არქივი

ესროლა თუ არა ჰარვი ოსვალდმა პრეზიდენტ კენედის?

baaea6a557cd
საქმე თითქოს მარტივი იყო – დალასის პოლიციას ოსვალდის წინააღმდეგ უამრავი სამხილი ჰქონდა. ეჭვი უფრო გაძლიერდა, როცა პატიმარი ლი ჰარვი ოსვალდი, რომელიც ჯერ კიდევ სათანადოდ არც ჰყავდათ დაკითხული, ჩაცხრილეს. რაც უფრო მეტად ეფინებოდა ნათელი ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებს, მით მეტად იზრდებოდა უნდობლობა გავრცელებული ოფიციალური ვერსიის მიმართ. ორმოცი წლის შემდეგაც შეთქმულების შესახებ ახალ-ახალი თეორიები ჩნდება.

პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა 1963 წლის 22 ნოემბერს დალასში, დილი-პლაზაზე, თანამედროვეობის ერთ-ერთი იდუმალებით მოცული ისტორიაა. მართალია, ლი ჰარვი ოსვალდი დანაშაულის ჩადენიდან 90 წუთში დააპატიმრეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, კენედის მკვლელობა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთია ყველაზე ძნელად გასახსნელ საქმეთაგან.

72c202fd8ca61504444dfee1410456f1თავდაპირველად ისე ჩანდა, რომ ყველა ფაქტი საკმარისად ნათელი იყო.
ნოემბრის იმ მზიან დილას პრეზიდენტის თავახდილ ლიმუზინს მოტოციკლეტისტთა კორტეჟი დილი-პლაზას გავლით მიუძღვებოდა დალასის სავაჭრო ცენტრისკენ, სადაც სადღესასწაულო ბანკეტი უნდა გამართულიყო. კორტეჟი ნელა მიემართებოდა. ლიმუზინის უკანა სავარძელზე პრეზიდენტი კენედი და მისი მეუღლე ჟაკლინი ისხდნენ, წინ კი ტეხასის გუბერნატორი ჯონ კონელი და მისი მეუღლე ნელი. ქუჩის ორივე მხარეს შეკრებილი ხალხი პრეზიდენტს ესალმებოდა. ნელი კონელი კენედის მიუბრუნდა: “ბატონო პრეზიდენტო, თქვენ დალასში ძალიან უყვარხართ!”

როცა ლიმუზინმა ჰიუსტონ-სტრიტზე შეუხვია და იქვე მდებარე სკოლის ბიბლიოთეკის საცავს ჩაუარა, რამდენიმე გასროლა გაისმა. პრეზიდენტმა ყელზე იტაცა ხელი და მარცხნივ, მეუღლისკენ გადავარდა. გუბერნატორი კონელიც დაიჭრა და გონება დაკარგა. როცა საიდუმლო სამსახურის აგენტი პრეზიდენტსა და პირველ ლედის გადაეფარა (ეს მხოლოდ მეორე გასროლის შემდეგ მოახერხა), ლიმუზინმა სიჩქარეს უმატა და პრეზიდენტი პარკლენდის მემორიალურ ჰოსპიტალში გააქანეს – ჰოსპიტალში მიყვანიდან ნახევარ საათში ჯონ ფიცჯერალდ კენედი გარდაიცვალა.

ამასობაში დალასის პოლიციის ოფიცრებმა დაიწყეს თვითმხილველთა დაკითხვა და წიგნსაცავის დათვალიერება: ნახეს ფანჯარა, რომელიც დილი-პლაზას გადაჰყურებს და საიდანაც მკვლელი ისროდა, იპოვეს სამი მასრა და ჩანთა. იქვე, კიბესთან ახლოს, ყუთების უკან კი ჩამალული იყო 6,5 მმ-იანი “კარკანოს” კარაბინი. სასამართლო ექსპერტიზამ თითებისა და ხელისგულის ანაბეჭდები აღმოაჩინა – ყველა მათგანი ლი ჰარვი ოსვალდის ანაბეჭდებს დაემთხვა.
ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ ლი ჰარვი ოსვალდი დააპატიმრეს, ოღონდ თავდაპირველად პოლიციის ოფიცერ ჯ. დ. ტიპიტის მკვლელობისათვის. ოფიცერმა პრეზიდენტის მკვლელობიდან სულ ცოტა ხანში ქუჩაში მიმავალი ოსვალდი შემთხვევით გააჩერა.

