არქივი

სტალინი

f2230b89e44a
იოსებ ბესრიონის ძე სტალინი  ნამდვილი გვარი —ჯუღაშვილი, რუს.  (დაიბადა 18 დეკემბერი, 1878, გორში.  კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. სკკპ წევრი 1898-იდან.

ადრეული ბიოგრაფია

დაიბადა მეწაღე ხელოსნის ოჯახში. 1894 დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია და შევიდა თბილისის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში. ამიერკავკასიაში მცხოვრები რუსი მარქსისტების გავლენით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. არალეგალურ წრეში შეისწავლა კ. მარქსის, ფ. ენგელსის, ვ. ი. ლენინის, გ. პლეხანოვის შრომები.

“მესამე დასი”

სტალინი იყო “მესამე დასის” წევრი, ეწეოდა მარქსისტული იდეების პროპაგანდას თბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების მუშებს შორის. 1899 რევოლუციური მოღვაწეობისათვის სემინარიიდან გარიცხეს, რის შემდეგაც არალეგალურად დაიწყო ცხოვრება და პროფესიონალი რევოლუციონერი გახდა. შედიოდა რსდმპ თბილისის, კავკასიის კავშირის და ბაქოს კომიტეტების შემადგენლობაში, მონაწილეობდა გაზეთების “ბრძოლის”, “პროლეტარიატის ბრძოლის”, “ბაკინსკი პროლეტარიატის”, “გუდოკის”, “ბაკინსკი რაბოჩის” გამოცემაში, იყო 1905-07 რევოლუციის აქტიური მონაწილე ამიერკავკასიაში. რსდმპ-ის შექმნის დღიდანვე მხარს უჭერდა რევოლუციური მარქსისტული პარტიის განმტკიცების ლენინურ იდეას, იცავდა პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის ბოლშევიკურ სტრატეგიას და ტაქტიკას, იყო ბოლშევიზმის მტკიცე მომხრე, აკრიტიკრბდა მენშევიკებისა და ანარქისტების ოპორტუნისტულ ხაზს რევოლუციაში. რსდმპ I კონფერენციის დელეგატი ტამერფოსში (1905), სადაც პირველად შეხვდა ვ. ი. ლენინს, რსდმპ IV (1906) და V (1907) ყრილობების დელეგატი. იატაკქვეშა რევოლუციური მოღვაწეობისათვის არაერთხელ იყო პატიმრობასა და გადასახლებაში. 1912 რსდმპ სრულიად რუსეთის VI (პრაღის) კონფერენციის ცკ-ის სხდომაზე დაუსწრებლად აირჩიეს და კოოპტაციით შეიყვანეს ცკ-ის რუსეთის ბიუროში. 1912-13 მუშაობდა პეტერბურგში, აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთებში “ზვეზდა” და “პრავდა”. მონწილეობდა რსდმპ ცკ-ის თათბირში პარტიულ მუშაკებთან (კრაკოვი, 1912). ამ პერიოდში დაწერა შრომა “მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი”, რომელშიც გააშუქა ეროვნული საკითხის გადაჭრის ლენინური პრინციპები, გააკრიტიკა “კულტურულ-ნაციონალური ავტონომიის” ოპორტუნისტული პროგრამა. ეს შრომა ვ. ი. ლენინმა დადებითად შეაფასა. 1913 თებერვალში კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს ტურუხანსკის მხარეში.

რევოლუციის შემდგომ

თვითმპყრობელობის დამხობის შემდეგ, 1917 წლის 12 (25) მარტს, დაბრუნდა პეტროგრადში, შეიყვანეს რსდმპ(ბ) ცკ-ის ბიუროში და “პრავდის” რედაქციაში. სტალინმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ახალ პირობებში პარტიული მუშაობის გაშლაში. მხარი დაუჭირა ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რევოლუციის სოციალისტურში გადაზრდის ლენინურ კურსს. რსდმპ (ბ) სრულიად რუსეთის VII (აპრილის) კონფერენციაზე აირჩიეს პარტიის ცკ-ის წევრად (ამ დროიდან მოყოლებული ცკ-ის წევრად არჩეული იყო ყველა პარტყრილობაზე XIX ყრილობის ჩათვლით). რსდმპ(ბ) VI ყრილობაზე ცკ-ის დავალებით გამოვიდა ცკ-ის პოლიტიკური ანგარიშით და მოხსენებით პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ.

