არქივი

ახალშობილთა ანომალიები

407ca233ace5
გენეტიკა, მშობელთა ასაკი, მშობლის სხვადასხვა დაავადება, გარკვეული მედიკამენტების მიღება, ნიკოტინის, ალკოჰოლის მოხმარება, – ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ახალშობილების თანდაყოლილი ანომალიების მიზეზი შეიძლება გახდეს.

გენეტიკა, მშობელთა ასაკი, მშობლის სხვადასხვა დაავადება, გარკვეული მედიკამენტების მიღება, ნიკოტინის, ალკოჰოლის მოხმარება, – ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ახალშობილების თანდაყოლილი ანომალიების მიზეზი შეიძლება გახდეს.
84c973f0d85d

„გასული საუკუნის 50-60-ან წლებში, როდესაც ახალშობილთა ნაწილი ხელის ან ფეხის გარეშე იბადებოდა, მიზეზი ჩასახვის საწინააღმდეგო ერთ-ერთი მედიკამენტი აღმოჩნდა,“ – ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი.

თანდაყოლილი ანომალიების მიზეზებზე და პრევენციის საკითხებზე დღეს, 3 თებერვალს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში თანდაყოლილი ანომალიების საკითხზე შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, თანდაყოლილი ანომალიები მთელ მსოფლიოში ბავშვთა სიკვდილობის წამყვანი მიზეზია. 33 ახალშობილიდან თანდაყოლილი ანომალიით, დაახლოებით, ერთი ბავშვი იბადება.

მაკა მშვილდაძე, დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ექსპერტი, პედიატრი და ნეონატოლოგი, აღნიშნავს, რომ აღნიშნული ციფრები საგანგაშო მთელი მსოფლიოსთვისაა.

„ყოველი 5 გარადაცვლილი ახალშობილიდან ერთი სწორედ თანდაყოლილი მანკით იღუპება,“ – ამბობს ნეონატოლოგი.

ნეონატოლოგები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ყველაზე უფრო ხშირად გავრცელებული გულის თანდაყოლილი ანომალიებია. საერთო სტატისტიკით კი, დაახლოებით, 100 ბავშვიდან ერთი – გულის თანდაყოლილი ანომალიით იბადება.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ზოგიერთი გულის თანდაყოლილი ანომალია არის ძალიან კრიტიკული და დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან მალე შესაძლოა ის სიკვდილით დამთავრდეს,“ – განმარტავს მაკა მშვილდაძე.

თანდაყოლილი ანომალიები ახალშობილებისა და ადრეული ასაკის ბავშვებში არა მხოლოდ სიკვდილობას იწვევს, -ასეთ დროს ბავშვებს კოგნიტური ანუ გონებრივი ან ფიზიკური განვითარების შეფერხება უვითარდებათ.

რაც შეეხება მიზეზებს, სპეციალისტების განმარტებით, ეს არის გენეტიკური პათოლოგია, გარემო ფაქტორების ზემოქმედება, სხვადასხვა წამლის მიღება, ორსულობის დროს ცხოვრების არაჯანსაღი წესი, ალკოჰოლის, თამბაქოს მიღება.

თითოეული მათგანი კი სხვადასხვა სახის თანდაყოლილ ანომალიას იწვევს, რომელიც შესაძლებელია ბავშვში მოგვიანებით ეტაპზე გამოვლინდეს.

პრევენცია

ექიმები განმარტავენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარების თანდაყოლილი ანომალიები, რომლის პრევენცია შესაძლებელია.

„რეპროდუქციული ასაკის ნებისმიერმა ქალბატონმა, რომელიც გეგმავს ორსულობას, ორსულობამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე მაინც უნდა მიიღოს ფოლიუმის მჟავა. ეს არის ვიტამინი, რომელიც ახდენს პრევენციას ცენტრალური ნერვული სისტემის თანდაყოლილი ანომალიის. ეს დადგენილია სამეცნიერო გამოკვლევებითაც, – ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ, დაახლოებით, 31%-ით შემცირდა ნერვული სისტემის ანომალიები,” – ამბობს ნეონატოლოგი, მაკა მშვილდაძე.

ანომალიის განვითარების ერთ-ერთ რისკფაქტორად ექიმები გვიან ორსულობას ასახელებენ. თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ ქრომოსომული პათოლოგია როგორც დედის, ასევე მამის ასაკს უკავშირდება.

ასეთ დროს, მედიკოსთა განმარტებით, თანდაყოლილ ანომალიათა შორის ხშირია დაუნის სინდრომის განვითარების რისკები.

„ყველაფრის პრევენცია არ არის შესაძლებელი, რა თქმა უნდა, თუმცა სახელმწიფო გარკვეულ გენეტიკურად თანდაყოლილი ანომალიების სკრინინგს ახორციელებს,“ – ამბობს ნატა ავალიანი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი.

თუმცა დღესდღეობით საქართველოში ძვირადღირებული სკრინინგით სახელმწიფო მხოლოდ ორსულთა 30%-ს უზრუნველყოფს.

„ჩვენი რეკომენდაციაა, სკრინინგმა მოიცვას დანარჩენი 70%-იც, რომელიც თბილისში და ბათუმში არ იმყოფება,“ – ამბობს ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრის პერინატალური დეპარტამენტის მთავარი მეანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ზაზა სინაურიძე.

ოფიციალური მონაცემით, საქართველოში სკრინიგის პროგრამამ 2007 წლიდან 2011 წლამდე 8918 ორსული მოიცვა და სკრინინგში მონაწილეობის მიღების მსურველთა რიცხვი, ექიმების თქმით, მუდმივად იმატებს.

სკრინინგის შედეგად 15 შემთხვევაში დაუნის სინდრომის ანომალია დაფიქსირდა.

წყარო: http://netgazeti.ge

hummerboy

Hey,I Am Nick

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button