გასართობისაკითხავი

უდიდესი COME BACK-ი ლივერპულის შესრულებით

Istambul Final

”ლივერპულის” ისტორიის უდიდესი ღამე 2005 წლის 25 მაისს, სტამბოლის ათათურქის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც უკვე ახალი მწვრთნელის, ესპანელი რაფაელ ბენიტესის მერსისაიდელები ევროპული ფეხბურთის გრანდს, ”მილანს” დაუპირისპირდნენ. 

რაფაელ ბენიტესმა ”ლივერპული” არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში ჩაიბარა – ჟერარ ულიეს მიერ 2001 წელს მიღწეული წარმატებები ვერ გარდაისახა მეტ მიღწევებში ვერც ინგლისურ და ვერც ევროპულ სარბიელზე – გუნდი განიცდიდა ფინანსურ პრობლემებს, ”ლივერპული” დატოვა უკვე ვარსკვლავმა თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში რეგულარულად მოხვედრას კლუბი დიდი გაჭირვებით ახერხებდა. ბენიტესი, რომელმაც მანამდე ესპანეთში ორი გრანდის – ”რეალისა” და ”ბარსელონას” ჰეგემონია დაარღვია გაცილებით ნაკლები ბიუჯეტის მქონე ”ვალენსიათი” გაჩემპიონებით, შემდეგ კი ამას უეფას დასიც დაუმატა, ”ლივერპულში” 2004-05 სეზონის წინ მიიწვიეს ულიეს შემცვლელად. გუნდის შედეგები ინგლისის ჩემპიონატში (რომელიც ”ლივერპულს” 1990 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული და მის რეკორდულ 18-გზის ჩემპიონობას ”მანჩესტერ იუნაიტედი” უახლოვდებოდა) არასაკმარისად კარგი იყო, თუმცა ამის საპირისპიროდ, გუნდი ბენიტესის გენიალური ტაქტიკური მიდგომისა და ყველა წვრილმანის დეტალური ანალიზის შედეგად, ევროპის ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე წარმატებით მიიწევდა წინ. არა-ვარსკვლავური დონის შემადგენლობით დაკომპლექტებული გუნდი ევროპის გრანდებს ხვდებოდა და ყველას გასაოცრად ახერხებდა მათი ბარიერის დაძლევას. ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შემდეგ ”ლივერპულმა” დაამარცხა ლევერკუზენის ”ბაიერი”, მეოთხედფინალში ტურნირს გამოთიშა იტალიის ჩემპიონი ”იუვენტუსი”, რასაც უკვე ინგლისის ჩემპიონი ”ჩელსი” მიაყოლა და სტამბოლის სტადიონზე მაისში გასამართ ფინალში გავიდა. მერსისაიდულ კლუბს მოედანზე ახლა უკვე კაპიტნის რანგში გაუძღვა სტივენ ჯერარდი, რომელიც ამ პერიოდისათვის სეზონების განმავლობაში სტაბილური, უმაღლესი დონის თამაშით უკვე ”ლივერპულის” მორიგი ლეგენდის სტატუსში განიხილებოდა.

