არქივი

გიორგი ქინქლაძე, საუკეთესო ათიანი. ქართველი ბურთის ჯადოქარი

0eac4a88e53a

გიორგი ქინქლაძე 1973 წლის 6 ივლისს, თბილისში დაიბადა და ბავშვობა დიდუბეში, დედ-მამასთან და უმცროს დასთან ერთად გაატარა. მამას, რობინზონს, სურდა, რომ გიორგი ფეხბურთელი გამოსულიყო, ამიტომ 6 წლის ასაკში თბილისის “დინამოს” ბავშვთა გუნდში მიიყვანა. დედა, ქალბატონი ხათუნა ამ ნაბიჯის წინააღმდეგი გახლდათ და თვლიდა, რომ მის შვილს ცეკვაზე უნდა ევლო, როგორც ამბობენ, ცეკვის წრეზე სიარულის რამდენიმე კვირა გიორგის უკვე საფეხბურთო კარიერაში გამოადგა და ის კოორდინაციის უნარი, რომლითაც მოედანზე სასწაულებს სჩადიოდა, სწორედ სცენაზე მიღებული გამოცდილების შედეგი იყო. რამდენიმე წელიწადში გიორგიმ “დინამოს” ბავშვთა გუნდების ყველა საფეხური წარმატებით გაიარა და თბილისური კლუბის დუბლშემადგენლობაში აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს, იშლება საბჭოთა კავშირი და სტარტს იღებს საქართველოს დამოკუდებელი საფეხბურთო ჩემპიონატი. ქინქლაძემ გადაწყვიტა, რომ “დინამოს” დუბლშემადგენლობაში თამაშს, რომელშიც მაშინ შოთა არველაძე და სხვა მომდევნო წლებში ვარსკვლავებად ქცეული ფეხბურთელები გამოდიოდნენ, შედარებით სუსტ, ახლადშექმნილ თბილისის “მრეტებში” თამაში ერჩია.

თავის პირველ პროფესიონალურ სეზონში, 16 წლის ასაკში ქინქლაძემ იმ დროისთვის საკმაოდ მაღალი დონის საქართველოს ჩემპიონატში 20 მატჩი ჩაატარა, მომდევნო წელს კი თბილისის “დინამომ” 1 მილიონ რუსულ რუბლად გამოისყიდა. სწორედ ამ დროს, საქართველოს დედაქალაქში სამოქალაქო ომი დაიწყო, “დინამოს” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ფეხბურთელებისთვის სტაბილურ გარემოში ვარჯიშის და განვითარების საშუალება მიეცა და ისინი სხვადასხვა უცხოურ კლუბში გაანათხოვრა, გიორგი გერმანულ “ზაარბიუკენში” აღმოჩნდა. იქამდე კი, 1992 წლის სექტემბერში აზერბაიჯანთან მატჩში მისი სანაკრებო ნათლობაც შედგა.

მეორე ბუნდესლიგაში მისი კარიერა უკუღმა წავიდა, “ზაარბრიუკენში” მცირე სათამაშო დროს აძლევდნენ, მეტიც, რამდენიმე მატჩში პრესამ მარცხის მთავარ მიზეზად სწორედ ის დაასახელა, 1993 წელს გულგატეხილი ქინქლაძე კარიერის გასაგრძელებლად საქართველოში ჩამოდის და მომდევნო სეზონშივე წლის საუკეთესო ფეხბურთელი ხდება.

მიუხედავად ამისა, პოლიტიკური არასტაბილურობა ფეხბურთის ნორმალურად თამაშის საშუალებას არ იძლეოდა. “დინამოს” მაშინდელმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიან ქინქლაძეს კარიერის ესპანეთში, მადრიდის “ატლეტიკოში” გაგრძელება შესთავაზა. საუბარი იყო დაახლოებით 200000 ფუნტზე, რომელიც ესპანელებს მასში უნდა გადაეხადათ, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ “ატლეტიკოში” მხოლოდ საცდელი პერიოდით ჩავიდა. შემდეგ იყო ვარჯიში მადრიდის “რეალის” დუბლშემადგენლობაში, სადაც “ქინქი” “ბოკა ხუნიორსის” სელექციონერმა შეამჩნია და არგენტინულ გრანდთან ერთ თვიანი ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა. გიორგიც დათანხმდა, ჩავიდა არგენტინაში და ბავშვობის ოცნება აისრულა, აქ ყოველდღე შეეძლო თავისი კერპი, დიეგო მარადონა ენახა. ერთთვიანი კონტაქტი აღარ გაგრძელდა, ამის მიზეზად “ბოკას” მთავარი მწვრთნელის, სილვიო მარზოლინის მიერ, გუნდის არგენტინელი ფლეიმეიქერის, ალბერტო მარკიკოს და მის სათამაშო სტილს შორის მსგავსება დასახელდა.

