არქივი

როგორ დავამარცხოთ სიზარმაცე? ნაწილი I

cd1034ec994a

სიზარმაცე! ეს სენი ძალიან ბევრი ადამიანისთვის და სამწუხაროდ ქართველი ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილისთვის, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. თუ შენც გიქმნის ეს მავნე სენი სხვადასხვა სახის პრობლემებს, ესეიგი ეს პოსტი ზუსტად შენთვის დაიწერა. ხოლო, თუ პირადად შენ არ უჩივი სიზარმაცეს და ამ მხრივ ყველაფერი რიგზე გაქვს, პირველ რიგში გილოცავ, ხოლო შემდეგ კი გეტყვი: დარწმუნებული ვარ, რომ საახლობლოში უსათუოდ გეყოლება ისეთი ადამიანი (ადამიანები), ვისთვისაც აუცილებლად გამოგადგება ის პრაქტიკული რჩევები, რომელსაც ამ პოსტში წაიკითხავ.

 

ხშირად ხდება ხოლმე, რომ ძალიან გვინდა რამის გაკეთება (მაგ. საკუთარი ბიზნესის წამოწყება), მაგრამ რატომღაც ისე ხდება, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, როდესაც კონკრეტული მოქმედებების დასაწყებად საჭირო და აუცილებელი ნაბიჯის გადადგმის წინაშე დგება, ფსიქოლოგიურ ჩიხში ექცევა და შესაშური შემართებით იწყებს საკუთარი თავისა და წარმატების საბოტაჟს.

ამ პოსტში ჩვენ ვისწავლით, თუ როგორ ვაიძულოთ საკუთარ თავს ნაბიჯის გადადგმა მაშინაც კი, როდესაც ყველა მხრიდან სიზარმაცის მარწუხებში ვართ მოქცეული.

სიზარმაცესთან ბრძოლის მრავალი ხერხი არსებობს, მაგრამ ჩვენ დღეს ვისაუბრებთ მხოლოდ სამ მათგანზე. ეს არის სამი მრავალგზის შემოწმებული და აპრობირებული მეთოდი, რომლებიც მთელი 100%-ით მუშაობს.

ახლა კი, მოდი ერთად გადავდგათ ეს სამი ნაბიჯი, რათა ბეჭებზე დავდოთ და შემდეგ სამუდამოდ წელში გავტეხოთ ეს მავნე და პარაზიტი სენი, სახელწოდებით სიზარმაცე.

ნაბიჯი №1.

2 წუთი.

ეს ძალიან უბრალო და ამავდროულად ეფექტური მეთოდია. ხშირად ჩვენ გვეზარება ხოლმე მოცულობით დიდი საქმეების დაწყება, მაგ. ბლოგის შექმნა და წარმოება ან სწავლის დაწყება და ა.შ. მაგრამ საერთოდ არ გვეზარება რაიმე პატარის გაკეთება: თასმების შეკვრა, წყლის დალევა, ერთი ფურცლის წაკითხვა, ინტერნეტში “სერფინგი” და ა.შ.

 

 

მაშ ასე, ჩვენი მეთოდი ასეთია – შენ ეუბნები საკუთარ თავს: “მე დავიწყებ ამ (X) საქმის კეთებას და რაც არ უნდა მოხდეს 2 წუთის განმავლობაში არ მივანებებ თავს! ხოლო, თუ 2 წუთის შემდეგაც დამეზარება მისი კეთება, მომენტალურად დავანებებ თავს”.

შემდეგ, იწყებ ამ საქმის კეთებას და შენი ამოცანაა, რომ 2 წუთი გაძლო. ამგვარად ჩვენ, დიდი საქმის პატარა საქმედ გადაქცევით – ვატყუებთ საკუთარ სიზარმაცეს.

ხოლო, შემდეგ კი მოქმედებაში მოდის ინერციის პრინციპი და ჩვენ უკვე შეჩერება გვეზარება ;) . შედეგად, ჩვენ ვმუშაობთ არა 2 წუთი, არამედ 2, 3, 4 საათი და წამოწყებული საქმე მიგვყავს ლოგიკურ დასასრულამდე.