საქმეში დაუყოვნებლივ ჩაერთნენ გამომძიებლები. ჯონ ედგარ ჰუვერმა, გამოძიების ფედერალური ბიუროს გენერალურმა დირექტორმა, იუსტიციის მინისტრ რობერტ კენედის, პრეზიდენტის ძმას, კონფიდენციალურ სატელეფონო საუბარში მიანიშნა, რომ მკვლელი იყო ყოფილი მეზღვაური, საბჭოთა კავშირის მომხრე, რომელსაც ცოლად რუსი ქალი ჰყავდა. ამასთან, ფიდელ კასტროს თავგამოდებული ქომაგიც გახლდათ. 16 საათზე თეთრი სახლის კომუნიკაციის ცენტრის სიტუაციათა ოთახიდან (კრიზისული სიტუაციების დროს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი სწორედ ამ ოთახში მუშაობს და პრეზიდენტს უკანასკნელ ცნობებს აწვდის) ახალ ფიცდადებულ პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონს შეატყობინეს, რომ მკვლელობა ერთმა პირმა ჩაიდინა და შეთქმულების ვერსია გამოირიცხა.

მოგვიანებით მოვლენები კიდევ უფრო უცნაურად განვითარდა. მკვლელობის მეორე დღეს, დილით, როცა ლი ჰარვი ოსვალდი პოლიციის შტაბბინიდან საპატიმროში გადასაყვანად გამოჰყავდათ, ის დაცხრილეს. მკვლელი ღამის კლუბის მეპატრონე ჯეკ რუბი აღმოჩნდა.

ecff64315b0ebc7b1c7c787b1cdd0b76მკვლელობიდან ერთ კვირაში პრეზიდენტმა ჯონსონმა შექმნა კომისია, რომელსაც უნდა დაედგინა, რა მოხდა სინამდვილეში. კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ერლი უორენი. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კომისიის დავალებით დაჰკითხა 25 ათასი ადამიანი, ხოლო საიდუმლო სამსახურმა – 1550. თავად კომისიამ 552 მოწმეს ჩამოართვა ჩვენება, მათგან 94 ადამიანი უკვე დაკითხული იყო. ათი თვის შემდეგ კომისიამ ვრცელი დასკვნა წარმოადგინა (ის 10 მილიონი სიტყვისგან შედგებოდა) პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ. მასში დაბეჯითებით იყო ნათქვამი, რომ პრეზიდენტი მოკლა ლი ჰარვი ოსვალდმა, რომელიც მარტო მოქმედებდა და თანამზრახველები არ ჰყოლია.

ოსვალდიც ერთმა კაცმა მოკლა – ჯეკ რუბიმ, რომელიც არასოდეს შეხვედრია ოსვალდს, არც იცნობდნენ ერთმანეთს. ოსვალდმა სამჯერ ესროლა პრეზიდენტს: სავარაუდოდ, პირველი ააცილა, მეორე ტყვია პრეზიდენტს ყელის არეში მოხვდა, გაიარა ზურგის, გულმკერდის არე და კენედის წინ მჯდომარე გუბერნატორი კონელიც დაჭრა. მესამე და ბოლო გასროლამ პრეზიდენტს ბოლო მოუღო, მას ტყვია თავის მარჯვენა მხარეს მოხვდა. მოხსენების თანახმად, წიგნსაცავის მეექვსე სართულის ფანჯრიდან სულ რვა წამში სამჯერ ისროლეს.

ყველაფერი თითქოს სარწმუნო იყო, მაგრამ იყო კი ეს სიმართლე? ჯერ კიდევ უორენის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე საზოგადოებას უამრავი კითხვა გაუჩნდა. ოსვალდზე უკვე აღარ იყო ლაპარაკი. ამაზე ჯეკ რუბიმ იზრუნა. როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, შური იძია პრეზიდენტის მოკვლისათვის და ჟაკლინ კენედის თავიდან ააცილა ოსვალდის სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოსვლა, მაგრამ იყო კი ეს დასაჯერებელი? უორენის კომისიის დასკვნის კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ კომისიის მონაცემები ფაქტებს არ ემთხვეოდა ან ბევრსაც გვერდს უვლიდა.

