გასართობისაკითხავისასარგებლო

ფილმები, რომლებსაც სჭირდება ახსნა: ნათება


ჩემი რჩევაა, თუ ფილმი ნანახი არ გაქვთ, ჯერ ნახეთ და ამის შემდეგ პოსტის წაკითხვა ბევრად საინტერესო იქნება.

ფილმი “ნათება” (The Shining) 1980 წელს გამოვიდა და ალბათ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია საშინელებათა ჟანრში. ამას ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, ჯეკ ნიკოლსონია. თუმცა, მთავარი ის ორიგინალური ხედვა იყო, რომელიც სტენლი კუბრიკმა სტივენ კინგის 1977 წლის რომანის წაკითხვის შემდეგ განავითარა და საშინელებათა ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმი შექმნა. ვისაც კი ფილმი “ნათება” უნახავს, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ის არ ჰგავს სხვა ფილმებს. განსხვავებით სხვა ამავე ჟანრის ფილმებისგან, “ნათება” არ არის მხოლოდ საშიში ამბავი.

თუ უფრო დავკონკრეტდებით, “ნათება” საშინელებათა ფილმი არ არის, ის ფსიქოლოგიური საშინელებაა, ან თუ გნებავთ, ფსიქოლოგიური თრილერი. მაგრამ მაინც რა განასხვავებს მას? პირველ რიგში ის, რომ ეს არ არის ფილმი სტანდარტული სიუჟეტით, რომლებსაც ვნახავთ, აღვფრთოვანდებით და აღარ გაგვახსენდება. ის ბევრ შეკითხვებს სვამს, რომლებსაც ის პასუხებს სცემს, თუმცა, როდესაც ფილმი მთავრდება, ხვდები, რომ კითხვები კიდევ გაქვს. მისი ხელმეორედ ნახვისას, შეიძლება კითხვებზე პასუხს მიაგნო, მაგრამ აღმოაჩინო, რომ ახალი კითხვები გაგიჩნდა და ფილმში განვითარებულ მოვლენებს ერთმანეთს ისე მაინც ვერ უკავშირებ, რომ გონების ძაფის ორივე მხარეს მოუყარო თავი.

 

ფილმის დასაწყისში ჯეკ ტორენსი “ოვერლუკის” სასტუმროს მენეჯერს ხვდება. დიალოგიდან ვგებულობთ, რომ ჯეკი ყოფილი მასწავლებელია და ამჟამად წიგნზე მუშაობს. მას რამდენიმე თვით დასვენება და განმარტოება სურს და სწორედ ამიტომ აირჩია “ოვერლუკი”, რომელშიც ის ერთად ერთი დამსვენებელი იქნება და მმართველი ცარიელ სასტუმროს ფაქტიურად მას გადააბარებს. ჯეკი თავიდან ამბობს, რომ ისეთი განცდა აქვს, თითქოს ამ სასტუმროში ადრეც ნამყოფია. მათი დიალოგისას ბევრ მნიშვნელოვან რამეს ვგებულობთ.

სასტუმროს მენეჯერი ჯეკს ეუბნება, რომ “ოვერლუკის” სასტუმრო ძალიან მიყრუებული ადგილია, განსაკუთრებით ზამთარში, როცა თოვლის სახვეტი მანქანის გარეშე მისი მიდამოებიდან გაღწევაც კი ჭირს. ჯეკი ასევე გებულობს, რომ სასტუმროს ყოფილი მეთვალყურე დელბერტ გრეიდი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ აქ ცოლთან და ორ ქალიშვილთან ერთად ისვენებდა საკუთარი ოჯახი ნაჯახით დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.

შემდეგ მოდის სცენა სადაც ჯეკის შვილი დენი სარკესთან დგას და თავის წარმოსახვით მეგობარს ტონის ელაპარაკება. ის ტონის სთხოვს იმ სასტუმროს შესახებ მოუყვეს, რომელშიც ის და მისი მშობლები აპირებენ საცხოვრებლად გადასვლას. უცებ მას თვალწინ უდგება სასტუმროს ფოიე, რომელიც სისხლით ივსება.