როგორც ცკ-ის წევრი, სტალინი აქტიურად მონაწილეობდა 1917 დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მომზადებასა და გატარებაში. შედიოდა ცკ-ის პოლიტბიუროს შეიარაღებული აჯანყების ხელმძღვანელი პარტიული ოარგანოს – სამხედრო-რევოლუციური ცენტრის პეტროგრადის სამხედრო რევკომის შემადგენლობაში. სრულიად რუსეთის საბჭოების II ყრილობაზე, 1917 წლის 26 ოქტომბერს (8 ნოემბერი), აირჩიეს პირველი საბჭოთა მთავრობის შემადგენლობაში ეროვნებათა საქმეების სახკომად (1917-23). ერთდროულად, 1919-22, ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კონტროლის სახალხო კომისარიატს, რომელიც 1920 გადაკეთდა მუშათა და გლეხთა ინსპექციად.

სამოქალაქო ომისა და უცხოეთის სამხედრო ინტერვენციის პერიოდში (1918-20) სტალინი ასრულებდა რკპ (ბ) ცკ-ისა და საბჭოთა მთავრობის მთელ რიგ საპასუხისმგებლო დავალებებს: იყო რესპუბლიკის სამხედრო რევკომის წევრი, პეტროგრადის დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამხრეთის, დასავლეთის, სამხრეთ-დასავლეთის ფრონტების სამხედრო საბჭოს წევრი, სრულიად რუსეთის ცაკის წარმომადგენელი მუშათა და გლეხთა თავდაცვის საბჭოში. სტალინმა თავი გამოიჩინა, როგორც პარტიის ერთგულმა სამხედრო-პოლიტიკურმა მოღვაწემ. სრულიად რუსეთის ცაკის დადგენილებით, 1919 წლის 27 ნოემბერს სტალინი წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს.

სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ სტალინი აქტიურად მონაწილეობდა პარტიის ბრძოლაში სახალხო მეურნეობის აღდგენის, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისა და გლეხობასთან მუშათა კავშირის განმტკიცებისათვის. პროფკავშირების დისკუსიის დროს, რომელიც ტროცკიმ თავს მოახვია პარტიას, სტალინი იცავდა სოციალისტურ მშენებლობაში პროფკავშირების როლის ლენინურ პლატფორმას. რკპ (ბ) X ყრილობაზე (1921) გამოვიდა მოხსენებით “პარტიის მორიგი ამოცანები ეროვნულ საკითხში”. 1922 აპრილში ცკ-ის პლენუმზე სტალინი აირჩიეს ცკ-ის გენერალურ მდივნად და ამ პოსტზე იმყოფებოდა 30 წელზე მეტხანს.

სსრკ-ის შექმნა

როგორც სახელმწიფო-ეროვნული მშენებლობის დარგში ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მუშაკმა, სტალინმა მონაწილეობა მიიღო სსრკ-ის შექმნაში. მაგრამ ამ ახალი და რთული ამოცანის პირველად გადაწყვეტაში დაუშვა შეცდომა – წამოაყენა “ავტონომიზაციის” პროექტი (რფსრ-ში ყველა რესპუბლიკების შესვლა როგორც ავტონომიის საფუძველზე). ეს პროექტი გააკრიტიკა ვ. ი. ლენინმა და დაასაბუთა ერთიანი სამოკავშირეო სახელმწიფოს თანაბარუფლებიანი რესპუბლიკების კავშირის შექმნის გეგმა. სტალინმა გაითვალისწინა კრიტიკა, მთლიანად დაუჭირა მხარი ვ. ი. ლენინის იდეას და რკპ (ბ) ცკ-ის დავალებით საბჭოების I სრულიად საკავშირო ყრილობაზე (1922 დეკემბერი) გამოვიდა მოხსენებით სსრ კავშირის შექმნის შესახებ.

