არქივი

მხედველობა

12803e496e24
გარესამყაროს საგნების აღქმისა და ინფორმაციის მიღების პროცესი მხედველობის ორგანოს – თვალის საშუალებით ხორციელდება. მეცნიერებმა დაამტკიცეს,რომ ადამიანის მეხსიერების 80%-ს შეადგენს ის ინფორმაცია, რომელიც მას თვალით აქვს დაფიქსირებული.

ჩვენი თვალები ისეა მოწყობილი,რომ საგნის დანახვა შეგვიძლია ნებისმიერ დისტანციაზე და ნებისმიერ მოძრაობაში, თანაც ფერად შეფერილობაში. თვალი მოძრაობს ყველა მიმართულებით, რათა გაგვიფართოვოს მხედველობის არეალი.

თვალის წინა ნაწილი ე.წ. ბროლი, ანუ ლინზა ისევე მოქმედებს, როგორც ჩვეულებრივი ობიექტივის ლინზა, ამიტომ ფოტოკამერაზე დაკვირვება გაგვიადვილებს თვალის ფუნქციების უკეთ გაგებას. ლინზა არის გამჭვირვალე სხეული, რომელიც შემოსაზღვრულია სინათლის სხივების გარდამტეხი ორი ზედაპირით.

გუგა წარმოადგენს ხვრელს თვალის ფერად გარსში, რომლის საშუალებითაც თვალში შედის სინათლის სხივი. სიბნელეში გუგა ფართოვდება, ხოლო სინათლეზე კი – ვიწროვდება. თვალის შიდა გარსს წარმოადგენს ბადურა, ანუ ბადისებრი გარსი, რომელიც სინათლის აღქმას ემსახურება.

რატომ იცვლის თვალის გუგა ზომას
ee45f256e9fc cdfc7b81716e
თვალის გუგა წარმოადგენს ხვრელს თვალის ფერად გარსში, იმავე ირისში. ირისი აკონტროლებს გუგაში მოხვედრილი სინათლის სხივების მოცულობას.
კაშკაშა სინათლეზე ირისი ზომაში იკვეცება, შედეგად თვალის გუგაც ზომაში მცირდება და ნაკლებ სინათლეს ატარებს. სუსტ სინათლეზე ირისი ფართოვდება და გაზრდილ გუგასაც მეტი სინათლის შეღწევის საშუალებას აძლევს. თვალის გუგები ზომაში მატულობენ მაშინაც, როდესაც ადამიანი ძლიერ ემოციებს განიცდის, მაგალითად შიშს ან ვნებას.

როგორ ფუნქციონირებს თვალი
თვალი დაკავშირებულია ადამიანის ტვინთან ე.წ. მხედველობის ნერვით. ბადურაზე აღქმული ინფორმაცია ამ ნერვის საშუალებით გადაეცემა ტვინს იმპულსების სახით, სადაც შემდგომ ამ იმპულსების დეკოდირება ხდება.
ადამიანის თვალები ერთ ვერტიკალურ სიბრტყეშია განლაგებული და მათ ბადურაზე მიიღება ერთი და იმავე საგნის ორი განსხვავებული გამოსახულება, რომელთა შერწყმა მხედველობის ანალიზატორის ცენტრალურ ნაწილში ხდება. ასეთი ბინოკულარული მხედველობა გარესამყაროს სიღრმის, საგნების დაშორების განსაზღვრის საშუალებას იძლევა.
ტვინი ასევე საშუალებას გვაძლევს დავინახოთ გამოსახულება სწორ განზომილებაში. როდესაც სინათლე აირეკლება ლინზაში, ის გადატყდება და ბადურას ამოყირავებული სახით გადაეცემა. ტვინი ამ ინფორმაციას კითხულობს და გამოსახულებას ასწორებს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩვილი ბავშვები თავდაყირა ხედავენ სანამ მათი ტვინი ისწავლის ინფორმაციის გადამუშავებას.

