საკითხავისასარგებლოუცნაური

კენდიმენი


მასზე არც “კრავთა დუმილი” გადაუღიათ, არც “ფსიქო”, არც “ტეხასური ჟლეტა ბენზო ხერხით” და არც “კენდიმენი”. კულტურაზე მისი მწირი გავლენის მიუხედავად, ნამდვილმა კენდიმენმა, გარდა სისხლიანი 1970-73 წლებისა, თავი სამშობლოს იმითაც დაამახსოვრა, რომ მის ისტორიაში პირველი ჰომოსექსუალი სერიული მკვლელის სახელით ჩაეწერა.

მასზე ფილმები არ  გადაუღიათ, თუმცა მისი კრიმინალური “მოღვაწეობა” შეიძლება ერთმა დიდტანიანმა წიგნმა ვერც კი დაიტიოს. 1970-73 წლებში ტეხასის შტატში მომხდარი სერიული მკვლელობები იმ დროისთვის ყველაზე მასშტაბური იყო და ალბათ დღემდე რეკორდის სტატუსს შეინარჩუნებდა, ავტორს რომ ნაადრევად არ დაესრულებინა სიცოცხლე.

 

დინ კორლი 1939 წლის 24 დეკემბერს, ფორტ უენში (შტატი ინდიანა) დაიბადა. იგი მორცხვი ბავშვი იყო და იშვიათად ურთიერთობდა თავის თანატოლებთან. მის მშობლებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან და ხშირად ჩხუბობდნენ, რის გამოც დინის დაბადებიდან 7 წლის შემდეგ ისინი გაიყარნენ. თუმცა, მალევე ისევ შეუღლდნენ და საცხოვრებლად პასადენაში (ტეხასი) გადავიდნენ. ისინი ერთად ცხოვრობდნენ უფროს ვაჟთან, დინთან და მასზე სამი წლით უმცროს სტენლისთან ერთად.

მერი რობინსონი შვილებთან, დინთან და სტენლისთან ერთად 

ცნობილია, რომ დინთან არნოლდ კორლი ყოველთვის უფრო მკაცრი იყო, ხოლო დედამისი კი უფროს შვილთან ურთიერთობაში მეტისმეტ შემწყნარებლობას იჩენდა. ცოტა ხანში კორლის მშობლები მეორედ დაცილდნენ ერთმანეთს და მერი რობინსონი მესამედ დაქორწინდა. იგი შვილებთან ერთად ქალაქ ვიდორში (ტეხასი) გადავიდა საცხოვრებლად. ამ პერიოდში ოჯახმა პატარა ბიზნესი წამოიწყო და საკუთარი სახლის გარაჟში ტკბილეულს ყიდდნენ. დინი და სტენლიც, რითაც შეეძლოთ, ეხმარებოდნენ მშობლებს ერთობლივ საქმიანობაში.

1954-58 წლებში დინ კორლი ადგილობრივ კოლეჯში სწავლობდა. იგი კარგ სტუდენტად ითვლებოდა და დისციპლინის მხრივ შენიშვნები არასდროს ჰქონია. სწავლის პერიოდში იგი ასევე კოლეჯის მუსიკალურ ბენდში ტრომბონზე უკრავდა.

იმავე წელს, როცა დინმა კოლეჯში სწავლა დაამთავრა, ოჯახი საცხოვრებლად ჰიუსტონში (ტეხასი) გადავიდა (ქალაქში, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც “მასიური მკვლელობების” ქალაქი). მერი რობინსონმა გადაწყვიტა, რომ ოჯახის ბიზნესისთვის ასე უკეთესი იქნებოდა. ჰიუსტონში მან ხელმეორედ გახსნა ტკბილეულის პატარა საწარმო “Pecan Prince”. მომდევნო ორი წელიწადი დინმა ინდიანას შტატში, ბებიასთან გაატარა. მისი სახლში დაბრუნებიდან ცოტა ხანში მისი მშობლები დაცილდნენ. მერი რობინსონმა გადაწყვიტა კიდევ უფრო გაეფართოვებინა ოჯახის ბიზნესი. მან საკუთარ ფირმას სახელიც შეუცვალა და დაარქვა “Corll Candy Company”. დინი კი ფირმის ერთ-ერთ მმართველად დანიშნა. ამ პერიოდში დინი 23 წლისა იყო. კორლების ფირმაში სხვა ახალგაზრდებიც იყვნენ დასაქმებულები. ერთ-ერთმა მომუშავემ მერი რობინსონს შესჩივლა, რომ მისმა უფროსმა ვაჟმა მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. თუმცა, ფირმის დამფუძნებელმა მას არ დაუჯერა და გაათავისუფლა. იგი დინის ორიენტაციაში არც კი დაეჭვებულა.