მსგავსი ხილვა დენის ფილმის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე ექნება. ყოველ ჯერზე ის “ოვერლუკის” ფოიეში უფრო და უფრო დიდ სისხლის წარღვნას ხედავს. ეს სცენა მოსალოდნელი საშიშროების მანიშნებელია და ის, რომ ის ყოველ ჯერზე უფრო და უფრო საზარელია, საფრთხის მოახლოებაზე მიანიშნებს.

ჯეკი და მისი ოჯახი სასტუმროს დასათვალიერებლად მიდიან. დენი პირველად დაინახავს ორი გოგონას მოჩვენებას, რომლებიც საკუთარმა მამამ დელბერტ გრეიდიმ დახოცა, თუმცა თვითონ დენიმ ამის შესახებ არაფერი იცის.

მალევე ფილმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი ვითარდება, როცა მზარეული დიკ ჰოლორანი ვენდის მაცივარს ათვალიერებინებს, ის დენის ნაყინს შესთავაზებს, ოღონდ ისე, რომ მას სიტყვასაც არ ეუბნება. ის ამას თავისი მეექვსე გრძნობით აკეთებს. ისიც და დენიც ხვდებიან, რომ ისინი ერთმანეთს რაღაცით ჰგვანან. შემდეგ, როცა ჰოლორანი დენის ნაყინით უმასპინძლდება, მათი დიალოგიდან ბევრ ახალს ვგებულობთ.

ჰოლორანი დენის ეუბნება, რომ მათ ორივეს ის უნარი გააჩნიათ, რომელიც მან ჯერ კიდევ ბავშვობაში აღმოაჩინა, როცა ის და ბებიამისი ერთმანეთს ხმის ამოუღებლად ელაპარაკებოდნენ. ამას ბებიამისი “ნათებას” ეძახდა. დენი ეუბნება, რომ მას წარმოსახვითი მეგობარი ჰყავს (ტონი), რომელიც მას ბევრ რამე უყვება და უჩვენებს (ნათება).  ჰოლორანის სიტყვებიდან ვგებულობთ, რომ “ნათება” ასევე არის უნარი, როცა ადამიანი ხედავს, რა მოხდა წარსულში და ზოგჯერ ისეთ მოვლენასაც, რომელიც ჯერ არ მომხდარა. ჰოლორანის აზრით, დენის ხილვები შემთხვევითი არ არის, მას სჯერა, რომ “ოვერლუკის” სასტუმროში მართლაც მოხდა ბევრი რამ, და არც ისე კარგი. ამის შემდეგ, როცა დენი მას 237-ე ოთახის შესახებ ეკითხება, ჰოლორანი მას არწმუნებს, რომ იქ არაფერი არ მომხდარა, თუმცა მკაცრად აფრთხილებს, 237-ე ოთახს ახლოს არ გაეკაროს.

ამის შემდეგ ფილმში ბევრი რამ ხდება, საიდანაც ზოგიერთს მიზანმიმართულად გამოვტოვებთ და მოგვიანებით დავუბრუნდებით, რომ ფილმში განვითარებული მოვლენების ლოგიკა უკეთესად აღვიქვათ.

ოჯახი იწყებს სასტუროში ცხოვრებას. ჯეკი დიდი დროს ატარებს საბეჭდ მანქანასთან და ძალიან ღიზიანდება, როცა მას მუშაობაში ხელს უშლიან, რადგან რომანზე სამუშაოდ ყურადღების სრული კონცენტრაცია სჭირდება.

ჯეკისგან განსხვავებით, ვენდი და დენი უფრო ხშირად არიან ერთად და მეტ დროს უთმობენ დასვენებასა და გართობას. დენის ყურადღებას 237-ე ოთახი ხშირად იპყრობს. მალე მას კიდევ ერთხელ მოეჩვენება ორი გოგონა. ამჯერად ის მათ ჯერ ცოცხალს ხედავს, შემდეგ კი დახოცილებს.

დენის ჰალუცინაციების ფონზე ფილმის განმავლობაში ხშირად ვხედავთ ჯეკს. ის ძალიან გულჩათხრობილია და უცნაურად იქცევა.  კიდევ უფრო უცნაურია მისი და დენის საუბარი.

ჯეკი ხვდება, რომ მის შვილს სასტუმრო არ მოსწონს და არწმუნებს, რომ ძალიან უყვარს და არასდროს არაფერს დაუშავებს დენის.

