არქივი

ბაიკალის ტბა

f2285a8119df3b298a9fefe6bd69e054
ბაიკალი (რუს. Байкал; ბურ. Байгал далай, Байгал нуур) — მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექტონიკური წარმოშობის ტბა აღმოსავლეთ ციმბირში, ირკუტსკის ოლქისა და ბურიატეთის ტერიტორიაზე.

მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა, მტკნარი წყლის უდიდესი რეზერვუარი. მდებარეობს ზღვის დონიდან 455,5 მ სიმაღლეზე, ქედებით გარშემორტყმულ ღრმა ტექტონიკურ ქვაბულში, რომელიც წარმოიქმნა და წყლით ამოივსო პალეოგენის ბოლოსა და ქვედა ნეოგენში. წელიწადის ნახევარზე მეტი ხნით (15 იანვარი — 1 მაისი) ბაიკალი იყინება. ტბა და ირგვლივ მდებარე სანაპირო გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის უნიკალური მრავალფეროვნებით, რომელთაგან უმეტესობა ენდემურია. 1956 წლიდან ტბა გახდა ირკუტსკის წყალსაცავის ნაწილი. ადგილობრივები და საერთოდ რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ბაიკალს „ზღვას“ უწოდებს.
ბაიკალი მსოფლიოში ტბებს შორის ფართობით მე-6 ადგილზეა. კუნძულების გარეშე მისი ფართობია 31 722 კმ². ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ გადაჭიმულია 620 კილომეტრზე. სიგანე მერყეობს 24-იდან 79 კმ-მდე. სანაპირო ხაზის სიგრძეა 2100 კმ. ტბის დასავლეთი სანაპირო კლდოვანი და ციცაბოა, ხოლო აღმოსავლეთი — შედარებით ბრტყელი.
დედამიწის უღრმესი ტბაა. თანამედროვე მისი მაქსიმალური სიღრმე — 1642 მეტრი — დაადგინეს 1983 წელს ერთ-ერთი ჰიდროგრაფიული ექსპედიციის დროს. სიღრმის გაზომვაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსმა გეოგრაფმა ლეონიდ კოლოტილომ. ბაიკალის მაქსიმალური სიღრმე რუკაზე დაიტანეს 1992 წელს, ხოლო 2002 წელს სიღრმე დადასტურდა ბელგია-ესპანეთი-რუსეთის ერთობლივი პროექტის დროს, რომელიც მიმართული იყო ბაიკალის ტბის ახალი ბათიმეტრიული რუკის შედგენისაკენ. ბაიკალის საშუალო სიღრმე უდრის 744,4 მ-ს, რაც აგრეთვე დიდ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს.
ბაიკალის გარდა დედამიწაზე მხოლოდ ორად-ორი ტბა არსებობს (თუ მხედველობაში არ მივიღებთ ყინულისქვეშეთში მოქცეულ ტბა — ვოსტოკს), რომელთა სიღრმე 1000 მ-ს სჭარბობს, ესენია: ტანგანიიკა (1470 მ) და კასპიის ზღვა-ტბა (1025 მ). მოიცავს ზედაპირული მტკნარი წყლის მსოფლიო მარაგის 1/5. სანაპირო ხაზი სუსტადაა დანაწევრებული. მკვეთრად გამოიყოფა ნახევარკუნძულები: სვიატოი-ნოსი და ხორინ-ირგის; ჩივირკუის, პროვალის და სხვ. ყურეები. წყლის მოცულობა შეადგენს 23 615,39 კმ³-ს. წყალშემკრები აუზის ფართობი 570 000 კმ². საერთო მინერალიზაციის მაჩვენებელია 0,120 ‰. გამჭვირვალობა 40 მ-მდე.
1996 წელს ბაიკალის ტბა იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, როგორც ფლორისა და ფაუნის უნიკალური ადგილი, რაც პირველ რიგში ადგილობრივ ენდემიზმშია გამოხატული. ტბის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ცხოვრობენ ბურიატი ტომები, რომლებიც მისდევენ მსხვილი რქოსანი საქონლისა და ცხვრის მოშენებას და სხვ.
300px Baikal.A2001296.0420.250m NASA
%D0%91%D0%B0%D0%B9%D0%BA%D0%B0%D0%BB %D0%B8%D0%B7 %D0%BA%D0%BE%D1%81%D0%BC%D0%BE%D1%81%D0%B0
Ozero Baykal.11

ეტიმოლოგია
ადგილობრივები ბაიკალის ტბას ზღვას უწოდებენ. სახელწოდების ეტიმოლოგია ზუსტად არ არის დადგენილი. ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ სახელწოდება მომდინარეობს მონღოლური „ბაიგალი“ („მდიდარი ცეცხლი“), ან თურქული — „ბაი-ყული“ („მდიდარი ტბა“) სიტყვებისაგან. თუმცა აღნიშნული ჰიპოთეზები მეცნიერულად საფუძველს მოკლებულია. ბაიკალს გააჩნია სხვა სახელწოდებებიც, ასე მაგალითად, ჩინეთის ისტორიაში ტბა მოიხსენიება „პეხაი“-ს სახელწოდებით, რაც ქართულ თარგმანში ჟღერს როგორც „ჩრდილოეთი ზღვა“. ტუნგუსები ბაიკალს „ლამუ“-ს უწოდებენ, ე.ი. ზღვას, ხოლო ბურიატ-მონღოლები „დალანორ“-ს, რაც „წმინდა ტბა“-ს ნიშნავს. შესაძლოა სწორედ ბურიტული „ბაიგალი“ გახდა რუსულ სიტყვახმარებაში დამკვიდრებული სახელწოდება ბაიკალის ფორმით. XIX საუკუნემდე მისი ფართოდ გავრცელებული სახელწოდება იყო „ზღვა“. ტერმინი ბაიკალი განმტკიცდა მხოლოდ XIX საუკუნის შუა ხანების შემდეგ.

