არქივი

მომატყუე

723c69b49520
გადავწყვიტე პოსტისთვის მომატყუე დამერქმია, ისე კი იცოდეთ რომ ამის წერა ერთმა სერიალმა შთამაგონა, ალბათ გინახავთ Lie To me, ქართულად ცნობილი როგორც ,,სიცრუის თეორია”. ვინაიდან და რადგანაც ვერ ვიტან თეორიებს,რომელთა სწავლა ჩემდა სამწუხაროდ მრავლად მიწევს,ამიტომაც მოკლე და მისაღები სათაური ვარჩიე. პოსტი სასარგებლო იქნება იურისტებისა და ფსიქოლოგებისთვის, ეს ორი სფერო ჩემთვის ყველაზე ახლოა, განსაკუთრებით პირველი.

როცა პირველად ვუყურე Lie To me-ს იმხელა შთაბეჭდილება მივიღე,რომ შევუდექი ყველა დეტალის დამახსოვრებას, მაგრამ მივხვდი რომ მხოლოდ ფილმით ვერაფერს ისწავლი, თუ კეთილი არ ინებე და არ გადმოიღე ჩვენი ,,მეგობარი” წიგნები და საათობით არ ეძებე საჭირო მასალები.
ზოგს ფილმი ფანტასტიკის ჟანრიდან გადმონაშთი ჰგონია, მაგრამ ეს ასე არაა, ნამდვილად არსებობს მიკროექსპრესიები, სხეულის ენა და სახის მიმიკების ათასგვარი გაშიფრვა. ხალხი ამაზე წლობით მუშაობს, მაგრამ საქართველოში ამ სფეროში სპეციალისტის არსებობის შესახებ არაფერი მსმენია (სამწუხაროდ).


სხეულის ენა ტყუილის დროს:

  • ტყუილის დროს ფიზიკური გამოხატულება როგორც ყოველთვის საკმაოდ შეზღუდულია, მატყუარა ფიქრობს რომ სხეულის ზედმეტი მოძრაობა საჭირო არაა, ამან შეიძლება გათქვას მისი საიდუმლო, ამიტომაც მაქსიმალურად ნაკლებად იყენებს ხელებისა და ფეხების მოძრაობას.
  • მატყუარა ადამიანი თვალით კონტაქტს ერიდება
  • სახეზე, ყელზე, პირზე ხელის შეხება ტყუილის მანიშნებელია. ასევე ცხვირზე შეხება ან მოფხანა და ყურის მიდამოებში.


ემოციური ჟესტები და წინააღმდეგობა:

  • ზოგჯერ ემოციური ჟესტებისა და ზოგადად ემოციების სინქრონულობა და ხანგრძლივობა ერთმანეთსაა აცდენილი. ჩვენების გრძნობები ჭიანურდება, დიდხანს რჩება და ეს ბუნებრივია, შემდეგ კი მოულოდნელად წყდება.
  • ზოგჯერ კი ემოციური ჟესტებისა და წარმოთქმული სიტყვების სინქრონულობა ირევა. მაგალითად ადამიანი იღებს საჩუქარს და ამბობს: ძალიან მომეწონა, აკეთებს ამ განცხადებას და შემდეგ იღიმება. ეს ტყუილის ნიშანია, მას ამ სიტყვების წარმოთქმის დროს რომ გაეღიმა ეს იქნებოდა ბუნებრივი.
  • მესამე კი არის, როცა ჟესტები და სახის გამომეტყველება არ შეესაბამება წარმოთქმულს, მაგალითად როდესაც ადამიანი ამბობს: ,,მე შენ მიყვარხარ.”

7a3a4ec03e33

  • ასევე სიყალბე იგრძნობა მაშინაც, როცა გამოხატვა რაღაც ემოციის შემოიფარგლება მხოლოდ პირის მოძრაობით, მაგალითად როცა ბედნიერის როლს თამაშობს ადამიანი და მხოლოდ გაიღიმებს, ანუ ტუჩების მოძრაობა ფიქსირდება, ან ვითომ გაოცდება და მხოლოდ პირს დააღებს, როდესაც ეს გრძნობები მართალია, ამ დროს სახის ბევრი კუნთი უნდა იყოს დატვირთული, მაგალითად ბედნიერების დროს ღიმილი სახეზე უამრავ კუნთს ამუშავებს, კერძოდ სახეზე გვაქვს ყბისა და ლოყების მოძრაობა, თვალის ნაოჭები, შუბლი ქვევით იწევს და ა.შ.