ცოტა ხანში დენი ესტუმრება 237-ე ოთახს, საიდანაც ის ნაცემი და ტანსაცმელშემოხეული გამოეცხადება მშობლებს. ჯეკი ამ დროს ვენდის თავის სიზმარს უყვება, სადაც მან ის და დენი ნაჯახით მოკლა. დენის დანახვისას კი ვენდი ყველაფერს ჯეკს აბრალებს.

აქამდე, რასაც ფილმში ვხედავთ, ცალკ-ცალკე თითქმის ყველაფერი გასაგებია. ჩვენ ვგებულობთ, რომ დენის აქვს განსაკუთრებული უნარი “ნათება”, რომლის საშუალებითაც ის რაღაც-რაღაცებს ხვდება. ვიცით, რომ “ოვერლუკის” სასტუმროში მოხდა ტრაგედია: სასტუმროს ყოფილმმა მმართველმა თავისი ცოლი და ორი ქალიშვილი ნაჯახით დახოცა. არც ისაა ძნელი მისახვედრი, რომ ეს ყველაფერი 237-ე ოთახში მოხდა. ასევე ჩანს, რომ დენი უფრო და უფრო შეშინებულია. ამ ყველაფრის ფონზე კი ვხედავთ ჯეკის უცნაურ საქციელს, თუმცა გაუგებარია, რა კავშირშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან.

სცენა, სადაც ჯეკი ბარმენის მოჩვენებას ელაპარაკება, ზოგიერთი მნიშვნელოვანი დეტალი უფრო ნათელი ხდება. ვრწმუნდებით, რომ ჯეკი დეპრესიაშია. ის ამბობს, რომ ცოლი მას ვერ უგებს და არ აძლევს საშუალებას, დაივიწყოს ის პრობლემები, რაც სამი წლის წინ ჰქონდათ.

ის ასევე ამბობს, რომ შვილი ძალიან უყვარს და მისთვის ყველაფერს გააკეთებს. ამ დროს Gold Room-ში ვენდი შემორბის და ჯეკს ეუბნება, რომ დენიმ ყველაფერი მოუყვა: როგორ დაესხა მას თავს ვიღაც ქალი 237-ე ოთახში. თავიდან ჯეკი არ უჯერებს, თუმცა, 237-ე ოთახში მაინც მიდის.

შემდეგ ვხედავთ დიკ ჰოლორანს, რომელიც თავის საწოლზე წევს. მასა და დენის შორის გონებრივი კავშირი დგება და დენი მას საკუთარი მეექსვე გრძნობით თავის შიშსა და განცდებს გადასცემს.

ჰოლორანიც, რომელიც ასევე დაჯილდოებულია ნათების უნარით, გრძნობს, რომ “ოვერლუკის” სასტუმროში რაღაც ცუდი ხდება, ან უნდა მოხდეს და მოგვიანებით ვხედავთ, როგორ ცდილობს, დარეკოს სასტუმროში და დარწმუნდეს, რომ ყველაფერი კარგადაა.

237-ე ოთახში განვითარებული სცენა სრულიად დამაბნეველია და ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ჩნდება შეკითხვა, ვინ არის ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ჯეკი შეაცდინა, რატომ გადაიქცა ის მახინჯ და საზარელ ალქაჯად და საერთოდ რას ნიშნავს ეს სცენა. ეს სცენა თავიდან ბოლომდე ალეგორიული მნიშვნელობისაა. ახალგაზრდა ქალი, რომელიც ჯეკს მოეჩვენა, კონკრეტული პიროვნება  არ არის და ამ ოთახში მომხდარ ტრაგედიასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

ლამაზი ქალი ამ შემთხვევაში სახეცვლილი ბოროტების სიმბოლოა, ხოლო ჯეკის შეცდენა იმას ნიშნავს, რომ ის ამ ბოროტების თანაზიარი გახდა. მაგრამ რატომ გადაიქცა ის მახინჯ მიცვალებულად? იმიტომ, რომ ჯეკის შეცდენის შემდეგ, ბოროტებას ნიღაბი აღარ სჭირდება და ჯეკი მის ნამდვილ სახეს ხედავს, მაგრამ უკვე გვიანია. ის ვერ აცნობიერებს, რა მოხდა მის ფსიქიკაში და შეშინებული გამორბის.