1964 წელს დინ კორლი არმიაში გაიწვიეს, სადაც მან ერთი წელი იმსახურა. მისი არმიაში ყოფნის პერიოდი არაფრით დასამახსოვრებელი არ ყოფილა. ის გამოირჩეოდა მშვიდი ხასიათითა და კარგი დისციპლინით.

დინ კორლი აშშ-ის არმიაში (ლუიზიანა)

თუმცა, თვითონ კორლს არმიაში ყოფნის სურვილი არასდროს ჰქონია და რამდენჯერმე ითხოვა მისი დროზე ადრე გათავისუფლება იმ მიზეზით, რომ ოჯახის ბიზნესს უნდა გაძღოლოდა. ჯერ კიდევ იქამდე, სანამ სახლში დაბრუნდებოდა, არმიაში ყოფნის პერიოდში იგი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ჰომოსექსუალი იყო.

არმიიდან დაბრუნებისას კორლი კიდევ უფრო აქტიურად ჩაება “Corll Candy Company”-ის საქმიანობაში. ადგილობრივ მაცხოვრებლებში კორლების ტკბილეულის ფირმის შესახებ უკვე ბევრმა იცოდა. მოგვიანებით ფირმამ მისამართი შეიცვალა და კორლებმა ის “ჰელმსის” სკოლასთან ახლოს განათავსეს. დინი ცდილობდა, ახლო ურთიერთობა ჰქონოდა ადგილობრივ თინეიჯერებთან და ტკბილეულსაც ხშირად უფასოდ ურიგებდა. სწორედ აქედან მოჰყვება დინ კორლს მეტსახელი “კენდიმენი” (Candy Man). იგი საკუთარ ფირმაშიც ახალგაზრდა ბიჭებს ასაქმებდა და მუდმივად მათ სიახლოვეში ტრიალებდა. ბიჭების და ზოგადად მამრობითი სქესის ადამიანებთან ყოფნისას დინის უცნაურ საქციელს ადგილობრივები, იშვიათად, მაგრამ მაინც ამჩნევდნენ ხოლმე.

კორლების სახლი ჰიუსტონში

ამ პერიოდში კორლი ერთ-ერთ ადგილობრივ თინეიჯერს, 13 წლის დევიდ ბრუკსს დაუმეგობრდა. ისინი ძალიან დაახლოვდნენ. კორლი მას ხშირად ფულს ჩუქნიდა, ნებას რთავდა მასთან მისულიყო როცა მოესურვებოდა. მათი მეგობრობა მალე სექსუალურ მომსახურებაში გადაიზარდა, რაშიც კორლი ფულს არ იშურებდა.

1968 წელს კორლებმა საოჯახო ბიზნესი შეაჩერეს. რის შემდეგაც დინის დედა, მის ნახევარ დასთან, ჯოისთან ერთად კოლორადოს შტატში გადავიდა საცხოვრებლად. ამის შემდეგ მერი რობინსონს შვილი აღარ უნახავს (მხოლოდ ტელეფონით ელაპარაკებოდა). კორლმა კი მალე ელექტრიკოსად დაიწყო მუშაობა.

 

მკვლელობების სერია 1970 წლის შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც ადგილობრივი მცხოვრები, 18 წლის ჯეფრი კონენი გაუჩინარდა. 1973 წლის 10 აგვისტოს (კორლის სიკვდილიდან ორი დღის შემდეგ) პოლიციამ მისი გვამი “ჰაი აილენდის” სანაპიროზე მიწაში დამარხული აღმოაჩინა. კონენის შიშველი, საგანგებოდ შეფუთული სხეული ნაწამები იყო. ძალადობის ნიშნები მას მთელს სხეულზე ეტყობოდა, განსაკუთრებით კი სახეზე და ყელზე, რის გამოც დაასკვნეს, რომ ის მოგუდვით მოეკლათ.

