არქივი

ურთიერთობა უცხოპლანეტელებთან

ef91103bfeda

ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე ნონა ჯაჯანიძე ამტკიცებს, რომ გასული საუკუნის 90–იან წლებში უცხოპლანეტელებთან კონტაქტი ჰქონდა.(მე არ მჯერა და თქვენი აზრი დაწერეთ).

– ქალბატონო ნონა, როგორ დაიწყო თქვენი კონტაქტი უცხოპლანეტელებთან?

– პირველი შეხება 1990 წლის აპრილში მქონდა. მაშინ ერთ–ერთი გაზეთის რედაქტორი ვიყავი. იმ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიაში ერთ–ერთ ოჯახში უცნაური რაღაცეები ხდებოდა. სკოლის მოსწავლე გოგონა უცნაურ არსებებს ხედავდა, სახლშიც სხვადასხვა ნივთი ცვიოდა. თითქოს უჩინარი ხელი რაღაცეებს ისროდა. ეს ამბავი მთელ საქართველოში გახმაურდა. ტელევიზიებში სიუჟეტებიც გაკეთდა. მე, როგორც ჟურნალისტს, გურიაში ჩასვლა მინდოდა, მაგრამ ცოტა ხანში შემატყობინეს, ის გოგონა რუსთავში ჩამოიყვანესო. მეც რუსთავში ვცხოვრობ. გამიხარდა, იმ გოგონას სანახავად შორს წასვლა რომ არ დამჭირდა.

– გოგონას სახლში რა ნახეთ?

– ნამდვილად უცნაური რაღაცეები ხდებოდა. ჩვენ წინ საგნები “დაფრინავდა”. იმ დღეს შვილები სახლში ვერავის დავუტოვე. ამიტომ მათთან ერთად წავედი. იქ ცნობილი უფოლოგი თალეს შონია და ოპერატორი დაგვხვდა, რომელიც იმ ყველაფერს ფირზე იწერდა. მერე ის კადრები ტელევიზიითაც აჩვენეს. ჯერ ვაშლი “გამოფრინდა” და იატაკზე დაეწება, მერე – პური, ბოლოს კი სამზარეულოს დანაც ისროლეს. დანა კედელს მოხვდა და იატაკზე ჩაცურდა. ჩემს შვილებს ისე შეეშინდათ, ტირილი დაიწყეს, დედა, აქედან წავიდეთო. საინტერესო ის იყო, რომ იმ ოჯახში იმ მომენტში ვაშლი და პური არ ჰქონდათ.

– ნივთებს პოლტერგეისტი ხომ არ ისროდა?

– სხვათა შორის, პოლტერგეისტის ფენომენს წლების განმავლობაში ვსწავლობდი. მაინტერესებდა, რა მოვლენასთან გვქონდა საქმე. ზოგი პოლტერგეისტს ოჯახის სულს ეძახდა. უცხოპლანეტელებმა კი სხვანაირად აგვიხსნეს. პოლტერგეისტი იგივე ენერგეტიკაა, რასაც ერთმანეთთან კონტაქტის დროს გამოიყენებთ. ამ დროს ბურთის მაგვარი მასა წარმოიქმნება და ის ხმაურობს, ნივთებს ადგილს უცვლისო. იმ შემთხევევაში კი ნივთებს უცხოპლანეტელები ისროდნენ.

– ქალბატონო ნონა, თანამიმდევრულად გვიამბეთ. იმ გოგონასთან რომ მიხვედით, თქვენი პირველი კონტაქტი მაშინ დამყარდა?

– სწორედ ასე იყო. მერე კი ჩემთან უფრო ახლო კონტაქტში შემოვიდნენ.

– რა ენაზე გესაუბრებოდნენ?

– ჩვენი კონტაქტი ტელეპატიურ ენაზე ხდებოდა. გონებაში ფრაზები შემოდიოდა და მეც ასევე ვპასუხობდი.

– ამ ნაწერებზეც გვითხარით, როგორ წერდნენ?

– როგორც გვითხრეს, ისინი იეროგლიფებით წერდნენ, მაგრამ ამ ქაღალდებზე ქართული ასოებია გამოსახული. ჩვენთან ურთიერთობისას ზოგჯერ ამ ფორმას იყენებდნენ. ქართულ ასოებს ამსგავსებდნენ. თითქოს უჩინარი წერდა, მხოლოდ ფანქარი მოძრაობდა და ასოები გამოჰყავდა. ზოგჯერ კი ფანქარი საერთოდ არ მოძრაობდა, თავისით იწერებოდა.

– ვიზუალურად თუ ხედავდით და როგორები იყვნენ?

– კი, ზოგჯერ მეჩვენებოდნენ. ისინი, ვინც ჩვენ გვეკონტაქტებოდა, მაღლები, ადამიანის მაგვარი არსებები იყვნენ. 25 სანტიმეტრიან არსებებსაც ვხედავდით. დავინტერესდი და ვკითხე, რომელი პლანეტიდან ხართ–მეთქი. მითხრეს, ჩვენ წითელი ვარსკვლავიდან ვართო. რომ გამოვთვალეთ, გამოვიდა, რომ პლანეტა ვენერადან იყვნენ.

– მათი ჩამოსვლის მიზანი რა იყო?

– ექიმები იყვნენ და სხვადასხვა დაავადებას კურნავდნენ.

– კიდევ რას გეუბნებოდნენ?

– მაგალითად, მითხრეს, რომ საქართველოში მიწისძვრა მოხდებოდა და სამი ადამიანი დაიღუპებოდა. მართლაც ასე მოხდა. რაჭასა და საჩხერეში მომხდარ მიწისძვრას სწორედ ამდენი ადამიანი ემსხვერპლა. ასევე მითხრეს, მალე ქაღალდის ჭამას დაიწყებთო. როცა პურზე ტალონები შემოვიდა, მაშინ მივხვდი, მათი ნათქვამი რასაც ნიშნავდა. კითხვებზე მოკლე პასუხებს გვაძლევდნენ. არ უყვარდათ, როცა შეკითხვებით თავს ვაბეზრებდით.

– მათთან კავშირი რატომ დაკარგეთ?

– მათთან ურთიერთობა 5 თვის მანძილზე მქონდა. მერე კი, უბრალოდ, ჩვენგან წავიდნენ. მითხრეს, რომ 17–18 წელში უკან დაბრუნდებოდნენ. ეს დრო ახლა დადგა და ვგრძნობ, რომ ისინი ბრუნდებიან. ამას იმ სხივითაც ვგრძნობ, რომელიც სახლში შემოდის. ისინი ჩვენს პლანეტას მხოლოდ სიკეთეს მოუტანენ.

წყარო:ჟურნალი “თბილისელები”

მსგავსი ამბები

Back to top button