1994 წელს ქინქლაძემ ეროვნულ ნაკრებში “მოლდოვეთის” წინააღმდეგ ითამაშა და შესანიშნავი შთაბეჭდილებაც დატოვა. მისით ერთბაშად რამდენიმე იტალიური კლუბი დაინტერესდა, თუმცა საქართველოს ჩემპიონატიდან ფეხბურთელის გადაბირება ვერავინ გარისკა. ასე არ ფიქრობდა “მანჩესტერ სიტის” პრეზიდენტი ფრენცის ლი, რომელიც ჟორდანიას დაუკავშირდა და ნიჭიერი ფეხბურთელის გაყიდვა შესთავაზა. გარიგება არ შედგა, ინგლისელებმა მხოლოდ იმის გარანტია მიიღეს, რომ მისი გაყიდვის შემთხვევაში პირველი წინადადებით სწორედ “სიტის” მიმართავდნენ.

ზუსტად ორ თვეში ქინქლაძე უელსის ნაკრების წინააღმდეგ ორ დაუვიწყარ მატჩს ატარებს და “დინამოს” კარებთანაც მისი გადაბირების მსურველი კლუბების რიგი დგება. ჟორდანიამ პირობა შეასრულა და “ქალაქელებს” აცნობა, რომ ფეხბურთელის გაყიდვას აპირებდა, ასე და ამგვარად, 1995 წლის 15 ივლისს, გიორგი ქინქლაძე “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა და ამით გუნდის ახალი მწვრთნელის, ალან ბოლის პირველი შენაძენი გახდა. ტრანსფერის ოფიციალურ ღირებულებად 2 მილიონი ფუნტი დასახელდა. სავიზო პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებული შეფერხების შემდეგ, 1995 წლის 19 აგვისტოს, “პორთსმუტის” წინააღმეგ ქინქლაძემ “ცისფერი” მაისურით თავისი სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და სათავე დაუდო სამ სეზონს, რომელიც “სიტის” იმდროინდელ გულშემატკივარს ცხოვრების ბოლომდე არ დაავიწყდება.

“სიტიში” გატარებული პირველი წელი ქინქლაძის გუნდისთვის ცუდად დაიწყო. სეზონის პირველ სამ თვეში “ქალაქელებს” მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდათ მოგებული, სწორედ ამ მომენტიდან იწყებს თავის თავბრუდამხვევი ფინტების კასკადს ქართველი ფეხბურთელიც. სამი თვის შემდეგ მოგებულ პირველ მატჩში, ასტონ ვილას წინააღმდეგ, გოლი სწორედ ქინქლაძემ გაიტანა. რამდენიმე დღეში “მიდსბროსთან” ის ფანტასტიურ სოლო-რეიდს აკეთებს და “სიტის” აწინაურებს, საბოლოოდ “ქალაქელებმა” ის შეხვედრა 1:4 წააგეს, სეზონის ბოლოს კი “მიდლსბროს” ფანებმა ქინქლაძე ყველა მეტოქე გუნდს შორის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ზუსტად ორ კვირაში, “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მეტოქის კარისკენ მიმავლ გზაზე ქინქლაძემ 5 ფეხბურთელი, ბოლოს კი მეკარეც ჩამოიშორა. ამ გოლმა მოიგო თვის ნომინაცია და სეზონის ყველაზე ლამაზ გოლთა ათეულში მეორე ადგილზე გავიდა.
6bf5012728ca
ამ სეზონის მიწურულს ცხადია გახდა, რომ „სიტის“ პრემიერლიგის დატოვება და პირველ დივიზიონში დაქვეითება მოუწევდა. ზაფხულში ევროპული პრესა მის „ქალაქელთა“ რიგებიდან წასვლას და რომელიმე გრანდში გადაბარგებას თითქმის გადაწყვეტილად თვლიდა, სახელდებოდა კლუბებიც:, „ბარსელონა“, „ლივერპული“, „სელტიკი“, მაგრამ ქინქლაძემ „სიტიში“ დარჩენა არჩია. პირველ დივიზიონში გუნდის სავიზიტო ბარათად მწვრთნელების ხშირი ცვლა იქცა. პირველივე სეზონში ქინქლაძეს ხუთი სხვადასხვა სპეციალისტის ხელმძღვანელობით მოუწია თამაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან სულ ადვილად მოიპოვა გუნდში სტანდარტების შემსრულებლის სტატუსი, ის უტყამდა პენალტებს, გაჰქონდა საჯარიმოები და აწვდიდა თითქმის ყველა კუთხურს. „სუინდონის“ წინააღმდეგ 35 მეტრიდან გატანილი გოლის კომენტირებისას კი გაზეთ „მანჩესტერ ივნინგის“ ჟურნალისტმა აღიარა, რომ მსგავსი სილამაზის გოლი ინგლისის ჩემპიონატში მას მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ნანახი და მისი ავტორიც… ქინქლაძე იყო.

