კულტურაუცნაური

ზიგმუნდ ფროიდი – ფსიქოანალიზი და სიზმრების ახსნა

02fb0c2c76ff

მაშ ასე, დადგა ჩემი პოსტების დროც მემგონი ხომ? ანუ წელს გავეცანი ფროიდის ფსიქოანალიზს. ცოტა რთულად არის საქმე მაგრამ საერთო ჯამში თუ გარკვევით და სიტყვა სიტყვით წაიკითხავთ აზრს დაალაგებთ და გაიგებთ რაზეა საუბარი (ნუ რაღაც % მაინც)… ჰოდა ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მინდა დავდო მცირედი ანუ უხეშად რომ ვთქვათ “მოკლე შინაარსის” მსგავსი ამონარიდი ფროიდის წიგნიდან

ფსიქოანალიზი

იდი (ID) – ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”იგი”-ს, მას ეწოდა ”იგი”-რადგან ის ყველაზე უფრო მეტადაა განსხვავებული იმისგან რასაც ”მე”-ს ვუწოდებთ. ”იგი” ფლობს ისეთ ენერგიათა ფორმებს, რომლებიც კრიტიკულ ვითარებაში არ ემორჩილებიან ”მე”-ს (შფოთვა, შიში, აგზნება და ა.შ). ”იგი” არის ინსტინქტების ვნებების და გატაცებების სამფლობელო, საბადო. ”იგი” მთლიანად არაცნობიერია და ვინაიდან ვერ არჩევს გარე ობიექტთა მნიშვნელობას, მას გააჩნია ამორალური (”ზე-მე”-ს საწინააღმდეგო) სურვილების წარმოშობის ძალა (აგრესიული და სექსუალური იმპულსები). ყოველივე ეს ვლინდება სიზმრებსა და მცდარ ქმედებებში. ”იგი”-სთვის არ არსებობს არანაირი ლოგიკა ან შეზღუდვა, ის მოქმედებს სიამოვნება-უსიამოვნების გარჩევის პრინციპით და შესაბამისად, მისთვის მოქმედების ერთადერთი საშუალება არსებობს – ესაა განტვირთვა ან განგაშის განცდების გაგზავნა ”მე”-სთან, რათა უსიამოვნებას განერიდოს.

1a096e968620

EGO – ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”მე”-ს , ”მე” არის ფსიქიკური სტრუქტურა, რომელიც ყველაზე ცნობიერია, და შესაბამისად, იგი არის პასუხისმგებელი გადაწყვეტილების მიღებაზე. ”მე” ისწრაფვის ”იგი”-ს სურვილების დაკმაყოფილებისკენ გარემოში ქცევის საშუალებით, ისე, რომ მასში გათვალისწინებული იყოს ”ზე-მე”-ს მიერ წაყენებული მოთხოვნა-აკრძალვებიც. ”მე” რეალობაზე დაყრდნობით მოქმედებს და მისი უდიდესი ნაწილი ცნობიერია. ”მე”-ს იდეალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ”იგი”-ს მიერ წაყენებული მოთხოვნების დროში გადავადება მანამდე, სანამ მიზანშეწონილი ქცევით მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის სათანადო სიტუაცია არ შეიქმნება, რაც თავისთავად გულისხმობს გარემოში ”ზე-მე”-ს აკრძალვის გათვალისწინებას.

SUPER-EGO – არის ეგოს განვითარების საფეხური. ის ყალიბდება სოციალიზაციის შედეგად, ევოლუციის გზით. მისი არსია სხვა სუბიექტთა ინტერესების გათვალისწინება ქცევაში, რათა სოციალურ ჯგუფში კონფლიქტი არ მოხდეს. ”ზე-მე” გულისხმობს კულტურულ ნორმებსა და ღირებულებებს, ის არის ე.წ. მორალი და სინდისი, რომელიც ძირითადად აღმოცენდება მამის ავტორიტეტთან შეჯახების შედეგად. მას აქვს ემოციათა გარკვეული ფორმების დომინირების ძალა, – სირცხვილის შიში ან და დანაშაულის შეგრძნება და ა.შ. ”ზე-მე”-ში გამოიყოფა ორი ქვესისტემა. ესენია ეგო-იდეალი და სინდისიერი სტრუქტურა, ეგო-იდეალი ყალიბდება წახალისების შედეგად, ხოლო სინდისიერი სისტემა – დასჯის შედეგად. ”ზე-მე” დასრულებულად მიიჩნევა მაშინ, როდესაც მშობლების კონტროლს თვითკონტროლი ენაცვლება.

