კულტურა

ახალი სიცოცხლე

girl b

ყველამ იცის თუ რა სასტიკი და დაუნდობელი კანონები აქვს ომს. არ არსებობს თანაგრძნობა გულმოწყალება, მაგრამ თურმე არის მედლის მეორე მხარე, რომელსაც ადამიანური გულმოწყალება ჰქვია და თვით ყველაზე სასტიკ პირობებშიც იჩენს თავს.

ამსწინათ ხელში ჩამივარდა ერთი წიგნი ;ომის სხვა სახე; რომელიც გამოიცა გაზეთ ,,ქართლოსი,,-ს ჟურნალისტებისა და ოსი ჟურნალისტების ერთობლივი ძალისხმევით. ამ წიგნში მოთხრობილია ნამდვილი ამბები თვითმხილველების მიერ, თუ რა გადაიტანეს მათ ომის დროს. ეხლა მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია, რომელმაც ძალზედ იმოქმედა ჩემზე და სრულიად შემაცვლევინა აზრი ადამიანებზე.

ბოლო აფეთქების შემდეგ ალბათ ერთი საათი გავიდა. სიჩუმე ისე გამეფდა, თითქოს საშინელი არაფერი ხდებოდა. ტკივილმა მიმატა. გულაღმა ვიწექი ვაზის ძირში. ფოთლების მიღმა ვხედავდი მზეს, რომელიც სიცოცხლის და გადარჩენის იმედს მაძლევდა, რადგან ჯერ შუბისტარამდეც არ მისულიყო და დაღამებამდე დიდი დრო რჩებოდა. წამოვიწიე. კაბა სულ სველი მქონდა, ეტყობა სირბილში წყლები ისე დავღვარე, რომ შიშისგან არაფერი გამიგია. ჯერ მუხლებზე დავდექი, მერე ხელისგულებითაც დავებჯინე მიწას და ასე ოთხზე დამდგარმა პირით დავიწყე ღრმად სუნთქვა. ტკივილი უარესდებოდა. მინდოდა როგორმე მარნამდე მივსულიყავი. კიდევ ერთხელ გავხედე ნასახლარს, გუშინდელი აალებულისგან თითქმის არაფერი დარჩენილიყო. სახლიდან ორასიოდე მეტრში ხელუხლებლად იდგა მარანი. ვენახიდან მის კარამდე რაღაც ასიოდე ნაბიჯი მაშორებდა. წარმოვიდგინე, რომ იქ, გრილ, ბეტონის იატაკზე დავწვებოდი და სიცხე ჩაქვრებოდა სხეულში. წამოდგომა არ შემეძლო. ხელები ამიკანკალდა და გვერდზე გადავვარდი. მოვიკუნტე. ემბრიონის ფორმა მივიღე და დედაჩემი გამახსენდა, სამი დღე გაჩენდი, ტკივილებისგან კედლებს ვკაწრავდიო. რომ მხედავდეს, ალბათ სახეს დაიკაწრავდა. ახლა როგორ მჭირდება დედა… ვერ შევიტყვე სად წაიყვანეს, ან ვინ წაიყვანა.

სამშვიდობო ჯარების დამწვარ საგუშაგოსთან შემხვედრი მეზობელი გამახსენდა. ჩემს დანახვაზე დაიბნა. ვიფიქრე, ალბათ მშობლები დამიხოცეს მომხდურებმა და თქმა უჭირს-მეთქი. ამხელა მუცლით აქ რამ მოგიყვანაო? ხელი მუცელზე დავიდე, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ყოველწამს მეზრდებოდა და კანი სკდომას დაიწყებდა. მაინც მშობლები მედგა თვალწინ. ალბათ მამა ცემეს, როგორ ატირდებოდა დედა…