რელიეფი
305px Ruchey vpadayuschij v Bajkal 01
ბაიკალის ტბას გააჩნია წაგრძელებული ნამგლისებური ფორმა. მისი უკიდურესი წერტილები მდებარეობს ჩრდილოეთ განედის 51° 29′ (მურინო) და 55° 46′ (კიჩერის შესართავი) და სამხრეთ გრძედის 103° 44′ (კულტუკი) და 109° 51′ (დაგარის უბე) შორის. ტბის უდიდესი სიგრძეა 636 კმ, მაქსიმალური სიგანე 79,5 კმ, მინიმალური სიგანე 25 კმ.
წყალშემკრები აუზის ფართობია 570 კმ², რომელიც საკუთრივ ტბის ფართობთან მიმართებაში ძალზე არათანაბრადაა გავრცელებული. მთელი დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ ამ ფართობის საზღვარი გადის ტბის სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრში. იგი შემოზღუდულია თითქმის ყველგან წყალგამყოფი მთებით, რომელიც ტბიდანაც მოჩანს. უშუალოდ ამ წყალგამყოფთან მიდის მდინარე ლენის აუზი, რომელიც ბაიკალის ტბის სანაპიროდან სულ რაღაც 7 კილომეტრში იღებს სათავეს, პოკოინიკის კონცხთან. წყალშემკრები აუზი ყველაზე მეტად გავრცელებულია სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით მდინარე სელენგის აუზის მხარეს. მდინარე სელენგის აუზის ფართობია 469940 კმ², რომელზედაც მოდის მთელი ბაიკალის ტბის წყალშემკრები აუზის 83.4%. შემდეგ მოდის მდინარე ბარგუზინი, რომლის აუზის ფართობი შეადგენს 20025 კმ²-ს და შეადგენს ბაიკალის ტბის წყალშემკრები აუზის 3.5%-ს. დანარჩენ შენაკადებს უკავიათ 72035 კმ², რაც პროცენტული მაჩვენებლით შეადგენს 13.1-ს.
305px Ferroviacircolarebaikal
საკუთრივ ბაიკალის ტბა მდებარეობს შედარებით არაფართო ქვაბულში, რომელიც შემოსაზღვრულია კლდოვანი მთათა ჯგუფით, კერძოდ, საიანის განშტოებებით, რომელიც ადგილ-ადგილ ჩაჭრილია შედარებით ვიწრო მდინარეული ხეობებით, რომლებიც ტბაში ჩაედინებიან. სამხრეთით, აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, გადაჭიმულია ხამარ-დაბანის ქედი (სიმაღლე 2000 მ-მდე), რომლის მწვერვალები თითქმის მთელი წლის განმავლობაში თოვლითაა დაფარული.
სამხრეთი ბაიკალის დასავლეთ ნაპირებთან ვრცელდება ბაიკალისპირეთის ქედი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1200-1300 მეტრია. მცირე ზღვიდან დაწყებული ბაიკალის დასავლეთი ნაპირების უკიდურეს ჩრდილოეთ დაბოლოებამდე გადაჭიმულია ბაიკალის ქედი, რომლის სიგრძე 300 კმ-ია, ხოლო სიმაღლე 2572 მ-მდე (მთა ჩერსკი). ბაიკალის ტბისკენ მოქცეული კალთები ციცაბოა, 900-1000 მ-მდე დაფარულია ტყესტეპით და ფიჭვის კორომებით. ბაიკალის ქედის თითქმის მთელ სიგრძეზე აღმართული მწვერვალები მარადი თოვლითაა დაფარული, ხოლო მრავალ ადგილას შეინიშნება ძველი მყინვარების კვლები.
305px %D0%A8%D0%B0%D0%BC%D0%B0%D0%BD %D1%81%D0%BA%D0%B0%D0%BB%D0%B0
305px %D0%91%D0%B0%D0%B9%D0%BA%D0%B0%D0%BB 2008 %D0%B2%D0%B8%D0%B4 %D1%81 %D1%81%D0%BE%D0%BF%D0%BA%D0%B8
ქედი გადაკვეთილია რიგი ღრმა ჩაჭრილი ხეობით, რომლებშიც მთის ნაკადები გაედინება. ლანდშაფტების თვალსაზრისით ბაიკალის ტბის ჩრდილოეთის მონაკვეთის დასავლეთი ნაპირები არის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი რაიონი მთელ ბაიკალზე. აღმოსავლეთ ნაპირებთან, დაწყებული ჩივირკუის ყურიდან ტბის უკიდურეს ჩრდილოეთ დაბოლოებამდე გადაჭიმულია ბარგუზინის ქედი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 2700 მეტრია. ქედის მთისწინეთები მიკრულია ტბის ნაპირებთან, რომლებიც ადგილ-ადგილ ქმნიან კლდოვან მთებს.
305px Baikal S1999276045323
ბაიკალის ტბის სანაპირო ხაზის ყველაზე უფრო მეტად გამოკვეთილი ნახევარკუნძულია სვიატოი-ნოსი, რომელიც ბარგუზინისა და ჩივირკუის ყურეებს შორისაა მოქცეული. სვიატოი-ნოსის ნახევარკუნძული, რომელიც მასიური კლდოვანი სახითაა წარმოდგენილი და ზღვის დონიდან ამაღლებულია 1684 მეტრამდე ტბის ნაპირებთან ეშვება ციცაბო კლდოვანი კალთებით. ეჭვს არ იწვევს, რომ წარსულში სვიატოი-ნონის ნახევარკუნძული იყო კუნძული, ხოლო ჩივირკუისა და ბარგუზინის ყურეების წყლები ქმნიდნენ საერთო ყურეს, რომლებიც შემდგომ აივსო მდინარე ბარგუზინის ნაყარით.
ბაიკალის ტბაში არის 19 მუდმივი კუნძული, რომელთგან უდიდესია ოლხონი. უკანასკნელის სიგრძეა 71,7 კმ, ფართობი 729, 4 კვ.კმ.
ოლხონი კონტინეტისაგან გამოყოფილია ერთ კილომეტრზე ნაკლები სიგანის სრუტით, რომელსაც „ოლხონის ჭიშკარი“ ეწოდება. აღსანიშნავია აგრეთვე უშკანის კუნძულების ჯგუფი, რომელიც ტბის დაახლოებით შუა ნაწილშია განლაგებული. აღნიშნული კუნძულთა ჯგუფი შედგება ოთხი კუნძულისაგან, რომელთაგან უდიდესია დიდი უშკანის კუნძული (ფართობი 9,41 კვ. კმ). დანარჩენი (ვიწრო, მრგვალი და გრძელი უშკანის კუნძულების) ფართობი არ აღემატება ნახევარ კვადრატულ კილომეტრსაც.
დიდი უშკანის კუნძულის სიმაღლეა 150 მეტრი, ხოლო დანარჩენი კუნძულების სიმაღლე სულ რამდენიმე მეტრია. უშკანის კუნძულების ჯგუფი კლდოვანია, აგებულია ძირითადად კირქვებით, დაფარულია ხშირი ტყით. აღნიშნული ყველა კუნძული ძლიერ ნგრევას ექვემდებარება.
სულ ბაიკალის ტბაში 27 კუნძულია, რომელთაგან 5 ხანგამოშვებით წყლის იფარება, ხოლო დანარჩენი კუნძულები მუდმივია. ჩივირკუის ყურეში მდებარეობს 4 მომცრო კუნძული, მცირე ზღვაში 6 კუნძულია, დანარჩენი მომცრო კუნძულები ბაიკალის ტბის ნაპირების სიახლოვესაა. ბაიკალის ტბის კუნძულების საერთო ფართობია 742 კვ.კმ. მათი დიდი ნაწილი დიდი კონცხების ერთობლიობაა, გარდა ამისა, ბაიკალზე არის რამდენიმე დაბალი ქვიშიანი კუნძული, რომელიც წყლით იფარება.
