ლაშქრობებისამხედროსასარგებლო

ოდოაკრი და რომის დაცემა

დადგა 476 წელი – დიდი ისტორიული სამანი. ისტორია უკვე იცნობს კიდევ ერთ გერმანელ სარდალს; მისი სახელია ოდოაკრი, ისტორიის კაპრიზმა ფორტუნამ სწორედ მას დააკისრა ეთამაშა “დეუს ექს მახინა” დიდ რომაულ ტრაგედიაში.

მამამისი ედეკონი, რუგიული ტომის ბელადი, ატილასთან მსახურობდა და მისგან დიდი ყურადღებითაც სარგებლობდა. ატილას სიკვდილის შემდგომ, ნორიკში (ავსტრია) დასახლდა. მალე იგი ოსტგოთებთან ბრძოლაში დაიღუპა, ხოლო მისი მამაცი შვილი ოდოაკრი გადარჩენილ თანამებრძოლებთან ერთად იტალიაში გაეშურა.  გადმოგვცემენ, რომ წასვლის წინ ახმახი ოდოაკრი ძლივს შეეტია ნორიკის ერთერთ მცირე სამლოცველოში, სადაც მას ქრისტიანმა ბერმა თითქოს ასე “უწინასწარმეტყველა” გაბედულად გაეშურე იქით, საითაც მოგიწოდებს შენი დიდი დანიშნულება. მალე მოიშორებ მაგ ჭუჭყიან ქურქს და დაეუფლები ურიცხვ სიმდიდრეს”,

რასაკვირველია, ესაა წინასწარმეტყველება  post factum, ხოლო თვით ფაქტების დინამიკა რომაული კრიზისის კანონზომიერი ფინალისკენ მიემართება.

ოდოაკრი იტალიაში გერმანელთა უსაჩინოეს ბელადად იქცა. 476 წლის აგვისტოში ოდოაკრმა ორესტეს წაუყენა მოთხოვნა, რომლის ძალით გერმანელებს მუდმივ საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ იტალიის მიწების მესამედი. ორესტემ კატეგორიული უარი უპასუხა.

მაშინ ოდოაკრმა დაუყონებლივ დაძრა გერმანელები პავიისაკენ, სადაც მაშინ იდგა ორესტე. ბარბაროსებმა პავია იერიშით აიღეს, გაძარცვეს, დაანგრიეს და სისხლით დატბორეს. ორესტე შეიპყრეს და თავი გააგდებინეს.

ტრაგედიის უკანასკნელი აკორდის ხმა გაისმა 476 წლის 28 აგვისტოს. ამ დღეს ოდოაკრმა ტახტიდან გადმოაგდო რომოლუს ავგუსტუსი – რომის უკანასკნელი იმპერატორი, რომელსაც ბარბაროსთა ბელადმა, თვინიერი მორჩილებისთვის სიცოცხლესთან ერთად უწყალობა ლუკულუსისი ბრწყინვალე ვილა კამპანიაში და 6.000 ოქროს მონეტა წლიურ ხელფასად.

ოდოაკრმა აღმოსავლეთის იმპერატორ ზენონისაგან პატრიციუსის ტიტული და დასავლეთის მთავარსარდლის მაგისტრატურა მიიღო. “მსოფლიო ცენტრის” ადგილზე გერმანელთა სახელმწიფო შეიქმნა, ხოლო მის დამაარსებელს დაერქვა “გერმანელთა მეფე იტალიაში”

ასე დამთავრდა ძველი რომის სიტორია,  “ab urbe condita” (ქალაქის დაარსებიდან) 1.230 წლის თავზე ; იგი დაიწყო ლეგენდარული რომოლუსით და დამთავრდა უმწეო რომოლუსით.

აქვე დასრულდა ისტორია ანტიკურობისა, კაცობრიობის უდიდესი ცივილიზაციისა.

თეგები

kornelius

I am kornelius

მსგავსი ამბები

Close
Close