ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

მაღლა მთებისკენ სვანეთში


ამ პოსტს ვუძღვნი სვანეთს და სვანებს ვინაიდან მეც სვანი ვარ .. აბა ყველანი სრულიადში.

სვანეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები.

ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსი. XI-XV საუკუნეებში ერთიანი საქართველოს საერისთავო იყო. როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად.

ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. ზემო სვანეთი შეიცავს მდინარე ენგურის ხეობას სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე, ხოლო ქვემო სვანეთი — ცხენისწყლის ხეობას სათავიდან მურის ხიდამდე (ქ. ცაგერის სიახლოვეს).

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის რაიონში, ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის რაიონში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, კერძოდ მათი ეთნოგრაფიული ჯგუფი — სვანები.

სვანეთის კავკასიონის თხემური ნაწილის საშუალო აბსოლუტური სიმაღლე 4125 მ-ია, მაქსიმალური – 5068 (შხარა), მინიმალური – 3168 (დონღუზორუნის გადასასვლელი). კავკასიონის ამ მონაკვეთზე ოცამდე სვადასხვა სირთულის უღელტეხილია, რომლებიც ჩრდილოეთით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადადის. გადასასვლელების სიმაღლე 3160 მ-დან 3860 მ-მდე მერყეობს. ზოგიერთი მათგანი საპალნე ტრანსპორტისთვისაა განკუთვნილი, უმრავლესობა – ქვეითად მოსიარულეთათვის, ზოგი კი მხოლოდ ალპინისტებისათვისაა მისაწვდომი.

სვანეთში თავმოყრილია კავკასიონის უმთავრესი მწვერვალები: შხარა (5068 მ), ჯანღა (5060 მ), გესტოლა (4860 მ), თეთნულდი (4860 მ), წურუნგალა (4220 მ), აილამა (4550 მ), მაზერი (4010 მ), ჩათინი (4370 მ) და ორთავა უშბას კლდოვანი მასივი (4700 მ).

მეტად მრავალფეროვანია სვანეთის მცენარეული საფარი. წიწვოვანი ტყეები 800-900 მეტრიდან გვხვდება, ხოლო ალპური სარტყელი 2450-2500-დან 3100-3200 მეტრამდე ვრცელდება. აქ გვხვდება ფართოფოთლოვანი ტყეები, რომელთა შემადგენლობაშია ქართული მუხა, კავკასიური რცხილა, ცაცხვი, მთის ნეკერჩხალი და სხვა.
სვანეთის მკვიდრი მოსახლეობა ძირითადად სვანურ ენაზე საუბრობს. ისინი განთქმული არიან თავიანთი სტუმართმოყვარეობითა და შრომისმოყვარეობით. სვანები თავისებური და ამაყი ხალხია. სვანეთის ისტორიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მუსიკალური ფოლკლორი. სვანური სიმღერები ძირითადად ომებს, ომის გმირებს, სახელოვან მეფეებს ეძღვნება, ბევრი სიმღერა კი წარმართულ ელემენტებსაც შეიცავს.
სვანეთი მდიდარია შუა ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრული ძეგლებით, საცხოვრებელი კომპლექსებით, კოშკებით (რომლებიც თარიღდება XII ს-იდან ზემოთ), სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებით, ორიგინალური ჩუქურთმებით შემკული ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით.

ღირსშესანიშნაობები:
სოფელი უშგული
სვანური კოშკი
სვანური სახლი “მაჩუბი”
წარმართული ხასიათის ნიშები
ადიშის, იელის სვიფის, წვირმის, ჟაბეშის, უშგულის ეკლესიები (სულ 70)
მარგიანების სახლ-მუზეუმი

