უცნაური

აბრაკადაბრა – მაგიური სიტყვა

65c7e04eeaf2

ეს სიტყვა პირამიდების მსგავსად საუკუნეებს ზემოდან დასცქერის. ძალიან დიდი ხანია ცდილობენ მისი ზუსტი ეტიმოლოგიის დადგენას, თუმცა ამაოდ, რაც უფრო ღრმად ცდილობენ მის ფუძეში ქექვას მავანნი და მავანნი, მით უფრო იტოტება, ერთმანეთში იხლართება და მთელი სიცხადით წარმოგვიდგება ხოლმე თვალწინ გარდასული ეპოქების მივიწყებული ენები. ეს სიტყვა ლაიტმოტივივით გასდევს ქრისტესშემდგომ ოც საუკუნეს. დღემდე დაზუსტებით უცნობია თუ რომელ ენაში და რომელ ხალხში იშვა ეს საოცარი სიტყვა პირველად. ამასთან დაკავშირებით სიტყვის წარმოშობის ვერსიები ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: პირველი ნაწილი ეს არის ის, რაც დანამდვილებით ცნობილია ამ სიტყვაზე. მეორე ნაწილში კი ის ვერსიები იყრიან თავს, სადაც გამოცნობის და ზოგჯერ მკითხაობის დონეზე, სიტყვის გასაშიფრად ლინგვისტები ლოგიკას, მკვდარ ენებს და ინტუიციას იყენებენ.

ერთ–ერთი უადრესი ისტორიული წერილობითი წყარო, სადაც ეს სიტყვა თავისი იდუმალი რაობით წარდგა კაცობრიობის წინაშე ძვ. რომაელი იმპერატორის კარაკალას პირადი ექიმის, კვინტუს სერენუს სამონიკუსის ნაშრომია მკურნალობის შესახებ (De medicina praecepta). ამ წიგნში, რომელიც 1115 ჰეგზამეტრისგან შედგება, თავმოყრილია ყველა ის პოპულარული რეცეპტი, რომელიც ამა თუ იმ დაავადების წინააღმდეგ გამოიყენებოდა მესამე საუკუნის იტალიაში. მათ შორის ციებ–ცხელების მალამოდ სერენუს სამონიკუსი სამკუთხედის ფორმის ამულეტს ასახელებს, რომელზედაც ქვემოთ მოცემული იდუმალი ფორმით წარწერილი იყო სიტყვა “ABRAKADABRA”.

 

abrakadabra2

ამაზე ადრეული წერილობითი წყარო არ მოიპოვება. თუმცა მეცნიერთა ერთი ნაწილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ სიტყვის ფესვები არამეულში და ივრითში უნდა ვეძებოთ. ერთი მხრივ, ეს სიტყვა ბუსტროფედონია (იკითხება ჯერ მარცხნიდან მარჯვნივ და შემდეგ პირიქით) და ივრითზე იშიფრება, როგორც “არბა” (ოთხი) “დაკ” (დამსხვრევა/განადგურება) “არბა” (ოთხი), რომელიც უკუ წაკითხვით “აბრაკადაბრას” გვაძლევს. ოთხის მიერ ოთხის განადგურება კი სიმბოლურად იაჰვეს მიერ (რომლის სახელიც ოთხი ასოსგან შედგება ივრითში) ოთხი ელემენტის განადგურებას ნიშნავს. მეორე ვერსიით არამეულ ენაზე “ავრაჰ კადაბრა” ნიშნავს “შევქმნი იმდაგვარს, როგორსაც წარმოვთქვამ”.

შუა საუკუნეებში, როდესაც ევროპაში სრული სიბნელე ჩამოწვა, რა თქმა უნდა, ყველას დაავიწყდა არამეულიც, ივრითიც და, მათ შორის, კინაღამ ლათინურიც – შესაბამისად სიტყვამ მხოლოდ მისტიურ–ეზოთერული იერი შეინარჩუნა, სრულიად დაკარგა შინაარსი და უაზრო ბგერების კომბინაციად იქცა, რომელსაც შელოცვის დროს იყენებდნენ. მას ქრისტიანულმა სამყარომ სატანური იარლიყი მიაკრა და სიტყვაც განდევნილ იქნა “ვაშინერსი” სიტყვების ბნელ ლექსიკონში.

 

წყარო:linguistuss.com

მსგავსი ამბები

Back to top button