ყურეები და უბეები, რომლებიც ესოდენ მნიშვნელოვანია მცირე გემების სადგომად, ბაიკალის ტბაზე იშვიათი მოვლენაა, ამასთანავე ისინი განლაგებული არიან სანაპიროს გასწვრივ ძალზე არათანაბრად. ყველაზე დიდი ყურეები ჩივირკუისა და ბარგუზინისა წარმოქმნილი არიან სვიატოი-ნოსის ნახევარკუნძულის ტბაში ღრმად შემოჭრის ხარჯზე. თითქმის ყურეს წარმოადგენს ეგრეთ წოდებული მცირე ზღვა, რომელიც ღია ბაიკალიდან გამოყოფილია ოლხონის კუნძულით და პროვალის ყურით.
45015208 1244744732 Izmenenie razmera Baykal B
თვალწარმტაცი ლანდშაფტებით არის განთქმული პესჩანაიას და ბაბუშკის ყურეები სამხრეთ ბაიკალში.
თავისებურ ყურეების ჯგუფს ქმნიან (უფრო ზუსტად ლაგუნებს) პოსოლისა და ისტოკის უბეები (ბაიკალზე მათ „სორებს“ უწოდებენ), რომლებიც ბაიკალიდან გამოყოფილი არიან ხმელეთის ვიწრო მონაკვეთებით. აღსანიშნავია ანგარის სორი. სორები გვხვდება აგრეთვე ჩივირკუის ყურეში. თითოეული მათგანი ბაიკალიდან გამოყოფილია ვიწრო ხაზობრივი ნაყარით; ზოგჯერ სორები დიდწყლიანობის დროს სავსებით წყლითაა დაფარული. ბაიკალის ტბის სანაპიროს მრავალ ადგილას ეშვება რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლის კლდე. განსაკუთრებით აღსანიშნავია სოსნოვკისა და ჩივირკუის ყურის მონაკვეთი, აგრეთვე მონაკვეთი ონგურენისა და კოჩერიკოვსკის კონცხს შორის.
ბაიკალის ტბის ფსკერის რელიეფი იყოფა 3 ძირითად ნაწილად: სამხრეთის ღრმული, შუა ღრმული და ჩრდილოეთის ღრმული.
პირველი მათგანია — სამხრეთი ღრმული, რომელიც იკავებს მთელ სამხრეთ ბაიკალს. ამ ღრმულის მაქსიმალური სიღრმე აღწევს 1473 მეტრს, საშუალო სიღრმე 810 მეტრია. სამხრეთ ღრმულში ტბის დანალექებმა არც თუ ისე შეარბილეს ფსკერის პირვანდელი რელიეფი. ფსკერზე გვხვდება წყალქვეშა ჭიუხები, რომლებიც მკვეთად არის გამოყოფილი ღრმულის იმ ნაწილში, რომელიც მდინარე სელენგის დელტისკენაა მიქცეული; ჭიუხები აქ სელენგის ნაყარითაა დაფარული. ერთ-ერთი ჭიუხი ზედაპირზე იმდენად არის ამოწეული, რომ სოფლებს გოლოუსტნისა და პოსოლსკის შორის წარმოქმნის თავთხელს, რომელშიც სიღრმე მხოლოდ 94 მეტრია. აღნიშნული თავთხელი, სავარაუდოდ, წარმოადგენს კუნძულ სტოლბოვის რელიქტს, რომელიც ბაიკალის წყლებით იყო დანგრეული.
ბაიკალის ტბაში გამოიყოფა აგრეთვე შუა ღრმული, რომელიც სამხრეთის ღრმულის გადაკვეთის ადგილზე სიღრმეში 428 მეტრს აღწევს. შუა ღრმულში ბაიკალის ტბა აღწევს თავის მაქსიმალურ სიღრმეს — 1642 მ-ს. აღნიშნული სიღრმე განლაგებულია ოლხონის კუნძულზე მდებარე უხანის კონცხის საპირისპიროდ 10 კილომეტრის მანძილზე. შუა ღრმულის საშუალო სიღრმეა 803 მ.
გამოკვეთილი ჩაღრმავებები მდებარეობს ოლხონის კუნძულის აღმოსავლეთით მდებარე ფსკერზე; დიდი სიღრმეები აღრიცხულია აგრეთვე უშკანის კუნძულების აღმოსავლეთ რაიონში, სადაც ფსკერის ზოგიერთ მონაკვეთზე დახრის კუთხის სიდიდე 80°-ზე მეტრია. ფსკერის რელიეფის განსაკუთრებული სირთულე ახასიათებს ბარგუზინის ყურეს, რომელიც წარმოადგენს შუა ღრმულის შემადგენელ ნაწილს. წყალქვეშა ქედებით იგი გაყოფილია ორ ღრმულად.
შუა ღრმული ჩრდილოეთი ღრმულისაგან გამოყოფილია აკადემიის ქედის მეშვეობით, რომელიც გადაჭიმულია ოლხონის კუნძულის ჩრდილოეთი დაბოლოებიდან უშკანის კუნძულებამდე და შემდეგ გრძელდება ვალუკანის კონცხამდე.
ამრიგად, უშკანის კუნძულები წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ წყლის ზედაპირზე ამოზიდულ აკადემიის ქედის ჩრდილოეთ ნაწილს. ქედის კალთები ციცაბოდ ეშვება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ბაიკალის ტბის შუა ღრმულის რაიონამდე და ჩრდილოეთ-დასავლეთისაკენ ჩრდილოეთი ღრმულისაკენ.
ჩრდილოეთი ღრმული იკავებს სივრცეს, რომელიც ვრცელდება აკადემიის ქედის ჩრდილოეთით და მოიცავს „მცირე ზღვის“ აკვატორიას. ღრმულის მაქსიმალური სიღრმე უდრის 988 მ-ს, საშუალო სიღრმე — 564 მ-ს. ჩრდილოეთი ღრმულისათვის დამახასიათებელია ფსკერის ნაზი რელიეფი, რომლის სიღრმეები იზრდება მცირე ზღვის სამხრეთი მონაკვეთიდან კოტელნიკოვის კონცხის რაიონამდე. ღრმულის დასავლეთი ნაპირების სიახლოვეს ფსკერი უფრო ციცაბოდ ეშვება სიღრმეში, ვიდრე აღმოსავლეთ ნაპირებთან, სადაც დამახასიათებელია მნიშვნელოვანი მცირე სიღრმეები.
ბაიკალის ტბის ფსკერის ზედაპირის დიდი ნაწილი (100 მეტრზე მეტი სიღრმეები) დაფარულია სქელი ფენის დანალექი შლამით, რომელიც ძირითადად შედგება მრავალრიცხოვანი მცენარეული ნარჩენებისაგან. ზოგან, მაგალითად, აკადემიის ქედზე, ბაიკალის ფსკერი შედგება დედაქანისაგან, მოიპოვება აგრეთვე ფსკერის ისეთი მონაკვეთები, სადაც დიდ სიღრმეებზე შეიძლება შევხვდეთ რიყის ქვებსა და კენჭებს.
ბაიკალის მცირე სიღრმეების დიდი ნაწილი (განსაკუთრებით მდინარეთა დელტისკენ მოქცეული მონაკვეთები) შედგება ქვიშისგან ან ისეთი ქვიშისაგან, რომელიც შლამთან ერთადაა აღრეული. ნაპირებთან უფრო ახლოს მდებარე ფსკერის მონაკვეთები უმეტესწილად დაფარულია ქვებით და ასე თუ ისე მსხვილი კენჭით. მხოლოდ ფსკერის მცირეოდენი მონაკვეთია ისეთი, რომლებიც ქვიშითაა დაფარული.

