ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

Far Cry 3 – მიმოხილვა

ძალიან ცნობილი ვიდეოთამაშების სერიის მორიგი ნაწილის მიმოხილვა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შეშლილ კუნძულზე – ის ჩაკარგულია სადღაც ოკეანის შუაგულში. ის შეიძლებოდა ყოფილიყო სამოთხე დედამიწაზე, რომ არა… მისი ფსიქოპატი მაცხოვრებლები. ტროპიკული კუნძული, ჩანჩქერები, ცხოველები – ეს ყველაფერი ცდილობს თქვენს ჩათრევას ფანტასატიკურ სამყაროში, სადაც ყველაფერს მართავს ნარკოტიკი და იარაღი.

თამაშის მთავარი გმირია ჯეისონ ბროდი, ტურისტი, რომელიც მოვიდა კუნძულზე შეყვარებულთან და მეგობართან ერთად. კუნძულზე იარაღის მოულოდნელად აღმოჩენის შემდეგ, გმირები წარუმატებლად ცდილობენ გაექცნენ თავზეხელაღებულ მკვლელებს. ჯეისონის მეგობარი ვერ გადარჩება, ხოლო მისი შეყვარებული ხელში ჩაუვარდება მანიაკებს. მისი გათავისუფლება და კუნძულის დატოვება იქნება თამაშის გმირის მთავარი მიზანი. ჯეისონი ისევე კარგად ფლობს იარაღს, როგორც ფოტოაპარატს, ასე რომ ის ხშირად აფიქსირებს კუნძულზე მიმდინარე მოვლენებს.

როგორც უკვე ვახსენე, მოქმედება ვითარდება ტროპიკულ კუნძულზე, რომელიც ბევრად უფრო დიდია ვიდრე ეს პირველი შეხედვით ჩანს. ის დასახლებულია ნარკოდილერებითა და მათი ხელქვეითებით. მიუხედავად კამკამა წყლისა და მაცდუნებელი ბუნებისა, თამაშის მთავარ გმირს ერთი წუთითაც არ ექნება მოდუნების საშუალება. ნებისმიერ დეტალს ამ თამაშში აქვს მნიშვნელობა: ცხოველები, მცენარეები, ამინდი… თამაშს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ის, რომ ყურადღება პოლიტიკაზე კი არა არის გამახვილებული, როგორც ეს Far Cry 2-ში იყო, არამედ მთავარი გმირის განცდებსა და ფიქრებზე.

თამაშის სტილი მთლიანად დამოკიდებული იქნება მოთამაშის ხასიათზე. შესაძლებელია სათვალთვალო პოსტებისა და განადგურებული, ნაპირზე გამორიყიული გემების შტურმით აღება, მაგრამ თუ მოთამაშეს სურს, რომ მცველები ჩუმად “მოხსნას”, მას ვერაფერი აღუდგება წინ. ამას კიდევ აიოლებს უამრავი დეტალი, რაც შემქმნელებმა დაამატეს. ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჯეისონი ბევრად უფრო კარგად ფლობს დანას, ვიდრე მისი წინამორბედი. მას შეუძლია რამდენიმე მეტრიდან ესროლოს მტერს დანა და უხმაუროდ, სხვების გაუფრთხილებლად მოიშოროს ის თავიდან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამატება პირველი პირის შუთერების მოყვარულთათვის: შესაძლებელია საფარს უკნიდან სხეულის გამოჩენის გარეშე სროლა, რაც ბევრად უფრო სასარგებლოა მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლისას.

თამაში თითქმის ყველაფრით განსხვავდება მისი წინამორბედისაგან. Far Cry 2-ში მოქმედება ვითარდებოდა აფრიკაში, რაც თავისთავად უკვე ერთფეროვნებას ნიშნავდა და მოთამაშეს ხშირად უნდოდა დანიშნულების ადგილის რაც შეიძლება სწრაფად მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწილის რუკა თითქმის 10-ჯერ აღემატება წინა ნაწილების რუკებს, მოთამაშეს არასოდეს გაუჩნდება მსგავსი სურვილი. გზაში მას შეუძლია ნადირობა, სასარგებლო მცენარეების დაკრეფა და სხვა. თამაშის დასაწყისში ხელმისაწვდომი არ იქნება მთელი რუკა, მაგრამ ის თანდათან გაიხსნება. კუნძული მალავს უამრავ საიდუმლოს, რომლის აღმოჩენა და გაშიფვრაც მოუწევს ჯეისონს.

სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მხოლოდ მთავარი მისიების შესრულებას დასჭირდება დაახლოებით 20 საათი. Far Cry 2 გამოირჩეოდა მეორეხარისხოვანი მისიების სიმრავლით, რაც სავარაუდოდ ამ თამაშშიც ასე იქნება, ანუ ჯამში ამ თამაშის დასახურად დაგვჭირდება 30-35 საათი.

ასევე აღსანიშნავია, რომ განსხვავებით Far Cry 2-საგან ჯეისონი თამაშის მსვლელობისას ლაპარაკობს. ასევე თამაშში კვლავ არის ხელმისაწვდომი წყლის ტრანსპორტი.

თამაშში არის ასევე მულტიფლეიერი, რომელზეც მუშაობს კომპანია Ubisoft Massive. აღსანიშნავია, რომ ასევე მისი შექმნილია Assassin’s Creed: Revelations-ის მულტიფლეიერი.

თამაში გამოსვლა დაგეგმილია ამ წლის 4 სექტემბერს. (მშვენიერი დაბადების დღის საჩუქარია ჩემთვის :)

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close