თვალის აგებულება
ადამიანის თვალის კაკალს სფერული ფორმა აქვს. თვალის გარეთა კედლის გარსი მკვრივია. მის უკანა ნაწილში მდებარეობს სკლერა, იგივე თეთრი გარსი, რომლის სათანადო ღარში გამაგრებულია გამჭვირვალე რქოვანა.
თვალის კაკლის შიდაგარსი სისხლძარღვოვანია და სამ ნაწილად იყოფა: საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსი, წამწამოვანი გარსი და ფერადი გარსი,ანუ ირისი. ირისი ბერძნული სიტყვიდან არის წარმოშობილი და ნიშნავს ცისარტყელას. ირისი ხშირშემთხვევაში ლურჯი, მწვანე ან წაბლისფერია. იგი წარმოადგენს კუნთოვან დისკს, რომლის შუაშიც გუგაა მოთავსებული.
წამწამოვანი გარსი გამოიმუშავებს თვალშიგა სითხეს, ანუ ნამს, რომელიც კვებავს რქოვანას, ბროლსა და მინისებრ სხეულს.
ირისი შეიცავს წრიულ და რადიალურ კუნთოვან ბოჭკოებს, რომლებიც ავიწროებენ ან აფართოვებენ გუგას ძლიერი ან სუსტი განათებისას.
თვალის სხვიმტეხი ფუნქციის შესრულებაში ბროლთან ერთად მონაწილეობს თვალის ღრუს ამომვსები ლაბოვანი ნივთიერება – ე.წ. მინისებრი სხეული, აგრეთვე რქოვანა და ბროლის ირგვლივი სითხე.
58ca97e2e94e

ჩხირები და კოლბები
თვალის ბადურა შედგება, დაახლოებით, 130 მილიონი სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედისგან. ზოგი უჯრედის გამონაზარდი წვრილია და მათ ჩხირებს უწოდებენ, ზოგისა კი – გამსხვილებული და მათ კოლბები ეწოდება. ჩხირები ძალზე მგრძნობიარეა სინათლის მიმართ, მაგრამ არ აღიქვამენ ფერებს, მწვანესა და ლურჯის გარდა. კოლბები კი პირიქით, მგრძნობიარენი არიან ფერადი სხივების მიმართ, მაგრამ წყვეტენ ფუნქციონირებას სიბნელეში. ამიტომაა, რომ დაბნელებისთანავე ჩვენი მხედველობა სუსტდება და ყველაფერს აღვიქვამთ მოლურჯო და მონაცრისფრო-მომწვანო ფერებში. სიბნელეში მხოლოდ ჩხირები განაგრძობენ ფუნქციონირებას. ფრანგები დღის ამ მონაკვეთს უწოდებენ l’beure bleue, რაც თარგმნაში სილურჯის საათს ნიშნავს.
როდესაც, სინათლე ძალიან კაშკაშაა, ჩხირები აჩერებენ ფუნქციონირებას, ხოლო როდესაც სინათლე იკლებს – კვალ განაგრძნობენ აქტივობას. მაგრამ ეს პროცესი უცბად არ ხდება. ამიტომ არის, რომ მზიანი ქუჩიდან ბნელ ოთახში შესვლისას თვალებს გარკვეული დრო სჭირდებათ ადაპტაციისთვის; და პირიქით – ბნელი ოთახიდან განათებულ ადგილზე გასვლისას თვალებში წამიერად გვიბნელდება.
არსებობს სიბრმავის სხვადასხვა ტიპი, რომელიც გამოწვეულია ბადისებრი გარსის და მასში არსებული ჩხირებისა და კოლბების დაზიანებით. მეცნიერები განიხილავენ ამ დაავადებების სამკურნალო რამდენიმე გზას. ერთ-ერთი მათგანი ითვალისწინებს ელექტროზონდის, ან მიკროელექტროდის გადანერგვას, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩხირებისა და კოლბების სტიმულაციას.
კოლბები მდებარეობს ბადისებრი გარსის უკანა ნაწილში, ე.წ. ცენტრალურ ფოსოში. ჩხირების უმრავლესობა გარს ეკვრის აღნიშნულ ფოსოს, მაგრამ კოლბებს არ ერევა.
ბადურის ცენტრში, მხედველობის ნერვის გამოსვლის ადგილზე, სინათლის მიმართ მგრძნობიარე უჯრედები არ არის და ამ მონაკვეთს “ბრმა ლაქა” ეწოდება.
d09a64b7d27b
იმისათვის რომ აღმოაჩინოთ თქვენი “ბრმა ლაქა” მიყევით ინსტრუქციებს:
დახუჭეთ მარცხენა თვალი, და მარჯვენათი უყურეთ + -ს.
ნელნელა მიიწიეთ ეკრანისკენ და როდესაც იქნებით დაახლოებით ნახევარი მეტრის დაშორებაზე (შეიძლება ოდნავ უფრო შორს ან ახლოს) დაინახავთ რომ მარჯვნივ მდებარე შავი წერტილი გაქრება. თუ მისკენ მიიხედავთ იგი იმ წამსვე ისევ გაჩნდება.