ქვაბულის მორფოლოგია
300px Baikal 1739
არა მუდმივად, თუმცა, დიდ ნაწილში ბაიკალის ტბის ფსკერის რელიეფი და მოხაზულობის ფორმა უცვლელი რჩებოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში. გეოლოგიური თვალსაზრისით, ბაიკალის ტბა თანამედროვე სახით ჩამოყალიბდა მესამეულის ბოლოს ან მეოთხეული პერიოდის დასაწყისში. ამ დროისათვის, თანამედროვე გეოლოგების ვარაუდით, ჩამოყალიბდა ბაიკალის ტბის დიდი ვარდნობები და მოზრდილი მთათა ჯგუფები. ბაიკალამდე არსებული წყალსატევის შესახებ, ინფორმაცია ჯერ კიდევ მცირეა. სავარაუდოდ, ეს იყო ტბების რთული სისტემა, რომლებიც ერთმანეთს სრუტეებით უკავშირდებოდნენ; გარდა ამისა, ტბების სისტემას თანამედროვე ბაიკალზე მეტი ფართობი ეკავა.
არსებობს საფუძველი იმისა, რომ აღნიშნული ტბების სისტემა ვრცელდებოდა ბაიკალისპირეთში, მონღოლეთსა და შესაძლოა მანჯურიასა და ჩრდილოეთ ჩინეთში. ამრიგად, ბაიკალი მისი თანამედროვე მდგომარეობით, წარმოადგენს წყალსატევის ნაშთს, რომელიც ოდესღაც მოზრდილ ფართობს იკავებდა და არაერთხელ განიცდიდა სხვადასხვა პროცესებით გამოწვეულ ცვლილებებს.
გამყინვარების პერიოდში, როდესაც მძლავრი მყინვარები ფართოდ ვრცელდებოდნენ ციმბირის ზოგიერთ რაიონში, ბაიკალისპირეთში ამ დროს გამყინვარება ნაწილობრივ იყო წარმოდგენილი, ხოლო მყინვარები ბაიკალის სანაპირომდე მხოლოდ გარკვეულ ადგილებამდე აღწევდნენ. ქვებისა და ქვიშების მორიგეობა მყინვარების მიერ იყო მოტანილი ჩრდილოეთ ბაიკალში თვით ტბის სანაპირომდე. ასეთი ნატეხი ქანების გროვას მორენებს უწოდებენ, რომელსაც ტბის ზედაპირის მთელი ფართობი არასოდეს არ დაუფარია. თუმცა გამყინვარების პერიოდის შემდეგ შემორჩენილმა მორენებმა დიდი როლი ითამაშეს ჩრდილოეთ ბაიკალის სანაპიროს ფორმირებაში, ხოლო მყინვარების მიერ გადამუშავებული ნატეხი ქანებისგან აგებულია ჩრდილოეთი ბაიკალის ზოგიერთი კონცხი, მაგალითად, ბოლსოდეი. უფრო წვრილი ლოდები და ფხვიერი მასალები წაირეცხა, ხოლო მოზრდილი ლოდები შემორჩა ამ რაიონში დიდი წყალქვეშა ქვების სახით, რომელიც ნაოსნობისათვის არის სახიფათო.
XVIII საუკუნის განმავლობაში და XIX საუკუნის დასაწყისში გეოლოგების ვარაუდიდთ, ბაიკალის ქვაბული წარმოადგენს დედამიწის ქერქის ღრმულს, რომელიც წარმოიშვა მატერიკის ამ ადგილზე არსებული ძლიერი კატასტროფის ხარჯზე. ცნობილმა გეოლოგმა და გეომორფოლოგმა ივანე ჩერსკიმ არსებითად შეცვალა აღნიშნული წარმოდგენა. ჩერსკის მიხედვით, ბაიკალი არის არა ღრმული, არამედ უძველესი წყალსატევი, რომელიც სილურული ზღვის დროიდან შემორჩა, თანდათანობით ჩაღრმავდა დედამიწის ქერქის დაძირვის შედეგად.
მოგვიანებით აკადემიკოსი ვლადიმერ ობრუჩევი დაუბრუნდა უწინდელ წარმოდგენას ქვაბულის წარმოშობის შესახებ, კერძოდ, იგი მიიჩნევდა, რომ ტბის ქვაბული არსებითად გრაბენია. დაძირვა მიმდინარეობდა აზევებასთან ერთად, რომლებმაც ბაიკალის სანაპიროზე შექმნეს მთიანი ქვეყანა. ე. პავლოვსკის შეხედულებით, ბაიკალის ვარდნობები და მათი გამყოფი ქედები წარმოადგენენ ეგრეთ წოდებული სინკლინებისა და ანტიკლინების ერთობლიობას. ცნობილი გეოლოგის ნ. დუმიტრაშკოს შეხედულებით, ბაიკალი არის 3 ქვაბულის რთული სისტემა. სამხრეთი — შეიქმნა ზედა იურულის განმავლობაში, შუა — მესამეულის პერიოდში, ჩრდილოეთი — მესამეულსა და მეოთხეულ პერიოდებს შორის.
არსებობს დამამტკიცებელი ფაქტები იმისა, რომ ბაიკალის ქვაბულის ფორმირება თანადროულ დროშიც გრძელდება, ხოლო ქვაბულის ფსკერი დღესაც განიცდის დაძირვას. ყველაზე კარგად სანაპიროს დაძირვა შეინიშნება იმ ადგილებში, სადაც ქვაბული სცილდება ნაპირების საზღვარს. ასეთი ადგილება გვაქვს ბარგუზინის ყურესთან, მდინარეების კიჩერისა და ზემო ანგარის რაიონთან და სხვ. ამ ადგილებში შეინიშნება სანაპირო ხაზის თავისებურება, რომელიც მიუთითებს ტბის დონეზე დაბლა მდებარე ნაპირების დაძირვისაკენ. მოიპოვება აგრეთვე ისტორიული ფაქტები დაძირვასთან დაკავშირებით. ასე მაგალითად, სოფელ უსტ-ბარგუზინმა რამდენჯერმე შეიცვალა თავისი მდებარეობა. ამჟამად სოფელი ნახევრად დატბორილია. ანალოგიური სიტუაცია შეინიშნება მდინარე კიჩერის შესართავის რაიონში. მდინარე სელენგის დელტაში ხმელეთის დადაბლება განპირობებულია თანდათანობითი დატბორვით, რომელსაც მოჰყვა ხმელეთის მასების ჭაობად გადაქცევა.
1861 წლის დეკემბერში მდინარე სელენგის რაიონში დაფიქსირდა ხმელეთის მნიშვნელოვანი დადაბლება, რომელიც ყურის წარმოქმნით დაგვირგვინდა. იმ დროს ბაიკალის წყლის ქვეშ მოექცა მდინარე სელენგის დელტის ჩრდილოეთი მონაკვეთი (წყლით დაიფარა 190 კვადრატული კილომეტრი). მანამდე დაფიქსირდა მიწისძვრა, ამასთანავე შეინიშნებოდა ძლიერი ვერტიკალური დარტყმა, რომელმაც ნაპრალები შექმნა. სტეპი წყლით დაიფარა, 2 მეტრის სიმაღლის ყოფილი შადრევნებით. მეორე დღეს ბაიკალის წყლით დაიტბორა ყველა დადაბლებული მონაკვეთი ბორტოგოის სტეპამდე. სტეპის ადგილას კი 3 მეტრის სიღრმის პროვალის ყურე შეიქმნა.
XX საუკუნის დასაწყისში და ცოტა მოგვიანებით რკინიგზის გასწვრივ ჩატარებული ნიველირების ხარჯზე გამოირკვა ზოგიერთი ხმელეთის მონაკვეთის დადაბლებისა და აზევების სიჩქარე. ბაიკალისპირეთის რაიონში დედამიწის ქერქი მშვიდ მდგომარეობაში არ იმყოფება, რაზეც მეტყველებს ამ რაიონში ხშირი მიწისძვრების, ცხელი წყაროებისა და სხვ. ბუნებრივი მოვლენების ერთობლიობა. ბაიკალის სანაპიროზე შეინიშნება რამდენიმე წყაროს არსებობა.
მნიშვნელოვანია აგრეთვე მდინარე ბარგუზინის ხეობაში არსებული ცხელი წყაროების გამოსავლები. სოფელ უსტ-ბარგუზინის რაიონში ჩადგეს ჭაბურღილი, რომელმაც 400 მ სიღრმეზე დანალექებში გამოავლინა მცირე ასაკის ხეების ღერო. მდინარეების მიერ შემოტანილი ნაყარის გამო მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის აგრეთვე სანაპირო ფორმები, რის გამოც დელტებიც კი იქმნება. ყველაზე მსხვილ დელტას წარმოშობს მდინარე სელენგა, რომელიც თანდათან გაფართოებას განიცდის. საპირისპირო სურათია მდინარე ბარგუზინის შესართავის რაიონში. ეს უკანასკნელი არ ქმნის ტიპიურ დელტებს. ნაყარი დიდი რაოდენობით გროვდება სვიატოი-ნოსთან, იმ ადგილში, სადაც იგი მთებს ებჯინება. კარგად გამკვეთილი დელტები გამომუშავებულია ბაიკალის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, იმ ტერიტორიაზე, სადაც ნაპირები აზევებას განიცდის. ასეთი მდინარეებია ბუგულდეიკა, რელი, ტია და სხვ.
მთის ნაკადებს წარსულის ეპოქაში როგორც ჩანს მეტი წყალი მოჰქონდათ, ვიდრე დღეს, მოაქვთ დიდი რაოდენობით ნაყარი, აქვეა გამომუშავებული თავისებური გამოზიდვის კონუსები, რომლებიც განვითარებულია დასავლეთ სანაპიროს აზევებულ რაიონში. მრავალრიცხოვანი კონცხები სწორედ გამოზიდვის კონუსებს წარმოადგენენ, რომლებიც თანდათან ეშვებიან ბაიკალის ტბის დონემდე; ასეთი ნახევრად მომრგვალო გამოშვერილი ნაპირების სიგრძე იშვიათად აღწევს 7 კილომეტრს, სიმაღლე 200 მ-მდეა.