თავის ოთახში დაბრუნებისას ის ვენდის ეუბნება, რომ 237-ე ოთახში არავინ უნახავს და რომ დენიმ ეს ყველაფერი თვითონ მოიგონა. “ოვერლუკიდან” წასვლის შესახებ აზრზე კი იგი საშინლად ცოფდება და ვენდის აფრთხილებს, რომ სასტუმროდან, სადაც სიმშვიდე მოიპოვა და სამუშაოს დასრულების შანსი მიეცა, არსად წასვლას არ აპირებს.

ჯეკისა და ვენდის შორის საუბრის პარალელურად ვხედავთ შეშინებულ დენის, რომელსაც თვალწინ ისევ სასტუროს სისხლიან ფოიე უდგას. ანუ საფრთხე კიდევ უფრო ახლოსაა.

ჯეკი ისევ Gold Room-ში ბრუნდება. აქ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სცენა ვითარდება, რომელიც სცენარს საბოლოოდ სხვა მხარეს შემოატრიალებს. როდესაც ჯეკი სასმელების მიმტანის სახელს გებულობს, ახსენდება, რომ ეს ის ადამიანია, რომელმაც ამავე სასტუმროში საკუთარი ოჯახი დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა – დელბერტ გრეიდი. დელბერტ გრეიდი აღიარებს კიდეც, რომ მან ეს გააკეთა, ამბობს, რომ მან საკუთარ ოჯახს “ჭკუა ასწავლა”, როცა ეს საჭირო იყო და ჯეკსაც ურჩევს, იმავე გააკეთოს. იგი ასევე ამცნობს ჯეკს, რომ მის შვილს დიდი ნიჭი აქვს (ნათება) და რომ ვინმე შავკანიანმა მზარეულმა (ჰოლორანმა) შესაძლოა მას ხელი შეუშალოს.

ეს სცენაც არანაკლებ დამაბნეველია. გრეიდი (ისევე, როგორც ბარმენი და ყველა სხვა Gold Room-ში), რა თქმა უნდა, მოჩვენებაა. მისი და ჯეკის დიალოგი რეალურად ამ უკანასკნელის საკუთარ მეორე ნახევართან დიალოგია. ჯეკი ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ საკუთარ ოჯახს “ჭკუა ასწავლოს” და ისიც იცის, რომ დენისა და “ვინმე შავკანიან მზარეულს” მისთვის ხელის შეშლა შეუძლიათ.

ამის შემდეგ, პირველი, რასაც ჯეკი აკეთებს, სასტუმროს სატელეფონო ხაზი მწყობრიდან გამოყავს. ოდნავ მოგვიანებით ჩვენ ვხედავთ, როგორ მოემგზავრება დოკ ჰოლორანი “ოვერლუკის” სასტუმროსკენ.

რაც შეეხება, REDRUM წარწერას, ის დენიმ თვითონ წააწერა ოთახის კარზე, რომელზეც ვენდი მოგვიანებით სარკეში სიტყვა MURDER-ს (მკვლელობა) ამოიკითხავს. დენიმ უკვე იცის, რომ რაღაც საშინელება უნდა მოხდეს და სწორედ ამით აიხსნება ის, რომ მასში ტონი იღვიძებს, რომელიც მის გონებაში უბედურებას მოასწავებს.

ეპიზოდი, სადაც ვენდი ჯეკის “ნამუშევარს” კითხულობს, ყველაფერს ნათელს ხდის.

“All work and no play makes Jack a dull boy” – ეს არის გამოთქმა, რომელსაც ამბობენ ადამიანზე, რომელიც სულ სამუშაოზეა გადართული, თუმცა მას ეს სათანადოდ ვერ აკმაყოფილებს და ის უფრო და უფრო მოსაწყენი ხდება საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც. ის, რომ ეს ფრაზა ჯეკმა თვეების განმავლობაში ისტერიულად წერა, იმაზე მიუთითებს, რომ ის საშინელ დღეშია, მას უნდა საქმით დაკავდეს, მაგრამ ამას ვერ ახერხებს და მიზეზს კი ის საკუთარ ოჯახში ხედავს.

