გასართობისაკითხავიუცნაური

მთვარეული მხატვარი


ლი ჰადვინი ერთი ჩვეულებრივი ექთანია. თავისი პროფესიის გარდა იგი სხვა საქმიანობითაც არის დაკავებული – იგი ხატავს. თუმცა, ძნელია ამას ჰობი ან გატაცება უწოდო. საერთოდაც, კონკრეტული ახსნა მის ქმედებას ვერ მოუძებნეს. საქმე იმაშია, რომ ხატვის დროს ლის… ძინავს.

 

უფრო მეტიც, გაღვიძებისას მას არაფერი არ ახსოვს და მღვიძარ მდგომარებოაში საერთოდ არ აქვს ხატვის ნიჭი.

„ვერ აგიხსნით რა უცნაური გრძნობაა იღვიძებდე დილით სრულიად უცხო ნახატებით გარემოცული“– ამბობს მთვარეული მხატვარი – „გულწრფელად მაოცებენ „ჩემი“ ნახატები. უფრო საოცარი კი ისაა, რომ როდესაც მღვიძავს, ერთ უბრალო ჩანახატსაც კი ვერ ვაკეთებ. ნახატების თემაც სრულიად განსხვავდება ჩემი აზრებისგან. თითქოს ძილის დროს ჩემი ტვინის სხვა ნაწილი იღვიძებს.“

33 წლის უელსელ ჰადვინს ედინბურგის ძილის ცენტრში იკვლევენ. მათ უკვე განაცხადეს, რომ ასეთი შემთხვევა ჯერ არ ჰქონიათ და ლის ფენომენი უნიკალურია.

მასზე უკვე იღებენ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც გამოყენებული იქნება იუთუბზე განთავსებული მისი ვიდეოც, სადაც ლი მძინარე ხატავს არანორმალური სისწრაფით და არ ესმის არაფერი.

ექიმებისა და მედიის გარდა, მისი ნამუშევრებით საგამოფენო გალერეებიც დაინტერესდნენ. ერთ–ერთი მისი ნახატი Flight of Fancy, რომელზეც ორი ნიმფაა გამოსახული, 5000 ფუნტად გაიყიდა.

ჰადვინი 4 წლის იყო, ღამ–ღამობით მძინარე სეირნობები რომ დაიწყო. თუმცა მშობლები დიდად არ შეშფოთებულან, რადგან სხვა მხრივ ლი ყოვლად ნორმალური ბავშვი იყო. თინეიჯერობის ასაკისთვის მან ფანქრით ან ცარცით პატარა გამოსახულებების „ჯღაბნა“ დაიწყო. ერთხელაც კი, როდესაც მეგობართან დარჩა ღამისთევით, დილის საუზმეზე მეგობრის ოჯახს სამზარეულოს კედლები მთლიანად მოხატული დახვდათ. მას შემდეგ იგი იმარაგებდა ფურცლებსა და ფანქრებს, რათა კედლები, მაგიდები და კარადები არ მოეხატა. საკვირველია ისიც, რომ არც ბავშვობაში და არც მოზრდილ ასაკში მხატვრობასთან შეხება არ ჰქონია. 15 წლისამ დაამთავრა სკოლა და პატარა მუსიკალურ ბენდს შეუერთდა. „სამხატვრო გალერეაშიც კი არ ვყოფილვარ, ჩემი ღამეული „მხატვრობის“ ჩანაწერებს რომ ვუყურებ, საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნება მიპყრობს, თითქოს სხვა ვიღაცას ვუყურებ. ვერ ვიჯერებ, რომ მე „რაღაც“ მმართავს.“

მიუხედავად იმისა, რომ ძილის წინ იგი ფერად ფანქრებსაც ტოვებს, ხატვისას მხოლოდ შავ ფანქარს იყენებს. მას არადროს დაუხატავს ფერებში. ხატვის პროცესი 20 წუთიდან 2 საათამდე გრძელდება. ნახატის დასრულების შემდეგ იგი ლოგინს უბრუნდება და ძილს აგრძელებს. დილით კი ძალიან დაღლილი, ენერგიაგამოცლილი თავის ტკივილით იღვიძებს.