შეხვედრების უმეტესობაში მეტოქე გუნდის მწვრთნელები მას მინიმუმ ორ მეურვეს უჩენდნენ, ხოლო მაშინ, როცა მის შესაჩერებლად ესეც არ კმაროდა, ეს კი საკმაოდ ხშირად ხდებოდა, არც აკრძალულ ილეთებზე ამბობდნენ უარს. პირველ დივიზიონში გატარებულმა სადებიუტო სეზონმა წარუმატებლად ჩაიარა, „სიტიმ“ ელიტაში დაბრუნება ვერ შეძლო, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი გულშემატკივრების კერპად იქცა. ბოლო ტურში, „რედინგთან“ ჩატარებული მატჩის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ქინქლაძე ტრავმის გამო მასში არ მონაწილეობდა, ოთხივე ტრიბუნა 90 წუთის მანძილზე სკანდირებდა მის სახელს და გუნდში დარჩენას სთხოვდა, შესვენებაზე კი ტაბლოზე გულშემატკივრების მიერ მისთვის გაგზავნილი თხოვნები ჩანდა, აზრი ყველგან იდენტური გახლდათ, „ქინქი დარჩი“! გიორგი ფანების ნებას დაჰყვა და გუნდთან კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა. აღნიშნულმა ფაქტმა ქინქლაძეს „ფერარის“ ყიდვა გადააწყვეტინა. კლუბის ხელმძღვანელებმა, იცოდნენ რა, რომ ქართველს სისწრაფე უყვარდა, ამის გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩიეს. მათი შიში ზუსტად ორი თვის თავზე გამართლდა. მანჩესტერის ერთ-ერთ უბან „ჰალეში“ ქინქლაძე ხიდიდან გადავარდნას მხოლოდ გამძლე მოაჯირმა გადაარჩინა, ის საავადმყოფოში ზურგის დაზიანებით მიიყვანეს, თუმცა საბოლოოდ იოლად გადარჩა, მიუხედავად იმისა, რომ 30 ნაკერი დაადეს, შემთხვევიდან ორი კვირის თავზე უკვე მოედანზე იყო და სრული დატვირთვით ვარჯიშობდა.