წყლის შედგენილობა
300px Angara River in Boguchansky District
თითოეული ტბის ქიმიური შედგენილობა, დონე, ტემპერატურა და წყლის სხვა შემადგენლობები განისაზღვრება არა მხოლოდ წყლით, არამედ წყლის მასების ურთიერთკავშირით ახლომდებარე გარემო პირობებთან, ე.ი. ატმოსფეროსთან, ფსკერთან და ნაპირებთან. რაც უფრო მეტად არის ურთიერთკავშირის ინტენსივობა, მით უფრო მეტ შესაბამისობაში იმყოფება დონის ყველა ცვლილება, ტბის წყლის მასის ტემპერატურა და ქიმიური შედგენილობა. ბაიკალის ყველაზე დიდი შენაკადია მდინარე სელენგა, რომლის წყალშემკრები აუზი შეადგენს 447 000 კმ²-ს, სიგრძე 1024 კმ-ს. ყოველწლიურად სელენგას შეაქვს ბაიკალის ყველა არსებული წყლის მასის დაახლოებით 50%. მეორე დიდი შენაკადია ზემო ანგარა, წყალშემკრები აუზის ფართობი 21 400 კმ²-ია, სიგრძე 438 კმ.
მნიშვნელოვანია აგრეთვე მდინარე ბარგუზინი (წყალშემკრები აუზი 21 100 კმ², სიგრძე 480 კმ). ბაიკალის შენაკადების უმეტესობა პატარა მდინარეები და ნაკადულებია, ზოგიერთი მათგანი შრობადი ტიპისაა, ზოგიც მხოლოდ წვიმიან სეზონში წარმოიქმნება. ბაიკალის ტბიდან მხოლოდ 1 მდინარე გამოედინება — ანგარა, რომლის სიგრძე 1779 კმ, ხოლო წყალშემკრები აუზის ფართობი 1 040 000 კმ²-ია. სულ ბაიკალის ტბას 336 დიდი თუ პატარა მდინარე ერთვის.