ნაბიჯი №2.

დეკლარაცია.

ესეც ძალიან უბრალო მეთოდია. იღებ კალამს და ფურცელს და წერ, რომ ვალდებულებას იღებ, წინასწარ განსაზღვრულ ვადაში გააკეთო, წინასწარ განსაზღვრული საქმე.

 

 

ტექსტი შეიძლება იყოს ასეთი:

“მე დავით დავითის_ძე დავითაშვილი, საკუთარ თავზე ვიღებ 100%-იან პასუხისმგებლობას, რომ რაც არ უნდა მოხდეს, 20.07.12-მდე შევქმნი საკუთარ ბლოგს”.

დავით დავითაშვილი – 20.06.12

კალმისა და ფურცლის გონივრული გამოყენება ყოველთვის სასწაულებს ახდენს. უეცრად შენ საიდანღაც შენ გაგიჩნდება სურვილი, განწყობა და მოგეცემა ძალა, რათა განახორციელო ის, რისი პასუხისმგებლობაც აიღე საკუთარ თავზე.

ისე, რახან პასუხისმგებლობაზე ჩამოვარდა საუბარი, არ შემიძლია ერთი ჩემი პატარა დაკვირვების შესახებ არ გითხრა: “ყველაზე იოლად საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, უპასუხისმგებლო ადამიანები იღებენ”.  მათთვის ხომ უკვე სულ ერთია, ისინი ისედაც უპასუხისმგებლოები არიან და არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, თუ რას აიღებენ საკუთარ თავზე ;)

ასე, რომ ფრთხილად იყავი და დეკლარაციის ბოლოს ხელის მოწერა არ დაგავიწყდეს!!!

ნაბიჯი №3. 

ძალა ერთობაშია.

თუ მაგალითად ძალიან გინდა ვარჯიშის დაწყება მაგრამ გეზარება, შენ შეგიძლია შეუთანხმდე მეგობარს და მასთან ერთად დაიწყო ფიტნეს დარბაზში სიარული. სხვის წინაშე აღებული პასუხისმგებლობა ძალიან მაგრად მუშაობს.

აქ ძალიან მნიშვნელოვანია მეწყვილეს სწორად შერჩევა. არ გირჩევ “საქმეზე წასვლას” უდისციპლინო და უპასუხისმგებლო ადამიანთან ერთად, იმიტომ რომ ის მხოლოდ გაგიასმაგებს სიზარმაცეს და პრობლემების გარდა არაფერს მოგიტანს.

შეეცადე მოძებნო ისეთი მეწყვილე, რომელიც სტიმულს მოგცემს და დაგეხმარება მაღალი მწვერვალების დალაშქვრაში.

მაგალითად, შეჯიბრისთვის მზადების დროს, არნოლდ შვარცნეგერი ყოველთვის თავის მეგობართან, ფრანკო კოლომბოსთან ერთად ვარჯიშობდა.

ერთობით ყველანაირი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი, ასე რომ აუცილებლად ისარგებლე ამ ფასდაუდებელი ძალით. გახსოვდეს, რომ: “მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალია”.

გისურვებ წარმატებულ გალაშქრებას და უპირობო გამარჯვებას სიზარმაცეზე!

P.S. ძალიან მადლიერი ვიქნები, თუ კომენტარებში გამოთქვამ საკუთარ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით. იქნებ შენც იცი რაიმე ისეთი მეთოდი, რომელიც ჩვენს მკითხველს გამოადგება?!

P.P.S. შენ უკვე სათაურზე შეატყობდი, რომ ეს პოსტი ამით არ სრულდება და უახლოეს დღეებში სიზარმაცესთან ბრძოლის მეორე ნაწილსაც იხილავ. ასე, რომ გაუზიარე შენს მეგობრებსაც, რათა მათაც ჩვენთან ერთად გაანადგურონ ეს პარაზიტი და მავნე სენი!!!

წინასწარ დიდი მადლობა!

წყარო: http://inteleqtika.com

Back to top button