გართობაკულტურა

ადამიანური ქმნილებები, რომლებსაც უცხოპლანეტელებს მიაწერენ(ნაწილი 2)

0c4a43d97249
ისტორიის მანძილზე კაცობრიობა მუდამ ცდილობდა, ახსნა ეპოვნა ისეთი საკითხებისთვის, რომლებიც იმ მომენტში მათი გონებისთვის მიუწვდომელი იყო. ამ მცდელობამ მრავალფეროვანი ვარიანტები წარმოშვა – ღმერთები და დემონები, მოჩვენებები და სულები, ზებუნებრივი არსებები და უცხოპლანეტელები. როგორც კვლევები აჩვენებს, ყოველ მეოთხე ამერიკელს სჯერა, რომ დედამიწაზე შემჩნეული ამოუცნობი მფრინავი ობიექტების უმცირესი ნაწილი მაინც სამყაროს სხვა წერტილში მყოფი ცივილიზაციის შემოქმედებაა. მრავალ ადამიანს სწამს, რომ ჩვენს პლანეტას წარსულში უცხოპლანეტელები სტუმრობდნენ და შესაძლოა, მსგავსი მოვლენები ამჟამადაც ფიქსირდება. თუმცა მათი არსებობის „მტკიცებულებების” უმეტესობას რეალურად სხვა ახსნა აქვს.

b172e8ef4c27

● საკარას ჩიტი
აღმოაჩინეს 1898 წელს სამარხების გათხრისას ეგვიპტის რეგიონ საკარაში. სიაში მოყვანილი სხვა პუნქტების მსგავსად, მასაც უკავშირებენ უცხოპლანეტელებსა და წარსულში არსებულ საფრენ ტექნოლოგიებს. „უძველესი ასტრონავტების თეორიის” მიმდევრებს სჯერათ, რომ ეს ნივთი მფრინავი აპარატის მოდელი იყო, რადგან მისი ვერტიკალური სტაბილიზატორი (კუდი) მოგვაგონებს თვითმფრინავის დაბოლოებას, როცა ფრინველებს, როგორც წესი, ჰორიზონტალური კუდი აქვთ. გარდა ამისა, მას არ აქვს ფეხები, ხოლო ფრთების კუთხეს აეროდინამიკურ მანევრირებას უკავშირებენ. თუმცა მკვლევართა მიერ ჩატარებულმა ტესტებმა, რომელიც მოდელის მიხედვით საფრენი მოწყობილობის შექმნას ისახავდა მიზნად, აჩვენა, რომ მას არ გააჩნია ფრენისთვის საჭირო აეროდინამიკური თვისებები. თანამედროვე მეცნიერული თეორიები გვამცნობენ, რომ ის ან რელიგიური არტეფაქტი იყო, ან უბრალოდ ბავშვების სათამაშო.

f66c1e884490

● დოგუს ფიგურები
დოგუს ფიგურები წარმოადგენენ ჰუმანოიდური ფორმის ნაკეთობებს, რომლებიც პრეისტორიულ იაპონიაში დამზადდა. მათი არაბუნებრივი გარეგნობა ბევრისთვის კოსმონავტის სპეციალური აღჭურვილობის მსგავსი ტანისამოსის ანალოგიაა, რომელიც შედგება სპეციალური სათვალისგან, აბჯრისა და მილებისგან. უცხოპლანეტელებთან კავშირის თეორიის მომხრეები ხშირად აიგნორებენ იმ ფაქტს, რომ დიდი თვალები ფიგურების მხოლოდ ნაწილში გვხვდება და არ აქვს საყოველთაო ხასიათი, არქეოლოგები კი აღნიშნავენ მათ მსგავსებას ინუიტების თვალსაფართან, რისი მეშვეობითაც დაბრმავებისგან იცავენ თავს. ფიგურები უმეტესად დაზიანებულია, მათ ხშირად აკლიათ კიდურები. ნაკეთობების გაფართოებული თეძოები, დუნდულები და გამოკვეთილი მკერდი მიგვანიშნებს, რომ მათი დანიშნულება სავარაუდოდ ნაყოფიერების რიტუალში მონაწილეობა იყო.