თვალის მამოძრავებელი და დამცავი მექანიზმები
ადამიანის თვალის კაკალი მოძრავია. მის მამოძრავებელ აპარატს შეადგენს ექვსი განივზოლიანი კუნთი: ზემო,შიგნითა,ქვემო,გარეთა სწორი,ზემო და ქვემო ირიბი კუნთები.
თვალი კარგად დაცული ორგანოა. მას წინიდან იცავს ქუთუთოები, რომლებიც წარმოადგენენ კანის ნაოჭებს და იცავენ თვალს მექანიკური დაზიანების, გამოშრობისა და უცხო სხეულის მოხვედრისაგან. ქუთუთოების კიდეებზე იხსნება თვალის ჯირკვლის სადინარები, რომლებიც გამოყოფენ დამცავ ცხიმიან საცხს. თვალის შემაერთებელი გარსია კონიუნქტივა, რომელიც ამოფენს უკნიდან ქუთუთოებს და შემდეგ თვალის კაკალზე გადადის.
საცრემლე აპარატი შედგება საცრემლე ჯირკვლისაგან და ცრემლის გამტარი გზებისაგან. ცრემლი ასველებს და ასუფთავებს თვალის კაკალს და კიდევ ერთ დამცავ საშუალებას წარმოადგენს.

ახლომხედველობა და შორსმხედველობა
აბსოლუტური მხედველობისათვის თვალის კაკალი იდეალური მრგვალი ფორმის უნდა იყოს.
ყველაზე გავრცელებული მხედველობის ნაკლოვანებებია ახლომხედველობა და შორსმედველობა.
ახლომხედველი ცუდად ხედავს მოშორებულ საგნებს, რადგან საგნიდან არეკლილი პარალელური სხივები თვალში გარდატეხის შემდეგ ფოკუსში ბადურაზე კი არ იკრიბება, არამედ მის წინ, რის გამოც ბადურაზე აღიბეჭდება საგნის ბუნდოვანი გამოსახულება. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ თვალის კაკალი წაგრძელებული ფორმისაა ან ბროლი ზედმეტად ბევრ სინათლეს ატარებს. ამ დროს ავადმყოფს ენიშნება სპეციალური განმბნევი ლინზები.
3b414336b542
შორსმხედველი ახლომდებარე საგნებს ბუნდოვნად ხედავს. როდესაც თვალის კაკალი ძალიან მოკლეა და თვალის გარდამტეხ არეში სინათლის სხივი სუსტად გარდატყდება, პარალელური სხივები იკრიბება თვალის ბადურა გარსის უკან მდებარე ფოკუსში. ამ დროს ავადმყოფს ენიშნება კონვექსური, ანუ ამოზნექილი ლინზები.
1d06b21b2a96
ორივე აღნიშნული დარღვევა ადვილად სწორდება სპეციალური სათვალის ან კონტაქტური ლინზის ხმარებისას.
დღეისათვის მეცნიერები კურნავენ ახლომხედველობას რქოვანას ფორმის სრულყოფით. ამგვარ ოპერაციას “რადიკალური კერატოტომია” ეწოდება და იგი გულისხმობს რქოვანაზე სპეციალური ნასერების გაკეთებას. როდესაც ნასერები ხორცდება, რქოვანა ძალაუნებურად იცვლის ფორმას. როდესაც გამოიყენება ლაზერი, შორსმხედველობის კოეფიციენტი იტვირთება კომპიუტერში და გამოითვლება რქოვანას ფორმის ზუსტი ზომები.