null

game plan

”მილანი” ევროპის ყველაზე ძლიერი დაცვითი ხაზის მქონე გუნდად ითვლებოდა და მათთან 0-1 ანგარიშის აღმოფხვრაც კი რთულ საქმედ მიიჩნეოდა. მატჩის დაწყებიდან 53 წამში იტალიური გუნდი უკვე წინ იყო, მათი კაპიტნის, პაოლო მალდინის მიერ გატანილი გოლის შედეგად. ამას 23-ე წუთზე არგენტინელმა ერნან კრესპომ მეორე გოლი დაუმატა, პირველი ნახევრის ბოლოს კი კიდევ ერთხელ შეარხია პოლონელი ირჟი დუდეკის კარის ბადე და შესვენებაზე ინგლისური გუნდი 0-3 დეფიციტით გავიდა. სტივენ ჯერარდი: ”მილანი იმდენად სწრაფად და გონივრულად ათამაშებდა ბურთს, რომ მხოლოდ მათი ჩრდილის ადევნებას ვახერხებდით. გაგვიმართლა, რომ მეტი ბურთი არ გავუშვით.” ჯეიმი კარაგერი: ”ისინი ძალიან ძლიერები იყვნენ. კაკა (მილანის ნახევარმცველი) უამრავ პრობლემას გვიქმნიდა და შესვენებაზე გასვლისას ყველანაირი იმედი მქონდა დაკარგული.” სტივენ ჯერარდი: ”შესვენებაზე მწვრთნელი ჩვენს დამშვიდებას და დაიმედებას ცდილობდა. მან დაფაზე გარკვეული მონახაზები გააკეთა და განგვიცხადა, რომ სწრაფი გოლის გატანა უნდა მოგვეხერხებინა მეორე ნახევარში და რომ ამას თუ მოვახერხებდით, შემდეგ უკვე შეგვეძლებოდა თამაშში დაბრუნება. ამ დარიგებაზე კონცენტრირება რთული იყო – თავი ხელებში მქონდა ჩარგული და ვერაფერზე ვფიქრობდი.” ლუის გარსია: ”შესვენებაზე გასახდელში ჯდომისას გარკვევით გვესმოდა ჩვენი გულშემატკივრების მიერ ნამღერი ”You’ll Never Walk Alone”. ჩემპიონთა ლიგის ფინალს 0-3 ანგარიშით ვაგებდით, ისინი კი კლუბის საყვარელ სიმღერას მღეროდნენ, წარმოგიდგენიათ?” იოჰან კრუიფი: ””ლივერპულის” მსგავსი ჰიმნი ევროპის არცერთ კლუბს აქვს. არცერთი კლუბია ასეთი ერთიანი თავის გულშემატკივართან. ვიჯექი, ვუყურებდი ”ლივერპულის” ფანებს და ტანში ჟრუანტელი მივლიდა. 40000 გულშემატკივარი გუნდის უკან ერთიანდებოდა. ამისათვის ”ლივერპულს” ყველაფერზე მეტად ვაფასებ.”
LiverPool
ყველა დროის ყველაზე დიდი დაბრუნება 54-ე წუთზე დაიწყო. იონ არნე რიისეს ჩაწოდება, სიმბოლურად, კაპიტანმა ჯერარდმა მოათავსა ”მილანის” კარში. გატანილი გოლის შემდეგ მოთამაშეების მიმართ მისი მოწოდება დღესაც სიმბოლურ კადრად რჩება. მეორე ბურთი ვლადიმირ შმიცერმა შეაგდო 20 მეტრიდან, მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში. მესამე გოლი ხაბი ალონსოს მიერ შესრულებულ პენალტს მოჰყვა, რომელიც ”მილანის” მეკარე დიდამ მოიგერია, თუმცა ესპანელმა ნახევარმცველმა მაინც მოათავსა კარში. ”ლივერპულმა” ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი დაცვის მქონე გუნდისათვის 3 ბურთის შეგდება 6 წუთში მოახერხა. ამ ენერგიული მონაკვეთის შედეგად ინგლისური გუნდის მოთამაშეებს მეორე ტაიმში შეტევების ორგანიზებისათვის ძალები აღარ დარჩათ; ამის მაგივრად, მათ თავდაცვა მოუწიათ, რომლის განმავლობაშიც შეუცვლელი კაპიტანი ჯერარდი მარჯვენა მცველის პოზიციაზე იხარჯებოდა, მეკარე ირჟი დუდეკმა კი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელ ანდრეი შევჩენკოს 2 მეტრიდან დარტყმული ბურთი მოიგერია. პენალტების სერიაში ფსიქოლოგიური უპირატესობა უკვე ინგლისური გუნდის მხარეს იყო და დუდეკმა აქაც მოახერხა რამდენიმე დარტყმის მოგერიება. ”ლივერპულმა” 21-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიპოვა ევროპის უძლიერესი გუნდის სახელი. თასი სტივენ ჯერარდმა, გუნდის სიმბოლომ ჩაიბარა.

shevchenko missed

liverpool win

Champion

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close