ჯეფრი კონენი

ეს მოხდა 1970 წლის 25 სექტემბერს. როცა ჯეფრი კონენი სკოლიდან სახლში მიდიოდა, მას დინ კორლი შეხვდა და საკუთარი მანქანით წაყვანა შესთავაზა. კონენიც დათანხმდა.

დინ კორლი, მას შემდეგ, რაც მსხვერპლს სახლში დაიგულებდა, ალკოჰოლს ან მარიხუანას შესთავაზებდა. თუ ახალგაზრდა დათანხმდებოდა, კიდევ უფრო გაუადვილებდა საქმეს თავის “ახალ მეგობარს”. ბოლოს კორლი მსხვერპლს ხელბორკილებს დაადებდა და თავის საწოლზე, ან “საწამებელ დაფაზე” მიაბამდა. ამის შემდეგ ის მსხვერპლს აუპატიურებდა, აწამებდა, დასცინოდა. ზოგჯერ ეს დღეებიც გრძელდებოდა. ბოლოს ჯალათი მსხვერპლს კლავდა, ზოგჯერ იარაღით, ზოგჯერ ცემით ან მოგუდვით. ხშირად ახალგაზრდა ბავშვები ამდენ წამებას ვეღარ უძლებდნენ და თავისით იხოცებოდნენ.

სულ მალე დევიდ ბრუკსისა და დინ კორლის ურთიერთობა თანამზრახველობაში გადაიზარდა. ბრუკსი ხშირად სტუმრობდა კორლს და ერთ-ერთი ასეთი სტუმრობისას ის შეესწრო როგორ აწამებდა მისი მეგობარი ორ ახალგაზრდას. კორლი მას სიჩუმის სანაცვლოდ მანქანის ყიდვას დაპირდა, რაც შეუსრულა კიდეც. გარდა ამისა, 200 დოლარი შესთავაზა ყოველ ბიჭზე, რომელსაც ბრუკსი მის სახლში მოტყუებით მოიყვანდა. ბრუკსმა იცოდა, რა ბედიც ელოდათ კორლის სახლში მიყვანილ ბიჭებს, მაგრამ მეგობრისთვის უარი არ უთქვამს.

რამდენიმე კვირის შემდეგ ბრუკსმა ორი ახალგაზრდა, ჯეიმს გლასი და დენი იეიტსი მოტყუებით კორლის სახლში მიიყვანა. 14 წლის ბავშვები კორლმა საკუთარ “საწამებელ დაფაზე” მიაბა, გააუპატიურა და მოკლა. გვამები კი ჩუმად დამარხა. მოკლული ბავშვების გვამებს კორლი რამდენიმე ადგილას მარხავდა, საკუთარი სახლიდან არც ისე შორს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი “ჰაი აილენდის” სანაპირო იყო. ასევე ფარდული, რომელიც მან მკვლელობების დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ იქირავა.

ჯეიმს გლასი

1971 წელს დინ კორლის პირველი მსხვერპლი იყო 15 წლის დონალდ უოლდროპი და მისი უმცროსი ძმა, 13 წლის ჯერი უოლდროპი. ისინი იანვრის მიწურულს გაუჩინარდნენ და მათი გვამები (ისევე, როგორც დანარჩენების) კორლის სიკდვილის შემდეგ აღმოაჩინეს.

დონალდ და ჯერი უოლდროპები

1971 წლის ზაფხულის მიწურულამდე კორლმა კიდევ ოთხი ახალგაზრდა მოკლა. უმეტესობა ბრუკსის დახმარებით. ამავე წლის ზამთარში ბრუკსმა კორლის სახლში 15 წლის ელმერ უეინ ჰენლი მიიყვანა. იგი კენდიმენის მორიგი მსხვერპლი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კორლმა რატომღაც მასთან დამეგობრება გადაწყვიტა და ისევე, როგორც ბრუკსს, ჰენლისაც 200 დოლარი შესთავაზა თითიოეულ ბიჭზე, რომელსაც ის მას მიუყვანდა. ბრუკსს და ჰენლის თავიანთი თანატოლები სხვადასხვა დანაპირებით, მოტყუებით მიჰყავდათ კორლთან.

