ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

გენიოსები – ვაღიაროთ, სანამ ცოცხლები არიან (მე-5 სერია)

და აი ისიც! მეხუთე ელემენტი! კიდევ ერთი კომპოზიტორი, რომლის მუსიკაც ყველამ ვიცით (Levani Georgian, გაბედნიერდი? xD), და რომელმაც ასევე ჰანს ციმერის სტუდიაში ”აიდგა ფეხი”. მისი პირველი ნამუშევრებიც ჰანსის მონაწილეობითაა შექმნილი.

ჰარი გრეგსონ-უილიამსი დაიბადა 1961 წლის 13 დეკემბერს, ინგლისში, ის არეალი, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა, ლონდონიდან ძალიან შორს იყო, ისე რომ, ელექტროენერგიაც არ ჰქონდათ სახლში. სამაგიეროდ მუსიკა ჰქონდათ თავზე საყრელად, ოჯახში გამუდმებით უკრავდნენ, ან მღეროდნენ. მათი გავლენით, ჰარიმაც ადრე გამოამჟღავნა მუსიკისადმი ინტერესი და ოთხი წლისამ ფორტეპიანოს შესწავლა დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით სიმღერაში უფრო გამოიჩინა თავი, ამიტომ მალე ვოკალისტობაზე გადავიდა.

6 წლისა, თავისი არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემების წყალობით გახდა სტიპენდიანტი წმინდა იოანეს კოლეჯში, ეს იყო ერთგვარი ინტერნატი, სადაც სხვა საგნებთან ერთად მუსიკას დღეში რამდენიმე საათი ეთმობოდა. მომდევნო წლების განმავლობაში მან ბევრი ინსტრუმენტი სცადა, მაგრამ ყველაზე კარგად მაინც გუნდში სიმღერა გამოსდიოდა. რადგანაც კოლეჯში ძირითადად გუნდთან ერთად საეკლესიო გალობით იყო დაკავებული, ხოლო ამ საგალობლების უმრავლესობა ლათინურ ენაზე სრულდებოდა, 12 წლისას უკვე ლათინური ნასწავლი ჰქონდა. გარდა ამისა, როგორც თვითონ აღნიშნავს, მუსიკას იმდენად აქტიურად მეცადინეობდა, რომ უკვე მუსიკალურ ნაწარმოებებს უკეთესად კითხულობდა, ვიდრე ინგლისურს. სანამ გარდატეხის ასაკში ხმის შეცვლა დაეწყებოდა, უკვე გააჩნდა შთამბეჭდავი რეზიუმე, სადაც ათობით ჩანაწერი ჰქონდა, როგორც სოლოისტს. როდესაც მისმა ხმამ გარდატეხა დაიწყო, დროებით ინსტრუმენტალურ მუსიკაზე გადავიდა.

კოლეჯის დამთავრების შემდეგ, 1980 წელს, გილდჰოლის მუსიკისა და დრამის სასწავლებლის სტიპენდიატობა მიიღო. ამ დროისთვის მას ვოკალისტობა და ოპერის თეატრში სოლისტობა სურდა. მაგრამ გილდჰოლში მას ყველა ეუბნებოდა, რომ მისი ხმა ამგვარ დატვირთვას ვერ გაუძლებდა, და მასაც ეჭვები გაუჩნდა. სასწავლებელი რომ დაამთავრა, ბევრი სხვა სტუდენტის მსგავსად, არ იცოდა რა მიმართულებით სურდა მუშაობა.

ჰარი თავად აღნიშნავს, რომ უყვარს ცხოვრების იმაზე მეტად გართულება, ვიდრე საჭიროა. მას თავიდანვე არ სურდა მასწავლებლობა, ამიტომ პედაგოგიური სერთიფიკატის ასაღები პროცედურებისგან თავი შეიკავა. მაგრამ მასწავლებლობას თავი მაინც ვერ დააღწია, თუმცა ეს სულაც არ გამოდგა მისთვის ცუდი.

პირველი სამუშაო, არც მეტი არც ნაკლები, ალექსანდრიაში, ეგვიპტეში მიიღო. მოუწია საცხოვრებლად ალექსანდრიაში წასვლა და ენის შესწავლა. სამშობლოდან მოშორებით მან ოთხი წელი გაატარა, იგი არაპრივილეგირებულ ბავშვებს ასწავლიდა ყველაფერს, რაც შეეძლო, მუსიკას, ინგლისურს, სპორტის სახეობებს… ამ პერიოდში სცადა პირველად მუსიკის წერაც, და შემდეგ თავის მოსწავლეებს ასრულებინებდა ახალ შექმნილ ნაწარმოებებს.

ოთხი წლის შემდეგ ჰარი ინგლისში დაბრუნდა და კიდევ ერთი პედაგოგიური სამუშაო შეხვდა, ამჟამად ლონდონის სამხრეთით მდებარე სკოლაში. მიწვევისას დირექტორმა მას უთხრა: ”ჩემს სკოლას საშინელი სპორტული რეპუტაცია აქვს. ჩვენ ვერასდროს ვიმარჯვებთ მეტოქე სკოლებთან თამაშებში. სკოლაში 140 ბავშვიდან 8 უკრავს ჩამწერზე (!) და სულ ეს არის ჩვენი მუსიკალური ბაზა.” – აი ასეთ სკოლაში მოუწია ჰარის მუსიკალური რეფორმების გატარება და მალე სკოლა მთლიანად გარდაქმნა. მაგრამ ამავე დროს, მიხვდა, რომ ცხოვრების ბოლომდე მასწავლებლობა არ აპირებდა.