პარტიის XII ყრილობაზე (1923) სტალინი გამოვიდა ცკ-ის მუშაობის შესახებ ორგანიზაციული ანგარიშით და მოხსენებით “ეროვნული მომენტები პარტიულ და სახელმწიფო მშენებლობაში”.

ვ. ი. ლენინი შესანიშნავად იცნობდა პარტიულ კადრებს, დიდ ზეგავლენას ახდენდა მათ აღზრდაზე, კადრებს ანაწილებდა საერთი პარტიული საქმეების ინტერესების შესაბამისად, მათი ინდივიდუალური ნიშნების გათვალისწინებით. სწორედ ამ ამოცანას ემსახურება ლენინის “წერილი ყრილობისადმი”, რომელშიც დახასიათებული არიან ცკ-ის მთელი რიგი წევრები, მ. შ. სტალინი, რომელიც ლენინს პარტიის ერთ-ერთ გამოჩენილ მოღვაწედ მიაჩნდა. ამასთანავე 1922 წლის 22 დეკემბერს იგი წერდა: “ამხ. სტალინმა, როცა ის გენერალური მდივანი გახდა, თავის ხელში მოაქცია განუზომელი ძალაუფლება, და მე დარწმუნებული არა ვარ, შეძლებს თუ არა იგი ყოველთვის საკმაოდ ფრთხილად გამოიყენოს ეს ძალაუფება” (თხზ., გამოც. მე-4, ტ.36, გვ. 675). თავისი წერილის დამატებაში 1923 წლის 4 იანვარს ვ. ი. ლენინი წერდა “სტალინი ძალიან უხეშია, და ეს ნაკლი, რომელიც სავსებით ასატანია, ჩვენს, კომუნისტების, წრეში და ურთიერთობაში, აუტანელი ხდება გენერალური მდივნის თანამდებობაზე. ამიტომ მე წინადადებით მივმართავ ამხანაგებს, რომ მოიფიქრონ ამ ადგილიდან სტალინის სხვაგან გადაყვანის საშუალება და დანიშნონ ამ ადგილზე სხვა ადამიანი, რომელიც ყველა სხვა მხრივ განსხვავდება ამხ. სტალინისაგან მხოლოდ ერთი უპირატესობით, სახელდობრ უფრო ლმობიერია, უფრო ლოიალურია, უფრო თავაზიანი და უფრო ყერადღებიანია ამხანაგებისადმი, ნაკლებ ჭირვეულია და ა. შ.” (იქვე, გვ. 677).

სსრკ-ის სათავეში მოსვლა

ვ. ი. ლენინის გარდაცვალების შემდეგ სტალინი აქტიურად მონაწილეობდა სკკპ ცკ-ის პოლიტიკის, სამეურნეო და კულრურული მშენებლობის, გეგმების, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საკითხთა შემუშავებასა და განხორციელებაშ, პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებაში. პარტიის სხვა ხელმძღვანელ მოღვაწეებთან ერთად სტალინი შეურიგებლად ებრძოდა ლენინიზმის მოწინააღმდეგეებს, მან დიდი როლი შეასრულა ტროცკიზმისა და მემარჯვენე ოპორტუნიზმის იდეურ-პოლიტიკურ განადგურებაში, სსრკ-ში სოციალიზმის გამარჯვების შესაძლებლობის ლენინური მოძღვრების დაცვაში, პარტიის ერთიანობის განმტკიცებაში. ლენინური იდეური მემკვიდრეობის პროპაგანდაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სტალინის შრომებს: “ლენინიზმის საფუძვლების შესახებ” (1924), “ტროცკიზმი თუ ლენინიზმი” (1924), “ლენინიზმის საკითხებისათვის” (1926), “ერთხელ კიდევ სოციალ-დემოკრატიული გადახრის შესახებ ჩვენს პარტიაში” (1926), “მემარჯვენე გადახრის შესახებ საკ. კპ (ბ)-ში” (1929), “აგრარული პოლირიკის საკითხებზე სსრკ-ში” (1929) და სხვები.