1972 წლის მკვლელობების სერია 9 თებერვალს დაიწყო. დინ კორლმა ადგილობრივი პოლიციის შერიფის შვილი უილარდ ბრენჩი იარაღით მოკლა და საკუთარ ფარდულში დამარხა. მას მალევე მოჰყვა ფრენკ ეგუაიერი. შემდეგი მსხვერპლი იყო ელმერ ჰენლის მეგობარი, 17 წლის მარკ სკოტი, რომელიც ასევე აწამეს და მოკლეს. ხშირად, როცა კორლი საკუთარ მსხვერპლს აუპატიურებდა და აწამებდა, მისი თანამზრახველებიც თან ახლდნენ და იმ შემთხვევაში, თუ კორლს გაუჭირდებოდა დატყვევებული მსხვერპლის დამორჩილება ისინიც ეხმარებოდნენ.  შემდეგი იყვნენ ჯონი დელოუნი და ბილი ბოლჩი.

ბილი და მაიკლ ბოლჩები

21 მაისს ბრუკსმა და ჰენლიმ ისინი დინ კორლს მიუყვანეს. ეს უკანასკნელიც ისე მოიქცა, როგორც იქამდე. ორივე მათგანი გააუპატიურა და სანამ მოკლავდა, ბილი ბოლჩს მისი მშობლებისათვის წერილი დააწერინა, სადაც ეწერა, რომ მას და მის მეგობარ ჯონის ახალი სამსახური ეშოვნათ და მედისონვილში გადადიოდნენ საცხოვრებლად. მოგვიანებით კორლმა ბილი ბოლჩის ძმა, მაიკლ ბოლჩიც მოკლა.  1972 წელს კორლმა კიდევ ხუთი ახალგაზრდა გაისტუმრა იმქვეყნად.

1973 წელს პირველი მსხვერპლი იყო ჯოზეფ ლაილსი. ცოტა ხანში კორლმა მისამართი შეიცვალა, თუმცა ჰიუსტონს არ მოშორებია, ისევე, როგორც თავის ორ მეგობარს. 1 ივნისს ელმერ ჰენლიმ კორლთან ერთად ამ უკანასკნელის სახლში თავისი მეგობარი რეი ლოურენსი დაპატიჟა. ცნობილია, რომ ის სამი დღე აწამეს და შემდეგ მოკლეს.

რეი ლოურენსი

რეი ლოურენსის გვამი მოგვიანებით “სემ რეიბერნის” ტბასთან დამარხული აღმოაჩინეს. ამავე ადგილას დამარხეს რეიმონდ ბლექბერნი, რომელიც ტრიომ ლოურენსის სიკვდილიდან სულ ცოტა ხანში გამოასალმა სიცოცხლეს. რეიმონდ ბლექბერნი დინ კორლის მრავალრიცხოვან მსხვერპლთა შორის ყველაზე ასაკოვანი (20 წლის) იყო. 7 ივლისს ელმერ ჰენლიმ თავის მარჩენალს 15 წლის ჰოუმერ გარსია მიუყვანა. ეს უკანასკნელი, ისევე, როგორც მოკლულთა უმეტესობა, კორლის იარაღით იყო მოკლული. ერთი ტყვია თავში ჰქონდა მორტყმული, მეორე მკერდში.

ჰოუმერ გარსია

გარსიას სისხლისგან დაცლილი გვამი “სემ რეიბერნის” ტბის სანაპიროზე დამარხეს. ივლისის თვეში კორლმა კიდევ სამი ახალგაზრდა მოკლა. მათ შორის ბილი ბოლჩის ძმა მაიკლ ბოლჩი. 3 აგვისტოს მოკლეს 13 წლის ჯეიმს დრეიმალა. მისი გვამი კორლის ფარდულში დამარხეს.

ჯეიმს დრეიმალა

ჯეიმს დრეიმალა კენდიმენის უკანასკნელი მსხვერპლი იყო.