რა ვუყოთ იმ მოწმის ჩვენებას, რომელიც აცხადებდა, რომ გასროლის ხმა გაიგონა გორაკიდან, რომელიც დილი-პლაზას გადაჰყურებს? თუ ასეა, სულ ცოტა, ორი მკვლელი მაინც უნდა ყოფილიყო: ერთი გორაკზე და მეორე – წიგნსაცავში.
კომისიის დასკვნა უგულებელყოფდა ამ შესაძლებლობას.

რა უნდა ითქვას კომისიის დასკვნაში მოყვანილ ფაქტზე, რომლის მიხედვითაც, გუბერნატორი კონელი და პრეზიდენტი ერთი და იმავე ტყვიით დაიჭრნენ? დასკვნის მიხედვით, ტყვიამ გაიარა პრეზიდენტის ყელში, შემდეგ გულმკერდის არეში და გარეთ გამოვარდნილმა გუბერნატორი კონელი ზურგში დაჭრა. შემდეგ ტყვია გამოვიდა მისი გულმკერდის მარჯვენა მხრიდან, შებრუნდა კვლავ გუბერნატორის სხეულში, გაუგლიჯა წინამხარი, გამოვიდა მაჯიდან, გაიარა ბარძაყის არე და ბოლოს ჰოსპიტლის საკაცეზე იპოვეს. ტყვიის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის დაზიანებული არ იყო. როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი ერთ ტყვიას გაეკეთებინა? ნაკლებსარწმუნოა, ტყვიას ამ ტრაექტორიით ემოძრავა. ამიტომაც უორენის კომისიის კრიტიკოსებმა ტყვიას ირონიულად “ჯადოსნური ტყვია” უწოდეს.

რა შეიძლება ითქვას იმ რამდენიმეწამიან ფილმზე, რომელიც ხალხში მდგომმა აბრაამ ზაპრუდერმა გადაიღო? ფირზე სწორედ მკვლელობის მომენტია ასახული. როგორც ანალიზმა დაადასტურა, სამივე გასროლა ისეთი სისწრაფით მოხდა, რომ ეს მხოლოდ ერთი იარაღით იყო შესაძლებელი.
დასასრულ, უორენის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებიდან კარგა ხნის შემდეგ ახალი სამხილი გამოჩნდა – პოლიციის აუდიოჩანაწერი, რომელშიც დაფიქსირებული იყო სროლის ხმა. როგორც აკუსტიკურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, ისროდნენ არა მარტო პრეზიდენტის ზურგს უკან, წიგნსაცავის მხრიდან, არამედ წინიდანაც – გორაკიდან. გამოდის, სულ ცოტა, ორი მსროლელი მოქმედებდა. აუდიოჩანაწერით დამტკიცდა, რომ სულ ოთხჯერ გაისროლეს, მესამე გასროლა სწორედ გორაკიდან გაისმა.

რა მოტივი უნდა ჰქონოდა ლი ჰარვი ოსვალდს პრეზიდენტის მოსაკლავად? უორენის კომისიამ ოსვალდს “მარტოხელა” და “უკმაყოფილო” უწოდა. მას მართლაც ჰქონდა კომუნისტური წარსული: კითხულობდა მარქსისტულ ლიტერატურას, ორ წელიწადზე მეტხანს ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში და კუბელ რევოლუციონერებთანაც ჰქონდა კავშირი.

თუ პრეზიდენტის მკვლელობას პოლიტიკური მოტივი ჰქონდა და ოსვალდი მემარცხენე ფანატიკოსი იყო, რასაც ადასტურებდა კიდეც, მაშინ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა უნდა აეღო, მაგრამ ოსვალდი ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა და თავს “სიცრუის მსხვერპლს” უწოდებდა. როცა ჯეკ რუბიმ ესროლა, ოსვალდმა რეპორტიორებს დაუყვირა: “მე მსხვერპლი ვარ!”

არსებობს ბევრი კითხვა, რომლებსაც, სკეპტიკოსების აზრით, პასუხი არასოდეს გაეცემა. წიგნსაცავის თანამშრომლებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ ოსვალდი პირველ სართულზე, საწყობში იჯდა და სადილობდა. თუ მან გაისროლა, ექნებოდა კი იმის დრო, იარაღი გადაემალა, მეექვსე სართულიდან ჩამოერბინა და გარეთ გამოსულიყო, სადაც დალასის პოლიციის ოფიცრებმა დაინახეს კიდეც?