გონებით დაჯილდოვებული “ეგო” შუამავლის როლს ასრულებს სურვილებსა და რეალობას, შინაგან და გარეგან სამყაროს, “იდი”-სა “სუპერ-ეგო”-ს შორის. ამიტომ “ეგო” ყოველთვის “ერთდროულად ორ სკამზე ზის”. მან უნდა გაუძლოს შეურაცხყოფებს და დაიცვას თავისი “მატარებელი” კონფლიქტებისგან — დაიცვას ნერვოზების ფასად. აქ ჩვენ ვაწყდებით ვენელი მეცნიერის ღრმა დარწმუნებულობას — ადამიანი დაუსრულებლად მოწყვლადია.

99eb573dc043

ფსიქოანალიზის თეორია პიროვნების პირველი თეორიაა. ფროიდისთვის ადამიანი და პიროვნება ერთი და იგივეა. ფსიქოლოგია მარტო ადამიანს აქვს. ფროიდი ევოლუციური თეორიის მომხრეა. ნაშრომში “ტოტემი და ტაბუ” განიხილავს ორდა არსებებს, რომლებიც არც მაიმუნები არიან და ჯერ არც პიროვნებები, ცხოვრობენ ჯოგებად, ჯგუფებად. ჰყავთ უფროსი მამრი და მის გარდა არც ერთ წევრს არ აქვს საპირისპირო სქესთან სექსუალური ურთიერთობის დამყარების უფლება. ბიჭები იწყებენ ამბოხს მამის წინააღმდეგ და კლავენ მას და ძალიან ნანობენ ამას. ორდა არსებები იწყებენ შეთანხმებას, სექსუალური კავშირების გადანაწილებასა და ნადავლზე. აქ ეყრება საფუძველი პირველ საზოგადოებრივ კანონებს. იკრძალება ინცესტი და მამისადმი აგრესია. ეს ისეთი აკრძალვებია, რომლების ცნობიერებაში გაჩენაც კი დაუშვებელია – ტაბუირებულია.

საზოგადოების და პიროვნების ჩამოყალიბება პარალელური პროცესებია. ფროიდის მიხედვით, პირველი ცოდვა მამის მკვლელობაა, რელიგიის წარმოშობა ამ ცოდვის მონანიებას უკავშირდება. ღმერთის ხატი ეფუძნება ფილოგენეტურ მზაობასა და ონტოგენეტურად ფორმირებულ მამის ხატს არაცნობიერში; დედამიწაზე არსებულ რელიგიათა უმრავლესობაში ღმერთი მამრობითია და მას მრავლად აქვს ისეთი მახასიათებლები, როგორსაც ბავშვი განიცდის მამის მიმართ (ძლიერება, სამართლიანობა, ყოვლისმცოდნეობა, შიში ან და მისი იმედი და ა.შ.). ბავშვი რომ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ონტოგენეზში უნდა გაიაროს ფილოგენეზის მსგავსი საფეხურები. ხუთი წლის შემდეგ ხდება იმის დახვეწა, რაც ხუთ წლამდე ჩამოყალიბდა.

