გართობა

როგორ მოვამზადოთ ნაყინი

როგორ მოვამზადოთ ნაყინი

დიასახლისებისთვის ამჯერად ის რეცეპტები ჩავიწერეთ, რომლებიც თქვენი ოჯახის წევრების საყვარელი ნუგბარია. ნაყინი გაზაფხულისა და ზაფხულის ერთ–ერთი მოთხოვნადი ტკბილეულია. აქედან გამომდინარე, ამჯერად იმ რეცეპტებს შემოგთავაზებთ, რომელიც მზარეულ თიკო სულიაშვილისგან ჩავიწერეთ. თიკო ერთ–ერთი კაფეტერიის შეფმზარეულია. მან თავისი სტუმრების სურვილებზე ყველაფერი კარგად იცის. ამჯერად კი “გუმბათს” ის რეცეპტები ჩააწერინა, რომელიც თითქმის ყველა სტუმარს უყვარს.

თიკო სულიაშვილი, მზარეული:

– ხშირად მეკითხებიან რეცეპტებს და იწერენ კიდეც, არ ვიცი, ყოველივე ეს გამოსდით თუ არა, მაგრამ მათი მონდომება აშკარაა და ძალიან სასიამოვნო. მომწონს, რომ ისინი ინტერესდებიან ამ ყველაფრით, მოსწონთ და აფასებენ ჩვენს შემოქმედებას.

– რომელი რეცეპტით ინტერესდებიან ყველაზე ხშირად ქალბატონები? 

– გაზაფხულსა და ზაფხულში ნაყინის რეცეპტები ყველაზე აქტუალურია. მეც ჩემს სტუმრებს ნაყინის რეცეპტებს ვაწერინებ. თანაც, მაისში მარწყვის სეზონიც იწყება და ტკბილეულით გაჯერებულ ნაყინს, ჩემი აზრით, არც ერთი გამაგრილებელი სადესერტო პროდუქტი არ ჯობია. ეს ისეთი სასუსნავია, რომელზეც არა მარტო მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, არამედ მამაკაცებიც ვერ ამბობენ უარს. ეს ბოლო პერიოდია, ჩვენთან ერთი მამაკაცი მოდის და სპეციალურად იწერს ნუგბარის რეცეპტებს. არ ვიცი, გამოსდის თუ არა, თუმცა, ყოველ მოსვლაზე ახალ რეცეპტს იწერს და სხვადასხვა ტკბილეულს ყიდულობს.

– რომელი ნაყინია ყველაზე მოთხოვნადი? 

– ნაყინის მოთხოვნადობა კლიენტის გემოვნებაზეა დამოკიდებული. მთავარია, ნაყინი ჰაეროვანი იყოს. სწრაფად არ დნებოდეს და ზაფხულის ცხელ დღეებში ყველა სტუმარს გაგრილების კომფორტი შეუქმნას. არიან გოგონები, რომლებიც ნაყინის გამო დიეტებს არღვევენ, მართალია, დღეში 8 ან 9 ცალი რომ მიირთვათ, გასუქდებით, მაგრამ ორი–სამი ცალი ვერ გაგასუქებთ. ჩვენთან თითქმის ყველა ნაყინი მოთხოვნადია, მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ იტალიური ნაყინი, რომელიც ძალზედ გემრიელია და თქვენ წარმოიდგინეთ, სულაც არ იყო აუცილებელი კონდიტერი მის დასამზადებლად.

იტალიური ნაყინი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: 500 გრამი ნაღები, 180 გრამი შაქრის პუდრა, 4–5 ცალი კვერცხი, 50–70 გრამი შავი შოკოლადი, კაკაო – გემოვნებით, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალურად განკუთვნილი სხვადასხვა შეფერილობის ფხვნილი, რომელიც ნაყინს სხვადასხვა შეფერილობას აძლევს.

მომზადების წესი: ავიღოთ საშუალო ზომის ჯამი, გავტეხოთ კვერცხის გული და კარგად ავქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად, ვთქვიფოთ გათეთრებამდე. ხოლო ცილა ავთქვიფოთ 1 მწიკვ მარილთან ერთად, სანამ ქაფი არ გამაგრდება. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები. ყველა ინგრედიენტი ნელ–ნელა ერთმანეთს შევურიოთ და დავამატოთ გახეხილი შოკოლადი. ჩავდოთ ნაყინი კონტეინერში და მაცივარში მინიმუმ 2 საათი გავაჩეროთ. მირთმევამდე, გაყინულ ნაყინს შეგიძლიათ, გემოვნების მიხედვით, მოაყაროთ კაკაო.

– ხილისა და ნაყინის ასორტი როგორ კეთდება? 

– ახალი ხილი ძალიან გემრიელია, თუმცა, ზოგჯერ იგი სათბურშია მოყვანილი. ამიტომ უმჯობესია, იგი ნაყინთან ერთად მიირთვათ. უბრალოდ, გარეცხეთ ხილი და ნაყინს შეურიეთ – ძალიან გემრიელი გამოდის.

– შეგიძლიათ რეცეპტი ჩაგვაწერინოთ? 