1973 წლის ივლისის მკვლელობებში დევიდ ბრუკსი არ მონაწილეობდა. ბრუკსის მტკიცებით, ჰენლი კორლის მუდმივი თანამზრახველი იყო მას შემდეგ, რაც მან ისინი ერთამანეთს გააცნო. თავის ჩვენებაში იგი აღნიშნავდა, რომ ჰენლი ხშირად პირდაპირ მონაწილეობას იღებდა თავისი თანატოლების და ზოგჯერ მეგობრების ტანჯვა-წამებაში და ამას პირადი შურისძიებითა და მათდამი სიძულვილის გამო აკეთებდა.

დინ კორლი თავის სახლში, 1973 წლის ზაფხული

ასევე ცნობილია, რომ კორლმა რამდენჯერმე თავისი ორი თანამზრახველიც გააუპატიურა, თუმცა სხვა არაფერი დაუშავებია მათთვის, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ისინი არავის არაფერს ეტყოდნენ. მართლაც, ელმერ ჰენლი და დევიდ ბრუკსი ყოველთვის კორლის ერთგულები იყვნენ. თუმცაღა, ჰენლი თავის ჩვენებაში ამტკიცებდა, რომ როცა დინი გაიცნო, თავდაპირველად მისი შემოთავაზების მიღება (200$) არ უნდოდა, მაგრამ იმის გამო, რომ მის ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირდა, მაინც დათანხმდა.

 

1973 წლის 7 აგვისტოს ელმერ ჰენლიმ თავისი მეგობარი ტიმოტი კერლი დინ კორლთან ლუდსა და მარიხუანაზე დაპატიჟა. გზად ჰენლიმ საკუთარი მანქანით თავის მეგობარს, რონდა უილიამსსაც შეუარა. უილიამსმა უთხრა, რომ მამამისს ეჩხუბა და სახლში დარჩენა არ უნდოდა. ჰენლიმ შესთავაზა მასა და ტიმოტი კერლისთან ერთად მის მეგობართან წასულიყვნენ “დროის გასატარებლად”. უილიამსიც დათანხმდა და დაახლოებით ღამის 3 საათზე, უკვე 8 აგვისტოს სამივენი დინ კორლის სახლში იყვნენ. მოვიანებით ჰენლიმ ჩვენების მიცემისას თქვა, რომ კორლი გაცოფდა, როცა საკუთარ სახლში გოგო დაინახა და ელმერს უთხრა, ყველაფერი გააფუჭეო. თუმცა, სტუმრებს ტკბილად შეხვდა და ალკოჰოლითა და მარიხუანათი გაუმასპინძლდა. რამდენიმე საათში მისმა სტუმრებმა გონება დაკარგეს.  პირველმა ჰენლიმ გამოიღვიძა და დაინახა, რომ ის და მისი მეგობრები კორლს საგანგებოდ დაება. როცა ჰენლი გაღვიძებული დაინახა, კორლმა ის სამზარეულოში გაათრია და იარაღით დაემუქრა, იცოდე, სამივეს დაგხოცავთო. ჰენლი დაჰპირდა, რომ არავის არაფერს ეტყოდა და ტიმოტისა და რონდას წამებასა და მათი გვამების მოცილებაშიც დაეხმარებოდა. კორლმაც დაუჯერა და გაათავისუფლა. ისინი ისევ იმ ოთახში გავიდნენ, სადაც კორლს ტიმოტი კერლი გახდილი მიება თავის “საწამებელ დაფაზე” და რონდა უილიამსიც დაბმული დაეტოვებინა. კორლმა ჰენლის დანა მისცა და უბრძანა, რონდას ტანსაცმელი შემოაჭერი და მანამდე მე შენს მეგობარ ტიმოტის გავაუპატიურებო. ჰენლიმ გამოართვა დანა და მეგობრის ტანსაცმელს ჭრა დაუწყო. ამ დროს გონდაკარგულ კერლის გამოეღვიძა და ყვირილი დაიწყო. უილიამსიც გონს მოვიდა და როცა დაინახა, როგორ ჭრიდა ჰენლი ტანსაცმელს მის ტანზე, სთხოვა, ამას ნუ გააკეთებო. ჰენლიმ რონდას მეორე ოთახში გაყვანა სთხოვა კორლს, თუმცა ამ ეს უკანასკნელი ამ დროს კერლის აუპატიურებდა და თხოვნისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მაშინ ჰენლი სამზარეულოში შევიდა, იარაღი აიღო, ოთახში დაბრუნდა და კორლს მოკვლით დაემუქრა. ჰენლის ჩვენებით, ის კორლს ეუბნებოდა, ძალიან ღრმად შეტოპე, დინ, ჩემს მეგობრებს სულ არ დაგახოცინებო. თუმცა, კორლს არ შეშინებია და ეუბნებოდა, ჩემს მოკვლას ვერ გაბედავო. ამის შემდეგ ჰენლიმ მას თავში ესროლა, თუმცა ტყვიამ მხოლოდ მსუბუქად დააზიანა მისი თავის ქალა და კორლმა ჰენლიზე თავდასხმა დააპირა, მაგრამ ამ უკანასკნელმა მეორედ ესროლა და მხარში დაჭრა. მესამე ტყვია კი მას ზურგში მოხვდა. დაჭრილი კორლი მთელს ოთახში შეშლილივით დარბოდა და სისხლს აქეთ იქით ასხამდა. ბოლოს, როგორც იქნა, კედელთან ჩაიკეცა და იქვე გარდაიცვალა. როცა, დარწმუნდა, რომ კორლი მკვდარი იყო, ელმერ ჰენლიმ მეგობრები გაათავისუფლა. კერლიმ და უილიამსმა ჰენლის პოლიციაში დარეკვა ურჩიეს.