მეზობელს მშობლები სოფელში დაეტოვებინა, არ წამოვიდნენ, ჩვენ კი ვერ დავრჩებოდითო… როგორ მიატოვა? რომ მცოდნოდა ეს უბედურება დაიწყებოდა, დედას და მამას თბილისში ჩავკეტავდი და ფეხს არ გამოვადგმევინებდი სოფლისკენ.
ტკივილმა ფიქრებიდან გამომაფხიზლა. თითქოს პატარა მუცლიდან ითხოვდა, რომ მხოლოდ მასზე მეფიქრა. რამდენი ხანი ველოდი ამ დღეს და ახლა, როგორ უნდა გავაჩინო და გადავარჩინო არც ვიცი. თავს იმით ვიიმედებ, რომ პირველყოფილ ქალებსაც არ ჰყავდათ ბებიაქალები და გინეკოლოგები, მაგრამ აჩენდნენ. მეც უნდა შევძლო, მაგრამ რომ გაჩნდება მერე რა ვქნა?
თითქოს მენჯი სახსრებში გაიხსნა და ხერხემალში მალები ერთმანეთს დაშორდა, საშინელმა ტკივილმა დამიარა სხეულში და ვიგრძენი როგორ ცდილობდა ჩემი პატარა დაბადებას. ოდნავ შევძელი წამოწევა, ვაზის ჭიგოს მოვეჭიდე და ფოთლების მოკრეფა ვცადე. ექვსიოდე უზარმაზარ ფოთოლს მივწვდი, მერე ვაზს ზურგით მივეყრდენი, ფეხები გავწიე და ფოთლები საჯდომის ქვეშ დავილაგე. ხელები გავშალე, გვერდით მდგომ ვაზებს ჩავეჭიდე და გავიჭინთე. ისე დაიბადა, ვერ მივეხმარე. ტკივილმა ოდნავ მიკლო, კანკალით დავხედე, პაწია, ვარდისფერი სხეული ხმას არ იღებდა, სახე გალურჯებოდა, თოთო კუნთები დასჭიმვოდა. უნდა გადარჩე დედი, უნდა გადარჩე – მეთქი, ამოვთქვი და ნანატრ შვილს დავწვდი. უცებ ძალიან ახლოს გაისმა აფეთქების ხმა, ბავშვი თითქოს ამ საშინელ ხმას ელოდა, ატირდა. გულზე მივიკარი ჩემი ბიჭი. ღმერთო მიშველე-მეთქი, ამოვილუღლუღე და უცებ ისევ დამიარა ხერხემალში ტკივილმა.

მსმენოდა, რომ მშობიარობის შემდეგ აუტანელი ტკივილები მალევე ცხრება. მე კი… ისევ ვმშობიარობდი. ორი თვის წინ ექსოკოპიაზე ექიმმა დამარცვლით გამიმეორა, რომ მამრობითი სქესის მხოლოდ ერთ ნაყოფს ვატარებდი მუცლით.
გაოცების დროც აღარ მქონდა. ცალი ხელით ბიჭუნა მკერდზე მაგრად მივიკარი. მეორეთი ისევ გვერდით მდგომ ვაზს ჩავეჭიდე. კიდევ კარგი, რომ ვაზები ასე ახლოს იყო ერთმანეთთან. ზურგითაც ვაზს და ჭიგოს მივაწექი და ისევ გავიჭინთე…

მარანში ყველაფერი ხელუხლებელი იყო. ეტყობა აქ არავინ შემოსულა. მამაჩემის ძველი, სანადირო ქურთუკი ჩამოვიღე საკიდიდან, საწნახელში ჩავაფინე, მერე ძველი კარადის უჯრიდან სუფთა, სუფრის ტილოები ამოვიღე, დედა ამ ტილოებს სახელდახელოდ გადააფენდა ხოლმე ბუხართან მდგომ ტაბლაზე, როდესაც მამა და მისი ორი ძმა ყურძნის დაწურვას მორჩებოდნენ. გაიშლებოდა სუფრა, აუვიდოდა ბროწეულის საწებლიან, კეცზე შემწვარ წიწილს ოხშივარი და… რა უცნაურია ადამიანის ბუნება, ვერ გამიგია როგორ უნდა დავაღწიო თავი ამ ჯოჯოხეთს, თანაც ორი ჩვილით, მე კი ჩვენი ოჯახის ლამაზი წარსული მახსენდება.