ჰარი გრეგსონ-უილიამსის პირველი ნამუშევარი კინო-ინდუსტრიაში იყო საუნდტრეკი მცირე ბიუჯეტიანი ფილმისთვის ”თეთრი ანგელოზი”, გადაღებული 1993 წელს. ფილმი წარმატებული არ იყო.

იმავე წელს ჰარიმ გაიცნო კომპოზიტორი სტენლი მაიერსი, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ასისტენტი სჭირდებოდა – ანუ ადამიანი, რომელიც ერთი-ორ მუს. ტრეკს გააორკესტრებდა და ლიქიორის მაღაზიაშიც ჩაირბენდა ხოლმე (მანამდე ეს პოსტი ჰანს ციმერსაც ეკავა, მაგრამ როცა ჰანსმა დამოუკიდებელი მუშაობა დაიწყო, ადგილი თავისუფალი დარჩა, და იგი ჰარი გრეგსონ-უილიამსმა დაიკავა). ერთ წელიწადში სტენლი მაიერსი გარდაიცვალა, მაგრამ მანამდე ჰარიმ დიდი გამოცდილების შეძენა მოასწრო, იგი მაიერსსა და რეჟისორ ნიკოლას როუგთან ერთად ბევრს მუშაობდა, და მაიერსის გარდაცვალების შემდეგ, სრულიად მოულოდნელად როუგი სწორედ მას დაუკავშირდა იმ პროექტზე სამუშაოდ, რომელზეც წესით მაიერსს უნდა ემუშავა. რეჟისორმა ჰარის ჰკითხა: ”ჯაზთან როგორ ხარ?”, რაზეც ჰარიმ უპასუხა: ”მშვენივრად, ნიკ, მშვენივრად!” – რაც წმინდა წყლის სიცრუე იყო, ჰარიმ ჯაზის შესახებ არაფერი იცოდა. მაგრამ უმოკლეს დროში შეძლო შესანიშნავად შეესწავლა ეს მიმდინარეობა და როუგისთვის რამოდენიმე პროექტი წარმატებით შეასრულა.

ნიკ როუგთან თანამშრომლობა ჰარის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი იყო, რადგან სწორედ მან გააცნო იგი უკვე ცნობილ კომპოზიტორ ჰანს ციმერს. როუგის რეკომენდაციით ჰანსმა გრეგსონ-უილიამსი დაიქირავა რამოდენიმე საუნდტრეკის საგუნდო ნაწილის დასამუშავებლად და სადირიჟოროდ (ფილმებზე “Crimson Tide” და “The Rock”). ჰანსი მისი ნამუშევრით იმდენად კმაყოფილი იყო, რომ თავის სტუდიაში (Media Ventures Inc.) სამუშაოდ მიიწვია. როგორც ჩანს, ჰარის დიდი არაფრის იმედი ჰქონდა, რადგან ამ მიწვევის შემდეგ აშშ-ში ტურისტული ვიზით და პატარა ბარგით ჩავიდა, მაგრამ იმ დღიდან იგი სრულიად ჩაერთო კინოინდუსტრიაში. ციმერის სტუდიაში მუშაობისას ჰანსთან ერთად ათ ფილმზე მაინც იმუშავა, ხოლო შემდეგ დამოუკიდებლად მუშაობა განაგრძო, და სხვათა შორის, არა მხოლოდ ფილმებში. პროექტებიდან, რომლებზეც მას უმუშავია, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არის არა ფილმი, არამედ ძალიან ცნობილი თამაში Metal Gear Solid (მეორე, მესამე და მეოთხე სერიები).

მის მუსიკაში ხშირად იგრძნობა ბავშვობაში მიღებული მუს. განათლების გავლენა, ჰარი ძალიან ეფექტურად იყენებს გუნდს, რაც მის არაერთ ნამუშევარში ჩანს.

 

SPY GAME

My Name Is Tom

Operation Dinner Out

 

SINBAD: LEGEND OF THE SEVEN SEAS

Marina’s Love/Proteus’ execution

Sinbad Returns/Eris Pays Up (მთელ შვიდ წუთს ნუ მოუსმენთ, თუ დაგეზარებათ, მაგრამ დაახლოებით 1:00-დან 1:45-მდე მბურძგლავს და ეგ არ გამოტოვოთ ;))

 

MAN ON FIRE

Pita’s Room

 

KINGDOM OF HEAVEN

Burning The Past

Sibylla

Coronation

 

CHRONICLES OF NARNIA: THE LION, THE WITCH AND THE WARDROBE

Evacuating London

The Wardrobe (ჩემი რჩევა იქნება ეს ტრეკი შეინახოთ, დაელოდოთ თოვლის მოსვლას და როგორც კი მოთოვს, გაცვივდეთ გარეთ, წაათრიოთ ფლეიერი, აიპოდი, ან მობილური), წახვიდეთ ისეთ ადგილას, სადაც არის ბევრი ხე და ნაკლები ადამიანი, უსმინოთ და ისეირნოთ. ეფექტი შემოწმებულია საკუთარ თავზე) :D

From Western Woods to Beaversdam

The Battle

Only the Beginning of the Adventure

 

METAL GEAR SOLID 3: SNAKE EATER

Debriefing

 

METAL GEAR SOLID 4: GUNS OF THE PATRIOTS

Old Snake

Father and Son

 

CHRONICLES OF NARNIA: PRINCE CASPIAN

Arrival At Aslan’s How

The Door In the Air

SHREK FOREVER AFTER

His Day Is Up

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close