საბჭოთა ხალხმა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით განახორციელა სოციალიზმის მშენებლობის ლენინური გეგმა, ჩაატარა თავისი სირთულითა და მსოფლიო-ისტორიული მშენებლობით გიგანტური რევოლუციური გარდაქმნები. ამ ამოცანების გადაწყვეტაში პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს სხვა ხელმძღვანელებთან ერთად თავისი პირადი წვლილი შეიტანა ი.სტალინმა.

ინდუსტრიალიზაცია

სოციალიზმის მშენებლობის ქვაკუთხედად გადაიქცა სოციალისტური ინდუსტრიალიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, სახალხო მეურნეობის ყველა დარგის ტექნიკურ რეკონსტრუქციას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. რევოლუციური გარდაქმნების ყველაზე რთული მძიმე ამოცანა იყო სოფლის მეურნეობის გარდაქმნა სოციალისტურ საფუძველზე. სოფლის მეურნეობის გარდაქმნაში დაშვებულ იქნა შეცდომები და გადახრები, რისთვისაც პასუხისმგებლობა სტალინსაც ეკისრება, მაგრამ პარტიამ სტალინის მონაწილეობით გადამწყვეტი ზომები მიიღო და ეს შეცდომები დაძლია.

სსრკ-ში სოციალიზმის გამარჯვებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კულტურულ რევოლუციურ განხორციელებას, რომელშიც დიდი როლი ითამაშა სტალინმა. მოახლოებული ომის საშიშროებისა და დიდი სამამული ომის (1941-45) დროს სტალინი ხელმძღვანელობდა პარტიის მრავალმხრივ მოღვაწეობას სსრკ თავდაცვის განმტკიცებასა და ფაშისტური გერმანიის და მილიტარისტული იაპონიის განადგურების ორგანიზებაში. 1941 წლის 6 მაისს სტალინი დაინიშნა სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ (1946-იდან სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე), 1941 წლის 30 ივნისს – თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ტავმჯდომარედ, 19 ივლისს – სსრკ თავდაცვის სახკომად, 8 აგვისტოს. სსრკ – შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად. როგორც საბჭოთა სახელმწიფოს მეთაური, მონაწილეობდა 3 სახელმწიფოს – სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის თეირანის (1943), ყირიმისა (1945) და პოტსდამის (1945) კონფერენციებში. ომის შემდგომ პერიოდში სტალინი განაგრძობდა მუშაობას პარტიის ცკ-ის გენერალურ მდივნად და სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. ამ წლებში პარტიამ და საბჭოთა მთავრობამ დიდი მუშაობა ჩაატარეს საბჭოთა ხალხის მობილიზების, სახალხო მეურნეობის აღდგენისა და შემდგომი განვითარების, სსრკ საერთაშორისო პოლიტიკური კურსის განხორციელების, მსოფლიო სოციალისტური სისტემის განმტკიცების, მუშათა და კომუნისტური მოძრაობის შეკავშირების, კოლონიური და დამოკიდებული ქვეყნების ხალხთა განმათავისუფლებელი ბრძოლების მხარდაჭერის, მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების უზრუნველყოფისათვის მთელს მსოფლიოში.