ჯეკის სიტყვებშიდან აშკარად ხდება, რომ ის ცოლისგან ნაკლებ გაგებასა და სიყვარულს უჩივის და ხასგასმით ამბობს, რომ დენის “რაღაც უნდა მოუხერხონ”. ბოლოს კი ის შეშლილი სახით ეუბნება ვენდის, რომ ის მათ დახოცვას აპირებს, რის მერეც ვენდი მას თავში ბეიზბოლის ჯოხს ურტყამს  და გონდაკარგულს მაცივარში კეტავს. შემდეგ კი ის აღმოაჩენს, რომ ჯეკმა ყველაფერზე იზრუნა და თოვლის სახვეტი მანქანა მოშალა, სასტუმროდან რომ ვერავინ გაქცეულიყო.

ხშირად იწვევს გაუგებრობას, ვინ გამოუშვა ჯეკი მაცივრიდან. ფილმში ეს არ ჩანს, თუმცა ის მაცივრის შიგნიდან დელბერტ გრეიდის ელაპარაკება, რომელიც მას “საქმის ბოლომდე მიყვანას” ავალებს. უნდა ვიგულიხსმოთ, რომ ჯეკი მაცივრიდან თვითონ გამოდის და გრეიდი კი მისი ბოროტი ნახევარია, რომელიც მას საბოლოოდ გადააწყვეტინებს ცოლ-შვილის თავიდან მოშორებას.

ამის შემდეგ რაც ფილმში ხდება ყველაფერი გასაგებია: როგორ ცდილობს ჯეკი ვენდის მოკვლას, როგორ კლავს ის ჰოლორანს და როგორ მისდევს დენის ნაჯახით ხელში, თუმცა იმის გამო, რომ კოჭლობს, ვერ ახერხებს დაწევას და ამის შემდეგ მას ელიოზივით გაყინულს ვხედავთ. შეიძლება ითქვას, რომ ფილმი Happy End-ით მთავრდება.

 

არ გეგონოთ, რომ ამით დავამთავრეთ. პირველ რიგში ფილმი კიდევ ერთხელ თავიდან ბოლომდე გავიაზროთ. კარგად დავუკავშიროთ მოვლენები ერთამენთს ისე, რომ მათი განვითარების ლოგიკა ბუნდოვანი აღარ იყოს. შემდეგ კი გადავიდეთ ცალკეულ ეპიზოდებზე, რომლებიც აქამდე იმის გამო არ განვიხილეთ, რომ მათ ასახსნელად მოვლენებისთვის წინ უნდა გაგვესწრო.

სტივენ კინგის რომანის მიხედვით, ჯეკ ტორენსი ალკოჰილიკია, რომელიც ამ სენისგან გასათავისუფლებლად გადაწყვეტს ოჯახთან ერთად დაისვენოს. მას იმედი აქვს რომ “ოვერლუკის” სასტუმროში ის სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებს და ცდილობს, საკუთარი თავი მწერლობაში მოსინჯოს. ფილმში ჯეკ ტორენსზე ბევრად ნაკლებს ვგებულობთ. თუმცა, აშკარა ხდება, რომ მასში ყველაზე ასრსებითი მომენტი ჯეკის პიროვნებას უკავშირდება.

ფილმის დასაწყისში ჩვენ ვხედავთ ოჯახს, რომელსაც პრობლემები აქვს. ვხედავთ ბავშვს, რომელსაც აქვს ცუდი წინათგრძნობა და მეორე მხრივ ვხედავთ ჯეკს, რომელიც დასვენების სურვილითაა შეპყრობილი. ჩვენს ყურადღებას ჯეკი ყველაზე მეტად მაშინ იპყრობს, როცა უკვე საკმაოდ ბევრი რამ ვიცით ისეთ დეტალებზე, რომლებიც მასთან უშუალო კავშირში არ არის და გვიჭირს ამ ყველაფერს შორის საერთოს პოვნა.

იქამდე, სანამ ჯეკისა და ბარმენის ლაპარაკს მოვისმენთ, ორი რამ ვიცით: პირველი ის, რომ დენის აქვს ცუდი წინათგრძნობა და მეორე ის, რომ ჯეკი საშინლად გულჩათხრობილია და მისი უცნაური საქციელი ხშირად იქცევს ჩვენს ყურადღებას. სტენლი კუბრიკი ახერხებს, ირიბად მიგვახვედროს, რომ ჯეკი თავის ცოლ-შვილზე ფიქრობს. მაგრამ რას ფიქრობს, ამას უკვე მისი ბარმენთან საუბრისას ვგებულობთ. ამასთან, მისი სიზმარი, სადაც ის ოჯახს ნაჯახით კლავს, კიდევ უფრო გვიმძაფრებს ცნობისმოყვარეობას.