cc9b2c9a38ab

ბავშვი დაბადებისას ”იგი” (id)-ს მდგომარეობაშია. ”იგი” არის მთლიანად არაცნობიერი, ბნელი. მისთვის ლოგიკური აზროვნება უცხოა და არსებობს მხოლოდ აწმყო. აქვს სურვილები, რომელთა დაკმაყოფილებასაც მიელტვის. მისი მოქმედების პრინციპი არის სიამოვნების პრინციპი, რომელსაც თუ რეალობაში ვერ მიაღწევს, ახორციელებს შემდეგ მექანიზმებს: ჰალუცინაციები და რეფლექსური განტვირთვა. რისი დაკმაყოფილებაც ვერ ხერხდება, გარკვეული სახით ილექება და ვითარდება კომპლექსები. ”მე” (ego)-ს მოქმედების პრინციპი რეალურობის პრინციპია. ”იგი”-ს მოთხოვნილება რომ დაკმაყოფილდეს, რეალობაში უნდა გავიდეს. ჰალუცინაციებით არ ხერხდება მოთხოვნიბების დაკმაყოფილება. რეალობაში გასვლიდან იწყება ”მე”-ს ჩამოყალიბება. ”მე” არის ”იგი”-ს განვითარების გარკვეული საფეხური. ”მე”-მ გარკვეულწილად უნდა დააკმაყოფილოს ”იგი”-ს მოთხოვნილებები, თან ისე, რომ რეალობა უნდა გაითვალისწინოს. რეალობა უქმნის ბარიერებს. მექანიზმი, რითაც ”მე” თავისი მოქმედების პრინციპს ახორციელებს, არის ფსიქიკური პროცესები. მათი საშუალებით ხდება სინამდვილესთან ურთიერთობის დამყარება. ფროიდისათვის პირველადი ფსიქიკური არის ”იგი”, მეორადი – ”მე”. ”მე”-მ უნდა მოატყუოს ”იგი”, რომ დასტყუოს ენერგია. ”იგი”-ს არ შეუძლია ერთმანეთისაგან გაარჩიოს აღქმის ხატი ჰალუცინაციის ხატისაგან. ”იგი”-ს აღქმის ხატი მოქმედებაში მოყავს. (აღქმა ბოლომდე ობიექტური არ არის). ”მე”-ს პარალელურად, ყალიბდება ”ზე-მე”(Super Ego). ”ზე-მე” არის ის, რასაც ჩვენ მორალს ვუწოდებთ და ის მორალური პრინციპებით მოქმედებს. მისი მექანიზმი ”მე”-ზე სინდისისა და სიამაყის გრძნობებით მანიპულირებს. მორალის ჩამოყალიბება მშობლებთან იდენტიფიკაციის გზით ხდება. ”ეგო” ორი ბატონის მსახურია: ”იგი”-ს და ”ზე-მე”-სი. მას მესამე ბატონიც ჰყავს – რეალობა.

c430935fbf5b

ფროიდმა მთლიანად განიცადა ეს ფაქტი საკუთარ თავზე, როდესაც 1896 წელს (სწორედ ამ წელს მან პირველად იხმარა ცნება “ფსიქოანალიზი”) ვენელი ფსიქიატრების წინაშე კითხულობდა ნაშრომს ბავშვობის სექსუალურ განცდებზე. გაბრაზებულ მდგომარეობაში მყოფი, იგი ფლისს წერს: “ჩემმა ნაშრომმა იმ ვირებისგან მიიღო მეცნიერული ზღაპრის შეფასება, და ეს მას შემდეგ, რაც მათ უჩვენეს გადაწყვეტა პრობლემისა, რომელზეც ათასობით წლის განმავლობაში ფიქრობდნენ ადამიანები!” გააფთრებული ფროიდი მოურიდებლად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას: “ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ!” მან კოლეგებს წარუდგინა დამუშავებული, შეიძლება ითქვას, საგულდაგულოდ “დაღეჭილი” თეორია, მაგრამ მათ ის ვერ გაიგეს! ფროიდის გაბრაზება კი ძალზე ადვილია: იგი ღიზიანდება, როდესაც ესმის სულ მცირე მინიშნებაც კი, რომ მისი არ ესმით ან აკრიტიკებენ. მეცნიერის კავშირი, ურთიერთობა სამყაროსთან არასოდეს არ იყო მარტივი, ხოლო მისი დამოკიდებულება ადამიანებისადმი სავსე იყო წინააღმდეგიბებით:”ჩემთვის ყოველთვის აუცილებელი იყო ახლო მეგობარი და მოსისხლე მტერი”, აღიარებდა ფროიდი. ხშირად ეს ორი ცნება ერთიანდებოდა ერთ ადამიანში. ვილჰელმ ფლისთან ფროიდის მეგობრობა გაურკვეველი მიზეზების გამო სამუდამოდ დასრულდა 1900-იანი წლების დასაწყისისთვის. მაშინ, როდესაც ფსიქოანალიზი მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, ფროიდის “მემკვიდრე პრინცი” იყო შვეიცარიელი ფსიქოლოგი კარლ გუსტავ იუნგი — და სწორედ ის გახდა მოგვიანებით მისი უდიდესი მტერი.

