გასართობისაკითხავისასარგებლო

რა არის დისლექსია?

სპეციალურ ლიტერატურაში დისლექსია განიმარტება, როგორც კითხვის უნარის ნაწილობრივი დარღვევა, რომელიც ვლინდება იმაში, რომ ბავშვი კითხვის შესწავლის დროს მუდმივად იმეორებს ერთ და იგივე შეცდომებს, რაც სპეციალისტების დასკვნით აიხსნება კითხვის პროცესში მონაწილე უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების ჩამოუყალიბლობით.

ერთ- ერთი განმარტება შემოთავაზებულია ”დისლექსიის საერთაშორისო ასოციაციის” (IDA) მიერ: ”დისლექსია არის სწავლების (დასწავლის) სპეციფიკური დარღვევის სახეობა, რომელსაც გააჩნია ნევროლოგიური ბუნება. ის ხასიათდება სიტყვების სწრაფი და უტყუარი ამოცნობის უუნარობით (word recognition), დეკოდირების განხორციელებისა და სპელინგის უნარ-ჩვევების ათვისების უუნარობით”. დისლექსია არ არის დაავადება. იგი გულისხმობს განსხვავებულ ფსიქიკურ შესაძლებლობებს და დასწავლის განსხვავებულ კანონზომიერებას. დისლექსია არ არის დაბალი ინტელექტის შედეგი. იგი არც ქცევით, მოტივაციურ ან სოციალურ პრობლემას წარმოადგენს. დისლექსიის დროს მნიშვნელოვანი განსვლაა დასწავლის პოტენციალსა და სასკოლო მიღწევებს შორის. მსოფლიო ნევროლოგთა ფედერაციამ (1968) განვითარების დისლექსია განმარტა, როგორც დარღვევა, რომელიც ვლინდება კითხვის სწავლის სირთულეებში, მიუხედავად ადეკვატური ინტელექტისა, სოციო-ეკონომიკური და კულტურული კეთილდღეობისა. იგი გამოწვეულია ძირითადი კოგნიტური უუნარობით, რომელიც ხშირად კონსტიტუციური ხასიათისასაა.

დისლექსია ვლინდება კითხვის პროცესის დაუფლების შენელებაში, აგრეთვე წაკითხვის ნელ ტემპში ანუ არა საკმარის და დაბალ სისწრაფეში. დისლექსიის უფრო მნიშვნელოვან გამოვლენად ითვლება კითხვის დროს სპეციფიკური შეცდომების მდგრადი, მუდმივი გამეორება.
 დისლექსიის დროს აღინიშნება შემდეგი ხასიათის სპეციფიკური შეცდომები და გამოვლენები: სიტყვის ბგერით და დამარცვლით სტრუქტურის დამახინჯება, კითხვის დროს ფონემატიკურად მსგავსი ბგერებისა და გრაფიკულად მიმსგავსებული ასოების შეცვლა, გადაადგილება ან არევა, ზედმეტი ბგერების წარმოთქმა. სიტყვის მხოლოდ დაცალკევებული ასოებით წაკითხვა და აგრეთვე განცალკევებული ბგერებად წარმოთქმა. ძირითად სირთულეს წარმოადგენს ბგერების მარცვლებად და მერე სიტყვებად შეერთება და გარდაქმნა. წაკითხულის აღქმის დარღვევა ვლინდება, როგორც ცალკეული სიტყვის, აგრეთვე წინადადებისა და მთელი ტექსტის დონეზე.

დისლექსია უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე. წარუმატებლობა კითხვის დაუფლებაში ხელს უწყობს ხასიათის ისეთი თვისებების ჩამოყალიბებას, როგორიცაა თავდაუჯერებლობა,გადამეტებული მორიდებულობა, უმიზეზო ეჭვიანობა, ან პირიქით – აგრესიულობა, ბრაზიანობა, ნეგატივიზმი. ზოგ შემთხვევაში ამ სახის აფექტური რეაქციები შეიძლება უშუალოთ დაუკავშიროთ და შევაფასოთ, როგორც დისლექსიის შედეგი, ზოგჯერ კი – როგორც უშუალო კავშირში არ მყოფი, ანუ თანმხლები გამოვლენები, რომლებიც ერთვებიან ნერვულ-ფსიქიკური დაავადებების ერთიან სტრუქტურაში.