237-ე ოთახის სცენა, რომლის მნიშვნელობაც ჩვენ უკვე ავხსენით, აშკარას ხდის, რომ ჯეკი ბოროტებას ჩაიდენს. აქ ჩვენ გვაინტერესებს, რატომ უნდა ჩაიდონოს მან ამგვარი ბოროტება. თუმცა, როცა ვენდი მის ნამუშევარს წაკითხავს, ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ჯეკს საკუთარ პიროვნებასთან აქვს პრობლემა. იმით, რომ რომანის დაწერა უნდა, ის ცდილობს საკუთარ ცხოვრებას აზრი მისცეს, მაგრამ ის ამას ვერ ახერხებს და ამიტომაც იქცევა უცნაურად, ფილმის სიუჟეტი დიდხანს გვამყოფებს დაძაბულობისა და ცნობისმოყვარეობის რეჟიმში და ჯეკისა და ვენდის საუბრისას აშკარას ხდის ჯეკის გეგმებს. მათი საუბარი ნაკლებად სიღრმისეულია, თუმცა ნათელია, რომ ჯეკი ცოლის მისდამი გულგრილობას უჩივის. ის დენის ბევრჯერ ახსენებს, რადგან მისი ნიჭის შესახებ ყველაფერი იცის.

ფილმის მიხედვით ჯეკი უშუალოდ მკვლელობაზე გადაწყვეტილებას გრეიდისთან ლაპარაკის დროს იღებს. თუმცა, გრეიდი, ისევე, როგორც ბარმენი, ჯეკის წარმოსახვაა და მათთან დიალოგის სცენები მხოლოდ მისი ფიქრებისა და განზრახვების საჩვენებლადაა საჭირო. დენის ნიჭის შესახებ ის თვითონ ხვდება და გადაწყვეტილებასაც მხოლოდ თვითონ ღებულობს. მოგვიანებით კი ის მაცივრიდანაც თვითონ გამოდის.

გასაგები ხდება დენის საქციელიც, რომელიც უფრო და უფრო დათრგუნული და შეშინებულია და მთელი ფილმის განმავლობაში უფრო და უფრო გვიმძაფრებს მოლოდინს. ტონი კი, ისევე როგორც ბარმენი და გრეიდი ჯეკის შემთხვევაში, დენის მეორე ნახევარია, რომელიც “ნათების” უნარითაა დაჯილდოებული.

 

“ნათება” რთული ფილმია. მასში დაკავშირებულია, ერთი მხრივ სასტუმრო “ოვერლუკში” მომხდარი ტრაგედია და მეორე მხრივ ჯეკისა და მისი ოჯახის ამბავი, რომელშც თავის მხრივ დიდი დოზითაა ტრაგიზმი. კუბრიკი ამ ორ სრულიად დამოუკიდებელ ამბავს საოცარი ოსტატობით უკავშირებს ერთმანეთს. ის ქმნის დაძაბულობითა და მძაფრი ემოციებით დატვირთულ სიუჟეტს და საშუალებას გვაძლევს კვანძი დამოუკიდებლად გავხსნათ. ამასთან ის გვთავაზობს ბევრ ალეგოირული მნიშვნელობის სცენასა და ეპიზოდს, რომლებიც ზოგჯერ გასაგებია, ზოგჯერ არა, თუმცა ეს ორმხივობა ფილმს კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს. ის ფსიქოლოგიური საშინელების მოყვარულ მაყურებელს ზუსტად იმას აძლევს,რასაც ის მისგან ელოდება: ეს არის ის მძაფრი ემოცია, რომელსაც ფილმი, პიორველ რიგში, უნიკალური რეჟისურის, დამთრგუნველი და ფილმის სიუჟეტზე იდეალურად მორგებული მუსიკისა და ჯეკ ნიკოლსონის ქარიზმის საშუალებით ახერხებს.