1935-1938 წლების მასობრივი რეპრესიები

1935-1938 წლებში სსრკ-ში ჩატარდა მასობრივი რეპრესიები. ქვეყანა რომელიც, “სოციალისტური სამოთხის” კარიბჭესთან იდგა, მოიცვა საყოველთაო ბოროტებამ, დაპატიმრება-გადასახლებამ, ურთიერთ ანგარიშის გასწორებამ, მკვლელობამ

ამ შემზარავ მოვლენას ცხადია თავისი მიზეზები ჰქონდა. ამათგან მთავარი იყო ბრძოლა ძალაუფლებისათვის. ლენინის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსვლისათვის კომუნისტური პარტიის სამი დაჯგუფება იბრძოდა: სტალინელი ცენტრისტები, ტროცკისტელი მემარცხენეები და ბუხარინელი მამერჯვენები. უპირატესობა იმთავითვე სტალინელმა ცენტრისტებმა მოიპოვეს, ამიტომ ისინი არსებითად ძალაუფლების შენარჩუნებისათვის იბრძოდნენ. ამ ბრძოლის პირველი მსხვერპლი ტროცკისტები გახდნენ, რომლებიც 20-იანი წების ბოლოს პარტიულ ბრძოლაში დამარცხდნენ და მათი მეთაური ლევ ტროცკი 1929 წელს სსრკ-იდან გააძევეს. ამის შემდეგ სტალინელები ბუხარინელებს იოლად გაუსწორდნენ და 30-იან წლებში ერთადერთ გაბატონებულ ძალად იქცნენ.

მეორე მსოფლიო ომის მოახლოებასთან ერთად სსრკ-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო იდეურად განადგურებული მემარცხენეების და მემარჯვენეების ფიზიკურად მოსპობა, რაც კომუნისტების მიერ დიდი ხნის წინ იყო ათვისებული, კერძოდ სამოქალსქო ომის და წითელი ტერორის მიერ. განსხვავება ის იყო, რომ ამჯერად ეს ტერორი სხვასთან ერთად თვით კომუნისტების წინააღდეგაც იქნებოდა მიმართული.

გამოიყოფა რეპრესიების ორი ტალღა: პირველი დაკავშირებული იყო სოფლებში კოლექტივიზაციის პროექტთან. რეპრესიების ტალრას შსეწირნენ მსვილი გლეხები, ე.წ. კულაკები.

მეორე ტალღაა მოდის 1936-1937 წლებზე. რეპრესიებს საფუძვლად დაედო ცნობილი კომუნისტის, სერგეი კიროვის საიდუმლოებით მოცული მკვლელობა 1934 წელს, ლენინგრადში. სწორედ ამ მკვლელობის (მისი ორგანიზატორი ჯერაც არაა ცნობილი) შემდეგ გაიმართა საჩვენებლი სასამართლო პროცესები კომუნისტური პარტიის სხვადასხვა მოღავაწეების მიმართ.

ამ წლების ტერორის თვისება იყო ის, რომ იგი უპირველეს ყოვლისა მიმართული იყო არა მარტო პარტიულ ბრძოლაში დამარცხებული კომუნისტების, არამედ არსებითად მთელი ხალხის წინააღმდეგ. კერძოდ, ამ წლებში ფიიზკურად გაანადგურეს საბჭოთა ინტელიგენციის, სამღვდელოების, აგრეთვე ხალხი იმ ფენების ნაწილი, რომლებიც გადაურჩნენ უფრო ადრეული ხანის წითელ ტერორს.

თავდაპირველას სტალინი და მისი მიმდევრები ცდილობდნენ, რომ ფორმალობა გარეგნულად მაინც დაეცვათ მაგრამ მალე ეს გზა უარყვეს და შემოიღეს ე.წ. “სამეულები” რომლებსაც ”ოპერატიულად” გამოჰქონდათ სხვადასხვა განაჩენი (მ.შ. სასიკვდილოც).

ამ წლების რეპრესიების მსხვერპლთა რიცხვი საბოლოოდ დადგენილი არ არის, სავარაუდოდ იგი 680,000-1.3 მლნ შორის მერყეობს.