სუფთა ტილოებში გახვეული, დანაყრებული ჩემი ქალ-ვაჟი საწნახელში ჩავაწვინე. კიდევ კარგი, რომ შიშით რძე არ გამიშრა. ტკივილი აღარ მაწუხებდა, მაგრამ საშინელ დაღლილობას და შიმშილს ვგრძნობდი. ძველი კარადის თაროებზე საზამთროდ გამზადებული მწნილის, მურაბების და კონსერვის ქილები იყო ჩამწკრივებული. ბოთლში ჩარჩენილი ცოტაოდენი წყალი დასაბანად ვერ გავიმეტე, მეშინოდა, რომ დასალევ წყალს ვეღარ ვიპოვნიდი. წყლის ამოსაღები სათლი ჭაში ჩაეგდოთ ბარბაროსებს, თოკიც საკიდიდან შეეჭრათ და ზედ მიეყოლებინათ.

ხელები ჯერ კიდევ მკვახე, დასრესილი ისრიმის წვენით გავიწმინდე და პირდაპირ ქილიდან დავიწყე ჭამა. ვიგრძენი, რომ ძალა დამიბრუნდა, შემეძლო ბავშვები გულზე ამეხუტებინა და ასე მევლო, მაგრამ სად უნდა წავსულიყავი? დილითაც ხომ ვცადე გასვლა… სისხლი გამიჩერდა იმ ოქროსკბილებიანი მოთარეშეების გახსენებაზე. დამწვარ საგუშაგოსთან რომ შემხვდნენ. ჰმ, კიდევ, კარგი, რომ დაბომბვა დაიწყო, თორემ ალბათ მეც ტყვედ ვიქნებოდი ახლა და… გამაჟრჟოლა. წარმოვიდგინე სადღაც სარდაფში ვეგდე და ვმშობიარობდი… ბავშვებს დავხედე, ტკბილად ეძინათ. ალბათ ჩემი სიახლოვე ამშვიდებდათ. ისევ გამახსენდა დედა, ისევ წარმოვიდგინე, რომ ეზოში ვიღაც გადამთიელები სცემდნენ მამას და საკუთარი სახლის აოხრებას აყურებინებდნენ. ალბათ ახლა ისინიც ამ ჩვილებივით უმწეოები არიან, გავიფიქრე და ცრემლები წამომივიდა. ფეხის ხმა მომესმა. ჩექმის ან სხვა მძიმე ფეხსაცმლის ხმა იყო. მარნის კარი ფრთხილად გაიღო. ჯერ იარაღი გამოჩნდა, მერე ვიღაც, სამხედრო ფორმიანი გადამთიელი. ძარღვებში სისხლი გამეყინა. მინდოდა მეთქვა, რომ არ გაესროლა, არ ეყვირა და საერთოდ ხმა არ ამოეღო. კაცი ჩემი ქმრის ასაკის იქნებოდა. დიდი ლურჯი თვალები ქონდა და კუშტი სახე. რატომღაც დედის ინსტიქტი მკარნახობდა, რომ სისხლისმსმელი არ იყო. ალბათ ძალიან სასაცილო სანახავი ვიქნებოდი, როდესაც ტუჩზე საჩვენებელი თითი მივიდე და ვანიშნე არ ეხმაურა.ფრთხილად მოავლო ოთახს თვალი, მარტო არ ხარ? დაბნეულმა მკითხა რუსულად. თავი დავუქნიე და საწნახელში ჩვილებზე ვანიშნე. მომიახლოვდა, დახედა პატარებს და გაეღიმა. ახლა დაიბადნენ, სულ რაღაც ორი საათის წინ, ვუთხარი ჩუმად და ავკანკალდი. ნუ გეშინია ქალო, თქვა რუსულად, თან ისე, რომ არც კი გამოუხედავს ჩემკენ.