ცნობილია, რომ ფილმი არ მოეწონა რომანის ავტორს სტივენ კინგს. მისი აზრით, “ნათება” მეტისმეტად დიდ ყურადღებას უთმობს გამოცანებსა და დაძაბული სიუჟეტის განვითარებას და ნაკლებად სიღრმისეულია, როცა საქმე ტორენსების ოჯახს ეხება და არ იძლება საშუალებას კარგად დავინახოთ, თუ რა გახდა მათი ტრაგედიის მიზეზი. შესაძლოა კუბრიკმა ჩათვალა, რომ ტორენსების ოჯახის პრობლემების უკეთესად წარმოჩენა დაჩრდილავდა იმ ეფექტს, რომელიც ამ ჟანრს ახლავს თან და აღარ მისცემდა მას მაყურებლის ემოციებით მანიპულირების საშუალებას. კინგის რომანში საკმაოდ დიდი დოზითაა საშინელებათა ელემენტები და ინტრიგა, რომლის ოსტატურად ეკრანზე წარმოჩენაც კუბრიკმა პიროვნული დეტალების იგნორირების ფონზე მოახერხა. შეიძლება ეს ტორენსების ამბის განზოგადების მცდელობაც იყო.

ფილმში არის სხვა მნიშვნელოვანი ეპიზოდებიც, რომლებზეც არაფერი გვითქვამს. ეპიზოდი, სადაც ვენდი დენისა და ჯეკს ეძებს, ერთ-ერთ ოთახში ის ხედავს საწოლზე გადაწოლილ კაცს და დათვის კოსტუმში ჩაცმულ ადამიანს მის მუხლებთან, რომელიც ორალური სექსითაა დაკავებული. ეს სცენაც ალეგოირული მნიშვნელობისაა, თუმცა ფილმში ის ახსნილი არ არის.

წიგნის მიხედვით, ჯეკს დენისადმი ინტიმური ლტოლვა ჰქონდა. საწოლზე გადაწოლილი კაცი ჯეკს განასახიერებს, დათვის კოსტუმში გამოწყობილი ადამიანი კი – დენის. ვენდის შემთხვევაში ეს არის ჰალუცინაცია, საიდანც ის ამ ყველაფერს ხვდება.

კიდევ ერთი არსებითი მომენტი ეს არის ლაბირინთი. ჯეკი აკვირდება სასტუმროსთან ახლოს გაშენებული უზარმაზარი ლაბირინთის პატარა მოდელს და კადრი გადადის ნამდვილ ლაბირინთზე, რომელშიც დენისა და ვენდის ვხედავთ.

საქმე ამ შემთხვევაშიც ალეგორიასთან გვაქვს. ლაბირინთი ჯეის გონებაა, რომელშიც საკუთარი ცოლ-შვილის ადგილი მთავარ გმირს ბოლომდე ვერ გაურკვევია.გარდა ლაბირინთის შემთხვევისა, გამოითქვა მოსაზრებები, რომ ფილმში ნაჩვენებ ზოგიერთ სხვა ნივთსაც აქვს გარკვეული არაპირდაპირი და სიმბოლური დატვირთვა.

რაც შეეხება ფილმის უკანასკნელ ეპიზოდს, ის ხშირად ყველაზე მეტ კითხვას სვამს. “ოვერლუკის” სასტუმროში კედელზე  სურათია, რომელზეც Gold Room-ის წვეულებაა აღბეჭდილი, ხოლო მის წინა პლანზე, წვეულების სტუმრებს შორის ჯეკს ვხედავთ. სურათი კი 1921 წლით თარიღდება. ამის გამო ზოგჯერ ასკვნიან, რომ ორი გოგონა ჯეკის მოკლულია და რომ სინამდვილეში თავად ჯეკი ფილმის განმავლობაში მკვდარია.

რეალურად ეს სურათი მხოლოდ და მხოლოდ ჯეკის რეინკარნაციას ნიშნავს. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ “ოვერლუკის” სასტუმროში პირველად მისულ ჯეკს ისეთი განცდა აქვს, თითქოს აქ ადრეც ყოფილა. თავად სტენლი კუბრიკმა “ნათებას” ოპტიმისტური ფილმი უწოდა, რადგანაც მისი თქმით, ნებისმიერი მოსაზება, რომელიც ამტკიცებს, რომ სიკვდილის შემდეგ რამე არსებობს, თავისთავად ოპტიმისტურია.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close