მისტიკასაკითხავიუცნაური

ნადირობის ქალღმერთი დალი

დალი — ქართულ მითოლოგიაში ნადირობის ქალღმერთი, ველური ცხოველების მფარველი. საქართველოს  მთიანეთში (უმეტესად სვანეთში) გავრცელებული გადმოცემების თანახმად, დალის გარეგნობა მზეთუნახავის გარეგნობას წააგავს. დალი მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს, საიდანაც ეშვება მისი ოქროს თმები. დალი მაქციაა, მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის სახით. მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს, დალი ეხმარება ნადირობაში მანამ, სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავს. ამ პირობის დამრღვევი მონადირე აუცილებლად იღუპება. დალის და უცნობი მონადირის შვილად ითვლება ამირანი.

დალი სვანურად წარმოითქმის როგორც დალ— კლდის ტურფა ქალი, ნადირთა და მთაში ასულ მონადირეთა ბედის გამგებელი. ემორჩილება ჯიხვი, შუნი, არჩვი, ირემი, მათი მცველი და გამჩუქებელია.
დალი უძველესი ქალღმერთია. შესაძლოა, მისი წინაპარი იყო შუმერთა დილბადი. აქვს შეხვედრები გერმანულ და სხვა ქვეყნის მითოლოგიასთან. პირველად ოჯახის კეთილი ქალღმერთი უნდა ყოფილიყო, შემდეგ მაცდურის, ავსულის, ჯადოქრის თვისებები მიიღო. მისი სახელ ცოცხალია ქართულ ფოლკლორში, უფრო სვანურში (ბეთქილი, დალე კოჯას ხელღვაჟალე და სხვა). სვანის ცხოვრება იმდენად იყო დაკავშირებული ჯიხვზე და არჩვზე ნადირობასთან, რომ ნადირთა ღმერთი და ქალღმერთიც შეუქმნია.
დალის სახელი ძრწოლვითა და პატივისცემით წარმოითქმის. მის საბრძანებელია უხვაანი, ლალცხატი — სალი კლდეები.

დალიზე გადმოცემები ხშირად დაკავშირებულია მთა უშბასთან და იმასაც იძახიან რომ დალი მანდ ცხოვრობს.

დალიზე ბევრი გადმოცემაა და ერთ-ერთი არის ეს:
სოფლის თავში ფრიალო კლდიდან ყოველდღე ქალის შემზარავი კივილი მოისმოდა (სიყვარულის ტკივილი). ამის გამგონე მაკე ძროხას ხბო არ შერჩებოდა, ცხენს კვიცი. მიწა იძვროდა. სოფელი შეწუხდა. მამაცმა დარჯელანმა იკისრა მწვერვალზე ასვლა, რომ სოფელი ეხსნა. მჭედელს სამი რკინის პალო გამოაჭედვინა, კლდეზე საფეხურები გაიკეთა, ავიდა. გამოქვაბულში დალ ნახა, ერთი ნახვით შეუყვარდა, დალიც დანებდა. მონადირემ კლდეზე ცოცვას მოუხშირა. ეჭვიანი ცოლი აედევნა, მძინარე ქმარსა და დალს თავზე წაადგა. დალს ოქროს ნაწნავებო ოქროს მაკრატლით შეაჭრა და მიატოვა. შეჭირვებულმა დალმა დარჯელნას უთხრა: ჩემი აღსასრული დადგა, მუცელი გამიჭერი, ბავშვი ამოიყვანე, კუროს ტყავში გაახვიე და სამი გზის შესაყარზე დააგდეო. მონადირემ ყველაფერი შეასრულა. გამოიარა სამმა წმინდა კაცმა, ბავშვი დალოცეს. მიხვდნენ რომ დალის ვაჟი იყო და ამირანი (მირიმი) უწოდეს, გასაზრდელად კი ისევ დარჯელანს გადასცეს.

 

წყარო : http://ka.wikipedia.org

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close