_ მარტო იმშობიარე, თუ აქ კიდევ ვინმე იმალება, მკითხა და ზურგიდან ჩანთა მოიხსნა, პატარა, ლურჯი პარკი ამოიღო, გახსნა, პურის სამი თხელი ნაჭერი ამოძვრინა და მომცა, ჭამე, ეს აუცილებელიაო. მისი ნათქვამი ბრძანებას უფრო გავდა, მაგრამ მაინც მეუცნაურა, რომ მტერი პურს მაწვდიდა. მოულოდნელობისგან შევკრთი, ნუთუ ესეც ომის კანონია? ამოვილუღლუღე და პური გამოვართვი.

_ არა, ეს ადამიანობის კანონია. თქვა და ისევ ჩანთაში ჩაძვრა.

_ რატომ გვხოცავთ? ვკითხე და ვიგრძენი, რომ რაღაც მომაწვა ყელში, იმიტომ, რომ იმ დროს ჩემი შვილები და მშობლები დახოცილები წარმოვიდგინე.

ძირს დაჯდა. საწნახელს ზურგით მიეყრდნო. უზარმაზარი, ლურჯი თვალებით შემომხედა. თითქოს ჩემს უკან გაურბოდა მზერა და სადღაც იკარგებოდა. თაროზე შამპანიურის ბოთლებში ჩასხმულ წითელ ღვინოზე უშტერდებოდა თვალი. დალიე, ვუთხარი და თვითონ წამოვდექი ბოთლის ჩამოსაღებად. ერთ მოყუდებაზე დალია ნახევარი. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ თქვა, რომ მეტი არ შეიძლება. თვალებგაშტერებული იჯდა და ხმას არ იღებდა. ბავშვები თითქმის ერთდროულად ატირდნენ. ერთი ამოვიყვანე და ძუძუსთან მივისვი. მეორე ვეღარ ავიყვანე. პაწიას დსაწვდა და მკერდზე მომახუტა. თვითონ მოშორებით დაჯდა და რაღაცნაირად თბილად გამომხედა, კუშტი სახე გაუსწორდა. ლამაზია დედა, ჩემი ცოლიც ლამაზი იყო, _ თქვა და ისევ მოეღრუბლა სახე.

_ სამი შვილი მყავს. ყველაზე პატარა 5 თვისაა. მინდა ისევ ვნახო. ხშირად მესიზმრება, რომ ჩემი სახლი იბომბება და ბავშვები სახიჩრდებიან, კი არ კვდებიან, სამივე ინვალიდი რჩება. ან ჩემი ცოლის გვამი გამომაქვს ნანგრევებიდან. გჯერა? დავიღალე. რუსეთში სამსახურები ჭირს. ამიტომაც 17 წელია ჯარში ვარ და ხშირად ვხუმრობ, რომ ომში ვმუშაობ.
ჩემმა ფიცხმა ხასიათმა თავისი ქნა, ვერ ავიტანე ასე არხეინად რომ ლაპარაკობდა ომზე და ბზარშერეულმა შევუტიე, ე.ი. შენი სამუშაო უდანაშაულო ადამიანების კვლა და ოჯახების აოხრებაა? ახლაც ალბათ იმისთვის დაბრუნდი, რომ რაღაც დაგრჩათ წასაღებად შეთვალიერებული.

_ გაჩუმდი. მე არ ვარ ის, ვინც ძარცვავს. მე ვკლავ და აღარც ეს არ მომწონს. არაფრისთვის არ მოვბრუნებულვარ. ჭურვის აფეთქების დროს დავიჭერი და თხრილში გადავვარდი, მყისვე გონი დავკარგე. აი, ნახე ზურგი რას მიგავს (შებრუნდა, მაისური აიწია და სისხლშემხმარი დაჩეხილი სხეული მაჩვენა). ვფიქრობ, თანამებრძოლებს მკვდარი ვეგონე და ამიტომაც, რომ გარბოდნენ ჩემს წაყვანაზე არ უფიქრიათ. ახლა ჩემს ასეულს ვეძებ. კიდევ წყალს ვეძებ, დასალევ წყალს, ყველა ჭაში ჩაწყვეტილია სათლი… ღვინო კარგია, მაგრამ წყალი, თანაც ქართული მაგარია.
ბოთლში ერთ ჭიქამდე იქნებოდა წყალი. მივაწოდე.