– რა თქმა უნდა, თუმცა, შეეცადეთ ხილი იყოს ახალი და კარგად გარეცხილი, რათა თქვენს ოჯახის წევრებს საფრთხე არ შეუქმნათ.

ნაყინი ალუბლით

მოსამზადებლად შემდეგი ინგრედიენტები დაგვჭირდება: 300 გრამი გაყინული ალუბალი, რა თქმა უნდა, კურკაგამოცლილი, ხილის მურაბა 3 ჩაის კოვზი, 50 მილილიტრი ანადუღარი წყალი, 1/4 ჩაის კოვზი მარილი, 150 გრამი შაქარი, 3 ცალი კვერცხის გული, 400 მილილიტრი რძე და ალუბალი გასაფორმებლად.

მომზადების წესი: ჯამში ჩაყარეთ ალუბალი, მურაბა, მარილი, დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე. ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში, გადმოდგით, გააგრილეთ. გათქვიფეთ ბლენდერში. გათქვიფეთ ასევე კვერცხის გული და შაქარი, მიღებული მასა შეურიეთ ერთმანეთში ადუღებულ რძეს და დაადგით ცეცხლზე. ურიეთ გასქელებამდე, დაამატეთ ალუბლის მასა, შეურიეთ ადუღებულ რძეს და დაადგით ცეცხლზე. ურიეთ გასქელებამდე, დაამატეთ ალუბლის მასა და მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ, ბოლოს ჩაამატეთ ლიმნის წვენი. მასა მოათავსეთ ყალიბში და 2–3 საათით საყინულეში შედგით. გაყინვის პროცესში რამდენჯერმე ამოურიეთ. სუფრაზე მიტანის წინ გააფორმეთ ალუბლით.

– რომელი ნაყინია ყველაზე ძვირი? 

– შოკოლადის ნაყინი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა, ის ყველაზე მეტად გაყიდვადია და ჩვენს მყიდველებს ეს ნაყინი ძალიან უყვართ. ეცადეთ, ნაყინი იყოს გემრიელი, კარგად გაყინოთ და შედეგიც არ დააყოვნებს.

შოკოლადის ნაყინი

მოსამზადებლად დაგვჭირდება 200 გრამი შოკოლადის ფილა, 400 გრამი რძე, 200 გრამი ნაღები, 150 გრამი შაქარი, 3–4 სუფრის კოვზი კაკაო, 2 ცალი კვერცხის გული, 25 მილილიტრი თეთრი რომი.

მომზადების წესი: კვერცხის გული შაქართან და რომთან ერთად ათქვიფეთ. შეურიეთ წინასწარ გათქვეფილი ნაღები და რძე. დადგით ნელ ცეცხლზე და ურიეთ გასქელებამდე. პატარა ჯამში აადუღეთ წყალი, ზემოდან დადგით ჯამი, მოათავსეთ მასაში შოკოლადი და კაკაო. გამდნარ შოკოლადს შეურიეთ გათქვეფილი მასა და გააგრილეთ. ჩაასხით ყალიბში და შედგით საყინულეში 2–3 საათით. გაყინვის პროცესში დროდადრო შეგიძლიათ ურიოთ, რათა მასა გამოვიდეს ერთფეროვანი. გასაფორმებლად გამოიყენეთ წვრილად დაფხვნილი შოკოლადი.

– განსხვავებულია თუ არა თითოეული ნაყინის დამზადების წესი? 

– რა თქმა უნდა, განსხვავებულია, თითოეულ ნაყინს თავისი დამზადების წესი აქვს. ის ხომ ერთგვარი ხელოვნებაა, თავისი დამზადებით და მორთვით. ყველა სახეობის ნაყინს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ნაყინს ერთმანეთისგან მისი წარმოშობა, დამზადების წესი და ინგრედიენტები განასხვავებს. მოდით, ამჯერად, ერთ–ერთი ნაყინის დამზადების წესს ჩაგაწერინებთ, რომელიც თვითონ მოვიფიქრე.

ტუტი–ფურტი

მომზადებისთვის საჭირო მასალა: 3 ცალი კვერცხი, 1.5 ჭიქა შაქარი. 1 ჭიქა გათქვეფილი ნაღები, 2 ჭიქა წვრილად დაჭრილი ცუკატები ან ცოცხალი ხილი და ნიგოზი, ვანილი – გემოვნებით.

მომზადების წესი: ავიღოთ ჯამი და შიგნით კვერცხის გულთან ერთად შაქარი ავთქვიფოთ, სანამ გოგლიმოგლს არ დაემსგავსება. დავუმატოთ რძე და ვანილი. დავდგათ ორთქლის აბაზანაზე და ვხარშოთ მანამ, სანამ არ შესქელდება. თან ვურიოთ. მომზადებული კვერცხის მასა კარგად გავაგრილოთ. შევათქვიფოთ ათქვეფილი ნაღები, ავურიოთ ხილი ან ცუკატები და ნიგოზი, ჩავასხათ ფორმაში და შევდგათ საყინულეში. 4 საათის განმავლობაში 2–3 ჯერ გამოვიღოთ ნაყინი და გავთქვიფოთ, შემდეგ კი შევდგათ საყინულეში მთელი ღამით.

წყარო : www.icode.ge

მსგავსი ამბები

Back to top button