„ დილით გაღვიძება საშინელებაა – ბნელ ოთახში ვწევარ მთელი დღე და მთელი სხეული დაჭიმული მაქვს. ლოგინიდან თავის წამოწევაც კი არ შემიძლია“ – გვიყვება ლი – „მხოლოდ მეორე დღეს ვიკრებ ძალებს და ნახატს ვათვალიერებ. გამოკვლევებს ვიტარებ. მინდა გავიგო, საიდან მოდის ეს ნახატები. ბედნიერი ბავშვობა მქონდა და ფსიქიკაც ნორმალური უნდა მქონდეს. არავითარი ძლიერი სტრესი ან მორალურ– ფსიქიური ტრავმა არ მიმიღია. მიუხედავად ამისა, ძნელია მე ნორმალური ადამიანი მეწოდოს“

მან დღიურის წერაც დაიწყო, რათა რაიმე კავშირი იპოვოს თავის რეალურ ცხოვრებასა და „მეორე მე“–ს შორის. ხატავს სრულიად განსხვავებულ თემებზე – ადამიანებსა და ცხენებს ენაცვლებიან ფერიები, ზღაპრული ფრთიანი არსებები და შიშველი ფიგურები. უზარმაზარი მერლინ მონროც დახატა, ერთხელ კი საკუთარი ჯინსი დახია და სურათი ‘“გააფორმა“.

დოქტორი კრის იძიკოვსკი, რომელიც ედინბურგის კვლევით ცენტრში ჰადვინის შემთხვევას სწავლობს, ამბობს, რომ მთვრაეულები საკმოად ხშირად გვხვდება, მაგრამ ისინი ძირითადად უმიზნო სიარულით შემოიფარგლებიან. ყველაზე გავრცელებულია მძინარე მდგომარეობაში ჭამა. ასევე დაფიქსირებულია მანქანის, ცხენის, მოტოციკლეტის ან ველოსიპედის ტარების ფაქტებიც. იყო ერთი განსხვავებული შემთხვევაც, როდესაც 15 წლის გოგონა 40 მეტრიან ამწეზე აძვრა.

„თუმცა ჰადვინის შემთხვევა უნიკალურია იმით, რომ ძილის დროს იგი ქმნის, ანუ შემოქმედია. ეს უფრო ეპილეფსიის აქამდე უცნობი, რთული სახეობაა“ .

მეცნიერების ყურადღების მიუხედავად, ხელოვანთა წრე მას სკეპტიკურად უყურებს. კრიტიკოსი მეთ კოლინგსი მის ნახატებს „უსარგებლო ნაგავს“ უწოდებს –„ყველაფერი, რაც იქმნება, ხელოვნება არ არის. უდიდესი გამოცდილებისა და ხანგრძლივი შრომის შედეგად იქმნება ხელოვნების ნიმუში“.

მაგრამ ლონდონის არტგალერეების ქსელის მენეჯერი ნუშკინ გეილი ასე არ ფიქრობს: „ მისი ნამუშევრები განსხვავებული და საინტერესოა. პარიზის გალერეებიც დაინტერსდნენ მისი ნახატებით. ყველა ადამიანს ინდივიდუალური გემოვნება აქვს და რაში გადაიხდის თანხას, მისი პირადი საქმეა. ასეთ ნახატებს კი, ყოველ ნაბიჯზე კი არა, ვერსად ვერ შეხვდებით“.

ახლა, როდესაც ლი მეტნაკლებად შეეჩვია თავის უჩვეულო ღამეებს და გარკვეულ შემოსავალსაც იღებს, მას უკვე ეშინია ამ თავისებურების დაკარგვის: „ეს ნიჭი არსაიდან მოვიდა, არ ექვემდებარება არც ჩემს და არც არანირ კონტროლს და მეშინია, ისევე უცებ არ გაქრეს, როგორც გაჩნდა. დილით, როდესაც ძალაგამოცლილი ვიღვიძებ, ნუგეშად ჩემი ახალი ნახატი მხვდება, მეც შვებით ამოვისუნთქავ ხოლმე და შემდეგ ღამემდე ვისვენებ”

 

წყარო:http://verzonti.wordpress.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close