წყლის ბალანსი
300px Olchon prom
ძლიერი და ხანგრძლივი დონეების გადახრა გამოწვეულია ძლიერი ქარებითა და ტბის ზედაპირზე არსებული ბარომეტრიული წნევის არათანაბარი გავრცელებით. ბაიკალი განსაკუთრებით ღელავს გაფართოებულ შუა ნაწილში, რომელიც სახიფათოა მცირე გემებისათვის. წელიწადის დროების მიხედვით, ტბაზე წარმოქმნილი ღელვები უთანასწოროა. უფრო ხშირად გამოხატულია შემოდგომის თვეებში, სადაც იგი თავისი სიძლიერის პიკს აღწევს. ამა თუ იმ რაიონში ძლიერი ქარის არსებობა ღელვას იწვევს მაზობლად მდებარე რაიონებშიც, სადაც მოცემული ქარი საერთოდ არ აღინიშნება ან ქრის სხვადასხვა მიმართულებით. აღნიშნული ღელვის არსებობა, იმ რაიონში, სადაც არ არის დამახასიათებელი ქარი (ეგრეთ წოდებული „მკვდარი ლივლივი“) ნიშანდობლივია ბაიკალის მრავალი რაიონისთვის.

კლიმატი
300px View on Angara and Baikal from Chersky Stone
ბაიკალის წყლის მასა გავლენას ახდენს და არბილებს სანაპირო ჰავას. ზამთარი შედარებით რბილია, ზაფხული გრილი. ჰაერის საშუალო ტემპერატურა იანვარ-თებერვალში დაახლოებით –19°C, აგვისტოში დაახლოებით 11°C. აგვისტოში წყლის ტემპერატურა ზედაპირზე (ტბის ღია ნაწილში) 9-12°C, ნაპირებთან ზოგჯერ 20°C. წყლის ტემპერატურის სეზონური რყევა 250-300 მ სიღრმემდე შეინიშნება, ქვემოთ კი ტემპერატურა შედარებით მუდმივია 3,2-3,5°C. ბაიკალი იანვარში იყინება, ყინულძვრა მაისშია დამახასიათებელი. ყინულის სისქე 70-115 სმ. ატმოსფერული ნალექები ტბის შუა და ჩრდილოეთ ნაწილში 200-350 მმ წელიწადში, სამხრეთით 500-900 მმ. სანაპიროებიდან ტბისკენ ქრის სხვადასხვა მიმართულების ძლიერი ქარები (ზოგიერთის სიჩქარე შემოდგომაზე და ზამთრის დასაწყისში 30-40 მ/წმ აღწევს).ქარით გამოწვეული ტალღების სიმაღლეა 1-3 მ, ზოგჯერ 4-5 მ. ბაიკალისთვის ნიშანდობლივია ტიპური ქარები, რომლებსაც თავიანთი ადგილობრივი სახელწოდება აქვთ: ბარგუზინი, სარმა, ვერხოვიკი და კულტუკი. მზის ნათების ხანგრძლივობა დიდია. ბოლშოე-გოლოუსტნოეს დასახლებაში იგი 2524 სთ. აღწევს.