ურთიერთქმედება და რეაქციები:

  • დამნაშავე ადამიანი როგორც ყოველთვის თავდაცვაზე გადადის, ხოლო უდანაშაულო კი იერიშზე მოდის.
  • მატყუარას საკმაოდ უჭირს და ეუხერხულება ვთქვათ დამკითხველის დან ბრალმდებელის წინ ჯდომა და ხშირად ამას მისი სხეულიც გამოხატავს, იგი გვერდზე წევს თავს ან სხეულს.
  • მატყუარამ შესაძლოა ქვეცნობიერად განათავსოს რაღაც საგნები თქვენსა და მას შორის, მაგალითად დადოს წიგნი, ყავის ჭიქა და ა.შ. ამით თითქოს ბარიერს ავლებს და თავს უფრო ამოუცნობად გრძნობს.

ვერბალური კონტექსტი და შინაარსი:

  • მატყუარა იყენებს თქვენსავე სიტყვებს, კითხვაზე პასუხის გაცემის დროს, მაგალითად ეკითხებით: ,,შენ შეჭამე ბოლო ფუნთუშა?” პასუხი: ,,არა, მე არ შემიჭამია ბოლო ფუნთუშა. ”
  • საერთოდ შემოკლებული პასუხი უფრო სიმართლეს შეეფერება, ვიდრე გაწელილი. მაგალითად: მე ეს არ გამიკეთებია VS არ გამიკეთებია.
  • მატყუარები ზოგჯერ ,,ტყუილის” თავიდან ასაცილებლად პირდაპირ პასუხებს არ იძლევიან. მათი ნათქვამი კი გულისხმობს ტყუილს, მაგრამ პირდაპირი არაა.
  • ზოგადად, დამნაშავე უფრო ბევრს ლაპარაკობს, ვიდრე უდანაშაულო, დამნაშავე გეუბნება ზედმეტ და არასაჭირო დეტალებს,რომ შენ კიდევ უფრო დაგარწმუნოს მის სიმართლეში… ამას გარდა იგი სიჩუმესა და ლაპარაკის დროს პაუზის შემთხვევაში თავს არაკომფორტულად გრძნობს.
  • მატყუარა იშვიათად იყენებს ნაცვალსახელებს და საუბრობს მონოტონური ტონით, მაშინ როცა სიმართლის მთქმელი ხშირად ურევს ლაპარაკში ნაცვალსახელს
  • მატყუარა უფრო ხშირად წარმოთქვამს სიტყვებს დამახინჯებულად, ხშირია სინტაქტური და გრამატიკული შეცდომები, მაგრამ საუბრობს რბილად.
  • იყენებს ე.წ. დისტანციურ ენას – როცა ადამიანი ამბობს ისეთ რამეს, რითიც ცდილობს თითქოს გაემიჯნოს ამაზე ფიქრს ან დისტანცია გამოხატოს მის შინაარსთან. მაგალითად დისტანციური ენაა, როცა ვინმე ამბობს: იმ ქვეყნად გაემგზავრა, წავიდა მარილზე, ცათა სასუფეველი დაიმკვიდრა და ა.შ. ნაცვლად იმისა რომ თქვას ,,გარდაიცვალა”.

ტყუილის სხვა ნიშნები:

  • თუ გგონიათ რომ გატყუებენ, სწრაფად შეცვალეთ თემა, მატყუარა უცებ გადმოერთვება ამ სხვა თემაზე და თავს თავისუფლად იგრძნობს, გულზე მოეშვება, ის კი, ვინც სიმართლეს ამბობს ცოტა არ იყოს დაიბნევა ამ მოულოდნელი ცვლილებით და მოუნდება რომ წინა თემას დაუბრუნდეს.
  • მატყუარა იყენებს იუმორსა და სარკაზმს, რათა თავიდან აიცილოს კონკრეტულ თემაზე ლაპარაკი

გაითვალისწინეთ: თუკი ადამიანი გამოავლენს ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებთაგან ერთს ან თუნდაც რამოდენიმეს, ეს დაზუსტებით არ ნიშნავს რომ მატყუარაა. ახლანდელი ქცევა უნდა შეადაროთ მის ბუნებრივ, ძველ ქცევას, ანუ გარკვეული ცნობები უნდა გქონდეთ მის ბუნებრივობაზე, რადგან შესაძლოა კონკრეტული ემოცია,მიმიკა უბრალოდ მისი ყოველდღიურობის ნაწილია.

პოსტების სერია გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუკი იქნება საკმარისი დაინტერესება თქვენგან, ანუ აქ დადების ერთადერთი მიზეზი არის იგივე საქმის დაინტერესებული ადამიანების პოვნა და მათი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების გაზიარება.

შემდეგი ნაწილები ვფიქრობ უფრო საინტერესო იქნება, თქვენ კი მოგიწოდებთ მაქსიმალური ჩართულობისკენ, მაინტერესებს ზოგადად რას ფიქრობთ სიცრუის დადგენის ხელოვნებაზე, გჯერათ თუ არა ამის და სასარგებლოთ თვლით თუ არა საგამომძიებლო სისტემაში მსგავსი ინსტიტუტის დანერგვის შესაძლებლობას.

 

…………………………………………………………………………………………………………………..

 

 

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button