ქართული სამზარეულო მნიშვნელოვნადაა გამდიდრებული სვანური კერძებით. მათ შორის აღსანიშნავია: სულგუნი (ძროხის ყველი), კაარზ – გადაზელილი (რძეში მოხარშული) ყველი პიტნით, ხაჭაპური – პურის ცომში გამომცხვარი ყველი, მჭადის ფქვილში (ჭიშდვარი) ან ფეტვის ფქვილში (ჭკუტ) შეზელილი ყველის კვერი, კუბდარი – პურის ცომში ჩაშუშული წვრილად დაკეპილი ხორცი, შამ – სიმინდის ბურღულის ფაფა შიგ ჩალაგებული სულგუნის ნაჭრებით, თაშმიჯაბ – ყველის და კარტოფილის შეზელილი პიურე, ჭადი – სიმინდის კვერი და სხვა. მეტად გავრცელებული ფხალეულის (მინდვრის ფხალი, ჭინჭარი, ნაცარქათამა და სხვა) ღვეზელები, რომელიც ხაჭაპურის მსგავსად პურის ცომში ცხვება. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სვანები ნივრითა და წიწაკით შეკმაზულ ქერის ნახარშს ლუცფექ (რომლის დალევასაც სიკვდილი მერჩივნა) და ქერის ფქვილით შეზავებულ ჭინჭრის წვნიანს (ხარშილ). ამ კერძებს სამკურნალოდაც იყენებენ. გადმოცემის თანახმად, ვინც ამ ნახარშს ათჯერ შეჭამს, იმ წელიწადს ავად არ გახდება. (ალბათ მაგიტო მაწვალებდა ბავშვობაში ბებიაჩემი :)

თითქმის ყველა კერძი შეზავებულია სვანური მარილით, რომელიც წარმოადგენს სუფრის მარილის, წიწაკისა და მრავალრიცხოვანი სურნელოვანი მცენარეების დანაყილ ნარევს. სვანური მარილით დამზადებული კერძები გამოირჩევიან ზომიერი სიცხარითა და განსაკუთრებული სურნელებით. სვანურ მარილს ცალკეც მიირთმევენ.

სვანეთში კერძებს ადგილობრივი ნატურალური პროდუქტებისაგან ამზადებენ, რის გამოც ისინი არომატულობითა და უმაღლესი ეკოლოგიურობით გამოირჩევიან

სვანეთში ვაზი არ ხარობს, ამიტომ ღვინოს ბარიდან ეზიდებიან. სასმელად უმეტესად იყენებენ ადგილობრივი ხილისაგან გამოხდილ არაყს. პოპულარულია თაფლისა და ანწლის არაყიც. სვანური სუფრის აუცილებელი ატრიბუტია მინერალური წყალი, რომლის წყაროები სვანეთში მრავლად მოიპოვება.

ვხედავ გაშალეს მთებმა მკლავები…
ცხენისწყლის თქეში თვალთ მაქვს ხილული,
უშბა, თეთნულდი, შხარა, და შხელდა
მურის ხიდიდან გადაჭიმული
ჯვრამდე მოსული, აშოლტილი ტყე,
შიგ კი უშგული, ბეჩო, მესტია
ეცერი, ლჯი, ლენჯერი, ხალდე
ფუფუნებაზე უფრო მეტია!
ბრძენი მახვშები, კოშკთა სიმრავლე
ნისლში ფენილი მთები, ჭალები,
სუფრა მასპინძლის ეშხით გამთბარი
შინაორგილი ლილეს ზარები.
მოძმესთან მუდამ ტკბილი დახვედრა,
მტერთან კი ბრძოლა დაუნდობელი,
სვანეთი ჩემი ოცნების კუთხე
ჩემი ლექსის და ფიქრის მშობელი!!!

მინდა ამ ზარზე მოგიყვეთ : სვანეთში ყოველ 28 ივლისს აღინიშნება კვირიკობა (სვანურად ლიგურკა) . ამ დღეს მამაკაცები ერთმანეთს ეჯიბრებიან ამ ზარის მხრებით აწევაში აგრეთვე ფოტოს უკანა პლანზე ჩანს ქვა რომლითაც ასევე მის აღებაში ეჯიბრებიან.
იხილეთ ვიდეო.

წყარო: wikipedia.org და მე.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close