გასართობისაკითხავისასარგებლო

ობობები (ბავშვობა)


ყოველივე ცოცხალი კვერცხიდან ჩნდება. მათ შორის ობობაც.

ობობას ემბრიონი, ზღვაში მცხოვრები მისი შორეული წინაპრების მსგავსად, ძლიერაა დანაწევრებული, კვერცხის ყვითრზე, უშუშუალოდ გარსის ქვეშ ძევს და ქვედა მხარე გარეთ აქვს მოქცეული. მერე ყველა მისი ასო-სეგმენტი ერთად შეირწყმის და ჩანასახი თავის ტიპიურ შესახედაობას იძენს: დაუნაწევრებელი მუცელი და რვა ფეხზე შემდგარი, ქელიცერებითა და პედიპარპლებით აღჭურვილი რვათვალა თავმკერდი.

ჩანასახი რომ წამოიზრდება და კვერცხს აავსებს, ნაჭუჭი სკდება ან პაწია ობობა თვითონ გლეჯს მას ეგრეთ წოდებული საკვერცხე კბილიბით, რომელიც ზოგიერთ ობობას ჩანასახს დროებით, სპეციალურად ამისათვის ეზრდება (როგორც წიწილებს) პედიპალპების ფუძესთან.

ჩვილი ობობა მოთმინებით ზის გამსკდარ ,,ნაჭუჭში” და პირველი კანის მოცვლას ელოდება. იგი ჯერ უმწეოა, უფერული და შიშველი-უთმო და უჯაგრო (უმეტესი სახეობები). არც ქსელის გაკეთება შეუძლია, არც ჭამა. მაგრამ მისი გარეგნობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს თითქმის მზა ობობაა და არა ლარვა, ზოგიერთი მწერივით. მართალია, ბევრი რამ ბოლომდე არა აქვს განვითარებული-თვალები ,ქელიცერები, შხამიანი დასააბლაბუდე ჯირკვლები. ამიტომ ახალდაბადებულ ობობებს, ახალგაზრდა ნემსიყლაპიების მსგავსად, ნიმფებს ან ნიმფისწინებსაც კი ეძახიან.


სიცოცხლის პირველ დღეებში პაწია ობობა მუცელში მარაგად გადანახული კვერცხის გულით იკვებება. მალე იხდის ჩვილობისდროინდელ ,,ტყავს”, რომელშიც უკვე ვიწროდ გრძნობს თავს. ამის შემდეგ სწრაფად იზრდება, სანამ ახალი ქიტინოვანი ჯავშანი(უკვე ბეწვიანი და შეფერილი) ჯერ კიდევ რბილია და იჭიმება. მისი გამაგრების შემდეგ ობობა აღარ იზრდება კანის შემდგომ მოცვლამდე: მყარი ტყავი არც სიგრძეში იწევა და არც სიგანეში.

ობობამ უკვე იცის აბლაბუდის ქსოვა, მაგრამ კიდევ რამდენიმე დღე ან თვე (თუ ცუდი ამინდია ან სეზონი არ არის შესაფერისი) იმალება იმ კვერცხის ,,ნაჭუჭში”, საიდანაც იშვა; იშვიათად, რო ობობამ მალე და უკანმოუბრუნებლად მიატოვოს იგი.

ამის შემდეგ პაწიების ცხოვრების გზები იყრება: ყველა წინაპართა ტრადიციებს მისდევს. ერთნი, ჯვრიანები, ჩახუტებულნი დიდხანს თბებიან მზეზე. მეორენი ტარანტულები და ობობა მგლები, დედა ობობას ზურგზე მოიკალათებენ და ისე მოგზაურობენ. დრო რომ დადგება, დედა თითო-თითოდ აგდებს მათ ზურგიდან უკანა ფეხით და ახალ ადგილებში ასახლებს, რომ სივიწროვეში არ იშიმშილონ.

სეგესტერიას ახალშობილები სიცოცხლის პირველ დღეებს დედის მიერ ამოთხრილ სოროებში ატარებენ, პიზაურები კი მდედრის დაწნულ აბლაბუდის კარვების ქვეშ. შიმშილი არ აწუხებთ რვათვალიანებს: მის დასაკმაყოფილებლად მუცელში მომარაგებული კვერცხის გულიც კმარა.

ზოგი მდედრი თავის პირიდან კვებავს პაწიებს, ზოგი საკუთარ სხეულსაც კი აძლევს შესაჭმელად. ასეთები მეტად წინდახედულად კვდებიან სოროში სწორედ იმ დროს, როცა პატარებს მოშივდებათ.

ჩვეულებრივ კი მდედრი არაფერს არ აჭმევს ახალშობილ ობობებს. ისინიც იძულებულნი არიან თვითონ იზრუნონ გამგელებული მადის დასაკმაყოფილებლად. მაშინ ობობები ნელ-ნელა სხვადასხვა მხარეს ცოცვას აბლაბუდის ძაფებზე, მერე კი ფოთლებსა და ღეროებზეც.

დამოუკიდებელ სამყაროში გამოსვლა ზოგიერთისთვის მღელვარე საჰაერო მოგზაურობით იწყება. ,,აერონავტიკა” ობობათა ერთი განსაკუთრებული ჯგუფის პრივილეგია და უნარი როდია. სხვადასხვა ოჯახის ნაირგვარი სახეობები, სხვადასხვა ზნის ობობები შეეგუენ ცაში ფრენას (ამას შემდეგ პოსტში განვიხილავ). აბლაბუდური ავიაციის საზეიმო პარადს , რომელსაც უამრავი მონაწილე ჰყავს, ბუნება ყოველთვის ზაფხულის მიწურულში აწყობს თბილ, მზიან დღეებში. ამ დროს ობობათა უამრავი ესკადრილია იღებს უხმო სტარტს გარინდებული ბუჩქებიდან და შემოდგომის გადაყვითლებული მინდვრებიდან.

მდედრი ობობა-მგლები მუცელზე მიკრული თეთრი პარკებით დარბიან ველად და ბისტნებში, ამ პარკებიდან გამოსული პაწიები კი აბლაბუდებზე გამობმულნი მიფრინავენ იქით, საითაც ქარი წაიღებს. ობობა-გვერდულები მარჯვედ ხტიან ყვავილებზე ხან წინსვლით, ხან უკუსვლით, ხან კი გვერდულად. ისინი ქსელს არ აკეთებენ: ბუზებს მიხტომით იჭერენ, მაგრამ მათი შვილები სხვების მსგავსად აბლაბუდის პლანერებით მიეშურებიან მომავლის შესახვედრად. ზოგიერთი ქსელის მკეთებელი და ბევრი სხვა ობობა შემოდგომასა და გაზაფხულზე ძაფ-თვითმფრინავით მოგზაურობს.

მაგრამ რამდენი ,,ბევრი”, ობობათა რამდენი ოჯახი იღებს თუნდაც ნაწილობრივ მონაწილეობას ჰაერში ფრენის ამ საშემოდგომო ფესტივალში, ზუსტად არაა დადგენილი.

თეგები

saladini

mikvars ucnaurobebi

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close