ყინული
300px Lakebaikalwinter
ბაიკალი გაძგიფვის პერიოდში (საშუალოდ 9 იანვრიდან — 4 მაისამდე) თითქმის მთლიანად იყინება. ნაოსნობის სამგზავრო და სატვირთო გემების პერიოდი ჩვეულებრივ გახსნილია ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით. სამეცნიერო საკვლევი გემები ნავიგაციას ყინულის გათავისუფლებასთან ერთად იწყებენ და ასრულებენ მას ბაიკალის გაყინვამდე, ე.ი. მაისიდან იანვრის ჩათვლით. ზამთრის ბოლოს ყინულის სისქე ბაიკალზე 1 მ აღწევს, ხოლო ყურეებში — 1,5-2 მ-ს. ძლიერი ყინვების დროს აქ არსებული ბზარები ყინულს ცალკეულ ველებზე აღვივებენ. ასეთი ბზარების სიგრძე უდრის 10-30 კმ-ს, სიგანე 2-3 მ-ს. რღვევები წარმოიქმნება ყოველწლიურად, ტბის დაახლოებით ერთსა და იმავე ადგილზე. ბაიკალის ყინულები მეტად გამჭვირვალეა, ამასთანავე მას ჭრის მზის სხვივები, რის გამოც წყალში უხვად იზრდება პლანქტონური მცენარეულობა, რომლებიც ჟანგბადს გამოყოფენ. ზამთრის პერიოდში სანაპიროებზე შეიმჩნევა ყინულოვანი გროტები და შხეფები.
1930-იან წლებში ბაიკალის ლიმნოლოგიური სადგურის სპეცილისტებმა აღმოაჩინეს მხოლოდ ბაიკალისთვის ნიშანდობლივი ყინულოვანი საფრის უჩვეულო ფორმები. მაგ., ეგრეთ წოდებული „სოპკები“ — 6 მ სიმაღლის კონუსისებრი ყინულოვანი ბორცვები, რომლებიც გარეგნულად მოგვაგონებენ ყინულოვან კარვებს. „სოპკები“ განკერძოებულად ვრცელდება, ზოგჯერ კი მინიატურულ ქედებს ქმნიან. გარდა ამისა, ბაიკალზე გვხვდება რამდენიმე სხვა ტიპის ყინული.
ბაიკალის ყინულოვან საფარზე დაკვირვებები ჯერ კიდევ XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. ყინულოვანი წარმონაქმნების შესახებ ცნობებს გვაწვდის ნიკოლაე მილესკუ (1636-1708). ყინულოვანი რეჟიმის სისტემატური კვლევა დაიწყო 1869-1876 წლებში. ყინულოვანი საფრისა და მოვლენების შესწავლა განაგრძო მეცნიერებათა აკადემიის ბაიკალის ლიმნოლოგიურმა სადგურმა, რომელიც 1925 წელს დაარსდა.
თანამგზავრული გამოსახულებების ხარჯზე, შესაძლებელი გახდა ბაიკალზე წარმოქმნილი და დანგრეული ყინულოვანი საფრის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. 2003 წლის გაზაფხულზე კოსმოსიდან მიღებული გამოსახულებების შედეგად მეცნიერებმა ყინულის ზედაპირზე აღმოაჩინეს უჩვეულო ბეჭედისებური სტრუქტურები. თანამგზავრული ინფორმაციის ანალიზმა უჩვენა, რომ აღნიშნული სტრუქტურები ტბაზე 1999 წელსაც შეინიშნებოდა.