სეზონი, რომელსაც წესით „სიტისთვის“ ახლა მაინც უნდა მოეტანა პრემიერლიგის საგზური, გუნდმა ისევ ცუდად დაიწყო, ქინქლაძე ცალსახად ერთადერთი ნათელი წერტილი გახდა და ნებისმიერ მატჩში მეტოქეების მთავარი ამოცანა მისი ამოკეტვა ხდებოდა. ასე გაგრძელდა 1998 წლის თებერვლამდე, როცა გუნდის ხელმძღვანელობას მოთმინების ფიალა ამოეწურა და ფრენკ კლარკი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვა. სწორედ ამ მომენტიდან იწყება დაღმასვლა გიორგი ქინქლაძის კარიერაშიც. კლარკის შემცვლელმა, ჯო როილმა ის აითვალწუნა და ფაქტობრივად პირველივე პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა საწყის ეტაპზე „ქინქლაძის სარფიანად გაყიდვა იყო“. შემდგომში, 2005 წელს, როილი ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწვრილებით იხსენებს ამ პერიოდს და აღნიშნავს, რომ მისი აზრით, ქინქლაძის შემოქმედებითობა, ის, რომ ტრიბუნებს პირზე მისი სახელი ეკერათ და ისიც, რომ ორი წლის მანძილზე აქამდე ყველასთვის უცნობი ფეხბურთელი „სიტის“ მთავარი ვარსკვლავის სტატუსს ინარჩუნებდა, მის თანაგუნდელებზე უაყოფითად მოქმედებდა. „მე რათქმაუნდა არ ვთვლი, რომ მაშინდელი „სიტის“ ყველა წარუმატებლობაში ქინქლაძე იყო დამნაშავე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორი იყო“, – ამბობს იგი.

უნდა ითქვას, რომ როილი შემტევი ტიპის ფეხბურთელებს თითქმის არასდროს სწყალობდა, მისი წინა კლუბი, „ევერტონი“ სწორედ ამით იყო „განთქმული“, სეზონში გამართული მატჩების ნახევარზე მეტს ნომინალური თავდამსხმელის გარეშე ატარებდა. ასე რომ, ქარივით სწრაფი, თავისუფლებისმოყვარული და დაცვაში თამაშის არმცოდნე ქინქლაძე მის სათამაშო სქემებში ვერასდროს ჩაჯდებოდა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ გიორგიმ მისი მოსვლის შემდეგ მხოლოდ ექვსი შეხვედრა ითამაშა, თუმცა გუნდის შედეგები იმდენად ცუდი გახლდათ, რომ გულშემატკივრის და როგორც ჩანს, გუნდის ხელმძღვანელობის მოთხოვნით, როილმა ბოლოსწინა ტურში, „ქუინზპარკ რეინჯერსთან“ გამართულ უპრინციპულეს მატჩში მას თავის გამოჩენის საშუალება მისცა. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის მცველი ვინი ჯონსი მას მთელი შეხვედრის განმავლობაში არ მოშორებია, გიორგიმ შესანიშნავი საჯარიმო გაიტანა, მარტომ წარმართა გუნდის თამაში და მოიგებდა კიდეც მას, რომ არა… ჯეიმი პოლოკის ავტოგოლი შეხვედრის ბოლოსწინა წუთზე. საბოლოოდ 2:2 და მთავარი მწვრთნელის კომენტარი: „ქინქი“ ამ ზაფხულს გაიყიდება!”

საბოლოოდ, „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში ქინქლაძემ 119 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 22 გოლი, რომელთა ნახევარზე მეტი უბრალოდ დაუვიწყარია „სიტის“ გულშემატკივართათვის და რაც მთავარია, მოიპოვა, გუნდის სრულიად დამსახურებული აღიარება საკულტო, ყველა დროის ვარსკვლავად, რაც 2005 წელს „ქალაქელთა“ გულშემატკივარმა ოფიციალურადაც აღიარა, გაიყვანა რა ის მესამე ადგილზე „BBC“-ის მიერ ჩატარებულ მასშტაბურ გამოკითხვაში, „ვინ არის სიტის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი?“