 

იმავე დღეს, დაახლოებით დილის 9-ის ნახევარზე, ადგილობრივ პოლიციაში ზარი შევიდა, სადაც ახალგაზრდა ყმაწვილი იტყობინებოდა, რომ ადამიანი მოკლა და პოლიციას მისამართიც შეატყობინა. ცოტა ხანში პოლიცია მითითებულ მისამართზე გაჩნდა, სადაც, სახლის ეზოში სამი თინეიჯერი: ტიმოტი კერლი, რონდა უილიამსი და ელმერ უეინ ჰენლი ისხდნენ. ჰენლიმ პოლიციას მოახსენა, რომ ისინი მან გამოიძახა და რომ სახლის შიგნით ადამიანის გვამი იყო. მართლაც, პოლიციის ოფიცერი სახლში შესვლისას ახალგაზრდა კაცის უსიცოცხლი სხეულს გადააწყდა. მოკლული 33 წლის დინ კორლი იყო.

გვამს რამდენიმე ადგილას ჰქონდა ცხელი იარაღით მიყენებული ჭრილობა.

ჰენლიმ ყველაფერი აღიარა: როგორ მიჰყავდათ მას და დევიდ ბრუკსს თავიანთი თანატოლები დინ კორლთან, როგორ აუპატიურებდა, აწამებდა და კლავდა ეს უკანასკნელი მათ, ჰენლიმ ისიც თქვა, რომ ხშირად ის და დევიდ ბრუკსი თვითონაც ეხმარებოდნენ კორლს მათი ნაცნობი და ზოგჯერ მეგობარი ბიჭების წამებაში (რამდენიმე მათგანი თვითონ ელმერ ჰენლის ჰყავდა მოკლული) და შემდეგ როგორ მარხავდნენ ისინი მოკლულ გვამებს. ჰენლიმ ის ადგილებიც დაუსახელა პოლიციას, სადაც მოკლულთა გვამები იყო დამარხული.

თავდაპირველად, ჰენლის აღიარება დაუჯერებელიც კი ჩანდა, რადგანაც არც მასზე და დევიდ ბრუკსზე და არც დინ კორლზე არანაირი ეჭვი ადგილობრივ მოსახლეობას და პოლიციას არ ჰქონიათ. ტეხასის შტატს უცებ მოედო ხმა, რომ პოლიციამ “ჰიუსტონის მასიური მკვლელობების” ავტორობაში ეჭვმიტანილები, როგორც იქნა, იპოვა.