ცოტა ხანს ორივე ვდუმდით. მერე უცებ წამოდგა, საკიდიდან მამაჩემის ძველი, სანადირო ჩანთები და თოკები ჩამოიღო, სახელდახელო “კენგურუები” შეკრა. ერთი მე გამიკეთა, მეორე თვითონ ჩამოიკიდა კისერზე. ბიჭი თვითონ ჩაიწვინა “ჩანთაში”, გოგონა მე მომახუტა მკერდზე და მშვიდად მითხრა:
_ უკვე მზად ვართ, რომ წავიდეთ.

_ სად?

_ სამშვიდობოს.

_ სად არის ეგ სამშვიდობო?

_ შენი ქმარი სად არის, იბრძვის? (პასუხი ბანზე ამიგდო.)

_ ჩემი ქმარი სხვა ქვეყანაშია. ისე მოულოდნელად დაგვიწყეთ ომი, რომ ვერ ჩამოგვისწრო. ფრენა არ არის.

_ აქ მარტო იყავი?

_ ჰო, მეგონა მშობლებს მოვუსწრებდი. ქალაქიდან გამოვიქეცი. ტყვედ წაუყვანიათ. სახლი გაძარცვული და ცეცხლწაკიდებული დამხვდა. დაბომბვამ მიშველა, თორემ მეც ტყვედ ჩავვარდებოდი. ყველა გარბოდა, ჩემთვის აღარავის ეცალა. აქამდე რამდენიმე კილომეტრი ფეხით გამოვიარე, მერე კი სრულიად მარტომ ვიმშობიარე.

მობრუნდა და ლურჯი თვალებით შემომხედა. ასე იდგა ერთხანს. როგორ არ გავდა მტერს. მერე თვალები აერია სისველით და ჩუმად მითხრა, მაპატიე…
მე ვლადი მქვია, მითხრა უცებ და ღიმილით გამომიწოდა ხელი. ელენე, ვუპასუხე ჩუმად და აკანკალებული ხელის ჩამორთმევა გავბედე. ალბათ ესეც ომის კანონია. ესეც ადამიანობის კანონიაო, მითხრა შუბლჭმუხნულმა ისე, თითქოს ჩემი გულის ხმა გაეგონოს.

ბნელდებოდა, როდესაც საველე ჰოსპიტალში მივედით. მანამდე გზად რამდენჯერმე შევისვენეთ, ბავშვებს ძუძუს მოვაწოვებდი თუ არა, მყისვე გზას განვაგრძობდით. მაფრთხილებდა, რომ ბნელში სიარული საშიში იქნებოდა და მოკრძალებულად მთოხოვდა აჩქარებას.

სულ ორჯერ დაგვტოვა იმ საღამოს. ერთხელ, როდესაც მე და ბავშვები რუს ექიმებს მიგვაბარა, მეორედ კი როდესაც ჩემი თბილისის სახლის და ქმრის ტელეფონის ნომრები გამომართვა და სადღაც წავიდა. მითხრა, შენს ქმარს მოვძებნი, თუ თვითონ არ ჩამოსულა, იქნებ ვინმე დაგვახვედროს ბუფერულ ზონაში, ხვალ შინ დაგაბრუნებო. თან მეშინოდა და მჯეროდა კიდეც მისი. მიუხედავად ამისა, მივეცი ტელეფონის ნომრები. მოგვიანებით გენერალთან ერთად მოვიდა. უზარმაზარი მსუქანი სამხედრო ჩინოსანი, რომელიც აშკარად გვარიანი მთვრალი იყო, რატომღაც მადლობას მიხდიდა. ვერ გავიგე რა უნდოდა იმ გაბერილს, წამდაუწუმ იმეორებდა, რომ მე დიდსულოვანი ქალი ვიყავი და გმირობისთვის ჯილდო მეკუთვნოდა. გენერალი წავიდა. ვლადმა მითხრა, რომ შტაბში იცრუა, თითქოს გონდაკარგული და დაჭრილი ვნახე და გადავარჩინე.