გიორგი კი ბედისწერამ ფეხბურთის სამშობლოდან უკვე ევროპული დონის ვარსკვლავის სტატუსით ჰოლანდიაში ჩაიყვანა და იქაური „აიაქსის“ ფორმა მოარგო. მისმა სატრანსფერო ღირებულებამ 5 მლნ ფუნტი შეადგინა. მაშინდელი პრესა მას იარი ლიტმანენის, „აიაქსის“ ფინელი ლეგენდის შემცვლელად მიიჩნევდა და მთავარ მწვრთნელ მორტენ ოლსენს გადაწყვეტილებას უწონებდა. სინამდვილეში კი ყველაფერი სხვანაირად მოხდა, ლიტმანენი ამსტერდამიდან არ წავიდა, ოლსენსაც ისღა დარჩენოდა, ქინქლაძე სათადარიგოთა სკამზე დაესვა, შემდეგ კი სულაც მეორე გუნდში გადაეყვანა. მოვა დრო და ოლსენი აღიარებს, გიორგი პიროვნულად ეცოდებოდა კიდეც, მაგრამ ლიტმანენის შემადგენლობაში არ თამაში უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. სწორედ ამ პერიოდს ეხება გიორგის ერთ–ერთი ცნობილი ფრაზა, რომელმაც მაშინდელი ნიდერლანდური გაზეთები თვალისდახამხამებაში მოიარა და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია. „მე რომ მარადონა ვიყო, აქ ჩემს გამო სათამაშო სტილს მაინც არავინ შეცვლიდა, მეტიც, დარწმუნებული ვარ, სათადარიგო სკამიდან მხოლოდ მაშინ ავდგებოდი, როცა ლიტმანენი ტრავმა მიიღებდა“, – ასე პირდაპირ უთხრა ყველას თავისი სათქმელი ქართველმა ვარსკვლავთბიჭუნამ, ბევრს ეს გულზე მოხვდა, ბევრმა კი განაცხადა, მოედანზე გასვლის საშუალებას არ აძლევენ, რომ იგივე თამაშით გვითხრას და მეტი რა დარჩენიაო… ასეა თუ ისე, „ქინქიმ“ სადებიუტო ჰოლანდიურ სეზონში ოდენ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გოლი არ გაუტანია, წელი „აიაქსის“ მეორე გუნდში დაასრულა და მაშინ საკმაოდ ამბიციურ, დღევანდელზე ბევრად მაღალი კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ საქართველოს ნაკრებში თითქოსდა სამუდამოდ დაბევებული ადგილი დაკარგა.

1999 წლის სექტმემბერში მისით „შეფილდ იუნაიტედი“ დაინტერესდა და ინგლისში დაბრუნება შესთავაზა, ქინქლაძე თანახმა იყო, მაგრამ „აიაქსის“ ხელმძღვანებელმა მის გაყიდვაზე უარი თქვეს და ერთი წლით „დერბი ქაუნთიში“ არენდის წესით გაუშვეს.

იმის გამო, რომ „დერბიში“ გადასვლისას მის ინგლისში სამუშაო ვიზას ვადა ჰქონდა გასული, იყო იმის ალბათობა, რომ გარკვეული ხნის მანძილზე ახალ გუნდში თამაშს ვერ მოახერხებდა, მაგრამ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ შესაბამის ორგანოებს თხოვნით მიმართა და არგუმენტად ბრიტანული ფეხბურთის წინაშე ქინქლაძის დამსახურება მოიყვანა. ამან გაჭრა და ქართველ ფეხბურთელს პრემიერლიგაში თამაშის ნება დართეს. თანაგუნდელებს იმდენად კარგად ახსოვდათ მისი მანჩესტერული შედევრები, რომ ვარჯიშების დროს მასთან ორთაბრძოლაში შესვლას ყველანაირად ერიდებოდნენ, შემთხვევით რომ არ დაშავებულიყო. მისი დებიუტი 1999 წლის 28 ნოემბერს, „არსენალთან“ დაპირისპირებაში შედგა, პირველი გოლი კი „უიმბლდონს“ ზუსტად 6 დღის შემდეგ გაუტანა.

ამ შეხვედრის შემდეგ ქინქლაძემ განაცხადა, რომ გუნდის ტაქტიკა არ მოსწონს და ფიქრობს, რომ ის უფრო შეტევაზე უნდა იყოს ორიენტირებული, მთავარმა მწვრთნელმა ეს შენიშვნა გაითვალისწინა და მომდევნო მატჩიდან მოყოლებული მას მოედანზე სრული თავისუფლება მიანიჭა. სეზონის ბოლოს კი „დერბიმ“, მისი კონტრაქტი „აიაქსიდან“ 3 მლნ ფუნტად გამოისყიდა, ეს თანხა გუნდისთვის 2007 წლის ზაფხულამდე სარეკორდო გახლდათ.