სტალინის კულტის ჩამოყალიბება

სტალინის მოღვაწეობაში დადებით მხარეებთან ერთად ადგილი ჰქონდა თეორიულ და პოლიტიკურ შეცდომებს, უარყოფითად გამომჟღავნდა ზოგიერთი მისი პიროვნული თვისება. თუ ვ. ი. ლენინის გარდაცვალების შემდეგ მუშაობის პირველ წლებში სტალინი ანგარიშს უწევდა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს, შემდგომში დაიწყო კოლექტიური ხელმძღვანელობისა და პარტიული ცხოვრების ნორმების ლენინური პრინციპებიდან გადახვევა, პარტიისა და ხალხის წარმატებებში საკუთარი დამსახურების გაზვიადება. თანდათანობით ჩამოყალიბდა სტალინის პიროვნების კულტი, რომელმაც გამოიწვია სოციალისტური კანონიერების უხეში დარღვევები, სერიოზილი ზიანი მიაყენა პარტიის მოღვაწეობას, კომუნისტური მშენებლობის საქმეს.

სკკპ XX ყრილობამ გააკრიტიკა პიროვნების კულტი, როგორც მარქსიზ-ლენინიზმის სულისკვეთებისათვის, სოციალისტური საზოგადოების წყობის ბუნებისათვის უცხო მოვლენა. სკკპ ცკ-ის 1956 წლის 30 ივნისის დადგენილებაში “პიროვნების კულტისა და მის შედეგების დაძლევის შესახებ” პარტიამ მოგვცა სტალინის მოღვაწეობის ობიექტური შედასება, პიროვნების კულტის ფართო კრიტიკა. სტალინის პიროვნების კულტს არ შეუცვლია და ვერც შეცვლიდა საბჭოთა წყობილების სოციალისტური არსი, სკკპ მარქსისტულ-ლენინური ხასიათი და მისი ლენინური კურსი, საზოგადოების განვითარების კანონზომიერი სვლა. პარტიამ შეიმუშავა და განახორციელა ღონისძიენათა სისტემა, რომლებმაც უზრუნველყვეს პარტიული ცხოვრებისა და პარტიული ხელმძღვანელობის პრინციპების ლენინური ნორმების აღდგენა და შემდგომი განვითარება.

წარმომავლობა

არსებობს რამდენიმე ვერსია, თუ საიდან უნდა იყოს წარმოშობილი გვარი “ჯუღაშვილი”. ერთ-ერთი ვერსიით ოსურად “ჯუღა” ნიშნავს “ნაგავს”. გვარი “ჯუღაევი” საკამოდ გავრცელებულია ოსებს შორის, რომლებსაც ცარიზმის დროს გვარის დაბოლოება, როგორც წესი, ქართული ჰქონდათ . მეორე ვერსიით გვარი “ჯუღაშვილი” შეიძლება იყოს კახეთიდან, სადაც ახლაც არსებობს სოფელი ჯუღაანი.

1988 წელს გაზეთ “პრავდაში” დაბეჭდილი სტატია ამტკიცებდა, რომ ეს გვარი მომდინარეობს ძველი ქართული სიტყვიდან “ჯუღა”, რაც თითქოს “ფოლადს” აღნიშნავს და ამით იხსნებოდა ფსევდონიმი “სტალინი”, სადაც “სტალ” რუსულად “ფოლადს” ნიშნავს (сталь) და დაბოლოება “ინ” კი მეტად გავრცელებული იყო ბოლშევიკებს შორის და მას ვლადიმერ ლენინიც იყენებდა (Лен-ин).

ჯილდოები

სტალინი იყო საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი (1919-52), სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრი (1952-53), კომინტერნის აღმასკომის წევრი (1925-43), სრულიად რუსეთის ცაკის წევრი 1917-იდან, სსრკ ცაკისა – 1922-იდან, სსრკ I-III მოწვევების უმაღლესი საბჭოთა დეპუტატი. მინიჭებული ჰქონდა სოციალისტური შრომის გმირის (1939), საბჭოთა კავშირის გმირის (1945), საბჭოთა კავშირის მარშლის (1943) წოდებები, უმაღლესი სამხედრო წოდება – საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსის წოდება (1945). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, “გამარჯვების” 2 ორდენით, 3 წითელი დროშის ორდენით, სუვოროვის I ხარისხის ორდენით, აგრეთვე მედლებით. დაკრძალულია მოსკოვში წითელ მოედანზე.

 
წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button