d7096f655b07

● მინდვრის წრეები
1966 წელს ავსტრალიის ქალაქ ტულის სიახლოვეს მაცხოვრებელი გლეხი ირწმუნებოდა, რომ ლამბაქის ფორმის ხომალდი იხილა, რომელიც მინდორზე დაეშვა. გადმოცემის მიხედვით, მან ახლომახლო ლერწმები მოცელა და მრგვალი ფიგურები შექმნა, შემდეგ კი აფრინდა. წლების შემდეგ ამ ამბით შთაგონებულმა ორმა ინგლისელმა იონბაზმა სამუშაო ხელსაწყოების მეშვეობით მსგავსი მოხაზულობების გაკეთება გადაწყვიტა ახლომდებარე მინდვრებში. შემდეგ ამას სხვებმაც მიჰყვეს ხელი და გასულ საუკუნეში 10 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა 26 ქვეყანაში, თუმცა მათი 90% სამხრეთ ინგლისზე მოდის. იმის მიუხედავად, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანთა მოსაზრებით, ეს უცხოპლანეტელთა მოწინავე ტექნოლოგიის შემოქმედებაა და არამიწიერ გზავნილს წარმოადგენს, რეალურად ისინი ადამიანთა ქმნილებებია და უმეტესად ტურისტების მიზიდვის მიზანი ჰქონდა, ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების ნაწილი კი მხატვრების შემოქმედებაა.

0385f4c171b7

● ნორვეგიული სპირალი
2009 წლის დეკემბერში ჩრდილოეთ ნორვეგიის ცაზე უზარმაზარი სპირალი გამოჩნდა, რაც ბევრმა უცხოპლანეტელთა ვიზიტად აღიქვა. უჩვეულო ვიზუალური ფენომენი 2-3 წუთი გრძელდებოდა და წარმოადგენდა ჰორიზონტზე მოკაშკაშე ლურჯ ნათებას, რომელიც თანდათან იმატებდა სიმაღლეში, შემდეგ მიიღო თეთრი შეფერადება და საბოლოოდ გაქრა. რუსეთის მთავრობის მხრიდან გაკეთებული ოფიციალური ახსნა არც ისეთი ფანტასტიკური იყო: აღმოჩნდა, რომ ეს ყოფილა რუსული სამხედრო რაკეტის წარუმატებელი ტესტი, სპირალური ეფექტი კი ან ძრავის დაშლამ გამოიწვია, ან საწვავი მასალის წვამ, სანამ არ ამოიწურა და რაკეტა ზღვაში არ ჩავარდა.

a52c9aba56e9

● სტოუნჰენჯი
პრეისტორიული მეგალითური მონუმენტი ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში აიგო ქრისტეს შობამდე 2400 წელს. მისი დანიშნულება და შენების პრინციპი დიდი ხნის განმავლობაში იყო და დღემდე არის დავის საგანი. ზოგადად მიიჩნევა, რომ ადამიანების მიერ აიგო, რადგან დღევანდელ ეპოქაშიც მომხდარა მსგავსი სიმძიმის ბლოკების გადაადგილება და ზიდვა პრიმიტიული იარაღებით. თუმცა „უძველესი ასტრონავტების თეორიის” მომხრეთა განცხადებით, სტოუნჰენჯის განლაგება იმაზე მიანიშნებს, რომ ძველ დროს დაბნელებების წინასწარმეტყველება შეეძლოთ. ეს კი თავის მხრივ იმაზე მეტყველებს, რომ მათ ჰქონდათ ცოდნა მთვარის კვანძებზე – ორ წერტილზე, რომლებშიც ჩვენი პლანეტისა და მისი თანამგზავრის ორბიტების კვეთა ხდება. ამ ცოდნას კი სხვისი დახმარების გარეშე ვერ მიიღებდნენ, ან მრავალ თაობას უნდა შეესწავლა ციურ სხეულთა მოძრაობა, შეენახა ინფორმაცია და დროთა განმავლობაში დაეხვეწათ. თანამედროვე მეცნიერება მეორე ვერსიას ემხრობა, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ამ ადგილს ზედმეტად დიდი ასტრონომიული დატვირთვა მისცეს და რეალურად მის შემქმნელებს ეს განზრახვა სულაც არ ჰქონიათ.