2000–01 წლების სეზონის დასაწყისი ქინქლაძემ ტრავმის გამო გამოტოვა, რაც „დერბის“ მთავარი მწვრთნელისთვის დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა. ის თვლიდა, რომ გიორგის გუნდის უდავო ლიდერად ჩამოყალიბება შეეძლო, რაც თავის მხრივ, მას ტაქტიკის ქართველ ფეხბურთელზე აწყობის საშუალებას მისცემდა. ქინქლაძე მოედანზე 2000 წლის 6 სექტემბერს, „მიდლსბროსთან“ შეხვედრაში დაბრუნდა, მაშინ, როცა „დერბი“ 0:3 მარცხდებოდა. ის მატჩი 3:3 დასრულდა, „ქინქიმ“ კი მალკოლმ ქრისტის ორი გოლი გაატანინა. 2006 წელს ქრისტი იტყვის, რომ ქინქლაძე საუკეთესო გამთამაშებელი იყო მათ შორის, ვისაც ის საფეხბურთო კარიერის დროს შეხვედრია. თუმცა, სამწუხაროდ „დერბიში“, „სიტისგან“ განსხვავებით ასეთი მატჩები მხოლოდ იშვიათ გამონათებებად იქცა. შედევრები ისევ იქმნებოდა, თუნდაც „ლიდსთან“ შესრულებული სოლო–რეიდი რად ღირს, მაგრამ, სეზონის ბოლოს „გარდიანმა“ „ქინქი“ „მთავარ იმედგაცრუებად“ აღიარა… „დერბი“ იმ წელს დიდი ჯაფის შედეგად, მაგრამ მაინც დარჩა პრემიერლიგაში და მომავალი სეზონისთვის იმედებიც დაისახა.

მოედანზე წარუმატებლობას პირად ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ცვლილებები აკომპენსირებდა. გიორგი დაქორწინდა, ცოლად ინგლისელი გოგონა, ლუის ტაი მოიყვანა, რომელიც სულ მალე მართლმადიდებლურად მოინათლა და საეკლესიო სახელი, მარიამიც დაარქვეს. მალე მათ შვილიც შეეძინათ, 2001 წლის ოქტომბერში საბა ქინქლაძე დაიბადა.

მაგრამ ფეხბურთი… მომდევნო სეზონში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. ჯიმ სმიტის გადადგომის შემდეგ „დერბის“ სათავეში კოლინ ტოდი მოვიდა, რომელმაც სრულად შეცვალა სათამაშო ტაქტიკა. მისი მწვრთნელობის პირველ ორ თვეში ქინქლაძემ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა და მაშინაც მოედანზე შეცვლაზე შევიდა. გიორგის, რომლისთვისაც პირდაპირობა სავიზიტო ბარათი იყო, მოთმიმების ფიალა აევსო, ადვოკატთან ერთად მწვრთნელს მისსავე ოფისში შეხვდა და სიტუაციის ახსნა მოთხოვა. მისდა გასაკვირად, ტოდმა მოურიდებლად განუცხადა, რომ თუ რამე არ მოსწონდა, შეეძლო გუნდი დაეტოვებინა. თუმცა, ისე მოხდა, რომ წასვლა თავად ტოდს მოუწია, ახლადმოსულმა ჯონ გრეგორიმ კი ქინქი გუნდში დააბრუნა და მანაც სეზონის დარჩენილი ნაწილი ძირითად შემადგენლობაში გაატარა, თუმცა ეს ძველი, უკვე ლეგენდარული ქინქლაძის მხოლოდ ანარეკლი იყო…

ამასთან, „დერბი“ იმ წელს პრემიერლიგიდან გავარდა, კლუბის საერთო დავალიანება 353 მლნ ფუნტი იყო და ხელმძღვანელობამაც მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების გაყიდვა გადაწყვიტა, მათ შორის, ცხადია, გიორგი ქინქლაძეც მოხვდა.