ელმერ ჰენლი, 1973 წლის 8 აგვისტო

მთელი ქვეყანა ფეხზე დააყენა საშინელი და დაუსრულებელი (თუმცა, მაინც დასრულებული) მკვლელობების გახსნის ამბავმა. პოლიციამ, პირველ რიგში, კორლის სახლი გაჩხრიკა, სადაც ბევრი ისეთი ნივთი აღმოაჩინეს, რაც ჰენლის აღიარებით ჩვენებას ადასტურებდა. მაგალითად, თოკები, ხელბორკილები, 22 კალიბრიანი რევოლვერი, სკოჩი (რომელსაც პირზე ასაკრავად იყენებენ) და სხვა ნივთები. ასევე იპოვეს კორლის “საწამებელი დაფა”.

კორლის “საწამებელი დაფა”

სხვა ბევრ რამესთან ერთად, ჩხრეკისას სექს სათამაშოებიც (ვიბრატორები) აღმოაჩინეს, რაც კიდევ უფრო დამარწმუნებელი იყო კორლთან დაკავშირებით ეჭვებში.

იმავე დღეს პოლიციამ აიყვანა დევიდ ბრუკსი.  ბრუკსმა თავიდან თითქმის ყველა ბრალდება უარყო და მხოლოდ ის დაადასტურა, რომ დინ კორლის საქმიანობის შესახებ იცოდა. თუმცა, მომდევნო დღეს უფრო დეტალური და გულწრფელი აღიარება მისცა. ბრუკსი ადასტურებდა, რომ რამდენჯერმე დაესწრო კორლის მიერ თინეიჯერების წამების და მოკვლის სცენას და რამდენიმე თინეიჯერის გვამის დამარხვაშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა, პირდაპირი თანამონაწილეობა მკვლელობებში მაინც უარყო. ორივე მათგანი, ჰენლიც და ბრუკსიც  პოლიციას დათანხმდნენ, ყველა ის ადგილი ეჩვენებინათ, სადაც მოკლული ბიჭები იყვნენ დამარხული და იმავე დღეს, 8 აგვისტოს პოლიცია გვამების ძებნას შეუდგა.

ჰენლიმ პოლიციას უთხრა, რომ ყველაზე მეტი გვამი კორლის ნაქირავებ დიდ ფარდულში იყო დამარხული, მისი სახლიდან არც ისე შორის.

გვამების ძებნა ნავების ფარდულში

მიწაში დამარხული ცხედრების ძებნას რამდენიმე დღე დასჭირდა. ფარდულში სულ 17 გვამი აღმოაჩინეს. ეს ალბათ უკვე შეიძლებოდა ამერიკის ყველაზე საზარელ კრიმინალად მიჩნეულიყო, მაგრამ ყველაფერი აქ არ დასრულებულა. ერთ-ერთი ასეთი ადგილი, სადაც ბოროტმოქმედები ახალგაზრდა ბიჭების გვამებს მალვით მარხავდნენ, “ჰაი აილენდის” სანაპირო იყო. პოლიციამაც ძებნა გააგრძელა.

გვამების ძებნა “ჰაი აილენდის” სანაპიროზე

“ჰაი აილენდის” სანაპიროზე ძებნაც გარკვეულ ხანს გაგრძელდა. ბრუკსი და ჰენლი თან ახლდნენ პოლიციას და ეუბნებოდნენ, რომელ ადგილებში უნდა გაეგრძლებინათ ძებნა, რადგანაც გვამები ერთმანეთისგან მოშორებით იყო დამარხული.

17 წლის ელმერ ჰენლი და 18 წლის დევიდ ბრუკსი, 13 აგვისტო, 1973

საერთო ჯამში, “ჰაი აილენდის” სანაპიროზე 5 ბიჭის გვამი აღმოაჩინეს.  ამის შემდეგ ძებნა “სემ რეიბერნის” ტბასთან გაგრძელდა, სადაც გათხრების შედეგად ასევე 5 გვამი იპოვეს.

