს, რომელიც უფლის ცხონებას გიგზავნით და იმავდროულად თქვენს პროდუქტებს იპარავს? დაკვირვებიხართ თუ არა, რომ მსგავსი რამ ყოველდღიურად ხდება? ამ პროცესის უხეში ვიზუალიზაციით, „ვოინამ“ საზოგადოების რეალური სახე აჩვენა და მომავლის არსების მონახაზიც წარმოადგინა. მენტოპოპი – სამღვდელოების და მილიციის, საზოგადოების ორი, მენტალური და ფიზიკური მარეგულირებლის სიმბოლური ჰიბრიდი, რომლის არსებობის მთავარი მიზანიც, აქციიდან გამომდინარე, როგორ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, საკუთარი კუჭის ამოვსებაა. ამის შემდეგ „ვოინა“ უკვე შეუჩერებელი გახდა.
დეკაბრისტების ხსოვნის დღე იყო შემდეგი აქცია და იმავდროულად საჩუქარი მოსკოვის ჰომოფობი მერისთვის. დედაქალაქის დაბადების დღეზე, არტ-ჯგუფმა, მუნიციპალიტეტის მაშინდელ ხელმძღვანელ ლუჟკოვს ჩამოხრჩობილი ადამიანები, მათ შორის სამი გასტარბაიტერი და ორი ჰომოსექსუალი უსახსოვრა. „ვოინამ“ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ჭერზე ჩამოხრჩობილი ხალხი დაკიდა. რა თქმა უნდა, ისინი არ მოუკლავთ, მაგრამ რამდენიმე საათის განმავლობაში თითოეული შემსვლელ-გამომსვლელი ბაწარზე მოქანავე ადამიანებს შეძრწუნებული უყურებდა.თეთრი სახლის შტურმი – ოქტომბრის რევოლუციის მორიგი წლისთავის აღსანიშნავად, ჯგუფმა სპეციალური ლაზერით სასტუმროს შენობიდან მის წინ მდებარე მთავრობის სახლზე თითქმის 40-მეტრიანი თავისქალის და ორი გადაჯვარედინებული ძვლის პროექცია გააკეთა. თავისქალა იმავდროულად სიგნალი იყო არტისტების მეორე ნაწილისთვის, რომელმაც მისი გამოჩენისთანავე მთავრობის სახლის „შტურმი“ დაიწყო. „ვოინას“ აქტივისტები ცდილობდნენ გადამძვრალიყვნენ ეზოში და ლენინის ფრაზებს გაიძახოდნენ: „მტრის დაუფასებლობა – ყველაზე სახიფათოა“, „სწავლა, სწავლა და სწავლა“, „ხელოვნება ეკუთვნის ხალხს“ და ა.შ. ამ აქციით „ვოინამ“ მის მიერ გამოცხადებული არტ-ომი იქამდე მიიყვანა, რომ მთავრობის სახლი სიმბოლურად შტურმით აიღო. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი აქტუალური ხელოვნება ტილოებზე ვერ გამოიხატება. მთავრობის სახლი მხატვრისთვის საუკეთესო ტილოა, ხოლო ლაზერები საღებავებს გაცილებით სჯობს“, – ნათქვამი იყო „ვოინას“ ოფიციალურ განცხადებაში.
Shturm