სეისმოაქტიურობა
300px KhovsgolNuur
ბაიკალის ტბა მდებარეობს ბაიკალის რიფტული ზონის შუა ნაწილში, რომელმაც ფორმირება დაიწყო ჯერ კიდევ ოლიგოცენის დასაწყიში, დაახლოებით 40 მლნ. წლის წინ. დამახასიათებელია რეგულარული ხასიათის მიწისძვრები, რომელთა ძალა MSK-64 ინტენსივობის სკალის შესაბამისად უმეტეს შემთხვევაში 1-2 ბალია; ზოგჯერ უფრო ძლიერი ხასიათის მიწისძვრებიც იცის. ასე მაგ., 1862 წელს მდინარე სელენგის დელტის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა ე.წ. კუდარინსკის მიწისძვრა, რომელმაც დაძირა ხმელეთის მონაკვეთი ფართობით 200 კმ². მიწისძვრის შედეგად წარმოიქმნა პროვალის ყურე.
ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა აგრეთვე 1903, 1950, 1957 და 1959 წლებში. შუაბაიკალის მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ბაიკალის ტბის ფსკერზე, სოფელ სუხაიას რაიონში (სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო), სადაც მიწისძვრამ 9 ბალს მიაღწია. ქალაქებს ულან-უდესა და ირკუტსკში მთავარი ბიძგის სიმძლავრემ 5-6 ბალი შეადგინა. წარმოიქმნა ნაპრალები და აღინიშნებოდა შენობა-ნაგებობების უმნიშვნელო ნგრევა.
უკანასკნელი ძლიერი მიწისძვრა ბაიკალზე აღინიშნა 2008 წლის აგვისტოსა და 2010 წლის მარტში. ტექტონიკური მოძრაობა თანადროულ დროშიც გრძელდება.

ტურიზმი
300px Listvyanka
ბაიკალი ცნობილია როგორც „ციმბირის მარგალიტი“. ტბაზე მოხვედრა შესაძლებელია სხვადასხვა გზით. როგორც წესი ტბის მნახველები თავდაპირველად მიემგზავრებიან ახლომდებარე რომელიმე მსხვილ ქალაქში: ირკუტსკში, ულან-უდეში ან სევერობაიკალსკში, საიდანაც შესაძლებელი ხდება დეტალურად დაიგეგმოს მოგზაურობის მარშრუტი. ირკუტსკიდან 70 კმ-ში, ბაიკალის სანაპიროზე, მდინარე ანგარის სათავის სიახლოვეს მდებარეობს სოფელი ლისტვიანკა — ბაიკალის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული პუნქტი, რომელშიც აშენებულია შვიდსართულიანი სასტუმრო — მაიაკი. საოლქო ცენტრიდან აქ მოხვედრა შესაძლებელია ავტობუსით ან თბომავალით. ტბის ირგვლივ სხვადასხვა მონაკვეთზე გადის ბაიკალის დიდი ბილიკი — ეკოლოგიური ბილიკების სისტემა. ლისტვიანკიდან ყველაზე პოპულარული მარშრუტები გადის ბოლშიე-კოტიში, სვიატოი-ნოსის ნახევარკუნძულზე, და სხვა ადგილებში, სადაც ტურისტებს მისვლა შეუძლიათ. აღმოსავლეთ სანაპიროზე პოპულარობით სარგებლობს ბარგუზინის ყურე, სადაც გრძელდება ტურისტულ-რეკრეაციული ზონის მშენებლობა. ვიქტორ გრიგოროვმა ქალაქ ირკუტსკში, როგორც ერთ-ერთმა ინვესტორმა დაგეგმა 3 სასტუმროს აშენება, სადაც იქმნება 570 სამუშაო ადგილი. 2007 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ბაიკალის რეგიონი გამოაცხადა განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონად. 1996 წელს იუნესკომ ბაიკალი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ტბის ჩრდილოეთ ნაწილში გაშენებულია კურორტი ხაკუსი.

მითები და ლეგენდები
1)მიჩნეულია, რომ ბაიკალის მამას ჰყავდა 336 მდინარე-ბიჭი და 1 გოგო-ანგარა. ისინი ერთვოდნენ თავიანთ მამას, რამეთუ შეევსოთ მისი წყლები, თუმცა გოგოს შეუყვარდა მდინარე ენისეი და მანაც მამამისის წყლების გატანა დაიწყო შეყვარებულთან. ამის საპასუხოდ, მამა ბაიკალმა საკუთარ შვილს ესროლა კლდის დიდი ნაგლეჯი და დაწყევლა იგი. ამ კლდეს შამან-ქვა ეწოდება, რომელიც მდებარეობს მდინარე ანგარის სათავესთან.

2)ლეგენდის ვარიაციის სხვა შემთხვევაში ნათქვამია, რომ ბაიკალს მხოლოდ 1 შვილი ჰყავდა — ანგარა. მას შეუყვარდა ენისეი და გადაწყვიტა მასთან ერთად გაქცევა. როდესაც ბაიკალმა ამის შესახებ გაიგო შეეცადა მისთვის გზის გადაღობვა და ამისათვის სათავესთან გადააგდო შამან-ქვა. თუმცა ანგარამ მაინც მოახერხა სვლის გაგრძელება და ამის შემდეგ ბაიკალმა მის დასაჭერად გაუშვა ირკუტი, რომელმაც შეიბრალა ანგარა და გზიდან გადაუხვია. ანგარა შეხვდა ენისეის და გზა განაგრძო მასთან ერთად.

f8a80369a65f9628707a9767913

4
5537530
1402m
crystal purity of baikal lake

წყარო: http://ka.wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button