ოსვალდის სხეულზე დენთის კვალის აღმოსაჩენად ჩატარებულმა ქიმიურმა ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. რატომ?
როცა სულ ადვილად შეიძლებოდა კარაბინისა და პისტოლეტის მაღაზიაში ყიდვა, კაცს, რომელსაც მკვლელობის ჩადენა ჰქონდა განზრახული, განა შეიძლებოდა იარაღი ფოსტით შეეძინა და შემდეგ თავისი სააბონენტო ყუთის მისამართზე გაეგზავნა? ეს ყველაფერი ბევრს აფიქრებინებდა, რომ პრეზიდენტის მკვლელობა შეთქმულების შედეგი იყო. წლების განმავლობაში ლაპარაკი იყო შეთქმულთა ხუთ ჯგუფზე.

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, მკვლელობის ორგანიზატორი იყო აშშ-ის მთავრობის მემარჯვენე ფრთა, რომელშიც მოისაზრებოდნენ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და ჯონ ედგარ ჰუვერი. ამ უკანასკნელთა უკმაყოფილება გამოიწვია კენედის გადაწყვეტილებამ სამხრეთ ვიეტნამიდან აშშ-ის სამხედრო მრჩევლების გამოწვევის შესახებ. გარდა ამისა, ასახელებდნენ მემარჯვენე დისიდენტებს, კუბელ ემიგრანტებსა და მათ მხარდამჭერებს. არსებობდა საწინააღმდეგო მოსაზრებანიც, რომელთა მიხედვით მკვლელობა ჩაიდინეს კასტროს მომხრე მემარცხენეებმა. ბოლო თეორიის მიხედვით კი ეს იყო მაფიის ორგანიზებული მკვლელობა, რომელმაც შური იძია პრეზიდენტზე იმის გამო, რომ მან ბრძოლა გამოუცხადა ორგანიზებულ დანაშაულს აშშ-ში.

არ არსებობს არც ერთი მყარი არგუმენტი, რომელიც შეთქმულების შესახებ თეორიებს გაამყარებდა. მეტიც, პრეზიდენტის მკვლელობამდე დალასში რამდენიმე უცნაური ფაქტი მოხდა. ერთი თეორიის მიხედვით, პრეზიდენტის მკვლელობამდე ორი თვით ადრე ოსვალდის მსგავსი პირი, ოღონდ სხვა გვარისა (ჰეიდლი), მეტად საეჭვო ქმედებებში შენიშნეს. მან სცენა გაითამაშა იარაღის მაღაზიაში: ჯერ “კარკანოს” კარაბინით დაცხრილა უცნობი ქალის რაღაც ნივთი, მასრები იქვე დატოვა, ცოტა ხანს სპორტულ ტირთან იტრიალა, მერე ხელოსანს იარაღი შეაკეთებინა და ბოლოს, გაიკითხ-გამოიკითხა, ახლომახლო თუ იყო ისეთი სასტუმრო, “რომლის ფანჯრებიდანაც ლამაზი ხედი იშლებოდა”. დარწმუნებით შეიძლება თქმა, რომ როცა ეს ამბები ხდებოდა, ნამდვილი ლი ჰარვი ოსვალდი სულ სხვაგან იყო. ეტყობა, ის ვიღაც ოსვალდზე ეჭვის მისატანად სამხილებს ამზადებდა.

როგორიც უნდა ყოფილიყო სიმართლე, ოსვალდის საქმე კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა მის ბრალმდებლებს ჰქონდათ უამრავი მასალა, რომელიც ნაფიც მსაჯულებს პირდაპირ ლი ჰარვი ოსვალდზე აღუძრავდა ეჭვს. შესაძლოა, როგორც ერთი ამერიკელი მწერალი ფიქრობს, ოსვალდი მკვლელობაში გარეული არ ყოფილა, ის “საიდუმლო სამსახურის ვერაგი აგენტების, კუბელი შეთქმულებისა და ბოროტმოქმედთა ხაფანგში გაება”.
“მარტოხელა მკვლელის” ვერსიით გამოძიებისთვის თავიდანვე რომ არ აერიათ თავგზა, პოლიცია უთუოდ იპოვიდა ნამდვილ მკვლელს (ან მკვლელებს), არადა, რაც დრო გადის, მით ნაკლებია შანსი, რომ კენედის მკვლელობის საქმეს ფარდა აეხდება. ჯერ კიდევ იმაზე ფიქრობენ, ვინ შეუკვეთა მკვლელობა ან რა მოტივით.

წყარო: kvirispalitra.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button