„თეთრი სახლის შტურმი“. 2008

ამას მოჰყვა აკრძალული ხელოვნების ნიმუშების გამოფენის ორგანიზების გამო რელიგიური შუღლის გაღვივების ბრალდებით დაკავებული ხელოვნებათმცოდნის, ანდრეი ეროფეევის და სახაროვის სახელობის მუზეუმის დირექტორის, იური სამოდუროვის სასამართლო პროცესზე ჩატარებული კონცერტი. „ვოინას“ აქტივისტებმა სასამართლოს დარბაზში შეუმჩნევლად შეიტანეს ელექტროგიტარები, დასარტყამი ინსტრუმენტები და ხმის გამაძლიერებლები. სასამართლოს სხდომისას, უცნობმა მამაკაცმა დამსწრეებს კონცერტის დაწყების შესახებ აუწყა. მაყურებელთა რიგებიდან მუსიკოსები წამოდგნენ და საზეიმოდ შეასრულეს ორწუთიანი სიმღერა „ყველა მილიციელი ნაბიჭვარია, გახსოვდეთ ეს!“. ამ აქციამ, „ვოინა“ ფარული კამერებით აღჭურვილი ხულიგნური პარტიზანული ურბანული დაჯგუფების სამოქმედო სივრციდან ღია ბრძოლის ველზე გაიყვანა.
2010 წლის 22 მაისს არტ-ჯგუფ „ვოინას“ წევრი, ლეონიდ ნიკოლაევი, ჯგუფის აქციებში სამართალდამცავების უშუალო ინტეგრაციას იწყებს. ის მოძრაობით გადატვირთულ ქუჩაში თავზე იხურავს ლურჯ ვედროს, რომელიც რუსეთის ფედერაციის დაცვის ფედერალური სამსახურის სპეციალური დანიშნულების მანქანების ციმციმას ფერს განასახიერებს, ხსენებულ მანქანას ახტება და იქიდან მის დასაკავებლად გადმოსულ სამართალდამცავებს გაურბის. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში ვრცელდება. ხალხის ნაწილი თვლის, რომ ეს იდიოტიზმია, უმეტესი მათგანი კი აღფრთოვანებულია. ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი, ლევ პონომარიოვი აქციაზე ასეთ კომენტარს აკეთებს: „მან გამოხატა ასიათასობით ადამიანის, შესაძლოა მილიონების, დამოკიდებულება მოსკოვის ქუჩებში ციმციმიანი მანქანების დაუსჯელი ქმედებების და ამაზე ხელისუფლების არაადეკვატური რეაქციის მიმართ. თავად არტისტმა, შესაძლოა, არცთუ ისე ადეკვატური საქციელი ჩაიდინა, რამდენადაც ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, მაგრამ დაუკვირდით რა ხდება შემდეგ? როგორ იქცევა ამის საპასუხოდ სახელმწიფო?“. სახელმწიფო საპასუხოდ ჩვეულებრივი მაფიოზივით მოიქცა. დილით ლეონიდს ესტუმრა რამდენიმე შეიარაღებული უფორმო პიროვნება, ჩაისვა მანქანაში, თვალები აუკრა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. როგორც შემდეგ გაირკვა, შინაგან საქმეთა ერთ-ერთ განყოფილებაში. დაკითხვის და მუქარების შემდეგ ის გამოუშვეს. „ჩვენ ვახდენთ პროვოცირებას და პასუხად ისინი თავიანთ რეალურ სახეს აჩენენ. გამოდის, რომ ჩვენ ვხატავთ მათ პორტრეტებს, – ამბობს ოფიციალურ ვიდეოკომენტარში ალექსეი პლუცერ-სარნო, – სამართალდამცავ ორგანოებთან პრობლემები ვერ დაუსვამს წერტილს ჩვენს არტ-ჯგუფს. ეს პრობლემები წერტილს თავად სამართალდამცავ ორგანოებს დაუსვამს. ჩვენ მათ მორალის კოსმიური ზედაპირისკენ ვეზიდებით“.
Nikolaev