სანამ კლუბი მის გაყიდვას ცდილობდა, ქინქლაძე მეორე გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. ამ მიზეზით მან 2002/03 წლების სეზონის პირველი ხუთი მატჩი გამოტოვა, თუმცა დაბრუნდა „სტოკთან“ მატჩში და ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა, ის შეხვედრა „დერბიმ“ 2:0 მოიგო. თუმცა ისევ ტრავმა, და გიორგის ლაზარეთში თვეზე მეტის გატარება მოუხდა, შემდეგ დაბრუნდა და მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ ის კიდევ ერთხელ ეცდებოდა კარიერის თავიდან დაწყებას, თანაც სულ ერთი იყო სად, „დერბიში“, თუ რომელიმე სხვა გუნდში, მოხდა სრულიად მოულოდნელი რამ. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ის და ეროვნული გუნდის კაპიტანი გიორგი ნემსაძე რუსეთთან გასამართი მატჩის წინ განაცხადს მიღმა დატოვა. ქინქლაძე გაკვირვებული აღნიშნავდა, რომ „როცა მას ტრავმა ჰქონდა მწვრთნელი ურეკავდა და ამხნევებდა, ახლა კი ჯანმრთელია, ნელ–ნელა ფორმაშიც შედიოდა, მაგრამ შეკრებაზე მაინც არ გამოიძახა“. მაშინ ამის ოფიციალურ მიზეზად სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა დასახელდა.

მომდევნო წლისთვის წინასასეზონო მომზადება ქინქლაძემ უკვე „პორთსმუტში“ გაიარა. „სიტისთან“ კონტრაქტს ვადა გაუვიდა, ხმები „ვალენსიას“ და „ლივერპულის“, შემდეგ უკვე „დანდის“ და „ლიდსის“ ინტერესების შესახებ ჭორები აღმოჩნდა. ქინქი „პომპეებმა“ შეიფარეს და ერთ წინასასეზონო შეხვედრაშიც ათამაშეს, თუმცა საბოლოოდ მაინც უარი თქვეს მის გადაბირებაზე. ცნობისთვის, „პორთსმუტის“ სათავეში „დერბის“ ყოფილი მწვრთნელი ჯიმ სმიტი გახლდათ, ის ვინც ქინქლაძეს თავის დროზე სრული ნდობა გამოუცხადა, მაგრამ მეორედ ალბათ ვეღარ ენდო მხოლოდ საკუთარ გულისთქმას, უშუალოდ მოედანზე კი გიორგის უკვე ბევრი აღარაფერი გამოსდიოდა.

 

წელიწადანახევრის განმავლობაში უგუნდოდ ყოფნის შემდეგ, უკვე ყველასგან დავიწყებულ ქინქლაძეს გვერდში თემურ ქეცბაია დაუდგა. ქეცბაია კვიპროსული „ანორთოსისის“ მოთამაშე მწვრთნელი გახლდათ 2004 წლის ოქტომბერში მას კარიერის კიდევ ერთხელ თავიდან აწყობის შანსი მისცა. ქინქლაძე მის შეთავაზებას დათანხმდა და გახდა ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი, რომელსაც იმ დროისთვის „ანორთოსისის“ რიგებში ჰქონდა ნათამაშები. მისი დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა და გუნდს კვიპროსის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყების წინ ქეცბაიამ გიორგის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება შესთავაზა. ქინქი დათანხმდა, თუმცა… მესამე რაუნდში, „რეინჯერსთან“ გასამართი მატჩის წინ ქინქლაძის საკუთარ გუნდში ხილვა ახლა ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ყაზანის „რუბინის“ თავკაცმა ყურბან ბერდიევმა გადაწყვიტა. ქინქლაძე რუსეთში გადასვლას დათანხმდა, რამაც ქეცბაიას გულისწყრომა გამოიწვია. „მე არ მჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც „ანორთოსისში“ თამაში არ სურთ. კვიპროსული ფეხბურთის ისტორიის კიდევ ერთი თავი, სახელად „გიორგი ქინქლაძე“, დასრულებულია“, – განაცხადა მაშინ თემურმა.

“ანორთოსისსა“ და „რუბინს“ შორის შეთანხმებას ხელი 26 აგვისტოს მოეწერა. ქინქლაძემ რუსულ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და რუსული დებიუტი მეორე დღესვე, „როსტოვთან“ შეხვედრაში შედგა. ამ მატჩში გაკეთებული საგოლე გადაცემის შემდეგ ბევრი ალაპარაკდა, რომ ქართველი ბერდიევის ნდობას გაამართლებდა და „რუბინს“ დიდ წარმატებებს მოუტანდა, ეს შთაბეჭდილება კიდევ უფრო გაძლიერდა „ტერეკთან“ 5:1 მოგებულ მატჩში, როცა „ქინქიმ“ დუბლი შეასრულა და ორი საგოლე პასი გააკეთა. ბერდიევის ფორმაციის „რუბინში“ ქინქლაძე გამთამაშებლის როლს ასრულებდა, გუნდს დაცვიდან თავდასხმამდე ბურთის სწრაფად მიტანაში ეხმარებოდა და ეს სატურნირო ცხრილზეც აისახებოდა. საბოლოოდ, 2005 წელს მან „რუბინში“ ჩატარებულ 9 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. ამ წარმატებამ გამოძახილი საქართველოდანაც ჰპოვა და ბულგარეთთან და იორდანიასთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის მან ეროვნული გუნდიდან მიწვევა მიიღო, მაგრამ კუნთის ტრავმის გამო თამაში ვერ შეძლო.