 დისლაქსია შეიძლება  დამახსიათებელი იყოს ოჯახებისათვის, სადაც ნათესავებს მსგავსი პრობლემები აქვთ და თაობებს გადაეცემა. აგრეთვე  შეიძლება ადგილი ქონდეს განვითარების დისლექსიას-კონგენიტალური, დაბადებიდან არსებული და განვითარების პროცესში გამოვლენილი, მაგრამ არა მემკვიდრეობითი. ორივე ტიპის დისლექსია მიეკუთვნება პირველად, ანუ სპეციფიკურ დისლექსიას- კითხვის უნარის დაქვეითებას.  დისლექსია შეიძლება იყოს შეძენილი- მოგვიანებით ჩნდება რაიმე ფიზიკური მდგომარეობის ან დაზიანების გამო-ტრავმები, ჰიპოქსია. ეს არის სიმპტომატური დისლექსია.
 დისლაქსიის მიზეზი შეიძლება იყოს:
  • გენეტიკური ხასიათი, რაც ოჯახის ისტორიას გულისხმობს. გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ დისლექსიის მქონე პირების  ნათესავებს ჰქონდათ მსგავსი დარრვევები ან პრობლემები. ითვლლება, რომ მემკვიდრეობითი ფაქტორები დისლექსიის 60%-მდე შემთხვევაში გვხვდება.
  • ცაციობა და ალერგიული დაავადებები, რომლებიც ხშირად არის კავშირში კითხვის პრობლემებთან.
  • თავის ტვინის ფუნქციური ასიმეტრიის დისბალანსი, რაც კითხვის პროცესის განხორციელებისას იწვევს მარჯვენა და მარცხენა ჰემოსფეროს ერთობლივი ფუნქციონირების დეფიციტს. ჩვეულებრივ კითხვის სწავლის საწყის პერიოდში დომინირებს მარჯვენა ჰემისფერო: ასოების აღქმა, გარჩევა, მათი სივრცითი ნიშნების ანალიზი; შემდგომში კი უპირატესობას იღებს მარცხენა ჰემისფერო: ასოების და სიტყვების ბგერითი, ფონოლოგიური ნიშნების გარჩევა. დისლექსიის დროს ირღვევა მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროს სტრატეგიების გამოყენება.
  • ნეიროგანვითარების დეფიციტი, რაც გულისხმობს ბავშვის თავის ტვინის იმ ქერქული ზონების ან მათ შრორის კავშირების დეფიციტს, რომელიც უზრუნველყოფს კითხვისათვის აუცილებელ ვიზუალურ(ასო)-ფონოლოგიური(ბგერა) ასოციაციების ჩამოყალიბებას, მათ სინთეზებს.
  • თვალის მოძრაობის, მზერის მოქნილი კონტროლის დეფიციტი, რომელიც ინფორმაციის დეკოდირებას უშლის ხელს.
  • დისლაქსია მამაკაცის შემთხვევაში უფრო ხშირია ვიდრე ქალებში. ხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით სკოლის ასაკის ბავშვების 3-6% აქვთ კითხვის პრობლემები.
 დისლექსია დგინდება ბავშვის მიერ მისთვის ახალი უნარ-ჩვევის  დაუფლების პროცესის ანალიზის შედეგად. კითხვის დაუფლების საწყის ეტაპებზე შეცდომებს უშვებს ყველა ბავშვი, მაგრამ თუ სხვა მოსწავლეები შედარებით სწრაფად თავისუფლდებიან ყველა, მათ შორის სპეციფიკური, ხასიათის შეცდომებისგან, დისლექსიის მქონე ბავშვები ხანგრძლივად, ზოგჯერ თვეებისა და წლების განმავლობაში ინარჩუნებენ ამ შეცდომებს. აღსანიშნავია ისიც, რომ კითხვაში შექმნილი პრობლემები თავისებური ხასიათის დარღვევას წარმოადგენენ და ზოგ სხვა საგანს ბავშვი წარმატებით ეუფლება. დისლექსიის პირობებში კითხვის დროს დაშვებულ შეცდომებს მდგრადი ხასიათი აქვთ და სპეციალური კორექციული მუშაობის გარეშე შეძლება ბავშვს შეუნაჩუნდეს მრავალი თვეებისა და წლების განმავლობაშიც.
 ჩინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჩინელებსა და ევროპელებში დისლექსიის განვითარებას თავის ტვინის ქერქის სხვადასხვა უბნის ფუნქციის მოშლა იწვევს. მკვლევართა თქმით, ამაში შესაძლოა ადამიანის კულტურული გარემოს თავისებურებებს მიუძღოდეს ბრალი.
 უნდა აღვნიშნოთ, ისიც რომ ზოგ ქვეყანაში, მაგალითად აშშ – ი ჩამოყალიბებულია სპეციალიზირებული დაწესებულებები, რომლებიც ეხმარებიან ხანგრძლივი დისლექსიის მქონე ბავშვებს კოლეჯში სწავლის დაწყებამდე. სამწუხაროთ ჩვენ ასეთი ბავშვების სწავლებისთვის სპეციალური კლასები და მეთოდიკაც კი არ გაგვაჩნია.
აგატა ქრისტი ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული მწერალი ისტორიაში, ორი მილიონი წიგნის გამოცემით 44 ენაზე. მას სკოლაში პრობლემები ჰქონდა წერასთან დაკავშირებით.მისი მშობლები იმედგაცრუებულნი იყვნენ და გადაწყვიტეს მისი სკოლიდან გამოყვანა. მან წერა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც უფროსმა დამ უთხრა, რომ არაფრი შეეძლო. აგატას მსგავსად დისლექსიით დაავადებული იყო ჰანს კრისტიან ანდერსონი,ალბერტ აინშტაინი, ლეონარდო და ვინჩი, პაბლო პიკასო და ტომას ედისონი. (და ვინჩის ხშირად ეფანტებოდა ყურადღება, ჩანაწერებს უკუღმა – მარჯვნიდან მარცხნივ – წერდა. პიკასოს კი სკოლაში სწავლისას კითხვა უჭირდა და გაწამებული იყო). მათ პრობლემები ჰქონდათ წერასა და კითხვასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ახალგაზრდები იყვნენ. რათქმაუნდა ყველა დისლექსიით დაავადებული გენიოსი ვერ გახდება, მაგრამ ზოგიერთი შეიძლება უფრო ჭკვიანი იყოს სიბერეში, ვიდრე ეს შორიდან ჩანს.

წყარო: education.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close