e0249fb88ae2

● გიზის პირამიდები
მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში არსებული მეგალითური ნაგებობების მსგავსად, გიზის პირამიდებსაც უცხოპლანეტელების ცოდნაზე დაფუძნებულ შემოქმედებად თვლიდნენ, რისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზიც მისი სიდიდეა. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ასეთი ნაგებობების შესაქმნელად ძველ ეგვიპტელებს სათანადო ტექნოლოგია არ გააჩნდათ, ხოლო ბლოკების გაჭრასა და გადაადგილებას ისე ზუსტად ახერხებდნენ, რომ გამეორება დღევანდელ ეპოქაშიც კი შეუძლებელია. ასევე ამბობენ, რომ სამი პირამიდის განლაგება ორიონის თანავარსკვლავედისას ემთხვევა, ხოლო სიმაღლე დადგენილია მზესა და დედამიწას შორის მანძილის მიხედვით. თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ გიზის პირამიდების ტექნოლოგიაში ნამდვილად იგრძნობა ინჟინერიისა და მათემატიკური ცოდნის გამორჩეული დონე, თუმცა მათზე გავრცელებული ამბების უმეტესობა რეალობას არ ესადაგება.

b4c6e7e5613c

● რელიგიები
ცივილიზებული უცხოპლანეტელების არსებობის მომხრეების ნაწილი ასევე მიუთითებს ძველ რელიგიურ ტექსტებზე, რომლებიც, მათი აზრით, უცხოპლანეტელების ვიზიტს ასახავს. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ეზეკიელის წიგნი და ინდუისტური ვედური ტექსტები, ხოლო ზოგიერთი რელიგიური მიმდინარეობის შემთხვევაში, როგორიცაა რაელიზმი და საენტოლოგია, უცხოპლანეტელების არსებობა და მათთან კავშირი მოძღვრების შემადგენელი ნაწილია. „უძველესი ასტრონავტების თეორიის” მიმდევრები არგუმენტად ხშირად იშველიებენ ე.წ. კარგოს კულტებს. ეს კულტები პრიმიტიული, იზოლირებულ კუნძულებზე მცხოვრები ადამიანების მიერ შექმნილი მარტივი რელიგიური სისტემებია, რომლებიც ცივილიზებული ქვეყნების მოსახლე ადამიანების სტუმრობის შემდეგ შეიქმნა. მაგალითად, II მსოფლიო ომის პერიოდში ამერიკელი ჯარისკაცები დაეშვნენ პატარა კუნძულ ტანაზე, რომელიც ვანუატუს ეკუთვნის, რათა დასაჯდომი მოედნები შეექმნათ იაპონიის წინაღმდეგ ბრძოლისთვის. ადგილობრივმა ტომელებმა ჯარისკაცები ღმერთებად აღიქვეს, ხოლო როცა ისინი გაფრინდნენ, ერთგვარი რიტუალები შექმნეს, როგორიცაა არმიის სტილში მარშირება, ასევე დაიწყეს დასაჯდომი ადგილების შენება იმ იმედით, რომ „ღვთიური სტუმრები” ისევ ეწვეოდნენ. უფოლოგების ნაწილი ვარაუდობს, რომ უძველესი რელიგიები სწორედ ასე ჩამოყალიბდნენ და ზებუნებრივი არსებები, როგორიცაა ღმერთები, ანგელოზები, დემონები, სულები და ა.შ., სინამდვილეში უცხოპლანეტელები იყვნენ.

წყარო:charliuss.wordpress.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button