ასტიგმატიზმი
თვალის კაკლის არასწორმა ფორმამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ასტიგმატიზმი. იგი ხშირად თან ახლავს ახლო ან შორსმხედველობას.
ასტიგმატიზმი გამოწვეულია რქოვანას ან ბროლის ზედაპირის უთანაბრო სიმრუდით, რის გამოც ავადმყოფი ვერ ხედავს გარკვევით საგანს.
ასტიგმატიზმის დროს ხშირია სიელმე, რომელიც გამოწვეულია თვალის კაკლის მამოძრავებელი კუნთის “სიზარმაცით”. ე.წ. “ზარმაცი თვალის” სამკურნალოდ მიზანშეწონილია ჯანმრთელი თვალის აფარება რაიმე საფენით. თუ ამან არ გაამართლა, საჭიროა სპეციალური სათვალე ან ქირურგიული ჩარევა.
ბავშვებში სიელმე ხშირად არის ცალ თვალში მხედველობის დაქვეითების მიზეზი. ზრდასრულ ადამიანებში ამან შეიძლება უფრო მძიმე შედეგი გამოიღოს: თვალის გლაუკომა ან კატარაქტა.

გლაუკომა და კატარაქტა
გლაუკომა თვალის მძიმე ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც თვალში წნევა მატულობს და ძლიერ ტკივილს იწვევს. მის მომატებას იწვევს თვალშიდა სითხის ცირკულაციის მოშლა. ავადმყოფს თანდათან უქვეითდება მხედველობა და საბოლოოდ შეიძლება დაბრმავდეს კიდეც. ხშირ შემთხვევაში გლაუკომის სამკურნალოდ იხმარება ლაზერი, რომლის საშუალებითაც თვალის ირისში კეთდება სპეციალური სადრენაჟო ხვრელი, რომელიც თვალშიდა წნევის მოწესრიგებას უწყობს ხელს.
კატარაქტის დროს ხდება თვალის ბროლის შემღვრევა, რაც ხელს უშლის თვალში სინათლის სხივების მოხვედრას. ეს პროცესი უმტკივნეულოა, ავადმყოფი ხედავს ისე, თითქოს დაბურული ფანჯრიდან იყურებოდეს. კატარაქტა იკურნება ულტრასონოგრაფიული ზონდირებით.

საინტერესო ცნობები:
1)ადამიანი თვალს 10 წამში ერთხელ ან ორჯერ ახამხამებს. თითოეული დახამხამება გრძელდება წამის მესამედს. აქედან 12-საათიანი დღის განმავლობაში თვალებს 25 წუთი ვახამხამებთ. ახალშობილები ექვს თვემდე საერთოდ არ ახამხამებენ თვალს.
2)ტირილის დროს ცრემლი ცხვირ-ცრემლის არხის საშუალებით ცხვირის ღრუში გადადის.
3)სტაფილოს ჭამა გვეხმარება უკეთ დავინახო სიბნელეში. ვიტამინი, რომელიც უხვადაა სტაფილოში, ბადურაში არსებულ ჩხირებს ეფექტურობას მატებს. ასევე მხედველობისათვის სასარგებლოა კომბოსტო და სხვა მწვანე ფოთლიანი ბოსტნეული.
4)ადამიანის თვალს 10 მილიონი ელფერის დანახვა შეუძლია, თუმცა, მწერებისგან განსხვავებით, ჩვენ ვერ ვხედავთ ულტრაფიოლეტს.

პოსტი ჩემს მიერ არის დაწერილი  (ამოწერილია წიგნიდან) და არ არის გადმოწერილი სხვა საიტიდან.

იმედია მოგეწონათ და დაგაინტერესათ. ეს ჩემი პირველი პოსტია :)

Saba17

I Love Ucnauri.Com!!!

მსგავსი ამბები

Back to top button