ნაპოვნი გვამების საგულდაგულოდ დათვალიერების შემდეგ დაასკვნეს, რომ მათი სრული უმრავლესობა სასტიკად იყო ნაწამები. მათ ძალადობის ნიშნები მთელს სხეულზე, მათ შორის, სახეზე და სასქესო ორგანოებზე ეტყობოდათ. სასქესო ორგანო ზოგ მათგანს მოჭრილი ჰქონდა, რაზეც უკვე არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რადგანაც იქამდე, სანამ გვამების ძებნას დაიწყებდნენ, კორლის სახლში იპოვეს ჩანთა, რომელშიც ის მამაკაცის მოჭრილ სასქესო ორგანოებს ინახავდა.

ბრუკსისა და ჰენლის დახმარებით 27 გვამი იქნა აღმოჩენილი, რომელთა მკვლელობა დინ კორლს ოფიციალურად დაუმტკიცდა. მოგვიანებით მას კიდევ ერთი მკვლელობა დაუმტკიცდა, თუმცა მოკლულის გვამი დღემდე ნაპოვნი არ არის.  ვარაუდობენ, რომ კორლის მიერ ჩადენილი მკვლელობების რიცხვი შეიძლება 29-ს აჭარბებდეს კიდეც, რადგან იმ წლებში ჰიუსტონში კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა გადაიკარგა უგზო-უკვლოდ, თუმცაღა ეს დაზუსტებით არავინ იცის.

 

დევიდ ბრუკსისა და ელმერ უეინ ჰენლის მკვლობებში თანამონაწილეობის ხარისხს პოლიცია დიდი ხანი იძიებდა. წლების განმავლობაში ჰიუსტონის მკვლელობების ძიებისას ბევრი ახალი დეტალი გამოაშკარავდა, ამიტომაც ჰენლისა და ბრუკსის ვერდიქტიც გარკვეული ხნის განმავლობაში უცნობი რჩებოდა. ჰენლის საქმე მაინც უფრო მეტად რთული გამოდგა. მისი ფსიქიკური მდგომარების შესწავლის საკითხიც კი დააყენეს, თუმცა, ამ მხრივ მას არანაირი გადახრა არ დაუდასტურდა.

ელმერ უეინ ჰენლი, დაპატიმრებიდან ცოტა ხნის შემდეგ

საბოლოოდ, ჰენლის ექვს მკვლელობაში უშუალო თანამონაწილეობაში დასდეს ბრალი, ბრუკსს კი – ოთხში. დინ კორლის მოკვლისთვის ჰენლი არ გაუსამართლებიათ, რადგან მიიჩნიეს, რომ მან ეს თავდაცვის მიზნით გააკეთა. ორივე მათგანს, დევიდ ბრუკსსა და ელმერ ჰენლის სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი და დღემდე ამ სასჯელს იხდიან.

დევიდ ბრუკსი და ელმერ ჰენლი

რაც შეეხება დინ კორლს, მას არ მოუწია ციხეში მტანჯველი წლების გატარება (თუმცა, საეჭვოა, იქ, სადაც არის, კარგად გრძნობდეს თავს). მან 1973 წელს, 33 წლის ასაკში დაასრულა სიცოცხლე და ორ დღეში მისი სახელი ყველამ იცოდა.

კორლის სიკვდილის შემდეგ, ამერიკელ ხალხს ალბათ აღარ ეგონა, თუ კიდევ რამე გააოცებდა, მაგრამ როგორც ჩანს, მკვლელიც შეიძლება ვიღაცისთვის ცხოვრებაში მაგალითის მიმცემი აღმოჩნდეს. “ტეხასელი კანფეტებიანი კაცის” “საქმენი საგმირონი” რეკორდის სტატუსს 70-იანი წლების ბოლოს დაემშვიდობა. სერიული მკვლელი ჯონ უეინ გეისი, ცნობილი, როგორც “მკვლელი კლოუნი”, ამტკიცებდა, რომ მისი შთაგონება დინ კორლის მკვლელობები გახდა.

დინ კორლის საფლავი პასადენაში, ტეხასი

კენდიმენი უკვე დიდი ხანია, ისტორიის საკუთრებაა. მაგრამ მთავარი ის არ არის, ისტორიაში შეხვიდე, მთავარია, მასში როგორ შეხვალ.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close