99e32a7585fe
“სიზმრების ახსნა”, (1900 წლის გამოცემა)

ფროიდის ყველაზე ცნობილი წიგნი პაციენტების სიზმრების ჩანაწერებთან ერთად შეიცავს თავად ავტორის ბევრ სიზმარს. იგი გამოქვეყნდა 1899 წლის ბოლოს, თუმცა დათარიღებულია 1900 წლით. რა არის სიზმარი? ფროიდი გვპასუხობს: “ეს არის განდევნილი სურვილების, მოთხოვნილებების შენიღბული ასრულება” . ბავშვი სიზმარში ნახულობს, რომ დაკარგა საყვარელი სათამაშო დათუნია — აქედან თავისუფლად შეიძლება დავასკვნათ, მაგალითად, რომ ბავშვს აქვს განდევნილი აგრესია და-ძმების მიმართ, რომლებიც მას ართმევენ დედის ძვირფას ყურადღებას. სიზმარი— ეს არის წერილი ჩვენი არაცნობიერისგან. სწორედ ამიტომაა, რომ სიზმრის შინაარსი ყოველთვის შენიღბულია. თუკი საიდუმლო სურვილები მასში შეუნიღბავ ფორმაში იქნებოდა წარმოდგენილი, მძინარე ადამიანს გაეღვიძებოდა და სიზმარიც ვეღარ შეასრულებდა თავის ფუნქციას. იმისთვის, რომ გავიგოთ მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა, საჭიროა მისი ანალიზი, რომელიც მოითხოვს თავისუფალი ასოციაციების ტექნიკის გამოყენებას. სიზმარი — ეს არის დაშიფრული ამბავი სულის საიდუმლო ცხოვრებაზე. ერთხელ ბავშვობაში პატარა ზიგიმ მშობლების ოთახში მოშარდა. მამამ იგი გაკიცხა და თქვა, რომ ბიჭისგან არაფერი არ გამოვიდოდა. ეს ეპიზოდი მოგვიანებით გახდა მასალა სიზმრისთვის, რომელშიც ფროიდს, იმ დროისთვის უკვე ცნობილ მეცნიერს, უსუსური მამის წინ ეჭირა ხომალდი. ის სიზმარში იყო ოიდიპოსი, რომელიც შურს იძიებდა მამაზე. “ამ სიზმარში ყველაფერი მიდის მამის მიმართ პროტესტისკენ”, — წერდა ფროიდი, — “მამა“ — ეს არის უფროსი, პირველი და უკანასკნელი ავტორიტეტი, რომლის ძალაუფლების ყოვლისმომცველობისგან წამოვიდა ყველა ტიპის სოციალური ძალაუფლება ისტორიის მანძილზე.”

821179e1506c
ვიცი ეხლა რასაც იტყვით მაგრამ მაინც … ეს მართლა საინტერესო რამაა, არ ვიცი ვინ როგორ გაიგებს მაგრამ საინტერესო კი ნამდვილად არის…
2b83bb3b07c4

Back to top button