ლეონიდ ნიკოლაევი

ურბანული პარტიზანული არტ-ჯგუფი ქალაქს კარგად უნდა იცნობდეს. ეს მას საშუალებას აძლევს, ახალი ობიექტებისთვის მიმართვის ნაცვლად, საკუთარ ხელოვნების ნაწარმოებებში ტილოდაც და ფუნჯადაც ქალაქის არქიტექტურა გამოიყენოს. „ვოინამ“ სისტემაზე შურისძიების იდეა პეტერბურგში აკეცვადი ხიდების არსებობას იდეალურად შეუხამა. მათ მიზანში ამოიღეს ერთ-ერთი ასეთი ხიდი, რომელიც პირდაპირ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობის წინაა განლაგებული. 2010 წლის 14 ივნისს, ჩე გევარას დაბადების დღეს, არტ-პარტიზანები ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. როგორც კი მოძრაობა შეწყდა და ხიდის ასაკეცად დაიწყო მზადება, ისინი შეიჭრნენ გადაკეტილ ტერიტორიაზე და დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგობის მიუხედავად, წამოღებული საღებავებით სავსე კანისტრები 23 წამის განმავლობაში დაცალეს. ამ პროცესის განმავლობაში, ნელ-ნელა ცხადი გახდა, რომ ხიდი არტისტებმა თავიანთი მონუმენტური ქმნილების ტილოდ გადააქციეს. როდესაც ხიდი საბოლოოდ აიკეცა, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შენობას თავს დაადგა მასზე გამოსახული უზარმაზარი (65 X 27 მეტრი) ერეგირებული ფალოსი. მისი დანახვა ქალაქის შორეული რაიონებიდანაც კი იყო შესაძლებელი. ჯგუფის წევრები მას „კოსმიურ *ლეს“ ეძახიან და ხაზს უსვამენ, რომ ის უშიშროების ფედერალური სამსახურის ტყვეა.
„ამით არტისტებმა, საშიშროების ფედერალური სამსახურის ყველა მუშაკს აჩუქეს საწყისი ბაზა არამიწიერ ცივილიზაციებთან გაფრეარტინისათვის, – წერს ალექსეი პლუცერ-სარნო, – ჩვენ გავაგრძელებთ გარშემო არსებული ბანდიტიზმის პორტრეტის ხატვას ჩვენი არტისტული მეთოდებით. ერეგირებული ნახატი ხიდზე არ არის პოლიტიკა. ეს ხელოვნებაა. ეს დღევანდელი სახელისუფლებო ვერტიკალის პორტრეტია“. ცნობილი რუსი გალერისტი, მარატ გელმანი კი ასეთ კომენტარს აკეთებს: „ეს ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქური აქციაა. არტ-ობიექტის ზომა და პროპორციები იდეალურია, მათ შორის ესთეტიკური თვალსაზრისითაც. პოლიტიკოსები გაგდებულები არიან საჯარო სივრცეებიდან, მათი ადგილი თანამედროვე მხატვრებმა დაიკავეს“. დიდი მცდელობების შედეგად, მერიამ შეძლო ნახატის წაშლა, თუმცა მისი ფერმკრთალი კვალი ხიდს რამდენიმე დღე მაინც ეტყობოდა.
Voina. Peterburg