_ რაში დაგჭირდა ეს ტყუილი?

_ სხვა შემთხვევაში აქ დიდხანს მოგიწევდათ ყოფნა, მანამდე, სანამ ტყვეების გაცვლას არ დაიწყებედნენ. ახლა კი შენი მშობლების მოძებნა და დახსნაც შემიძლია, რადგან ჩემი გენერლისთვის გმირი ხარ.

ვდუმდი. ჩემი შვილების გამო ვცდილობდი დამეფარა ზიზღი და აგრესია, რომელსაც მისი მკვლელი გენერლების და ოკუპანტი სახელმწიფოს გამო ვგრძნობდი. მითხრა, რომ ჩემს ქმარს ელაპარაკა და დილით გამიყვანდა სამშვიდობოს.
მთელი ღამე ჩვენს გვერდით კარავში გაათენა. არ უძინია. გრძნობდა, რომ არც მე მეძინა, მაგრამ ხმას არ იღებდა. დროდადრო ღრმად ამოისუნთქავდა ხოლმე.

საზღვრის მიღმა ჩემი ქმარი დავლანდე. ირგვლივ ყველგან ჩვენი და მტრის მეომრები და პოლიციელები იდგნენ. სანამ ჩვენი გათავისუფლების ფორმალური პროცესი დასრულდებოდა, გახევებული ვიდექი და ვუყურებდი ასევე გახევებულ ჩემს ქმარს, რომელიც ალბათ არასდროს მაპატიებდა, ბავშვებს რამე რომ დამართნოდათ. ჩვენ ძალიან დიდხანს ველოდით შვილის დაბადებას. ხშირად იტყოდა ხოლმე, `შვილი ცხოვრებას აზრს აძლევს. როდესაც მას უყურებ, გრძნობ, რომ გაქვს მიზანი, შენი შვილის უკეთესი მომავლისთვის შეცვალო სამყარო. ” მოულოდნელად ვლადმა მხარზე ხელი მომხვია, მკერდზე მიმიხუტა შვილებიანად და კიდევ ერთხელ მთხოვა, რომ მისთვის მეპატიებინა ეს ომი. ძალიან გამიკვირდა მისი გულაჩუყება. უცებ თვალებში ჩამხედა და მითხრა:

_ ” ჩემს ცოლს ნაადრევი მშობიარობა რომ დაეწყო, სპეციალურ დავალებაზე ვიყავი წასული და ვერავინ შემატყობინა ეს ამბავი. ის ძალიან ცუდად იყო. ქუჩაში ტაქსი გააჩერა და სთხოვა სამშობიაროში წაეყვანა. ქალმა მანქანაში დაიწყო მშობიარობა. მძღოლს საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე თავისი დისთვის დაურეკავს და უთხოვნია, მგზავრი მშობიარობს, სამშობირომდე ვერ მივაღწევთ, იქნებ დამეხმაროო. იმ ქალის დახმარებით გადარჩა ჩემი შვილი, ცოლი საავადმყოფოში მიიყვნეს და სამ დღეში დაიღუპა, სისხლი მოეწამლა. ის მძღოლი და მისი ექიმი და ქართველები არიან. სულ ეს იყო.

_ ვლად, გადააგდე იარაღი და შეცვალე სამყარო ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის, ვთხოვე და უცებ მივბრუნდი საზღვრისკენ, სადაც ჩემი შვილების მამა მელოდა, რომელმაც ჯერ არაფერი იცოდა იმის შესახებ, თუ როგორ აჯობა ომის კანონს ადამიანობის კანონმა.

წყარო: წიგნი ,,ომის სხვა სახე,,

saladini

mikvars ucnaurobebi

მსგავსი ამბები

Back to top button