„რუბინი“ ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აგვიანებდა, არადა ქინქლაძე გადაჭრით ამბობდა, რომ მას რუსეთში დარჩენა სურდა, ამას დაემატა ოჯახური პრობლემებიც და ახალი კონტრაქტი რუსულ გუნდთან მხოლოდ მომდევნო წლის თებერვალში გაფორმდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია „ჩვენი მეზობელი“ ჟურნალისტებისთვის, რომ ის, დამანი რალფთან და ვლადიმირ ბაირამოვთან ერთად გუნდის ლიდერად დაესახელებინათ. მიუხედავად ამხელა მოლოდინისა, რომ ქართველი „ვარსკვლავთბიჭუნა“ სრული ბრწყინვალებით დაბრუნდებოდა, მთელი 2006 წელი ქინქლაძემ ტრავმებთან ბრძოლაში გაატარა და მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მომდევნო სეზონში კი, როცა სამედიცინო შტაბში უფრო მეტი დროის გატარება უწევდა, ვიდრე მინდორზე, კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა იქამდე ბოლოჯერ გაიბრძოლა, განაცხადა, რომ „ანორთოსისში“ დაბრუნება სურდა და ამით ყოფილ გუნდს პატიების თხოვნით ერთგვარი მესიჯი გაუგზავნა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა, ოფიციალურად, გუნდები სატრანსფერო ფასზე ვერ შეთანხმდნენ. ამ ინფორმაციიდან რამდენიმე დღეში ნაკრებში მისმა თანაგუნდელმა, მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველმა მალხაზ ასათიანმა განაცხადა, რომ ქინქლაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა და მოსკოვში დასახლდა. ეს 2007 წლის 31 აგვისტოს მოხდა.

მაინც ვინ იყო ქინქლაძე? ნიჭიერი და ზარმაცი, თუ ბედისგან მიტოვებული კიდევ ერთი მსოფლიო დონის ფეხბურთელი? ორივე მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება და საქართველოში ორივე მათგანს უამრავი მომხრე ჰყავს. ცხადი კი მხოლოდ ერთია,ის იყო მოვლენა ქართული ფეხბურთის და შემდეგ უკვე ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ ისტორიაში, ფეხბურთელი, რომელსაც მწვრთნელები ტაქტიკას უსადაგებდნენ და მოედანზე განსაზღრული პოზიცია არასდროს ჰქონია. ვერ იტანდა დაცვითი ფუნქციების შესრულებას და თვლიდა, რომ რამდენი მცველიც არ უნდა აღგდომოდა წინ, ყველას მოტყუება შეეძლო, თვლიდა და გამოსდიოდა კიდეც, გენიოსი იყო და იმიტომ… დასკვნებს გამოტანა თქვენთვის მიგვინდვია, ჩვენ უბრალოდ ისტორია მოგიყევით, ისტორია ქართველ ვარსკვლავთბიჭუნაზე, რომელმაც ფეხბურთის სამშობლოს მრავლისმნახველ ცაზე მხოლოდ სამი წელი იკიაფა და ეს სამი წელი გახდა საკმარისი ინგლისის ერთ–ერთი უძველესი კლუბის ფანების გულებში ადგილი სამუდამოდ დაემკვიდრებინა.

P.S. მადლობა ქინქი ყოველი წუთისათვის რომელიც ქართველ და არა მარტო ქართველ ფანებს აჩუქე

 

წყარო: www.fanebi.com

gogliko

private

მსგავსი ამბები

Back to top button