კოსმიური ფალოსი პეტერბურგში. 2011

ვოინას“ არტ-ანარქიამ, ამ პერფორმანსის შემდეგ, ისინი ხელისუფლებასთან საბოლოოდ დააპირისპირა. „სამართალდამცავი სისტემა რუსეთში დალპა. მას აღარ უშველის ფსევდორეფორმები, სისტემა უნდა ამოყირავდეს. მომეცით საყრდენი წერტილი და მე ამოვატრიალებ მილიციას“, – აცხადებენ არტ-ჯგუფის აქტივისტები და ქუჩებში გადიან. ისინი მიდიან სახელმწიფო რუსული მუზეუმის შენობასთან, უახლოვდებიან შესასვლელთან გაჩერებულ მილიციის მანქანებს, საერთო ძალებით ეჭიდებიან და აყირავებენ. ასე მათ რამდენიმე ავტომობილის ამობრუნება მოახერხეს, ერთ-ერთში მძინარე მილიციელებიც კი ისხდნენ.მხატვრული ინსტალაცია „სასახლის გადატრიალება“ – ასე უწოდა მუზეუმის წინ ამოტრიალებულ მილიციის მანქანებს პლუცერ-სარნომ. ამ აქციის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, „ვოინას“ მიმართ რეპრესიები მკაცრდება. ლეონიდ ნიკოლაევს და ოლეგ ვოროტნიკოვს აპატიმრებენ. ცოტა ხანში ქვეყნიდან გარბის და სამართალდამცავებისგან თავს ესტონეთში აფარებს ალექსეი პლუცერ-სარნო. მას სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით – დანაშაულებრივი ბანდ-ფორმირების ორგანიზების ბრალდებით ეძებენ, რაც 12-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.არტ-ჯგუფის აქტივისტების იზოლატორში ყოფნის პერიოდში გაირკვა, რომ მათი ნამუშევარი, 65-მეტრიანი ფალოსი მოხვდა პრესტიჟული პრემიის – ინოვაციის – შორთ-ლისტში ვიზუალური ხელოვნების განხრით. გამარჯვების შემთხვევაში „ვოინა“ სოლიდურ თანხას მიიღებდა. მას ამჯერად უკვე სალონურ წრეებშიც აღიარებდნენ – პრემია ხომ რუსეთის კულტურის სამინისტროს დაარსებულია. ჯგუფის წევრებმა ამ ჟესტში მათრახისა და ტკბილეულის პოლიტიკა დაინახეს და კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. მათ სხვებსაც მოუწოდეს უარი ეთქვათ „იმ მაფიოზურ ფულზე, რომლის საშუალებითაც ხელისუფლება ცდილობს მართოს არტისტები“. „ვოინას“ აქტივისტებს დაჭერისთანავე მხარდაჭერა გამოუცხადა თანამედროვე კონცეპტუალური სთრით არტის ერთ-ერთმა ყველაზე უფრო ცნობილმა წარმომადგენელმა ბენქსიმ. მან საკუთარი ნამუშევრების აუქციონი მოაწყო დაპატიმრებულების გასათავისუფლებლად საჭირო გირაოს თანხის შესაგროვებლად. ნორვეგიის სამეფო ფოსტამ „ვოინას“ თაყვანისმცემლის შეკვეთით დაამზადა მარკა, რომელზედაც უკვდავყოფილია არტ-ჯგუფის მიერ უშიშროების ფედერალური სამსახურისთვის დამიზნებული მრისხანე ფალოსი. მარკის გაყიდვებიდან შემოსული თანხა სპეციალურად არტისტების დასახმარებლად შექმნილ ფონდში გადაირიცხება. საგანგებოდ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში დაპატიმრებულების გათავისუფლება ცნობილმა რუსმა მომღერალმა იური შევჩუკმაც მოითხოვა. ასეთივე ვიდეომიმართვა მოამზადეს ცნობილმა რუსმა აქციონისტებმაც, მათ შორის ჩვენს სტატიაში ნახსენებმა ალექსანდრ ბრენერმა და ოლეგ კულიკმა. ნიუ იორკში კი ჯგუფებმა Artists 4 Israel და Tats Cru სპეციალური გრაფიტი გააკეთეს დაკავებული ოლეგ ვოროტნიკოვის და ლეონიდ ნიკოლაევის მხარდასაჭერად. მანამდე კი ოლეგ ვოროტნიკოვი ციხიდან წერდა, რომ მის ქვეყანას მხოლოდ მასობრივი ემიგრაცია თუ უშველის, რომ ის საბოლოოდ დარწმუნდა სისტემის მანკიერებაში, თუმცა ციხის აუტანელი პირობების მიუხედავად, მისდა გასაკვირად, პირველად ცხოვრებაში ყველანაირი შიშისგანაა დაცლილი და სავსეა საკუთარი სიმართლის შეგრძნებით და ენერგიით.ნათქვამია, რომ სჯობს სამყარო დაინგრეს, ვიდრე ადამიანს თავისუფალი ნების აღსრულება აეკრძალოს. სწორედ ესაა, ჩემი აზრით, ნებისმიერი პერსონალური ომის არსი ისეთ მონსტრებთან, როგორიცაა მანკიერი სახელმწიფო სტრუქტურა, ხელშეუხებელი ავტორიტეტები თუ დამყაყებული, ოფიციალურად ნებადართული კულტურა. და თუ სპონტანურობისა და დღესასწაულის, ყოველდღიურობისა და სიყვარულის დასაბრუნებლად ხანდახან საჭირო ხდება ომი, მაშინ, დაე იყოს ომი!

P.S. 2011 წლის 8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო პრემია ინოვაცია ნომინაციაში ვიზუალური ხელოვნების საუკეთესო ნაწარმოები მოიგო არტ-ჯგუფმა „ვოინა“ პროექტით „*ლე ტყვედ ფსბ-სთან“. თანამედროვე ხელოვნების სფეროში ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული პრიზით დაჯილდოების ცერემონიაზე „ვოინას“ წევრები ან მათი წარმომადგენლები არავის შეუნიშნავს.
წყარო: ტაბულა ART
a4752276a400d31313b60146fd6c5c74

ereart

http://www.facebook.com/pages/ERE-ART/121170184607373 http://urakparaki.com/?m=7&WUID=6357

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button